პოლიტიკა

77-ზე ამაღლებულები

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.05, 2023 წელი

77-ეზე ამაღლებულები
დაკოპირებულია

ანუ ტარ-ყარს ვებარებოდეთ?!

ის, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ლანძღვა-გინებასა და დეზინფორმაციის გავრცელებად გარდაისახა და სატელევიზიო ეთერებსა თუ სოციალურ ქსელებში სრული განუკითხაობაა (ინფოს სანდოობას ვინ ჩივის, რაც პირზე მოგადგება, იმის თქმა-დაწერის თვალსაზრისითაც), ლამის უკვე ჩვილი ბალღებისთვისაც კია უტყუარი ფაქტი (ანუ მაინცდამაინც რუხი და თეთრი ნივთიერების სიჭარბე არ სჭირდება ამის მიხვედრას). მაგრამ აი, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – რეიტინგით, თუმცა საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი გაუმჯობესდა: 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე ამაღლდა, მაინც იმ ქვეყნების ჯგუფშია მოხვედრილი, რომლებშიც „შესამჩნევი პრობლემებია“ (სამწუხაროდ, არ არის განმარტებული, რა იგულისხმება „შესამჩნევ პროლემებში“ – ნუთუ ხარისხიანად ვერ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას?!).

აქვე გეტყვით, რომ პირველ ხუთეულში მოხვდნენ ნორვეგია, ირლანდია, დანია, შვედეთი და ფინეთი.

აშშ 45-ე ადგილს დასჯერდა, ჰოი, საოცრებავ და, სომხეთი 49-ე ადგილზეა, ისრაელი – 97-ეზე, ხოლო აზერბაიჯანი 151-ე ადგილს იკავებს (რუსეთი 164-ეზეა და მას თურქეთი მისდევს კუდში). ხოლო ბოლო ხუთეული კი შემდეგნაირია: თურქმენეთი, ირანი, ვიეტნამი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა.

მე არ ვიცი, რა ნიშნითაა სომხეთში პრესა უფრო თავისუფალი, ვიდრე საქართველოში ან საქართველო რატომაა 77-ე ადგილზე და რაკი ახსნილი არაფერია (მხოლოდ კვლევის შედეგები ვიცი და, აბა, ეჭვს როგორ შევიტანთ რეიტინგის ჩამტარებელთა კეთილსინდისიერებაში), ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი თავისუფლების მოსაპოვებლად ქართულ საინფორმაციო სივრცეში გამეფებული ქაოსი ერთი-ათად უნდა გავაძლიეროთ და იქნებ ლანძღვა-გინების ახლებური ფორმებიც კი შევიმუშაოთ (როგორც ვხედავთ, მხოლოდ ტარ-ყარის თანწყობა სიტყვის თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე დიდად ვერ გვშველის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი