პოლიტიკა

ამბავი ტიკებისა და ეშმაკებისა

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.08

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ლონდონის თურანული ვნებანი

მართალია, ნათქვამია, ღვინო არსად იყო, ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბრძნეს დასავლეთსა და სამხრეთში ნაკლებად აღიარებენ. შესაბამისად, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, თურქულ მედიას ეყრდნობა, თურქეთმა ლონდონში განთავსებული განვითარების ისლამური ბანკისგან 2.4-მილიარდიანი კრედიტი მიიღო.

იკითხავთ, რისთვისო. რისთვის და, ზანგეზურის დერეფნისთვის. ფინანსური დაწესებულებები, რომლებიც მოგებაზე უნდა იყვნენ გამეცადინებულნი, წესითა და რიგით, რისკებს უნდა აფასებდნენ, ხოლო, რაკი ზანგეზურის დერეფნის საკითხი გაურკვეველია, გაუგებარია, რისთვის მიეცა თურქეთს ეს კრედიტი – ისლამური, თანაც, ლონდონური ადგილმდებარეობის ორგანიზაციიდან.

ჰოდა, რაკი ზანგეზურის ტერიტორიის ბედი ჯერ გაურკვეველია, ზემოთქმული ბადებს ეჭვს, რომ იქნებ გარკვეულიცაა. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მაინც ოპერატიული თამაშობებია. მოგეხსენებათ, მოარული მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს დიდი თურანის პროექტის განხორციელებას, რაც თურქეთის ცისფერი ოცნებაა, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანთან თანამშრომლობით: ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო. ხოლო, თუ ამას დავამატებთ, რომ თურქეთმა სირიაში დამატებით სამხედრო ძალები და ტექნიკა შეიყვანა (სირიაც მოიაზრება დიდი თურანის პროექტში), სავარაუდოდ, პროექტი ძალას იკრებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს რუსეთ-ჩინეთ-ირან-ინდოეთის თანამშრომლობის დარღვევაც აქვს მიზნად, პირადად მე მაინც ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი დიდი ბრიტანეთისთვის, თუკი თურქეთი ლამის ნახევარ ევრაზიაზე გაავრცელებს თავის გავლენას?! თუ, რა თქმა უნდა, დიდი თურანის ბრიტანული პროექტის ბოლო სერიაში თავად თურქეთის დაშლა არ არის გამზადებული...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა