„ამას გარიცხვა, იმას გასახლება“...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.03

ანუ სხვისი იმედის სიმყიფე
მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპსა და ვენსს შელაპარაკება მოუვიდათ (მოგეხსენებათ, საქმე იმდენადაც კი გამწვავდა, რომ აშშ-მა უარი თქვა, დაეფარა უკრაინიდან ჩასულთა ხარჯი, რაც, როგორც ითქვა, პირველი შემთხვევაა აშშ-ის არსებობის განმავლობაში, თუმცა ლოგიკური: თუ საკუთარ სახლში მლანძღავ, ბუნებრივია, მასპინძლობას არ გაგიწევ), თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციას პროტესტი არ დააკლეს, მათ შორის, არც აშშ-ურსავე კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, რაკი, როგორც ჩანს, აშშ-ის ხელისუფლება ისეთი ჰუმანურიც არ არის, როგორც, მაგალითად, ქართული, დონალდ ტრამპმა (თავისი სოციალური ქსელით) გვაუწყა, რომ (მომყავს ციტატა): „ყველანაირი ფედერალური დაფინანსება შეუწყდეს ნებისმიერ კოლეჯს, სკოლას ან უნივერსიტეტს, რომელიც დაუშვებს უკანონო პროტესტს.“ მეტიც, აგიტატორებს ან დააპატიმრებენ, ან სამუდამოდ დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. ხოლო ამერიკელ სტუდენტებს უფრო შავი დღე დაადგებათ, კერძოდ, სამუდამოდ გარიცხავენ ან, შესაძლოა, დააპატიმრონ კიდეც ისინი, თუ, რა თქმა უნდა, დანაშაულს ჩაიდენენ.
მეორე მხრივ, აშშ-დან უკრაინელების დეპორტაციაც იგეგმება, სხვა მიგრანტებთან ერთად, სხვათა შორის, მათ შორის არიან ავღანეთიდან თალიბებს გამოქცეულებიც. ბუნებრივია, აშშ-ის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს თავის ქვეყანაში და ვის დაიტოვებს ან გამოუშვებს, მაგრამ, ვფიქრობ, კარგი გაკვეთილია ჩვენთვისაც: ყველა, ჯერ ერთი, საკუთარ ქვეყანაში უნდა დაეტიოს და, რაც მთავარია, საკუთარი შნოთი უნდა იმოქმედოს და არა სხვისი ფულისა და ზურგის იმედით, იმიტომ რომ ეს სხვა ზურგია, თუ არის, ყველაზე მყიფე დასაყრდენი არათუ პოლიტიკაში, თვით ყოფაშიც კი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან