პოლიტიკა

ალიყური და მოცლილები

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ევრობურუსები

გასულ კვირას ემანუილ მაკრონმა, დონალდ ტუსკმა და ფრიდრიხ მერცმა იმისთვისაც მოიცალეს, რომ ერთობლივი განცხადებით მოეწოდებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მან უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, თუმცა, კვლავ ბურუსითაა მოსილი, რა ესაქმებოდა კიევში მყოფი მაკრონის, მერცისა და სტარმერის სამუშაო მაგიდაზე დაჭმუჭნილ ქაღალდსა და პატარა კოვზს (ავი ენები შესაყნოსის საზომად რომ მოიხსენიებენ) და ისიც, ბოლოს და ბოლოს, რაზე იკამათეს იმანუილ მაკრონმა და მისმა მეუღლემ თვითმფრინავში, საიდანაც ჩამოსვლამდე მეუღლემ საფრანგეთის პირველკაცს ალიყური უთავაზა (ელისეის სასახლის მესვეურნი განმარტავენ, რომ ეს წყვილის სიახლოვის გამოხატულება იყო და იქნებ, მართლაც, ასეა, ვინაიდან ევროპელი ლიდერები ფრიად მსუბუქად აღიქვამენ ქ-ნი ამაღლობელის მიერ მამაკაცი პოლიციელისთვის სახეში გარტყმას, ანუ იქნებ ეს უკვე იქცა ევროპული ფასეულობის მარგალიტად).

მეორე მხრივ, იმისდა მიუხედავად, გაიფანტება თუ არა ზემონახსენები ბურუსები, მაგალითად, ბატონმა მერცმა განაცხადა, რომ ომი ისეთი რამაა, რაც ერთი ან ორივე მხარის გამოფიტვითა და რესურსების ამოწურვით მთავრდება, ხოლო, რადგან ეს ამბავი შორსაა, ომიც გაგრძელდებაო. ბუნებრივია, მიზანი რუსეთის გამოფიტვა და დასუსტებაა და ევროპელ ლიდერებს, სავარაუდოდ, ნაკლებად აღელვებთ, ამ პროცესის ბოლოსთვის, რა დარჩება უკრაინისა და უკრაინელებისგან (იმიტომ, რომ ჯერ თავო და თავო).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამის პარალელურად, კვლავაც არ წყდება ზეწოლა საქართველოზე, განსაკუთრებული აგრესიული აქტიურობით კი ბალტიისპირელი ევროდეპუტატები გამოირჩევიან, ვფიქრობ, ნათელია, რომ მათ ბალტიის ზღვაზე რუსეთის შეტევას შავ ზღვაზე შეტევა ურჩევნიათ (რაც ლოგიკურია), თუმცა, მაგალითად, ჩვენ გვირჩევნია, რომ შავი ზღვის ნაცვლად ჩრდილოელმა ბალტიის ზღვა აირჩიოს თავისი სამხედრო ამოცანების გადაჭრის მიმართულებად, ვინაიდან, მართალია, ევროპული გზა ჩვენთვის კვლავაც სასურველია, მაგრამ გვინდა, მასზე ცოცხლებმა და სრულიად ჯანმრთელებმა ვიაროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა