ამბიციური სეხნია
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.03

ანუ სტალინის აჩრდილი დადის ევროპაში?!
რთული სათქმელია არა მხოლოდ ის, მოახერხებს თუ არა ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის იმდენად დახმარებას, რომ მან ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და, მეტიც, არათუ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, არამედ, საერთოდაც, ევროკავშირის, როგორც ასეთის, შენარჩუნებას, მაგრამ, სახელდობრ, პოლონეთი საკმაოდ დიდი შემართებითაა გამსჭვალული.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი (აშშ-ის პრეზიდენტის სეხნია ტუსკი) ბრიუსელში ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ევროპა მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს!
აქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმაც გამოთქვა მზადყოფნა, თავისი ბირთვული იარაღი მოახმაროს ამ საქმეს. ის კი (ანუ აშშ-ის პრეზიდენტის სეხნია ტუსკი) დარწმუნებულია, რომ რუსეთი წააგებს შეიარაღების ამ რბოლას, ზუსტად ისევე, როგორც 40 წლის წინათ წააგო საბჭოთა კავშირმა (სამწუხაროდ, არ იხსენებს, რა როლი შეასრულა აშშ-მა საბჭოეთის მიერ ამ რბოლის წაგებაში).
ცხადია, ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულოა, თუკი ევროპა თავად უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას და არა, მაგალითად, უკრაინისა და საქართველოს ცეცხლში შეგდების ხარჯზე, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრები სხვაგვარად ფიქრობენ. მაგალითად, პოლონეთის ელჩი გვთავაზობს (მომყავს ციტატა): „მესმის, რომ არ შეგიძლიათ სანქციებისთვის მხარდაჭერა, მაგრამ, გთხოვთ, გააკეთეთ სიმბოლური ჟესტი: დახურეთ სტალინის მუზეუმი“. ბუნებრივია, მათ შორის, არც ელჩს არავინ ეკითხება, ვინ სად და რას დახურავს, მაგრამ, ცხადია, იბადება რიტორიკული კითხვა: რომელი სტალინის, ის საკონცენტრაციო ბანაკები რომ გაანადგურა, რომლებშიც ნაცისტები პოლონელებს აწამებდნენ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან