არის თუ არა ევროპისა და ჩინეთისთის ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც აზერბაიჯანი და თურქეთი აკონტროლებენ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.07

მთიან ყარაბაღში, ყოფილ სტეპანაკერტში, შეიკრიბა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რომელზეც ათეულზე მეტი ქვეყნის პირველი პირი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები. ვვარაუდობ, ალიევის, ერდოღანისა და პეზეშკიანის სიამტკბილობა სხვა არაფერია, თუ არა აღმოსავლური პირფერობა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: გარედან თავი პარტნიორებად მოაჩვენეს. რა თამაშს თამაშობენ აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლის პრეზიდენტიც ლამის ლანძღავს ისრაელის ხელისუფლებას, რეალურად კი ისრაელისთვის ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია (ასე ამტკიცებს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი). რატომ მომძლავრდა ისლამური თემი სამხრეთ კავკასიაში? – ამ თემას აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტთან ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ.
– დავიწყოთ იმით, რა სამიტია ეს და რატომ გაუსვეს ხაზი ერდოღანმა და ალიევმა პეზეშკიანთან ახლო ურთიერთობას?
– ხანქენდიში, ანუ ყოფილი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში ერთი კვირის წინ ჩატარდა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ როგორც ბაქოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები, პაკისტანი და თურქეთი, ასევე, ირანი. არ ვიტყვი, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯი ნამდვილად იყო როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის, ისე რეგიონში დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მხრივ. ასეთ კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ მოვლენას. სამიტის ადგილი სპეციალურად შეარჩიეს, იმიტომ რომ აზერბაიჯანის გაერთიანების შემდეგ სწორედ იქ მოეწერა ხელი შუშის დეკლარაციას და მას შემდეგ ბაქო ხშირად მართავს იქ სხვადასხვა ღონისძიებას. ყოფილი სტეფანაკერტის, ანუ ხანქენდის შერჩევა შეხვედრის მოედნად პროტოკოლური ჟესტი არ იყო, ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური მანიფესტი, იმის საჩვენებლად, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა პოსტკონფლიქტურ პერიოდში. ესე იგი, ადგილი, რომელიც 30 წლის განმავლობაში კონფლიქტური ზონა იყო, დღეს არის მშვიდობიანი და უსაფრთხო და აზერბაიჯანი ყალიბდება, როგორც სამშვიდობო დიალოგისა და ეკონომიკური აღორძინების მოედანი, რაც აჩვენებს ახალ პარადიგმას. სახელმწიფოს ძალა განისაზღვრება იმით, შესწევს თუ არა უნარი, შექმნას განვითარების მიზიდვის ზონები. ამის ჩვენებას ცდილობს ბაქო. იქ, გარდა ზემოჩამოთვლილებისა, იყვნენ ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების პირველი პირები, ასევე, ნიგერიისა და დუბაის წარმომადგენლები. ეს იმას მიანიშნებს, რომ იზრდება ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მნიშვნელობა და სტატუსი და მისი როლი ახალი გეოეკონომიკური წესრიგის ფორმირებისას.
– პეზეშკიანთან სიამტკბილობის ჩვენება რა პოლიტიკურსა და ეკონომიკურ მიზანს ემსახურებოდა? მით უმეტეს, რომ იგივე ლარი ჯონსონი მიუთითებს აზერბაიჯანის ერთგვარ თანამონაწილეობაზე რაისის ვერტმფრენის კატასტროფაში.
– ამ სამიტის მთავარი თემები იყო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და ყველაზე მნიშვნელოვანი, თავისთავად, არის სატრანსპორტო დერეფნების განვითარება და ამ საქმიანობაში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩართულობა, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების თანამონაწილეობას და ხელს შეუწყობს ამ რეგიონის განვითარებას.
– ზანგეზურის დერეფნის გახსნის წინააღმდეგია ირანი. როგორ შეიძლება, დაკმაყოფილდეს ირანის ინტერესი ამ პროექტებში?
– აზერბაიჯანის მხრიდან მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომ სომხეთის დაყოლიების შემდეგ მზად იყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ანუ აზერბაიჯანი წინასწარ ამზადებს ნიადაგს, რომ, როდესაც სომხეთი დათანხმდება, მაშინვე დაიწყოს მოქმედება. მეორე მხრივ, მით უმეტეს, ირან-ისრაელის ორკვირიანი ომის შემდეგ, როდესაც საინფორმაციო ომში აზერბაიჯანს დასდეს ბრალი, რომ ისრაელის დრონები მისი ტერიტორიიდან ბომბავდნენ ირანს, ამ სამიტზე ირანის არმიწვევა იმის დასტური იქნებოდა, რომ ახალი პროექტები გათვლილია ირანის დასუსტებაზე, რომ მას უკეტავენ ერთადერთ გასასვლელს კავკასიიდან. ირანისთვის დღეს ერთადერთი სასუნთქი სივრცე გადის სამხრეთ კავკასიაზე, ეს არის სომხეთზე გამავალი გზა. უცნობია, კონკრეტულად რაზე და როგორ დაითანხმეს ირანი და ვინ გააკონტროლებს ზანგეზურის დერეფანში ტვირთებს, მაგრამ, ვფიქრობ, ირანი თანახმა იქნება, თუ სომხეთი გააკონტროლებს ტვირთებს და ამ შემთხვევაში ის დაეთანხმება ზანგეზურის დერეფნის გახსნას. ხოლო, თუ ზანგეზურის დერეფანს გააკონტროლებენ თურქეთი და აზერბაიჯანი, მაშინ მათ უკვე ირანისთვის ბლოკადის მოწყობა შეეძლებათ ნებისმიერ დროს.
– ირანის ბლოკადა იქით იყოს, თუ სომხეთი დათანხმდება, რომ მის ტერიტორიაზე გაიაროს ტვირთებმა, რომლებსაც ვერ შეამოწმებს, ეს ხომ სომხეთისთვის სუვერენიტეტის დათმობა იქნება?
– დიახ, ახლა, უბრალოდ, ისაა მნიშვნელოვანი, რომ ამ პროექტებში რუსეთი აღარ ფიგურირებს. რუსეთი ადრე აქტიურად იყო ჩართული პროცესში. დღეს, ფაქტია, რომ თამაშგარეა. ის ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და, თუ რამე ხდება დღეს ზანგეზურის დერეფანში, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სასარგებლოდ - არაფერი. მართალია, „ეფ ეს ბეს“ ჯარები აკონტროლებენ სომხეთ-თურქეთის საზღვარს, მაგრამ ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთს არ გააკონტროლებინებენ. ეს, სხვათა შორის, ირანისთვისაც ხელსაყრელია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ „მიეხმარა“ რუსეთი ისრაელის თავდასხმისას.
– ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენზე როგორ აისახება ეს აქტივობები და პროექტები. ჩვენი მარშრუტის კონკურენტი ხაზია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ასევე, ესმით, რომ აუცილებელია, არსებობდეს მუსლიმური სამყაროს მიერ გაკონტროლებული სატრანსპორტო ხაზის ალტერნატივა.
– დიახ, არა მარტო დასავლეთისთვის, ჩინეთისთვის რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი, რომ მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთი აკონტროლებდნენ დერეფანს?! ბევრს წერენ, რომ ზანგეზურის დერეფანი ჩაანაცვლებს საქართველოს. ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ საქართველო ჩახსნან, რადგან, ზანგეზურის დერეფანს რომ რამე დაემართოს, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, უკან მობრუნება აღარ გამოვა. ბაქოსა და ანკარას უამრავი ფული აქვს ჩადებული საქართველოში და ახლა ამის შენარჩუნება მათთვის მნიშვნელოვანი იქნება. მეორე მხრივ, საქართველოს ჩახსნა გამოიწვევს თბილისის უკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლება იქნება, რაც თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი. ჩვენ, უბრალოდ, მოგვიწევს სხვა მიმართულებით გააქტიურება, რაც უკვე მათ ინტერესებში არ ჩაჯდება. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მარშრუტი უფრო მოკლეა შავი ზღვის ჩვენი პორტებისკენ. ჩვენი პორტებიდან გააქვთ ტვირთი ცენტრალური აზიიდან, მათ რატომ უნდა შემოუარონ ყარაბაღიდან, შემდეგ თურქეთში გადავიდნენ და ისევ საქართველოში შემოიტანონ?! ამდენად, არსებული ტვირთების შენარჩუნებას შეეცდებიან, იმიტომ რომ ტვირთების დაკლება, გინდა თუ არა, მაინც აისახება პოლიტიკურ ურთიერთობაზე.
– მე ვფიქრობ, რომ ეს კონკურენცია კარგია ჩვენთვის, რაღაც კიდევ უფრო საზრიანის მოფიქრებაში დაგვეხმარება.
– დიახ, ჩვენ, როგორც წესი, მოდუნებულები ვართ, იმიტომ რომ გზა მაინც გადის. ამდენად, ჩვენც მოგვიწევს გააქტიურება. ახლა ვერ ვიტყვი დაზუსტებით, რომელ ქვეყნებთან, გააჩნია, ვინ გამოხატავს ინტერესს და ვის რა შეუძლია, შემოგთავაზოს. ორ დოლარად ჩვენი ყიდვა აღარ გამოვა, როგორც აქამდე იყო. დემოკრატიის საფარქვეშ ისინი გარიგებებს დებდნენ ერთმანეთთან, სანამ ჩვენ გავერკვეოდით ამ გეოპოლიტიკურ მაიმუნობებში. ამჯერად ახალ რეალობაში მოუწევთ იმ საფასურის გადახდა, რაც ღირს ეს მომსახურება. თუ არადა გამოჩნდებიან სხვა მოთამაშეები. ეს რეგიონი აქამდეც არსებობდა მათ გარეშე და კიდევ ვიარსებებთ მრავალი საუკუნის განმავლობაში. თუ უნდათ ცენტრალურ აზიაში შეღწევა, უცნაურია, რომ იქ ჩადიან და საქართველოს არ ახსენებენ.
– რეალურად ვერ ამოჭრიან ამ გზას, მაგრამ ცოტა უხერხულია.
– ალიევმაც იმიტომ გაუსვა ხაზი ამ ფაქტს, საქართველოს რატომ არ ახსენებთ, თუ ამ პროექტების განხორციელება გინდათო. მან იცის, ეს მნიშვნელოვანია. სომხეთზე მაინც შემომავალი გზა გადის, როგორც უკანა ეზოში, საქართველოზე კი მთავარი კარიბჭეა. და ამ შემთხვევაშიც რუსეთი რჩება თამაშგარედ.
– მართალია, ეს ცოტა სხვა საუბრის თემაა, მაგრამ ეხლა რუსეთს ეძლევა შანსი, რომ ჩვენთან დაალაგოს ურთიერთობა და ეს გადის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. მით უმეტეს, თუ უნდა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გახსნა, რომ გზაჯვარედინმა ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს.
– დიახ, ოღონდ არა ისე, როგორც მას უნდა – დაიტოვოს ბერკეტები და შემდეგ ისევ აგვიჯანყოს ის ორი რეგიონი. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ისე, როგორც ჩვენთვისაა ხელსაყრელი..
– და ჩვენც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივცეთ პირობა, რომ ჩვენგან რუსეთს არ შეექმნება სამხედრო და პოლიტიკური საფრთხე.
– დიახ, ზუსტად ასე მოიქცა ირანის შაჰი 1962 წელს, როდესაც კარიბის კრიზისი იყო, ნოტა გაუგზავნა ხრუშჩოვს, რომ არანაირ ვითარებაში არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას, რომ ირანში სარაკეტო ბაზები განათავსოს. ამის შემდეგ დათბა მათ შორის ურთიერთობა. ამდენად, მთავარი საფრთხე უნდა მოაცილო. სხვა საქმეა, ეს მართლაც არის თუ არა საფრთხე, მაგრამ რუსეთს ხომ სჯერა, რომ ეს საფრთხეა?!
– დიახ, მანაც უპირობოდ უნდა დააბრუნოს ტერიტორიები და ჩვენც უპირობოდ უნდა მივცეთ გარანტია, რომ აქ არ განთავსდება არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა.
– ეს გვინდა ჩვენ. ხომ აღიარა დე-ფაქტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ჯარებიც განათავსა, მაგრამ საქართველოს შიდა პროცესებზე რა გავლენა აქვს?!
– არანაირი გავლენა არ აქვს, უბრალოდ, გვიბოროტა.
– დიახ, გვიბოროტა, ჩვენს ჯინაზე მოიქცა ასე და ასე რომ იქცევა ხოლმე, სწორედ ასეთი ქცევის გამო შეუსრულა ბაქომაც, ანკარამაც და ირანმაც. ზანგეზურის დერეფნიდანაც ამოაგდეს და საერთოდ ვერ ახდენს გავლენას პროცესებზე. თუ არ უნდა თანამშრომლობა, მოვერგებით სხვა პროექტებს. არავინ მიხოხდება მათთან, როგორც თვითონ წარმოდუგენიათ. დამთავრდა ეს დრო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან