უზადო ქმარი
ავტორი: ნია დვალი 20:00 12.09

დილას ირინამ ადრე გაიღვიძა. სერგი უკვე წასულიყო სამსახურში. ქალი გაიზმორა და ტელეფონის ეკრანიც აინთო. შეტყობინება მოვიდა. ირინამ გახსნა:
„კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? მიყვარხარ.“
ირინამ გაოცებული სახე მიიღო: ქმარს არასდროს მოუწერია მისთვის მსგავსი შინაარსის გზავნილები. მით უმეტეს, რომ დილით სერგი სამსახურის საქმეებში იყო ხოლმე ჩაფლული. უნდოდა, პასუხი მიეწერა, მაგრამ გადაიფიქრა. ეუცნაურა შინაარსი, შეიძლება, იმიტომ რომ უფრო პასუხს ჰგავდა.
საღამოს, როდესაც ვახშმობდნენ, სხვათა შორის ჰკითხა ქმარს: დილით ვის სწერდი?
– არავის, – გაიკვირვა სერგიმ.
– უცნაურია, აი, ეს შეტყობინება მომივიდა შენგან, – და ირინამ სერგის ტელეფონი გაუხსნა.
სერგის გაეცინა: უბრალოდ, მინდოდა, მეთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა. შენ იშვიათად მწერ ხოლმე.
ირინას გაეღიმა. რასაც სერგი ამბობდა, სიმართლეს ჰგავდა, მაგრამ უცნაური შეგრძნება ბოლომდე მაინც ვერ მიუყუჩდა. მეორე დღეს ირინა სარეცხს ახარისხებდა. ქმრის პერანგებს ყოველთვის ცალკე რეცხავდა. რაღაც მომენტში, სარეცხ მანქანაში ჩაწყობისას, ერთ-ერთზე სურნელი იგრძნო. უცხო სურნელი. რაღაც მომაბეზრებლად ტკბილი, ყვავილების. პერანგი სახესთან მიიტანა. დიახ, ეს სურნელი ნამდვილად სერგის პერანგს ასდიოდა და ეს არ იყო არც კონდიციონერის, არც სარეცხის საშუალების, არც მისი სუნამოს სურნელი.
– შენს პერანგებს უცნაური სუნი ასდის, რატომ? – ჰკითხა ქმარს, როდესაც ის დაბრუნდა. სერგიმ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, – და ცოლს თვალი აარიდა. ირინას არ ესიამოვნა და ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრდა.
ზუსტად ორ დღეში სერგი გაბადრული სახით შევიდა სახლში და ირინას ლამაზად შეფუთული საჩუქარი გადასცა.
– რა არის? – ჰკითხა ცოლმა.
– გახსენი, – ეშმაკურად გაუღიმა სერგიმ.
– სუნამო? – ირინას გაუხარდა, თუმცა გაუკვირდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ, თავად ირჩევდა სუნამოებს.
– შენი გახარება მინდოდა. შენ კი ჩამიშალე სიურპრიზი. ის სურნელი პერანგიდან ეს სუნამოა. ვარჩევდი და ამყვა.
– რასთან დაკავშირებით მაჩუქე? – ეშმაკურად გაუღიმა ირინამ ქმარს.
– ისე. ლამაზი ხარ. ლამაზ ქალებს კი ძვირფასი სურნელი უნდა ასდიოდეთ.
– გმადლობ, – ირინამ ჩათვალა, რომ სერგი გულწრფელად ელაპარაკებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სუნამოს სურნელი მისთვის უცხო იყო, როდესაც აბაზანაში შევიდა და მაჯაზე დაისხა, ნაცნობი მოეჩვენა.
***
კაფეში ირინა ადრე მივიდა და ყავას ნება-ნება მიირთმევდა, როდესაც დარბაზში ეკა შემოვიდა. მაღალი, ეფექტური. ისინი იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს ბევრს დები ეგონა, თუმცა განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ.
– როგორ ხარ, გაზაფხულო? დაღლილი მეჩვენები, – მიმართა ეკამ ირინას თავისი ჩვეული ფრაზით.
— ცოტა დავიღალე, – დაეთანხმა ირინა, – სერგი დილიდან რაღაც შეხვედრაზეა. საღამოს გვიან მოვა.
– ისევ სამსახურის ამბები?! – ეკამ გაიცინა, – აი, რატომ არ შეუძლიათ ამ კაცებს უბრალოდ გვერდით ყოფნა!
ირინამ გაიცინა.
– თითქოს ცდილობს. ყოველთვის დროულად მოდის სახლში. გასულ კვირას ჩემი საყვარელი ტორტიც კი მოიტანა, ისე, უბრალოდ. გუშინ კი დილით ესემესი გამომიგზავნა: „მიყვარხარ“ და სუნამო მაჩუქა. მოგწონს? – ირინამ ფლაკონი ამოიღო ჩანთიდან
ეკა ოდნავ შეკრთა, მაგრამ მაშინვე გაიღიმა.
– რომანტიკოსია! ეს სუნამო კი ვიცი. ყოფილმა მაჩუქა ასეთი, ნუ, სანამ დავშორდებოდით.
– მართლა?! ახლა ყველაფერი გასაგებია, – ირინამ მზერა აარიდა ეკას.
– რა არის გასაგები?! – გაუცინა ეკამ.
– საიდან მეცნობა ეს სურნელი. ეს შენი სურნელია და არა ჩემი.
– მე ამ სუნამოს თითქმის არ ვხმარობ, – მხრები აიჩეჩა ეკამ.
– მე არ მომეწონა. თუ გინდა, გაჩუქებ.
– რატომ უნდა მაჩუქო ქმრის საჩუქარი?! თან, ფლაკონი ჯერ კიდევ სავსეა, – ეკამ თმა შეისწორა და მიმტანს მოუხმო, – ნამცხვარი, თუ შეიძლება! შენ რას დაამატებ? – ჰკითხა ირინას.
– მე ტირამისუ მინდა, – უთხრა ირინამ და როდესაც მიმტანი წავიდა მეგობარს თავისი ეჭვები გაუზიარა: – ადრე არ ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ ეს ესემესი მეუცნაურა. ჩვენ დიდი ხანია, გავცდით შეყვარებულობის პერიოდს და არც სერგია სენტიმენტალური. მგონია, რომ ნომრები აერია. სხვა სწერდა და მე მომწერა.
ეკამ ხმამაღლა გაიცინა.
– კარგი, რა, ირ! რეებს იგონებ?! მგონი, ძალიან გადაიღალე? ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვიგონებთ მიზეზებს. შემდეგ კი... ვპოულობთ იმას, რაც არ არსებობდა. წადი სპა–ში, პროცედურებზე. დაისვენე, მოდუნდი, ისიამოვნე და ეს სულელური ეჭვები გაგიქრება. ამ დღეებში ვნახე ერთი რეკლამა, მასაჟია, საუნა... საუცხოო ადგილია. მგონი, „ორქიდეა“ ჰქვია. მეც ვაპირებ წასვლას. თუ გინდა, ერთად წავიდეთ... თუ გინდა, მარტო წადი – მე ჩაგწერ.
ირინამ თითქმის დაუჯერა მეგობარს და თავადაც უნდოდა, რომ ქმარში ეჭვი არ შეჰპარვოდა. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გათავისუფლდა უსიამოვნო შეგრძნებისგან.
***
– ეს რა არის? – ირინა შეიჭმუხნა. სერგის პირადობას ეძებდა, სადაზღვევოში უნდა გადაეგზავნა, ამიტომ მისი ქეისი გახსნა და ხელში შერჩა კონვერტი, რომელზეც სპაცენტრის ლოგო იყო გამოსახული.
ირინამ შეკითხვა გაიმეორა:
– ეს რა არის?
სერგი შემოსასვლელის კართან იდგა. ტელეფონზე საუბარი დაესრულებინა. მისი მზერა კონვერტზე შეჩერდა.
– მეგონა... ვერ იპოვიდი, – ჩაილაპარაკა მან.
– რა არ უნდა მეპოვა? – ირინამ იგრძნო, რომ ხმა აუკანკალდა.
– ნუ, მინდოდა, შენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, წყვილისთვის მასაჟიცაა. მინდოდა, პარასკევს მეჩუქებინა, რომ შაბათს წავსულიყავით, შენ კი ისევ ნაადრევად იპოვე ჩემი საჩუქარი, – სერგიმ ცოლს გაუღიმა, თბილად, შინაურულად.
***
შაბათს სპა სალონში წავიდნენ. ირინას ეგონა, რომ რამდენიმე წლით უკან გადაინაცვლა, როდესაც მან და სერგიმ ჯერ მხოლოდ გაიცნეს ერთმანეთი. ირინა მოდუნდა და სრულად მიეცა რელაქსაციას. დიდი ხანია, თავი ასე მშვიდად და სავსედ არ ეგრძნო... და ირინა უცებ დაფიქრდა, იქნებ ამდენი ეჭვი სტერეოტიპების ბრალია?! ყველაგან იმას ამბობენ და წერენ, თუ როგორ ატყუებენ ქმრები ცოლებს. შემდეგ შენც იჯერებ და ამ ჩარჩოში აქცევ შენს ურთიერთობებსაც. ირინა დაწყნარდა: მისი ეჭვები მისივე ფანტაზიის ნაყოფი იყო.
გავიდა რამდენიმე დღე. ირინას ცხოვრება თავის ჩვეულ აუღელვებელ კალაპოტს დაუბრუნდა. ერთ დღესაც მისმა ტელეფონმა დაიწკრიალა, უცნობი ნომერი იყო:
– გამარჯობა, ქალბატონო ირინა, სპა ცენტრიდან გაწუხებთ. ჩვენთან იყავით ამას წინათ და სამაჯური დაგრჩათ.
– მე არაფერი დამრჩენია, – იუარა ირინამ.
– თქვენ და თქვენი ქმარი იყავით ჩვენთან.
– კეთილი, შემოვივლი, დიდი მადლობა, – ირინა, რატომღაც, დათანხმდა და იმავე საღამოს, სამსახურიდან სპა სალონში გაიარა. მენეჯერი შეცბა, როდესაც ირინა დაინახა.
– თქვენ ქმართან ერთად იყავით ჩვენთან.
– დიახ, – დაეთანხმა ირინა.
– მაპატიეთ, გუშინაც იყო თქვენი მეუღლე, შუადღისას...
– მარტო იყო?! დარწმუნებული ხართ?!
– ჩემი სამუშაო დღე არ იყო. ნამდვილად თქვენი ქმარი იყო და მის ცოლს დარჩა სამაჯური.
– სად არის სამაჯური? – იკითხა ირინამ.
– აი... – მენეჯერმა უჯრიდან სამაჯური ამოიღო. ირინამ იცნო სამკაული – ცოტა ხნის წინ მან აჩუქა ეკას. ძვირად ღირებული ნივთი არ იყო, მაგრამ საკმაოდ ლამაზი.
– როგორც მივხვდი, თქვენი არ არის, ამიტომ ვერ მოგცემთ, – გაუბედავად უთხრა მენეჯერმა.
– ქმარი ნამდვილად ჩემია... სამაჯური კი ჩემი მეგობრისაა, – მშვიდად მიუგო ირინამ, – მე ვაჩუქე. დამერწმუნეთ, აუცილებლად დავუბრუნებ პატრონს.
მენეჯერმა უხმოდ გაუწოდა სამაჯური ირინას. ირინა ქუჩაში გავიდა. სახლში მისვლა ჯერ არ შეეძლო, უნდოდა, დაწყნარებულიყო, თუმცა უკვე იცოდა, რომ ისტერიკის მოწყობას არ აპირებდა. მთელი ღამის განმავლობაში ფიქრობდა, როგორ გადაეხადა სამაგიერო ქმრისთვის, ეკასთან კი საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი – უბრალოდ, მისი ტელეფონის ნომერი დაბლოკა.
მთელი შემდეგი კვირა საკუთარ თავს მოახმარა, იმიჯი შეიცვალა, იმიტომ რომ აღარ უნდოდა, დამსგავსებოდა ეკას. ჩაცმის სტილიც კი გადაასხვაფერა და სერგის ბარათი, ფაქტობრივად, დააცარიელა. მაგრამ ეს მხოლოდ პრელუდია იყო.
– ასე რატომ დაგაგვიანდა? სად იყავი? ტელეფონიც გამორთული გქონდა... – ჰკითხა სერგიმ, როდესაც ირინა სახლში ღამის პირველ საათზე დაბრუნდა.
– საქმიანი შეხვედრა მქონდა. მინდა, კარიერაზე ვიზრუნო.
– მაგრამ ჩვენ ხომ ბავშვის გაჩენა დავგეგმეთ?!
– მახსოვს, მაგრამ მივხვდი, რომ ჯერ მზად არ ვარ.
სერგიმ ცოლს უკმაყოფილოდ შეხედა – ვეღარ ცნობდა, თითქოს შეცვალესო.
– სად მიდიხარ? რომელი საათია?! – სერგიმ თავი ვერ შეიკავა, როდესაც საათს დახედა: საღამოს ათი საათი იყო და ცოლი შეათვალიერა: ირინას საღამოს კოქტეილის კაბა ეცვა, საკმაოდ ელეგანტური და იმავდროულად, გამომწვევი.
– დავიღალე სახლში ჯდომით.
– ერთად წავიდეთ სადმე, – შესთავაზა სერგიმ.
– დღეს არ მცალია. სხვა დროს. ახლა მეჩქარება.
– მღალატობ? – გაუბედავად ჰკითხა სერგიმ.
– და აი, ასე აშკარად?! – გადაიკისკისა ირინამ და ისე გაუჩინარდა ბინიდან, რომ სერგიმ ვერც ვერაფრის თქმა მოასწრო და ვერც ვერაფერი მოიმოქმედა.
ასე გაიარა ორმა კვირამ. სერგი ადგილს ვერ პოულობდა. გამუდმებით ირინაზე ფიქრობდა, ვერ ხსნიდა მის საქციელს. მისი მღელვარება სამსახურზეც აისახა. დიდი პროექტისთვის ემზადებოდნენ და დეტალების განსახილველად რესტორანში ხვდებოდნენ დამკვეთებს. ამ შეხვედრისთვის ხეირიანად მომზადება ვერ შეძლო, ვინაიდან იმ ღამით ირინა სახლში არ მისულა. მხოლოდ დილას დარეკა და მოკლედ უთხრა: დედაჩემთან დავრჩი. საღამომდე აქ ვიქნები.
რა თქმა უნდა, სერგიმ არ დაიჯერა. მაგრამ ურთიერთობის გარკვევის დრო არ იყო, შეხვედრისთვის უნდა მომზადებულიყო. სერგიმ ლამის დააგვიანა შეხვედრაზე, თუმცა დარბაზში სიურპრიზი ელოდა. ერთ–ერთ მაგიდასთან ირინა იჯდა, მის წინ კი მისი უფროსი, რომელსაც ირინა რაღაცას უხსნიდა. ვაჟამ სერგი დაინახა და ხელი დაუქნია:
– შენს ცოლს არ წარგიდგენ, უფრო ზუსტად, ყოფილ ცოლს, ძალიან საზრიანი კარდია, სამწუხაროა, რომ ადრე არ მითხარი, თუ ასე კარგად ერკვევა გაყიდვების სტრატეგიაში. გადავწყვიტე, რომ შენ რუტინული საქმეებით დაკავდე, ირინას კი ახალ პროექტს ჩავაბარებ. სერგი მაგიდას მიუჯდა, მაგრამ არ ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ. ირინას ხელს უყურებდა, რომელზეც საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა.
იმ ღამით ირინა სახლში არ მისულა. მისწერა, რომ განქორწინებას აპირებდა. ზუსტად ერთ კვირაში სერგი დააქვეითეს, ხოლო ირინა სამსახურში გავიდა.
***
– მაინცდამაინც, ჩემს უფროსთან მიღალატე?! – ჰკითხა სერგიმ, როდესაც ირინას ოფისის ჰოლში დაუყარაულდა. დათრგუნული და დაბნეული ჩანდა, ვერ ხსნიდა მომხდარს, იმიტომ რომ ირინა ყოველთვის კარგი ცოლი და მეგობარი იყო, სანდო და ერთგული.
– შენ წარმოიდგინე, არა, – უპასუხა ირინამ მაცდურად, – ჯერ არა, მაგრამ, როგორც კი მე და შენ განვქორწინდებით, აუცილებლად ავინაზღაურებ დაკარგულს. თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია, გაერთო?
– რაზე ლაპარაკობ?! საიდან მოიტანე?!
– გეყო თვალთმაქცობა. მე ყველაფერი ვიცი და მოვიტანე სპა–სალონიდან. მე შემარჩიე, იმიტომ რომ მას ვგავდი, თუ ის შეარჩიე იმიტომ, რომ მგავდა?! – ირინამ ყოფილ ქმარს გაუღიმა და სანამ ის გონს მოვიდოდა, ხელში ჩაუდო სამაჯური, – იმედია, სპა სალონში კარგი დრო გაატარეთ, ჩვენ მერე რომ წაიყვანე და აწი უფრო კარგ დროს გაატარებთ, უფრო მეტი დროც გექნებათ და თავისუფალიც ხარ, ქარივით...
ირინა მიტრიალდა და მშვიდად გაუყვა დერეფანს თავისი კაბინეტისკენ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან