1-ლი თუ 1-ელი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.07, 2022 წელი

მაშასადამე, წყლის ნაყვა ენათმეცნიერულად
მაშინ, როდესაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთი ქართულით მეტყველებს, რომ ვერ დაადგენ, რა ენაა, მეტიც, თვით ჟურნალისტებიც კი ფრიად გაუგებრად საუბრობენ იმ ენით, რასაც არაფერი აქვს საერთო ქართულ გრამატიკასთან, ენათმეცნიერების ინსტიტუტი ჩაუქობს.
მაშასადამე, ახალ ნორმებს აწესებს. ბუნებრივია, ეს მისწრაფება მისასალმებელია, ვინაიდან უკვე უამრავი სიტყვა დაინერგა, რომელთა ქართული შესატყვისი არ შექმნილა, რაც ქართული ენის დამახინჯების პარალელურად, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა.
მნიშვნელოვანი, ვინაიდან, სიტყვები აზრის მასალაა, აზრი კი – აზროვნების საძირკველი, საძირკვლის გარეშე კი ვერაფერს ააშენებ. ამდენად, დიდია იმის ალბათობა, რომ არცთუ შორეულ მომავალში შესაძლოა, უბრალოდ გამოვშტერდეთ: ადამიანი ხომ ისაა, როგორც და რასაც იაზრებს?!
ასეა თუ ისე, ახლახან ენათმეცნიერების ინსტიტუტმა რიგობითი რიცხვითი სახელის, კერძოდ, პირველის ჩაწერის ფორმა შეცვალა. სახელდობრ, აქამომდე პირველი შემდეგნაირად იწერებოდა – 1-ელი (შესაბამისად, 1-ლმა, 1-ლს და ასე შემდეგ). აწ კი ამგვარად ჩაწერა მცდარადაა აღიარებული. ესე იგი, ეს კონკრეტული რიცხვი უნდა დავწეროთ შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის, 1-ელით, 1-ელად (მაინც ყველა ბრუნვაში დავწერე, იქნება და, ამასობაში ბრუნვის წესებიც დაგვავიწყდა?!).
მოკლედ, ახალი ნორმა უკვე გვაქვს, ამიტომაც, აბიტურიენტებს რომ ხელი არ შეშლოდათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გადაწყვიტა, რომ ამჯერად შეცდომად რიგობითი სახელის არც ერთი ჩანაწერი არ ჩაითვალოს. ანუ აბიტურიენტებს ეშველათ. მე არ ვიცი, რა დიდი განსხვავებაა – 1-ლსა თუ 1-ელს, შორის, რადგან პრობლემა პრობლემად რჩება: ქართული ენა ღარიბდება, ვინაიდან ახალი, ტექნოლოგიური განვითარების შედეგად შემოსული ტერმინების აღმნიშვნელი ქართული შესატყვისები არ არსებობს და ხომ არ აჯობებდა, ენათმეცნიერების ინსტიტუტს ამ მიმართულებით ეაქტიურა და, მე რომ მკითხოთ, წყალი არ ენაყათ?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან