აკვანდარწეულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.11

ანუ იძულება, მე რომ მინდა, იმისთვის?!
მართალია, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ „ფეისბუკის“ ჩვენებური, ანუ ადგილობრივი მაკონტროლებლები საკუთარი ახირებებისამებრ უზღუდავენ ადამიანებს სოციალურ აქტივობებს, მაშასადამე, ფხიზლად დგანან ჩვენი აზრების სადარაჯოზე (თუმცა, უმეტესწილად არ თუ ვერც ასაბუთებენ, რატომ გვნებს ჩვენ მიერ გავრცელებული ესა თუ ის აზრი), მაგრამ აღმოჩნდა, რომ, ამ მხრივ, საქმე ვერც დემოკრატიის აკვანშია უკეთ.
მეორე მხრივ, ისიც აშკარა იყო, რომ სოციალური მედიის ადგილობრივი ცენზურები იმ სოციალური მედიის მთავარი მაკონტროლებლების გარეშე ვერ ითავნებებდნენ (პრინციპით: „იძულება, მე რომ მინდა, იმისთვის“).
ასეა თუ ისე, კონგრესმენი და აწ უკვე აშშ-ის კონგრესის, ანუ ქვედა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობა „ტვიტერს“, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკელების საუბრის ცენზურისთვის იყენებდა. მაშასადამე, „ტვიტერი“ FBI-ს შვილობილი კომპანია იყო, ოღონდ მანამ, სანამ მას თვით ილონ მასკი გადაიბარებდაო.
შესაბამისად, ქვედა პალატის სპიკერი დარწმუნებულია, რომ, რაკი ეს კონსტიტუციის დარღვევაა, აუცილებლად უნდა მიექცეს ორივე პარტიის (ესე იგი, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“) ყურადღება, იმიტომ რომ, ამერიკული კონსტიტუციით, ამერიკის მთავრობა ვერ გადაწყვეტს, რაზე უნდა ილაპარაკონ ან არ უნდა ილაპარაკონ ამერიკელებმაო.
მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და შერჩება თუ არა აშშ-ის მთავრობას ამერიკელების მიყურადება-კონტროლი, თუმცა თანდათან უფრო და უფრო თვალნათელი ხდება, რომ მართვის ყველაზე ეფექტიანი ფორმა მასების აზრების კონტროლია და მაშინაც კი, თუ დემოკრატიის აკვანი ძველზე ძველია და ენერგიულადაც ირწევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან