აჟუილებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 28.12, 2021 წელი

ანუ ვარჯიში 100-ის ფარგლებში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ – სემეკად წოდებულმა (აი, ეს „ეროვნული“ ყველაფრის დასახელებაში მკლავს), მართალია, დაგვაიმედა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ მედიაში ცრუ ინფო გაავრცელაო, ვინაიდან არაფრის მომატებას არ ვგეგმავთო. მომყავს ციტატა სემეკად წოდებული, ანუ მილიონერების გაერთიანების (მილიონერების, ვინაიდან, 5-წლის განმავლობაში მთლად თავკაცების ხელფასები მილიონს უკაკუნებენ) განაცხადიდან: „არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისთვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება,“ მაგრამ კომუნალური გადასახდელების ამსახველი ელქვითრები საპირისპიროს ღაღადებს.
შესაბამისად, ამ განცხადებიდან პირადად ჩემთვის ცხადია, რომ ასეთი მამალი ტყუილის გამო სემეკელი თავკაცები ცხვირების სიგრძით მალე ბურატინოს გადაასწრებენ, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ტარიფიც უკვე მომატებულია და ბუნებრივი აირისაც.
კერძოდ, თბილისელი აბონენტები, თუ ჩახედავთ ელექტრონულ ქვითარს, აღმოაჩენთ, რომ, თუკი ოქტომბერში 100 კილოვატზე მეტი მოხმარებული ელენერგიის საფასური 18 თეთრი გახლდათ, ნოემბერში ეს ტარიფი უკვე 22 თეთრია, რაც შეეხება ბუნებრივ აირს: თუკი ოქტომბერში 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 48 თეთრი გახლდათ, ნოემბრიდან ის უკვე 54 თეთრია.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობაც დუმს, ოპოზიციაც (არ ითვლება სემეკად წოდებულის მიერ მოხმობილი ოპოზიციონერის განაცხადი ელენერგიის ტარიფი იზრდებაო, ვინაიდან ის უკვე გაიზარდა) და თვით ოპოზიციური მედიაც (თუმცა თავად ტერმინი „ოპოზიციური მედიაც“, „ეროვნულის“ არ იყოს, აცდენილი რომაა ნორმას, ნათელზე უნათლესია). მეტიც – მაგალითად, „ტვ პირველი“ და „მთავარი“ მხოლოდ იმაზე წუხან, რომ ტელევიზიებით აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება – პურის ფულის გარეშე დავრჩებითო (ანუ კაზინო ჩვენი არსობისააო?!).
მაგრამ ყველაზე დიდ გამოცანად ისევ და ისევ პირადად ჩემთვის ისევ ის რჩება, რომ ყველას, ვინც ზემოთაა, ქვემოთ მყოფები იმდენად გონებაჩლუნგებიც ვგონივართ, რომ 100-მდე მიმატება-გამოკლების გაგებაშიც კი არ ვართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან