პოლიტიკა

„არამკითხე მოამბეო...“

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.05, 2024 წელი

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვინ ჰკითხავს კანადის ხელისუფლებას?!

კანადის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უცხოური აგენტების რეესტრი შექმნას და გონიერი ადამიანი იფიქრებდა, ეს ნამდვილად კანადის შიდა საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოთო, ბოლოს და ბოლოს, კანადის პარლამენტში გაქანებულ გერამანელ ნაცისტს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ (მართალია, ამ იაღლიშის გამო ბევრი იბოდიშა კანადის პირველმა პირმა, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად დარჩა) და ვითომც არაფერიო.

ასეა თუ ისე, კანადა უცხოური გავლენისგან თავის დაცვას ცდილობს, მაგრამ ქართველმა ახალგაზრდებმა (მშობლიურმა მედიამ ისინი სამოქალაქო აქტივისტებად მოიხსენია) თბილისში, კანადის სავიზო ცენტრთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს (თუმცა სიმართლე გითხრათ, პერფორმანსის პირადად მე იქ ვერაფერი ვნახე, რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს ხელში ტრანსპარანტები ეჭირა).

ამ შეკრება-პროტესტის მიზანი კი კანადის ხელისუფლებაზე ზეწოლა გახლდათ: ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ კანადის მიერ რუსული კანონის მიღებას.

ეს ამბავი ფრიად საპატივსაცემო საინფორმაციო საშუალებებს რომ არ გაევრცელებინა და ახალგაზრდა აქტივისტებს კომენტარიც არ გაეკეთებინათ (მეტად და მეტად სერიოზული სახეებით), მეტ-ნაკლებად გონიერ ადამიანს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტების პერფორმანსი ეგონებოდა, მაგრამ, ვაი რომ, არა.

ბუნებრივია, მე არ ვიცი, დაუჯერებს თუ არა კანადის ხელისუფლება ზემოხსენებულ ჩვენი თანამემამულე ჯეელების შეგონებებს (ან კი ეს უკანასკნელები როგორ აპირებენ, არ მიაღებინონ კანადის ხელისუფალს ხსენებული კანონი ან კი რატომაა ის კანონი მაინც რუსული?! თუმცა კამათს აზრი არ აქვს), მაგრამ ის უკვე მკაფიოდ იკვეთება, რომ წაკითხულის გააზრების პრობლემა თანდათან (იმედია, არა შეუქცევადად) ფსიქიკურ აშლილობაში გადადის...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა