რომანი და დეტექტივი

უწესო წესები

№24

ავტორი: ნია დვალი 20:00 23.06, 2023 წელი

უწესო წესები
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21-23 (1171)

***

დიტო და ლალი ადგილზე დახვდნენ და არა მხოლოდ დიტო და ლალი, დიტოს ცოლიც. ლალი ქმარს გაცილებული იყო, თუმცა საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, იმდენადაც კი, რომ შვილები ვერც კი ხვდებოდნენ, თუ მშობლები გაყრილები იყვნენ და ლინდას ვერაფრით გაეგო, როგორ ახერხებდა ამას ლალი ან მისი ყოფილი ქმარი. არა – ლინდას ვერც კი წარმოედგინა ვერასდროს, რომ ბექას შეიძლებოდა, დასცილებოდა, მაგრამ, რადგან წესების მოყვარული და მიმდევარი იყო, უბრალოდ, ეს მეგობრული ურთიერთობა მის მიერვე დადგენილსა თუ მისთვის თავსმოხვეულ წესებს ვერაფრით ესადაგებოდა და ახლაღა მიხვდა, როდესაც ჰკითხა, ბავშვები სად არიანო და ლალიმ უპასუხა, ჩემს ყოფილ დედამთილთანო, რომ ამ თემაზე ლალისთან არასდროს ულაპარაკია.

მეტიც, ლალის არა მხოლოდ თავის ყოფილ ქმართან და დედამთილ-მამამთილთან, არამედ მისი ყოფილი ქმრის ცოლთანაც კი შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. იმდენადაც კი, რომ ბავშვებს მასთანაც ტოვებდა ხოლმე. უფრო ზუსტად, როდესაც ყოფილ ქმართან უშვებდა, ცხადია, იმ სახლში მისი ყოფილი ქმრის მოქმედი ცოლიც ცხოვრობდა. მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით), მაგრამ ლალის ყოფილი ქმრის მოქმედ ცოლს ჰყავდა შვილი, ოღონდ ის თავის ბებიასთან, ანუ ლალის ყოფილი ქმრის ახლანდელ სიდედრთან და სიმამრთან ერთად ცხოვრობდა. ამდენად, ყოველგვარი წესების გარეშეც კი ლინდა ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო ლალის ყოფილი ქმრის ამჟამინდელ ცოლს, მოევლო ქმრის შვილებისთვის და თავის გვერდზე არ ჰყოლოდა თავისი შვილი.

მოკლედ, ცოტა ჩავხლართე, მაგრამ, ვფიქრობ, ამბის არსში მეტ-ნაკლებად გაგარკვიეთ. ოღონდ ამჯერად ლინდამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი დეტალურად გამოეკითხა ლალისთვის, თუნდაც, იმისთვის, რომ ბოლო ერთ დღეში თავის მიერ დადგენილ წესებში გვარიანად შეეპარა ეჭვი და იმასაც მიხვდა, რომ ეს ერთფეროვნებას უწყობდა ხელს, იმ ერთფეროვნებას, რაც ლინდას, როგორც ჩანს, მოყირჭებული ჰქონდა, თუმცა ისე, რომ ჯერ თავად არ იცოდა, მაგრამ საცაა, უკმაყოფილება სუსტ ადგილს მოძებნიდა და გარეთ გამოჟონავდა. ეს გარდაუვალი იყო: ლინდას ამას გული უგრძნობდა, ის უნებლიეთ გაიჭედა ლურჯი ავტობუსიდან გამოძევებულ აცრემლებულ მაწანწალასა და როიალის ამწყობის კოცნას შორის და ეს ორი ისტორია აუცილებლად უნდა გასამებულიყო.

დიტოს ცოლი საკმაოდ ლამაზი ახალგაზრდა ქალი იყო, კომუნიკაბელური და თავის ქმარს სულ თვალებში შესციცინებდა. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ლინდამ მაშინვე შეამჩნია.

თუმცა ზაფხული იყო, საღამოს აგრილდებოდა და შეშაც უკვე გაემზადებინათ.

ლალი და ლინდა სახლში განმარტოვდნენ, დიტო და ბექა ეზოში ისხდნენ, სამწვადეს ამზადებდნენ. მათთან იყო დიტოს ცოლიც.

ლინდას ბევრი არ უფიქრია, პირდაპირ ჰკითხა ლალის:

– არაფერი მწყენია, მაგრამ შენი რძალიც სულ კუდში დასდევს შენს ძმას, – და ეშმაკურად მოწკურა თვალები, – ეს ნორმალურია?

– კი, ნორმალურია.

– აბა, მე რომ ბექას დავსდევ კუდში, ის რატომაა არაბუნებრივი და ცუდი? – ცოტა მოიწყინა ლინდამ.

– დიტოს რეაქციებს უყურებ? დიტოს ეს სიამოვნებს, შენთან კი ცალმხრივია, ბექა არ იჩენს ყურადღებას. დიტოს კი ცალი თვალი სულ თავისი ცოლისკენ აქვს.

– დარწმუნებული ხარ, რომ სიამოვნებს? – ლინდამ ეს უფრო გულის მოსაფხანად თქვა, ვიდრე იმის გამო, რომ დიტოს ხელოვნურობა შეამჩნია ცოლისადმი ყურადღებაში.

– უკვე მომწონს, – შეაქო ლალიმ, – სიამოვნებს თუ არა, ყურადღებას ამჟღავნებს, რაც უკვე კარგია. თან, ნახე, როგორი მოვლილია, სულ რაღაც უნდა, ხომ თითქოს სულ დიტოს ევლება თავს, სინამდვილეში კი თავისი თავის გარდა არავინ აინტერესებს, უპირველეს ადგილას თავისი თავი ჰყავს დაყენებული და დიტოც მიაჩვია, რომ მთავარი თვითონაა. არ ვიცი, ეს, მგონი, უფრო იმის ბრალია, რომ ჩემი რძალი ნაჯვარია, ჩვენ რაღაც არ გამოგვდის ხოლმე კაცისადმი ყურადღების ბუნებრივად გამოჩენა.

– კიდევ რის კითხვა მინდოდა შენთვის, იმ შენს ყოფილ ქმართან როგორ მეგობრობ? – მაინც ჰკითხა ლინდამ მეგობარს, თუმცა ისე მოერიდა, რომ თვალებში ვერ შეხედა და მზერა გვერდით გადაიტანა.

– და ვინ გითხრა, რომ ვმეგობრობ? - გაეცინა ლალის.

– აბა?! ბავშვებს ატან, უტოვებ... – ჩუმად ჩაილაპარაკა ლინდამ.

– აბა, რა ვქნა? ვეომო? ბავშვებისთვისაა ცუდი, თუ მიხვდებიან, რომ ჩვენ შორის დაძაბული ურთიერთობაა, ტყუილებს მიეჩვევიან. დამალავენ ემოციებს, ამიტომაც ჯობია, რომ გარეგნულად კარგი ურთიერთობა ვაჩვენოთ. ასე მშვიდად არიან.

– შენ მშვიდად ხარ? – ჰკითხა ლინდამ.

– მეე?! – გაწელა სიტყვა ლალიმ და გაჩუმდა.

დუმილი არც ლინდას დაურღვევია, სანამ ლალიმ არ ამოთქვა:

– არა, მე არ მსიამოვნებს, იქ რომ რჩებიან, განსაკუთრებით მამამისთან და მის ცოლთან, იმიტომ რომ ვერავინ დამაჯერებს, მის ცოლს, რომელსაც თავისი შვილი არ მიჰყავს ლევანთან სახლში, ჩემი შვილების მისვლა სიამოვნებს, მაგრამ, აბა, რა ვქნა?!

– არ გაუშვა, – გაუკვირდა ლინდას.

– მაშინ უნდა ვიომოთ, რაც ბავშვებისთვის ცუდია. ამიტომ მირჩევნია, კვირაში ორ დღეს მე ვიყო დაძაბული, – ლალიმ რაღაც უცნაურად გაიღიმა.

– კარგ ომს ცუდი მშვიდობა ჯობია, შენი საყვარელი ფრაზა იყო, – გაახსენა ლინდამ.

– ჰო, იყო... საერთოდ, ახლა უკვე მეცინება ჩემს საყვარელ ფრაზებზე, უფრო ზუსტად, სადღაც ამოკითხულ სხვის ფრაზებზე, რომლებიც მე მაშინ დიდი სიბრძნეები მეგონა და ისე მომწონდა, რომ საკუთარი ცხოვრების დევიზებად ვაქცევდი ხოლმე, – ლინდას მოეჩვენა, რომ ლალიმ მოიწყინა.

– ამ თემაზე არ უნდა დამეწყო ლაპარაკი, – შეწუხდა ლინდა.

– არა, შენი რა ბრალია, თუკი მე არასწორი არჩევანი გავაკეთე ან, საერთოდაც, რამე არასწორი გავაკეთე?! ისე, რაღაც შეცვლილი მეჩვენები, ხომ მშვიდობა გაქვს? – გახალისდა ლალი.

– ცუდისკენ თუ კარგისკენ? – მაინც დააზუსტა ლინდამ, თუმცა მიხვდა, რასაც ლალი გულისხმობდა.

– რა თქმა უნდა, კარგისკენ... რამდენი ხანია, არ დაგიკრავს? – მოულოდნელად ჰკითხა ლალიმ.

– ძალიან დიდი ხანია... – დანანებით თქვა ლინდამ, – დღეს დავუკარი, იცი?!

– რა აღნიშნე? – დაინტერესდა ლალი, და, საერთოდაც, დიტოს რატომ არ გაჰყევი ცოლად?

ეს შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ლინდა შეხტა.

– ეგ როგორ?!

– როგორ და ლამაზად. მე მგონია, რომ საკმაოდ კარგი წყვილი იქნებოდით. უბრალოდ, მე არ ჩავერიე, ვფიქრობდი, რომ თვითონ მოგვარდებოდით.

– მაგრამ მე და დიტო ხომ ვმეგობრობდით?! – გულწრფელად გაიოცა ლინდამ.

– კარგი ახლა, ნუ იცი ხოლმე მიამიტის როლის თამაში. მეგობრობდით არა, კვახი, – ლალის სიცილი აუტყდა.

ლინდამ მოიწყინა, იმიტომ რომ დიტოსთან მართლა მეგობრობდა და არც დიტოსგან შეუმჩნევია რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება. ლალი და ლინდა მასზე 4 წლით უმცროსები იყვნენ, ეს კი ბავშვობაში საკმაოდ დიდი სხვაობაა, ამიტომ უფრო დიდ ბიძიად აღიქვამდა, ვიდრე ბიჭად და ეს განწყობა დღემდე გამოჰყვა. თუმცა ის 4 წელი უკვე აღარაფერს ნიშნავდა და არანაირ ასაკობრივ სხვაობას არ უსვამდა ხაზს.

– რაღაც მაინც მოხდა, რასაც არ მეუბნები, მომიყევი, – ლალიმ ლინდას თვალი თვალში გაუყარა.

– არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, – იუცხოვა ლინდამ.

– ლიიი, მოხარშულს გიცნობ, მომიყევი, რაღაც ხდება, - ამჯერად ლალის გამოხედვაში თხოვნა უფრო გამოსჭვიოდა, ვიდრე დაჟინება.

– გუშინ უცნაური დღე იყო ძალიან... – და ლინდამ ჯერ იმ მაწანწალა კაცის ამბავი მოუყვა, მერე ბექას უხეშობა და როიალის ამწყობთან თავს გადამხდარი ისტორიაც.

– და, იცი, რას მივხვდი, არ ვიცი, მე ვინ ვარ, მე რა მინდა, მე რა მსიამოვნებს, რა მინდა, ვაკეთო... – ლინდას, რატომღაც, ცრემლები მოადგა თვალებზე.

– ბოლო ამბავი ვიცი, უკვე მომიყევი... მერე ეს სატირალია თუ პირიქით, სასიხარულო?! როგორც იქნა, აზრზე მოსულხარ.

– შენ იცი, ვინ ხარ?

– არა, ხანდახან მგონია, ვიცი, ხანდახან – არ ვიცი. მთავარია, შენ გრძნობდე თავს კომფორტულად.

– ჩვენ რატომ არ გვიმჩნევთ? – ლინდასა და ლალის მოულოდნელად დიტო წამოადგათ თავზე. ორივე ისე შეცბა, რომ დიტომ იკითხა:

– გვჭორავდით?

– არა, ერთმანეთს, – გაიცინა ლალიმ.

– როგორ ხარ, ლი? – მზრუნველად გადაუსვა დიტომ ლინდას თავზე ხელი, – არ შეცვლილხარ, მაგრამ ნაპერწკლები აღარ გიკრთის თვალებში, როგორც ადრე.

ლინდა ისე გაუყუჩდა, როგორც ქუჩის მაწანწალა ძაღლი, რომელიც საჭმელზე მეტად მოფერებას ელის ხოლმე ადამიანებისგან; თავიდან ფეხის ფრჩხილამდე თითქოს ჭიანჭველებმა დაუარა და უნებურად გაეფიქრა: ისე, ძაღლის სახელი კი დამარქვეს.

ამის გაფიქრებაზე გაეღიმა, ამიტომ ვერც ლალიმ და ვერც დიტომ ვერ შეამჩნიეს ლინდას სხეულის რეაქცია, იმდენად გულწრფელად გაიღიმა.

– აი, ლალიმ მითხრა, რომ შენ უნდა გამოგყოლოდი ცოლად და ეტყობა, ნაპერწკლებიც ამიტომ გამიქრა, რომ შენ ცოლად არ მომიყვანე, – საიდანღაც ამოუცვივდა ლინდას ეს სიტყვები, რომელთა თქმას არათუ არ აპირებდა, ამაზე არც არასდროს უფიქრია, თავში აზრადაც არ მოსვლია.

– სად დავსხდეთ? – დიტოს ცოლი ია ქმარს უკნიდან მიუახლოვდა, წელზე შემოხვია ხელი და კისერში აკოცა. ლინდამ და ლალიმ, რატომღაც, თვალი აარიდეს ამ სცენას და ერთმანეთს შეხედეს. ორივემ ის გაიფიქრა, გაიგონა თუ არა იამ, რაზეც მანამდე ლაპარაკობდნენ.

– გარეთ სჯობია, – თქვა ლალიმ და წამოდგა, – პლედებს წამოვიღებ.

– მე დიტოს ჩავეხუტები, – თქვა იამ და ქმარს ჩაეხუტა.

– კარგი, მე და ლინდასთვის წამოვიღებ თუ შენც ბექას ჩაეხუტები? – ლალიმ ლინდას თვალი ჩაუკრა.

– ორივეს, პლედიც წამომიღე, – ლინდამაც ჩაუკრა თვალი ლალის.

დიტო დაბნეული ჩანდა, იმიტომ რომ ლინდა და ლალი უცნაურად იქცეოდნენ.

ოთხივენი გარეთ, ეზოში გავიდნენ და დიდი ნეკერჩხლის ქვეშ დადგმულ მაგიდას მიუსხდნენ.

– აბა, რძალო, დატრიალდი, – მიუბრუნდა ლალი იას და ნაჭრის სკამზე მოკალათდა, მეორე სკამისკენ კი ლინდას მიუთითა. ლინდაც გვერდით მიუჯდა. ბექა მაყალთან იდგა და უცხო თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ ცოტა უხერხულად – თითქოს ვერ ეწერებოდა სცენაში.

ია ისევ დიტოს ეხვეოდა, ამიტომ ლალიმ გაიმეორა:

– რძალო, დატრიალდი, აჩვენე ჩვენს მეგობრებს, როგორ გიყვარს ქმარი და ზრუნავ მასზე.

იას გაოცებული სახე ჰქონდა და ადგილიდან არ იძვროდა, მაგრამ ლალი არ იმჩნევდა:

– ლინდას ყურები გამოვუჭედე, რა საუკეთესო რძალი მყავს, ცეცხლი, ნამდვილი ცეცხლი და როგორ გაუმართლა ჩემს ძმას.

დიტოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლალიმ არც ეს შეამჩნია და კიდევ უფრო მიაყარა ერთმანეთს სიტყვები:

– ლინდა, ისეთი წყვილია, არასდროს რომ არ შეგხვედრია, ახლა დიტო ყველაფერს თვითონ გააკეთებს, იმიტომ რომ მისი ცოლი დედოფალია და დედოფალივით ექცევა.

სანამ დიტო თავისი დის ნათქვამს იაზრებდა, ლალიმ უკვე ბექა ამოიღო სამიზნეში:

– შენც დედოფალივით ექცევი შენს ცოლს?! შეხედე, რა ქალია, ორი შვილი გააჩინა და ისევ როგორი წვრილი წელი აქვს, სტუდენტობაში ყველა გოგოს მისი გვშურდა. რომ დატოვებ ხოლმე მარტო და მუშაობ დღე და ღამე, არ გეშინია, ვინმემ მოგტაცოს? აბა, შენც გვაჩვენე, როგორი სიძე გვყავხარ?!

ლალი ამას იმდენად ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო, წინააღმდეგობა გაგეწია ან გაბრაზებულიყავი, თუმცა ბექა ნამდვილად გაბრაზდა, ოღონდ არ შეიმჩნია.

– რა თქმა უნდა, დედოფალივით ვექცევი, – დაეთანხმა ლალის, თუმცა, გულში საკმაოდ უშვერად შეუკურთხა.

– ჰოდა, მშვენიერია, გელოდებით. ია, თეფშები ერთჯერადი წამოვიღე, დანა-ჩანგალ-ჭიქებიანად. გასარეცხი არაფერი გექნება.

ია, დიტო და ბექა ჯარისკაცებივით დატრიალდნენ. ლალი სიცილს იკავებდა, მაგრამ სახეზე ლამის ნათელი გადასდიოდა.

– რძალი არ მოგწონს? – გადაუჩურჩულა ლინდამ.

– ამაზე არასდროს მიფიქრია, უბრალოდ, კომფორტს ვიქმნი. აბა, მე და შენ გაგვაკეთებინებდნენ ყველაფერს. ვერ შეამჩნიე, ეგ შენი ბექა როგორ ათვალიერებს იას.

ლინდას არ ესიამოვნა ამის მოსმენა.

– არ იფიქრო, რომ შენ გჯობია, უბრალოდ, მოსწონს, რომ ია სულ დიტოს ეგლისება. სულ ესაა. ამას მაინც მივხვდი ამათ ყურებაში. შენ არ იდარდო. კაცისნაირი პრიმიტიული არაფერი დაიარება ამ დედამიწაზე. უყუროს და იყოს.

მაგრამ ლინდამ მაინც მოიწყინა. ლალიმ შეამჩნია და დაუმატა:

– ახლა მოწყენილი ლინდა ხარ და ისევ არ იცი, ვინ ხარ. ესე იგი, შენი განწყობა იმაზეა დამოკიდებული, ვის უყურებს ბექა?!

– ჰო, – სევდიანად უპასუხა ლინდამ.

– მერე, ვინ გიშლის?! მიდი და შენც ეგლისე ბექას, – ლალი იცინოდა.

– უი, არაა, – ცივად იუარა ლინდამ.

– აბა, რას ჩამოგტირის ცხვირპირი?! თუ უი, არაა, – ლალიმ ბოლო ფრაზა ისევ ლინდას ინტონაციით თქვა.

– აი, ის როიალის ამწყობი რომ იყოს აქ, რას იზამდი? – გამომცდელად შეხედა ლალიმ.

ლინდა გაწითლდა.

– აი, პასუხიც, – მხიარულად თქვა ლალიმ, იცი, რა ხდება? შენ გადასარევად იკოცნავებდი იმ შენს ვიღაც უცნობ კაცთან, საშუალება რომ მოგცემოდა, მაგრამ აქ ზიხარ და დარდიანობ, ჩემი ბექა სხვას უყურებსო. სხვათა შორის, მოგატყუე, ბექა გულზე არ მეხატება, მაგრამ არც ისეთი უვარგისია, ჩემი ძმის ცოლი ათვალიეროს.

ლინდას თითქოს გულზე მოეშვა. ლალის მეგობრის განწყობის ცვლილება არ გამოჰპარვია:

– აჰა, ისევ სხვებზე დამოკიდებულება: თუ ბექა ან ჭიჭიკო, სულერთია, სხვას უყურებს, მოწყენილი ხარ, თუ იგივე ჭიჭიკო ან ბექა, ისევ სულერთია, სხვას არ უყურებს, მხიარულად ხარ. წარმოგიდგენია, რა იდიოტი არსებები ვართ?!

და ლინდა მიხვდა, რომ ლალი ახლა მხოლოდ ლინდაზე კი არა, საკუთარ თავზეც ლაპარაკობდა:

– ან რას ვეცი იას, რა მინდოდა?! არადა ის მინდოდა, რომ იას კარგი ქმარი ჰყავს, მე საერთოდ არ მყავს, რომ მყავდა, იდიოტი იყო, ჰოდა, ვიმავნებლე. ხანდახან მეშინია ხოლმე, ისეთი საზიზღარი ვარ.

– გახსოვს, რას გვეუბნებოდა ბებიაშენი? ადამიანი მშვენიერია, მისი ფიქრებია ხოლმე საზიზღარიო, – შეეწინააღმდეგა ლინდა.

– და რა არის ადამიანი, თუ არა მისი ფიქრები?! – არ დაეთანხმა ლალი.

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ლინდამ და ორივე ჩაყუჩდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა