რომანი და დეტექტივი

ჟღალთმიანთა კავშირი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 15.05, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

ჟღალთმიანი სკამიდან ოდნავ წამოიწია, თავი დამიკრა და სიმსუქნისაგან ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი თვალები გამომცდელად მომაპყრო. პალტოდან გაჭუჭყიანებული, დაჭმუჭნილი გაზეთი ამოიღო და მუხლებზე გაიშალა. მერე კისერი წაიგრძელა და განცხადებების კითხვა დაიწყო.

რამდენჯერ დავაკვირდი, მაგრამ ისეთი საყურადღებო ვერაფერი შევნიშნე, რაიმე დასკვნა გამეკეთებინა, გარდა იმისა, რომ ცეცხლისფერი თმა ჰქონდა და სახეზე წყენა და დარდი ეტყობოდა.

– აი, ის განცხადებაც, სერ. თქვენ თვითონვე წაიკითხეთ, – თქვა და გაზეთი მე გამომიწოდა.

გაზეთი ჩამოვართვი და მინიშნებულ ადგილას შემდეგი ამოვიკითხე:

„ჟღალთმიანთა კავშირი. აწ გარდაცვლილი იეზეკია ჰოპკინსის ანდერძის თანახმად, ამჟამად გვაქვს ერთი თავისუფალი ადგილი კავშირის წევრისთვის. ჯამაგირი – კვირაში ოთხი ფუნტი სტერლინგი. სამუშაოზე ავიყვანთ ჟღალთმიანს, რომელსაც შეუსრულდა ოცდაერთი წელი და ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელია. კანტორის მისამართი: ჰოუპსკორტი, ფლიტ-სტრიტი“.

ჰოლმსმა უხმოდ ჩაიცინა და თითქოს სავარძელში გაიკლაკნა, ასე იცოდა ხოლმე, როცა რაიმე ესიამოვნებოდა.

– აბა, მისტერ უილსონ, განაგრძეთ თხრობა, გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე, ოჯახზე და არც ის დაივიწყოთ, რა ამბები შეგამთხვიათ ამ განცხადებამ.

– მე გობორგსკვერზე, სიტისთან ახლოს, პატარა სავახშო სალარო მაქვს. ეს დიდ არაფერ შემოსავალს მაძლევს და თავი რის ვაივაგლახით გამაქვს. ერთი დამხმარე მყავს. მარჯვეა. მჯერა, რომ უჩემოდაც კარგად შეუძლია მუშაობა და ორჯერ მეტ ხელფასსაც იშოვის, მაგრამ, ჩემდა საზარალოდ, მე ხომ არ ჩავაგონებ, სხვაგან იმუშავე-მეთქი?

– ანუ, თქვენ ბედმა გაგიღიმათ და ნახევარ ფასად იშოვეთ დამხმარე, როცა სხვები მთლიან ხელფასს იხდიან. თქვენი თანაშემწის უანგარობა კი ისევე უცნაურია ჩვენს დროში, როგორც თქვენ მიერ მოტანილი განცხადება.

– მაგრამ ჩემს თანაშემწეს თავისი ნაკლოვანებებიც აქვს – ფოტოსაქმის ასეთი თავგადაკლული მოყვარული მთელ დუნიაზე მეორე არ მოიძებნება. მთელი დღე აჩხაკუნებს აპარატს, სურათებს იღებს და მერე, როგორც კურდღელი სოროში, ისე ჩაძვრება სარდაფში და მათ გამომჟღავნებას უნდება. სხვა მხრივ, კარგი და თავდადებული მუშაკია. მე ქვეყნად არავინ გამაჩნია. ცოლი მომიკვდა, შვილები კი არ მყოლია. წყნარად ვცხოვრობდით და რუტინა აი, ამ განცხადებამ დაარღვია. სპაულდინგმა ეს გაზეთი შემომიტანა და მითხრა:

– ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მისტერ უილსონ, მეც თქვენსავით ჟღალთმიანი რომ ვყოფილიყავი. აი, ჟღალთმიანთა კავშირში თავისუფალი ადგილი გამოჩნდა. ბედს ის ეწევა, ვინც შემოსავლიან ადგილზე მოეწყობა. ანდერძის აღმსრულებლებმა არ იციან, რა უყონ ნაანდერძევ ქონებას. თმის ფერის შეცვლა რომ შემეძლოს, აუცილებლად იმ ადგილზე მოვეწყობოდი.

– მაინც რამდენს იძლევიან ხელფასს?

– წელიწადში ორასი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ ახლა სამუშაოს არ იკითხავთ? საქმე სულ არაფერი აქვთ. განცხადებაში მისამართიც აღნიშნულია. შეგიძლიათ, გაიკითხოთ და ყველაფერი დაწვრილებით შეიტყოთ. როგორც ვიცი, კავშირი ერთმა გამოთაყვანებულმა ამერიკელმა მილიონერმა იეზეკია ჰოპკინსმა დააარსა. იგი თვითონაც ჟღალთმიანი ყოფილა და თურმე, ყველა ჟღალთმიანი ებრალებოდა. სიკვდილის სარეცელზე მყოფს აღმსრულებელნი დაუბარებია და ჟღალთმიანთა დასახმარებლად ანდერძი დაუწერია.

როგორც ყური მოვკარი, ვისაც ღია ფერის ჟღალი თმა აქვს, ანდა მუქი ჟღალი, ისინი თავს ტყუილუბრალოდ შეიწუხებენ. თუ ეგ ამბავი გაინტერესებთ, ყველაფერს აჯობებს, ჟღალთმიანთა კავშირის კანტორაში შეიაროთ. გადავწყვიტე, წავსულიყავი და ისიც თან წამეყვანა. ვისაც კი ოდნავ მაინც წითელი ფერის თმა ჰქონოდა, ბედის საძიებლად ყოველი მხრიდან იქ მოსულიყვნენ. აქ იყვნენ ჟღალთმიანთა ყველა გვარეულობისა და სახის წარმომადგენლები, ისინიც, ვისაც ღია ჩალის, ლიმონის, ფორთოხლის, აგურის, ირლანდიური სეტერის, ღვიძლის, წითელი თიხის ფერის თმა ჰქონდა. სპაულდინგმა კი ამდენი ხალხის შეკრების ამბავი აინუნშიაც არ ჩააგდო. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ იმდენი იძრომიალა, რომ ბოლოს ორივენი კიბეზე აღმოვჩნდით. უკანასკნელი ღონეც მოვიკრიბეთ და კანტორაში შევედით.

მაგიდასთან კი ჩემზე უფრო ცეცხლოვანი თმის პატრონი ჩია კაცი იჯდა. იგი რამდენიმე სიტყვით იწუნებდა და ისტუმრებდა თავისუფალი ადგილის მაძიებლებს. მაგიდას რომ მივუახლოვდით, ჩია კაცი სხვებზე უფრო ლმობიერად გამომელაპარაკა.

– მგონი, ნამდვილად შესაფერისი კანდიდატი ვიპოვე, – წარმოთქვა ჩია კაცმა, – ასეთი მშვენიერი თმა კარგა ხანია, არ მინახავს.

მან ნაბიჯი უკან გადადგა, თავი გვერდზე გადახარა და ჩემს თმას იმდენ ხანს აკვირდებოდა, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი. მერე მარჯვენა ხელში მეცა და მომილოცა. მერე ეს ჩია კაცი თმაში ჩამაფრინდა და ისე მომქაჩა, რომ ტკივილისაგან ამოვიგმინე.

– ყველაფერი რიგზეა. სიფრთხილეს თავი არა სტკივაო, ხომ გაგიგონიათ, იძულებული ვართ, ხალხი შევამოწმოთ, რადგან ორჯერ პარიკით, ხოლო ერთხელ საღებავით გაგვაცურეს.

იგი ფანჯარასთან მივიდა და რაც ძალა ჰქონდა, იყვირა: ადგილი უკვე დაკავებულიაო. მალე მთელი ფლიტ-სტრიტი დაცარიელდა და ჩემსა და იმ კაცის გარდა, ყველა ჟღალთმიანი თვალს მიეფარა.

– ჩემი სახელი და გვარია მისტერ დუნკან როსი. მეც იმ თანხიდან ვიღებ პენსიას, რომელიც სახელგანთქმულმა ჰოპკინსმა დაგვიტოვა, – მომმართა ჩია კაცმა. – როდის შეგეძლებათ ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდგეთ?

– რომელ საათებში ვიქნები დაკავებული? – ვკითხე მე.

– ათიდან ორამდე, – მიპასუხა როსმა.

– ჩემთვის სწორედ ზედგამოჭრილი დროა, – ვუთხარი მე, – ხელფასი რა მომეცემა?

– კვირაში ოთხი ფუნტი სტერლინგი.

– სამუშაო როგორი იქნება?

– თქვენ ათიდან ორამდე სამუშაოდან ფეხი არ უნდა მოიცვალოთ. თუ ერთხელაც კი სამუშაო საათებში სადმე გახვალთ, სამუშაოს სამუდამოდ გამოეთხოვებით. ანდერძის დამტოვებელმა ამ ამბავს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. თუ სადმე გახვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ ანდერძის მოთხოვნას არ ასრულებთ და მყისვე დაგითხოვთ. ან კანტორაში იქნებით დანიშნულ ოთხ საათს, ანდა სამუშაოს დაემშვიდობებით.

– რა სახის სამუშაოა? – ერთხელ კიდევ შევეკითხე როსს.

– თქვენ გადაწერთ ბრიტანეთის ენციკლოპედიას. აი, ამ კარადაში დევს პირველი ტომი. მელანი, ქაღალდი, საშრობი და სხვა მისთანანი თვითონ უნდა იშოვოთ. ჩვენ გთავაზობთ მაგიდასა და სკამს. შეგიძლიათ, ხვალვე შეუდგეთ საქმეს?

– რაღა თქმა უნდა, – ვუპასუხე მე.

– აბა, კარგად იყავით, მისტერ უილსონ და ნება მომეცით, გამოთხოვებისას ერთხელ კიდევ მოგილოცოთ ის წარმატება, რასაც ამ სამუშაოს შოვნით მიაღწიეთ, მისტერ როსმა ოთახიდან გამოსვლისას თავი დამიკრა და მე, ჩემი თანაშემწის თანხლებით, შინისკენ გამოვემართე. მომხდარი ამბით ისე ნასიამოვნები ვიყავი, რომ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.

მთელი დღე ამ ამბავზე ვფიქრობდი და საღამოს უქეიფოდაც კი შევიქენი, ვინაიდან თავში გამიელვა, ყოველივე ეს თვალთმაქცობა და მუხთალი საქმე უნდა იყოს-მეთქი, თუმცა ვერასგზით ვერ მივმხვდარიყავი, სად იყო დამარხული ძაღლის თავი. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ ასეთი ანდერძი არსებობდა და იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბრიტანეთის ენციკლოპედიის გადაწერაში ასე დიდ თანხას იხდიდნენ. ვინსენტე სპაულდინგი ყოველნაირად ცდილობდა, წავექეზებინე.

მეორე დილით ადგილზე მისულს ყველაფერი წესიერად დამიხვდა, რამაც ძალიან გამახარა. მაგიდა მოემზადებინათ და მისტერ როსი ჩემს მისვლას ელოდა. მითხრა, რომ წერა ანბანის საწყისი ასოდან დამეწყო და თვითონ სადღაც წავიდა, თუმცა დროდადრო შემოივლიდა ხოლმე და დამხედავდა, ვმუშაობდი თუ არა. ორ საათზე დამემშვიდობა, შემაქო და კანტორის კარი გამოიკეტა.

ასე მიდიოდა საქმე. „ა“ ასოზე ყოველი სიტყვის გადაწერა და „ბ“-ზე გადასვლას ვაპირებდი, რომ საქმე სრულიად მოულოდნელად შეწყდა.

– შეწყდა?

– დიახ, სერ, შეწყდა. მე, ჩვეულებრივ, ათი საათისათვის ფლიტ-სტრიტისაკენ გავემართე, მაგრამ კიბეზე რომ ავედი, კარი დაკეტილი დამიხვდა, კარზე მიკრულ მუყაოს ნაჭერზე კი აი, ეს წარწერა მიემაგრებინათ.

უილსონმა მუყაოს პატარა ნაჭერი გამოგვიწოდა, რომელზედაც შემდეგი რამ ამოვიკითხეთ: „ჟღალთმიანთა კავშირი 1890 წლის 9 ოქტომბრიდან აღარ არსებობს“.

- რა მოიმოქმედეთ, როცა კარზე მიკრულ მუყაოზე ეს წარწერა წაიკითხეთ?

– რეტდასხმულივით შევიქენი, სერ, და არ ვიცოდი, რა მექნა. სახლის პატრონთან მივედი, რომელიც დაბლა სართულზე ცხოვრობდა და ვკითხე, რა მოხდა „ჟღალთმიანთა კავშირში“, რომ კარი გამოუკეტავთ-მეთქი. მან კი მითხრა, არ ვიცოდი, ასეთი ორგანიზაცია თუ არსებობდაო.

– მე იმ ჯენტლმენზე გეკითხებით, რომელიც ¹4 ოთახში ცხოვრობდა.

– აა, ჟღალთმიანზე?

– დიახ.

– ის ხომ უილიამ მორისია და არა დუნკან როსი. იგი იურისტია და, ვიდრე მის კანტორას შეაკეთებდნენ, ჩემგან დროებით იქირავა ოთახი. გუშინ გადავიდა.

– სად ვნახავ?

– თავის კანტორაში, მეფე ედვარდის ქუჩაზე ¹17-ში, სადაც წმინდა პავლეს ტაძარია.

მეც აღნიშნულ მისამართზე გავწიე, მისტერ ჰოლმს, მაგრამ იქ ხელოვნური წვივისა და მუხლის კვერის სახელოსნო დამხვდა. მისტერ დუნკან როსი და უილიამ მორისი რომ ვიკითხე, მითხრეს, ასეთი გვარი და სახელი პირველად გვესმისო.

– ძალიან ჭკვიანურადაც მოიქეცით, რომ ჩემთან მოხვედით, – უთხრა ჰოლმსმა, – თქვენი ნაამბობი უფრო სერიოზული საქმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი