უშიშროების აგენტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.09, 2023 წელი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #33-34 (1182)
ამ საუბრიდან 48 საათის შემდეგ სვერდლოვსკში, „კაგებეს“ უმაღლესი სკოლის ფილიალში ვიყავი და 2 წლის განმავლობაში ვეუფლებოდი დივერსანტის პროფესიას. ჩემებმა კი იცოდნენ, რომ კიდევ 2 წლით დავრჩი სამხედრო სამსახურში. 25 წლის რომ შევსრულდი, უკვე მოსკოვში განვაგრძე სწავლა და სპეციალური აგენტის პროფესია შევისწავლე. ერთ წელიწადში დავხურე კურსი და 26 წლისას უფროსი ლეიტენანტის ჩინი მიბოძეს.
ერთ დღეს „ლუბიანკაზე“ დამიბარეს დე ერთ-ერთმა გენერალმა, რომელიც სპეცოპერაციებს კურირებდა, მითხრა:
– თქვენი სპეციალური და დიპლომატიური განათლება, აგრეთვე, საბრძოლო-სასწავლო გამოცდილება იმას საშუალებას იძლევა, რომ საბჭოთა სამშობლოს საკეთილდღეოდ ყველაზე რთული და საჭირო დავალებებზე გაგგზავნოთ. გენიჭებათ სპეციალური აგენტის უმაღლესი სტატუსი. შეასრულებთ არალეგალურ საიდუმლო დავალებებს. ლეგალურად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ხართ და უკვე შტატშიც შეგიყვანეთ.
– დიპლომი რომ არ მაქვს? იქ ხომ უდიპლ...
გენერალმა გამაწყვეტინა:
– გაქვთ. მართალია, ბოლო ორი წელიწადი იქ არ გისწავლიათ, მაგრამ მთავარი ცოდნა მიიღეთ. დიპლომი კი თქვენი ბინის საწერი მაგიდის უჯრაშია. ხელმარცხნივ. აი, სამოთახიანი ბინის გასაღები.
***
8 წლის განმავლობაში „კაგებეს“ სპეციალურ დავალებებს ვასრულებდი, ძირითადად, საზღვარგარეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც მიწევდა მუშაობა. დღესდღეობით იმის გახსენებაც კი არ მინდა, რასაც ვაკეთებდი. ძირითადად, ეს იყო ლიკვიდაციები. უფრო გასაგები ენით რომ ვთქვათ – ადამიანებისთვის სიცოცხლის მოსპობა და ამ საქმიანობას სხვადასხვა მეთოდებით ვახორციელებდი. მეთოდები კი „კაგებეს“ ამოუწურავი ჰქონდა, დაწყებული ტყვიით, სხვადასხვა სახის შხამითა თუ მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური მეთოდებით დამთავრებული. ამ სიბინძურეში ისე დავოსტატდი, რომ მკვლელობა ხელოვნების რანგში მქონდა აყვანილი. რაც უფრო მეტ საქმეს ვაკეთებდი და კვალიფიკაცია მემატებოდა, მით უფრო უსულგულო, შეუბრალებელი და აზარტული ვხდებოდი. წარსულზე აღარ ვფიქრობდი. როდესაც გაზის აფეთქების გამო დედ-მამა ტრაგიკულად დამეღუპა, თბილისში ჩამოვედი. ორივე დავასაფლავე და მეორე დღეს ისე დავბრუნდი მოსკოვში, რომ ამ შემთხვევის გამო ჩატარებული მოკვლევის დასკვნაც კი არ წამიკითხავს. აღარც გვანცა მახსოვდა. თუმცა, შემეძლო, გამერკვია, თუ რა მოხდა იმ ავბედით ღამეს და შემდგომში რა ბედი ეწია ჩემს ყოფილ საცოლეს. ერთი სიტყვით, ზომბირებული, ფაქტობრივად, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი გავხდი. არც ცოლი მყავდა. არც შვილი და არც მინდოდა ოჯახის შექმნა. სქესობრივ მოთხოვნილებებს კი მეძავებთან ვიკმაყოფილებდი, რომლებიც ასარჩევად იყვნენ იმ ქვეყანაში და ფულს ვუხდიდი. ფული კი არ მაკლდა, რადგან კარგი ხელფასიც მქონდა და ათჯერ უფრო მეტს ჩემს ბინძურ საქმიანობაში მიხდიდნენ.
ერთ დღეს მორიგი დავალება მივიღე – გენერალმა მისთვის ჩვეული თანმიმდევრულობით მკაფიოდ მითხრა:
– მესამე ქვეყანაში გადაგიყვანენ. იქ კანადის მოქალაქის პასპორტით ჩახვალ. „ობიექტი“ თავის მეწყვილესთან ერთად გაიქცა დავალების შესრულების დროს და მნიშვნელოვანი საიდუმლო საბუთები წაიღო. ჯერჯერობით ეს საბუთები მას არავისთვის გადაუცია, სავარაუდოდ, ის ფასის მომატებას ცდილობს და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდის. ამიტომ, უნდა მოვასწროთ და ეს საბუთები დავიბრუნოთ. „ობიექტი“ კი უნდა განადგურდეს. მისი მეწყვილე აფეთქების დროს დაიღუპა. „ობიექტიც“ მკვდარი გვეგონა, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა და შენი წმინდა ვალია, ამ საქმის სუფთად გაკეთებაო.
„ობიექტის“ საორიენტაციო კოორდინატები მივიღე და საქმეს შევუდექი. „ობიექტს“ ერთ-ერთ მიგდებულ სახლში მივაგენი და სპეციალური ღონისძიებების, უბრალო ენით კი – წამების შემდეგ სამალავის ადგილი ვათქმევინე. საბუთები ამოვიღე. შევამოწმე. „ობიექტის“ ლიკვიდაცია განვახორციელე და უკან ვბრუნდებოდი, მაგრამ ღამის წყვდიადში ადამიანი გამოჩნდა, რომელიც კატასავით მიიპარებოდა იმ სახლისკენ, საიდანაც ეს-ესაა გამოვედი. ერთი სიტყვით, მისი განეიტრალება მოვახერხე და როცა გავკოჭე, ის ქალი აღმოჩნდა. მკრთალი შუქი მივანათე და გავშრი. ჩემ წინ როზა ბროძელი იყო.
– მაინც შევხვდით ერთმანეთს. თუმცა, შემპირდნენ, რომ ვერასოდეს მიპოვიდი, მაგრამ პირიქით მოხდა, – მითხრა როზამ და ცინიკურად ჩაეცინა.
– აბა, ამოღერღე, რატომ არ გინდოდა ჩემთან შეხვედრა? – კბილებში გამოვცერი, თან დავამატე, – თუ გინდა, რომ უცებ გაგათავო?
– როგორც მე, ოდესღაც შენც მიხვდები, თუ რა ცხოველი ხარ. მე მხოლოდ ეპიზოდი ვარ შენს საქმეში. მთელი ისტორია კი თარსიაშვილმა იცის. სწორედ ისაა ყველაფრის შემოქმედი და მას მიმართე.
პოლკოვნიკი რობერტ თარსიაშვილი იმ დროს გავიცანი, როდესაც სვერდლოვსკის სკოლიდან მოსკოვში გადამიყვანეს. სულ რაღაც ოციოდე წუთი მესაუბრა და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა...
როზას ერთი გასროლით ამოვხადე სული და მოსკოვში ერთი კვირის შემდეგ დავბრუნდი. გენერალს საბუთები ჩავაბარე, მანამდე კი ასლები გავაკეთე და საიმედოდ გადავმალე იმავე მესამე ქვეყანაში.
გენერალმა, როგორც ყოველთვის, შემაქო. მითხრა, დაისვენეო და წამოვედი, მაგრამ როზა ბროძელის სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა და თარსიაშვილის ძებნას ფრთხილად შევუდექი. ამისთვის სამი კვირა დამჭირდა და თანამემამულე პოლკოვნიკი მოსკოვის მახლობლად მდებარე, მის აგარაკზე მოვიხელთე. თავზე რომ წავადექი, ეძინა. იქ მარტო იყო და რომ დამინახა, შეცბა, მაგრამ თავი მოთოკა, გამიღიმა და მკითხა:
– ლადო გუნია, თუ არ ვცდები.
– არ ცდები, – მივუგე პოლკოვნიკს და ბალიშის ქვეშიდან გადატენილი პისტოლეტი ავაცალე.
– აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
– გეძებდი.
– რატომ, ხომ მშვიდობაა?
პოლკოვნიკი მას მერე მიხვდა, რომ ჩემთან ვერაფერს გახდებოდა, როცა „სპეციალური ღონისძიებები“ ჩავუტარე და ვუთხარი:
– ყველაფერს მომიყვები თუ განვაგრძო?
თარსიაშვილი თხრობას შეუდგა და მომიყვა, თუ როგორ დაგეგმეს და განახორციელეს „კაგებეში“ ჩემი ზომბირებულ მკვლელად გადაქცევა. როგორ მიმიყვანეს ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე, რომ ადამიანის განადგურება ჩირის ფასადაც არ ჩამეგდო. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ მაშინ მაკვირდებოდნენ, როცა „მიმოში“ მოვეწყვე, აქტიურ მოქმედებაზე კი მაშინ გადავიდნენ, როდესაც მესამე კურსი დავხურე. საფუძვლიანი დიპლომატიური პრაქტიკის ნაცვლად, ლიკვიდატორის პრაქტიკა გამატარეს. პირველი ეტაპი ზომბირების გზაზე გვანცას ჩამოშორება იყო, რადგან საყვარელი მეუღლე და ოჯახი, მათი აზრით, არ მომცემდა საშუალებას, რომ სრულფასოვანი მკვლელი გავმხდარიყავი. ჩემი საცოლე როზა ბროძელის დახმარებით გაატაცებინეს მეღვინის ბედოვლათ ვაჟს, რომელიც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ჰყავდათ მხილებული. მისი ფულიანი, ავაზაკი მამა კი კარგა ხანია, მათ ხელში იყო. როგორც პოლკოვნიკმა ამიხსნა, ეს ყოველივე, თურმე, ჩვენს დიად ქვეყანას სჭირდებოდა. გვანცას თავი მოუწამლავს. გამტაცებელს არ დანებებია და სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაუსრულებია. ჩემი მშობლებიც „კაგებეს“ დავალებით დაუხოცავთ და ეჭვი რომ არ ამეღო, უბედური შემთხვევა გაუთამაშებიათ. ეს კი იმიტომ დასჭირდათ, რომ მამაჩემს გვანცას ძებნა დაუწყია. სიმართლის გაგება სურდა და ეს ამბავი რომ არ გამჟღანებულიყო, დედ-მამა მომიკლეს. თელავში, ჩემი და ძია ვანოს შეჩერება, აეროპორტის ინციდენტი და მილიციიდან ჯარში გაშვებაც „კაგებეს“ ხრიკები იყო. და როცა ეს ყველაფერი მოვისმინე, გამახსენდა თეატრის მთავარი რეჟისორის სიტყვები – გაშიფრულები იყავით და ამ საქმიდან არაფერი გამოვაო. ჭკვიანი, გამოცდილი ადამიანი იყო ის რეჟისორი და მიხვდა, თუ ვინ იდგა ამ საქმის უკან. თუმცა, ვერ გაბედა ბოლომდე სიმართლის თქმა. ჩემი აზრით, მანაც კი ვერ წარმოიდგინა, თუ რა მზაკვრობასთან გქონდა საქმე.
თხრობა რომ დაასრულა, თარსიაშვილმა პატიება მთხოვა და შემევედრა, არ მომკლაო.
– მე არ მოგკლავ, – მივუგე პოლკოვნიკს, საწოლზე მიბმული დავტოვე. სამზარეულოში გავედი და გაზი გავუშვი.
ბნელოდა. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. ეზოში სანთელი გავიტანე. მოფარებულ ადგილზე ავანთე და დინჯად გავემართე ქუჩაში. ასიოდე მეტრი გავიარე, მანქანაში ჩავჯექი და როგორც კი ადგილიდან დავძარი, საშინელი აფეთქების ხმა გავიგონე
ორი დღის შემდეგ ნაცნობი გზით ფინეთის ყურე გადავლახე. ამ ქვეყნის გავლით საიმედო ადგილზე ჩავედი და მას შემდეგ იქ ვიმყოფები.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან