პოლიტიკა

არის თუ არა კოვიდპანდემია ბიოლოგიური ომი და ნიშნავს თუ რა, რომ მომავალში შესაძლოა, გაირკვეს, რომ პანდემიაც ხელოვნურია

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.08, 2021 წელი

ბესო ალადაშვილი
დაკოპირებულია

როდესაც კოვიდპანდემია გამოცხადდა, დაწესდა ცენზურაც. მაგალითად, „იუთუბმა“ ოფიციალურად გაგვაფრთხილა მონეტიზებული არხის მფლობელები, თუ რის თქმა შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა კოვიდზე, მათ შორის, აიკრძალა იმ ინფორმაციის გავრცელებაც, რომ კოვიდი ხელოვნური იყო (რომ პანდემია არ არსებობს, რომ პანდემიის გამოცხადების მიზანი მსხვილი ფინანსური ჯგუფების ინტერესია, რომ აკრძალულია საუბარი კოვიდის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე, თუ ისინი ჯანმოს მიერ არაა დამტკიცებული და მისთანები), ამასთან, „იუთუბი“ გამოქვეყნებამდე ამოწმებდა ვიდეოჩანაწერს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგირთავდა მონეტიზაციას. 

გაცილებით მკაცრი ცენზურა დაწესდა „ფეისბუკზე“, მომხმარებლები იბლოკებოდნენ და იბლოკებიან კოვიდზე სრულიად უვნებელი ინფოს გავრცელების გამოც კი, ინფორმაცია კი იშლებოდა და იშლება. თუმცა გამოხდა ხანი და გამოგვიცხადეს, რომ უკვე დაუბრკოლებლად შეგვიძლია, ვიმსჯელოთ კოვიდის ხელოვნურობაზე, „იუთუბიზე“ კი ვიდეოჩანაწერის წინასწარ შემოწმების ფუნქცია გაქრა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ერთ დღესაც შეიძლება, ყველა დანარჩენი აკრძალვაც გაუქმდეს და აღმოჩნდეს, რომ პანდემია ხელოვნური იყო და მისი გამოცხადება – მსხვილი ფინანსური ჯგუფების ინტერესი (ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდებია). უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ, რატომ ჭრიან და კერავენ მსოფლიოს მმართველები მოვლენებს ისე, როგორც გაუხარდებათ და მართლაც ბიოლოგიური ომის ელფერი ხომ არ დაჰკრავს ამ პანდემიას?

– რატომ დაწესდა თავდაპირველად ცენზურა?

– გარკვეულწილად გამოვიდოდა ტყუილი ინფორმაციის გავრცელება.

– კორონაპანდემიამდეც და შემდეგაც უამრავი ტყუილი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებააო.

– ეს, გარკვეულწილად, თავის დაზღვევის სისტემა იყო და ბოლო წლებია, რაც გამოფხიზლდნენ სოციალური ქსელების მფლობელები: „თვითერი“, „გუგლი“, „ფეისბუკი“, „იუთუბიც“, იმიტომ რომ შეერთებული შტატების 2016 წლის არჩევნებმა აჩვენა, თუ რამხელა ძალა აქვს სოციალურ ქსელებს და მაშინ ჰილარი კლინთონის დამარცხება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ტყუილ-მართალმა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. შემდეგ უკვე რუსი ჰაკერების ჩარევები დადასტურდა შტატების და სხვა ქვეყნების არჩევნებშიც და 2019-2020 წლები ისეთი მძიმე იყო, რომ სოციალურ ქსელს, ზოგადად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, იმიტომ რომ ნებისმიერ მომხმარებელს არ უნდა შეეძლოს იმის თქმა, რაც მოესურვება. ჩემი აზრით, ამ ტიპის ცენზურას მაინც კარგ შედეგამდე მივყავართ.

– ცენზურა მიგვიყვანს კარგ შედეგამდე?

– თუ ახალი პოლიტიკური ამბები სადღაც, მიყრუებულ ადგილას ვრცელდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა გლობალური სოციალური ქსელისთვის და არ არის იმდენად საზიანო, როგორც ისეთ მგრძნობიარე თემებზე ინფორმაციის გავრცელება, როგორიცაა კოვიდი. დღეს მიმდინარეობს გამოძიება, დავარქვათ ამას სამეცნიერო-ანალიტიკური, სპეცსამსახურების გამოძიება და ძალიან ბევრი ქვეყანა ატარებს კოვიდის გაჩენის კვლევებს, ზოგი არ მალავს, ზოგი – მალავს. და აი, ამ პერიოდში რომ არ მოხდეს მასებისთვის ამა თუ იმ იდეის ჩანერგვა, მაგალითად, ჩიპიზაციის, აი, ეს კონტროლდება. გახსოვთ კამპანია, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ჩიპიზაციაა მოსალოდნელია და ეს მასკის იდეად საღდებოდა. შესაძლოა, მომავალში აქეთკენ წავიდეთ, მაგრამ კოვიდის საწინააღმდეგო აცრას ამასთან კავშირი არ აქვს.

– თუმცა ილონ მასკის ერთ-ერთ კომპანიაში ღორს ჩაუდგეს ჩიპი და მან დაიწყო ვიდეოთამაშების კომპიუტერზე თამაში, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანსაც შეიძლება, ჩაუდგა ჩიპი და მან იღრუტუნოს და რკო ჭამოს.

– გასაგებია, მაგრამ ამას კოვიდთან კავშირი არ აქვს.

– მესმის, მაგრამ მე ამაზე ლაპარაკს რატომ მიკრძალავენ?

– ეს სხვა თემაა. მე ჩემს ვარაუდს ვამბობ. ზოგადად, ჩიპიზაცია, ალბათ, იქნება ნებაყოფლობითი და, სავარაუდოდ, იქამდეც მივალთ.

– ეს წინაისტორია გავიხსენე იმიტომ, რომ ახლა დაგვრთეს ნება, ვთქვათ, რომ კოვიდი შეიძლება, იყოს ხელოვნური და კიდევ ერთი წლის შემდეგ რომ აღმოჩნდეს, რომ პანდემიაც ხელოვნურად გამოაცხადეს?

– ის კითხვაც საინტერესოა, როგორია დღეს მსოფლიოში რეალური მდგომარეობა. სიმართლე გითხრათ, არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს გამოძიებები, თუნდაც, სპეცსამსახურების მუშაობა, 100-პროცენტიან შედეგს მოგვცემს. გაურკვეველი სიტუაცია კვლავ იქნება კოვიდის წარმოშობის შესახებ. პირველი პრობლემა ისაა, რომ არ არის ინფორმაცია და მტკიცებულებები, ყველამ ვიცით, რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩინეთიდან გავრცელდა. ეს ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. ჩინეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ზღუდავს ინფორმაციის გაცემას და ჯანმოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფებს უჭირთ მუშაობა, მათ უზღუდავენ ჩინეთში არსებულ მდგომარეობაზე რეალური ინფორმაციის მიწოდებას. ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ ამას. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად შექმნეს კვლევებისას და მოხდა გაჟონვა – რაც ჩინეთისთვის ხელსაყრელი არ არის და მისთვის სერიოზული პრობლემა იქნება – შეუძლებელია და, ბუნებრივია, ჩინეთი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ეს ვირუსი ბუნებრივია, იმიტომაცაა ნახსენები გავრცელების წყაროდ ფრინველები, ცხოველები. ხან ღამურები ახსენეს, ხან გველები. რადგან ეს ვირუსი უცხოპლანეტელებს არ ჩამოუტანიათ, ორად ორი ვარიანტია: ან ბუნებრივია, ან ხელოვნური. მაგრამ ვერც ერთ ვარიანტს ვერ დავამტკიცებთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბუნებრივია.

– მე ხელოვნურისკენ ვიხრები.

– ჩვენი აზრით, დაფიქსირებული კოვიდი გაეპარათ ლაბორატორიიდან და, ვფიქრობ, აქ დაუშვა ჩინეთის ჯანდაცვის სისტემამ საბედისწერო შეცდომა, რომ ვერ გააკონტროლეს პროცესი. თუმცა არც საპირისპიროა გამორიცხული.

– ჩემი ეჭვით, ხელოვნურობაზე ცენზურა მოიხსნა ისრების ჩინეთისკენ მისამართად და ამ დროს ჯანმო ჩინურ ვაქცინას აღიარებს. თუ ავრცელებ ეჭვს, რომ ხელოვნური კოვიდი გამოუშვა ჩინეთმა, ახლა ვაქცინითაც გინდა, აშოვნინო ფული?

– ამიტომაც ვამბობ, ნინო, რომ ჯერ დასკვნა, „განაჩენი“ არ არის გამოტანილი. ჩინური ვაქცინის აკრძალვა ალოგიკური და არაჰუმანურიც იქნებოდა, იმ ანდაზის მსგავსი – თუ არ დაიჭერ, ქურდი არ არის. თუ ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, არის თუ არა დამნაშავე ჩინეთი, რატომ არ უნდა მივიღოთ ჩინური ვაქცინა?! მაშინ საქართველოს და ჩვენსავით განვითარებად, დავამატებდი, უპატრონო ქვეყნებს დიდი პრობლემები შეექმნებოდათ. ჩვენ ვნახეთ, როდის ჩამოვიდა „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკისაც“ მცირე-მცირე დოზები მივიღეთ.

– თუმცა გოგი გვახარიამ თქვა, რომ „ასტრაზენეკით“ აცრილი კანის კინოფესტივალზე არ შეუშვეს.

– არ ვიცი, რა რეგულაციებია კანის კინოფესტივალზე. „ასტრაზენეკა“ ბრიტანული ვაქცინაა და ევროკავშირმა კი „უკბინა“ ბრიტანეთს – რამდენიმე კვირის განმავლობაში შეაჩერა მისი გამოყენება, მაგრამ შემდეგ დართო ნება. მე ვფიქრობ, შესაძლოა, ეს ქმნიდეს პრობლემას. ის ფორმა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გასცემს, პასუხობს თუ არა იქაურ მოთხოვნებს. მაგალითად, მე უკვე ორჯერ ავიცერი და როდესაც მოვითხოვე პასპორტი, მითხრეს, ინტერნეტით გადმოგიგზავნით ცნობას, რომ აიცერითო, მაგრამ უცხოეთში საკმარისი იქნება ჩვენი რესპუბლიკური საავადმყოფოს ცნობა?! იუსტიციის სამინისტრო მუშაობს პასპორტის შექმნაზეო, არ ვიცი, რა საჭიროა ამდენი დრო ამისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ისეთი გლობალური პრობლემა იყო, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაც შეცდომებზე სწავლობდა და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდად იმუშავეს. ფაქტია, ჯანმომ უნდა თქვას თავისი სიტყვა პოსტკოვიდურ სიტუაციასა და ვაქცინაციაზე. რა თქმა უნდა, მწარმოებელს ხელს აძლევს, რომ ეს აცრა იყოს სამჯერად-ოთხჯერადი, მუდმივი და ვიცით, რომ ისინი, მწარმოებლები, აფინანსებენ მედპერსონალსაც. ეს ინტერესთა კონფლიქტი ყოველთვის იყო და არის მსოფლიო დონეზე, ამიტომ არ ვიცი, ჯანმოს ავტორიტეტი შეძლებს თუ არა, რომ ობიექტურად შეფასდეს აცრების რაოდენობისა და პოსტკოვიდური მკურნალობის პოზიტივი და ნეგატივი. ისე არ გამოვიდეს, რომ პოსტკოვიდურ მკურნალობაზე გიგანტურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ადამიანებს თავს მოახვიონ ახალი პრეპარატები, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა.

– არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ფარმაცევტული კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებენ აცრის შემდგომ გართულებებზე და ამ შემთხვევაში აცრილებმა თავად უნდა მოუარონ თავს?

– რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალი პრობლემაა. იმდენად ახალია, უცნობია, სხვადასხვა ადამიანს სრულიად განსხვავებული რეაქცია აქვს და ბუნებრივია, ჩვენი იმუნური სისტემებიც სრულიად განსხვავებულია. მსოფლიო თუ არა, ევროკავშირის დონეზე მაინც არ უნდა შეაღწიოს კორუფციამ მონიტორინგის ორგანიზაციებში, რომლებიც ვაქცინების ლიცენზიასაც გასცემენ და რომლებიც, ალბათ, მომავალში გასცემენ ლიცენზიას პოსტკოვიდური მკურნალობის შესახებ, იმიტომ რომ აქ უკვე ლაპარაკია მილიარდებზე. ვაქცინაციის პერიოდულობა ძალიან მნიშვნელოვანია: ყოველწლიურად ორჯერადი აცრა ხომ არ დაანგრევს ჩვენს იმუნურ სისტემას? ეს ხომ ჩვენ არ ვიცით?! უნდა იყოს აცრა ორჯერადი თუ ყოველწლიური? არც ეს ვიცით. ღრმად უნდა სწავლობდნენ საკითხს სპეციალისტები, არ შეიძლება, რომ ვაქცინა განურჩევლად ყველას გაუკეთონ. გასაგებია, შეერთებულ შტატებს თავისი ანგარიშები აქვს ჩინეთთან და ისრებს მისკენ მიმართავს, მაგრამ, ზოგადად, ბაქტერიულსა და ბიოლოგიურ ომს გამარჯვებული არ ჰყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი