პოლიტიკა

ანრი ბიბინეიშვილი: შეწყდა ჩემი ქუჩაში ცხოვრება

№48

ავტორი: ლუკა ნემსაძე 14:18 12.11

მსახიობი ანრი
ბიბინეიშვილი
დაკოპირებულია

თუმანიშვილის თეატრის მსახიობის, ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – ის მალე გოგონას მამა გახდება. გარდა ამისა, ბევრი სირთულის შემდეგ, ანრიმ შეძლო და საკუთარი სახლი იყიდა. როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება ნელ-ნელა დალაგდა, რაშიც დიდი წვლილი მის მეუღლეს – თამუნა ბრეგვაძეს მიუძღვის.
ანრი ბიბინეიშვილი: ხშირად მეუბნებოდნენ ჩემი უფროსი მეგობრები: ასაკს დაღვინება მოსდევსო. ეს მართლაც ასეა. წლების წინ, ჩემი ცხოვრებიდან ბევრი ისეთი პირადული ამბავი გამოვიტანე, რომელიც არც არავის აინტერესებდა და არც უნდა გამესაჯაროებინა. ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ეს პოპულარობისთვის მჭირდებოდა, მაგრამ ასე არაა, მეგონა, ჩემს გულწრფელ ისტორიებს ადამიანები გულით ისმენდნენ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა და მივხვდი, შენი პირადი ცხოვრება არავის უნდა მოახვიო თავზე. დღეს მაქვს ოჯახი და ვარ ძალიან ბედნიერი. ვიყიდეთ სახლი და ამით შეწყდა ჩემი ქუჩაში და ძმაკაცთან ცხოვრება. ბათუმის სახლი ჩავდე ბანკში, გამოტანილი თანხა დავამატე და ვიყიდეთ ბინა. ახლახან ძლივს მოვრჩი რემონტს და ვფიქრობთ, ნელ-ნელა გადავიდეთ. ვერავინ მეტყვის, რომ რაღაცის სანაცვლოდ მოვიპოვე რამე, ყველაფერი ჩემი მეგობრების დახმარების, ჩემი წვალებისა და შრომის შედეგია. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ბევრი ტანჯვა, ტკივილი, ცრემლი და ცივი ღამე ასე დაგვრიგვინდა. უკვე ჩემი კერა მაქვს, მყავს ცოლი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და რომლის გამოც ცხოვრების ნებისმიერ წამს დავთმობ. ადამიანი, რომელიც შემხვდა ცხოვრების მეგზურად, ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემნაირ კაცს სჭირდება გვერდით. მისი სახით, გაცილებით მეტი მომცა ბუნებამ. თებერვალში გავხდები გოგოს მამა და მოკლედ, ასე მიდის ჩემი ცხოვრება. ასაკმა მოიტანა ისიც, რომ საჯაროდ აღარ ვაქვეყნებ პირად ამბებს.

– ბობოქარი და ქაოსური ცხოვრება დამთავრდა?
– რატომღაც, ყველა არქმევდა ჩემს ცხოვრებას ბობოქარს და ქაოსურს, მაგრამ მე ასე არასოდეს მიმაჩნდა. არც ბობოქარი ვყოფილვარ და არც ეპატაჟური. წინასწარ არასდროს მიფიქრია, რომ კონკრეტულ ამბავს ეს შეიძლეობდა, მოჰყოლოდა, მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია. შავი პიარი რომ პიარია, ამისთვის არაფერი მიღონია, უბრალოდ, ხშირად სისულელეც კი გულახდილად მითქვამს. რას არქმევთ ბობოქარ ცხოვრებას? ის, რომ ახალგაზრდა ბიჭს რომანები ექნებოდა? ყველას აქვს იგივე, უბრალოდ, საჯაროდ არ გამოაქვთ და სწორედ, ეს იყო ჩემი შეცდომაც. ამას ვნანობ კიდეც და ვამბობ, რომ ჩემი პირადი ამბები ყველასთვის ცხადი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს გამოუცდელობის ბრალი იყო. საბოლოო ჯამში, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, არასოდეს გამიზნულად არაფერი გამიკეთებია.
– ანუ, შენი ცხოვრების დალაგებაში თამუნას მიუძღვის დიდი წვლილი?
– ნამდვილად და ამით ვარ ბედნიერი. ყოველდღე თავიდან აღმოვაჩენ ხოლმე ამ ადამიანს და ისეთ რამეებს ვიჭერ, ვხვდები, მის გაცნობამდე სიყვარული არ ვიცოდი რა იყო. როგორც გელა ჩარკვიანი ამბობს: სიყვარული არის სენიო. მეც, სწორედ, ამ გრძნობით ვარ დასნეულებული და მინდა, მასთან ერთად დიდხანს ვიყო „ავადმყოფი“.
– მალე გოგონას მამა გახდები, პატარასთვის სახელი ხომ არ შეგირჩევიათ?
– ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი სქესის გაგების. ჩემი პირველი თხოვნა უფლის წინაშე იყო: მომივლინე ჯანმრთელი. მაგრამ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ გავუძელით. რაღა დაგიმალოთ და ჩემი ოცნება იყო, პირველად გოგო მყოლოდა და ეს ოცნებაც ამიხდა. სახელთან დაკავშირეით ბევრი განხილვა გვაქვს, თუმცა ვერ ჩამოვყალიბდით. თან ვფიქრობ, წინასწარ რაღაცების განსჯა ღუპავთ ადამიანებს. როცა მოევლინება და მობრძანდება ამ ქვეყანაზე, იმ დღეს ბედნიერებისგან შეიძლება, არარსებული გამოვიგონო და ის დავარქვა. ახლა მეუფლება საოცარი შეგრძნებები, რომლებსაც ვერ ვხსნი და მერე რა იქნება, არ ვიცი. შენი ქმნილება რომ იბადება, ეს ბუნების ყველაზე დიდი საჩუქარია. ამაზე დიდს ვერც როლს შევქმნი, ვერც კაცობას და ვერც ვერაფერს...
– ვირუსის გამო თეატრები დაიხურა, რამდენად გიჭირს დღევანდელ რეალობასთან შეგუება?
– ძალიან მომენატრა შემოქმედებითი დატვირთვა, მაყურებელი... რამდენიმე კვირაა, ყოველდღე მივდივარ თეატრთან, შევხედავ და უკან ვბრუნდები. მომაკვდავ ადამიანს აპარატი რომ გაუთიშო და ჟანგბადი აღარ მიაწოდო, ჩემთვის დაახლოებით, იგივეა ეს რეალობა. მრავალფეროვანი ცხოვრება გახდა ერთფეროვანი. როცა კარანტინი იყო გამოცხადებული, სახლში არ ვყოფილვარ, მოხალისედ ვიყავი ჩართული „წითელ ჯვარში“ და ასევე, სამსახურობრივ მოვალეობასაც ვასრულებდი, მაშინ ჩემი მაქსიმუმი მოვახმარე ქვეყანას. ღმერთმა ინებოს, დახმრება აღარავის დასჭირდეს, მაგრამ თუკი ამის საჭიროება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვარ მსახიობი, გავხდები ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.
– ერთხელ სოციალურ ქსელში იხუმრე, რომ ბათუმის მერობას აპირებდი. მართლა ხომ არ ფიქრობ პოლიტიკოსობაზე?
– როცა განათლებით მსახიობი ვარ, რატომ უნდა ვიყო პოლიტიკოსი, ამისთვის შესაბამისი განათლება და კვალიფიკაციაა საჭირო. თუ შემთხვევით ამოვყოფ ამ სფეროში თავს და პირობითად, ხვალ-ზეგ გამიჩნდება პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, მაშინ ეს საქმე ძალიან ახლოს უნდა იყოს ჩემს სფეროსთან, კულტურასთან. გულწრფელად ვამბობ, არ ვფიქრობ პოლიტიკაში წასვლაზე, უბრალოდ, მაწუხებს რიგი პრობლემები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ეხება. როცა ეგ სტატუსი დავწერე, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოქმედ მერს ვაჯობებდი. ჩემს ქალაქს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ჟანგბადივით. თუმცა, ეს ნამდვილად ხუმრობა იყო და არ ვაპირებ, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდესო – ხომ არსებობს ასეთი გამოთქმა. იმდენი „ვაი პოლიტიკოსია“ დღეს, არ გაგიკვირდეთ ხვალ-ზეგ მოვიდე იქ, სადაც აუცლებლად გავაკეთებ რამეს.
– თუმცა, ხშირად წერ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკაზეც...
– უბრალოდ, ვარ მოქალაქე, რომელსაც ჩემი ქვეყნის წინსვლა და წარმარტება სურს, ამას პოლიტიკოსობა არ უნდა. თუ გაინტერესებთ, რატომ ვარ აქტიური მოწინააღმდეგე ოპოზიციის, იმიტომ, რომ არ მინდა, ქვეყანა ისევ გაგლიჯონ, ზუსტად ისე, როგორც დატოვეს. ვიღაცები ამას ქოცობას აწერენ, ვიღაცები ნაცობას, ვიღაცები ფიქრობენ, რომ ფულს მიხდიან ლაპარაკში, მაგრამ რატომღაც, არც ერთი დაინტერესდა ჩემი დეკლარაციით, ენახათ, ერთი რას მიხდიან და რას ვიღებ, რა გამაჩნია (იცინის). მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბანკში უზარმაზარი სესხი მაქვს, დედაჩემი და მამაჩემი რა პირობებში ცხოვრობენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რომ თქვან, გაიფაქტებიან. სულ არ მაინტერესებს, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი, მე მარტო ჩემი ხალხისა და ქვეყნის წარმატება მინდა.

ახალი ნომერი - №48

23-29 ნოემბერი

ყველაზე კითხვადი