უშიშროების აგენტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.09

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #33 (1181)
სავარძელში ჩავჯექი. თავი ხელებში ჩავრგე. თვალწინ გვანცას სახე მედგა და იმწუთას ისე ძლიერ მინდოდა მისი ნახვა, როგორც არასდროს. დაახლოებით, ერთი საათი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში და არც თაზოს ამოუღია ხმა. ბოლოს თავი ავწიე და ვუთხარი:
– როგორ და როდის მოხდა ეს?
– სამი დღის წინ. ღამით. როზა გააცილა და უკან აღარ დაბრუნებულა.
– ვინ? ბროძელი? – თხრობა შევაწყვეტინე თამაზს.
– ჰო, ბროძელი, – თავი დამიქნია.
როზა ბროძელი ჩვენი თანაკლასელი იყო. მას მე ვუყვარდი. მე კი ის – არა. თაზოს დაბადების დღეზე, სადაც გვანცა გავიცანი, როზაც იმყოფებოდა და არ გამოჰპარვია, რომ გვანცა მომეწონა. იმ საღამოს როზა მაგრად „ეიაზვა“ გვანცას და სახლში ადრე წავიდა. შემდგომ იმდენი მოახერხა, რომ გვანცას დაუდაქალდა. ეს მე არ მომწონდა და რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც გვანცას. თუმცა, კატეგორიულად არ მომითხოვია, ჩამოშორდი-მეთქი. ერთი სიტყვით, როზას გამოჩენამ ამ ისტორიაში ჩემში ეჭვები გააჩინა. ვფიქრობდი, რომ ჩემი საცოლის გატაცებაში ისიც მონაწილეობდა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდებოდა.
– გამტაცებელი ვინაა, ხომ არ იცი?
– კონკრეტულად ვინ, არ ვიცი, ვიღაც სოფლელი უნდა იყოს. მე მგონი, რაიონში ცხოვრობს, კახეთში, თუ არ ვცდები. გვანცას მშობლები გუშინ დილით სწორედ იქ გაემგზავრნენ და ჩემებიც თან გაიყოლეს, – მითხრა თამაზმა.
– როგორც გაიტაცეს, ისე დააბრუნებენ. გვანცა მას ცოლად არ გაჰყვება, – მტკიცედ ვთქვი მე, – აი, ნახავ, თუ უკან არ ჩამოიყვანონ.
– ღმერთმა ქნას, – გაუბედავად თქვა თამაზმა და დაამატა, – არ გშია? მოდი, ვჭამოთ, ცოტაც დავლიოთ.
– შენ ჭამე. მე არ მინდა, – ვთქვი და დავამატე, ხომ არ გეწყინება, რომ შენთან დავრჩე და გვანცას დაბრუნებას დაველოდო?
– არა, რას ამბობ? დარჩი, – მითხრა თამაზმა.
საღამოს 9 საათი სრულდებოდა. დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, დილით მოვალ და არ ინერვიულო-მეთქი. მან კი მიპასუხა, ჭკვიანად იყავი. გვანცა მომიკითხე და სეირნობით ნუ გადაიღლებითო. დედაჩემს ეგონა, რომ მე გვანცასთან ერთად ვიყავი და მეც არაფერი მითქვამს. დიდი იმედი მქონდა, რომ მისი მშობლები გვანცას უკან დააბრუნებდნენ და გადაწყვეტილი მქონდა, ჩემი საცოლე დაბრუნებისთანავე წამეყვანა სახლში და შევუღლებულიყავით. ამ ფიქრებმა ხასიათზე მომიყვანა. ცოტა წავივახშმე კიდეც. ორიოდე ჭიქა წითელი ღვინოც გადავკარი. ამასობაში ღამის 11 საათიც შესრულდა და თამაზის მშობლებიც დაბრუნდნენ. ცუდ გუნებაზე იყვნენ. ჩემს დანახვაზე კი საერთოდ წახდნენ. გაირკვა, რომ გვანცას ცოცხალი თავით არ უნდოდა დარჩენა, მაგრამ დედ-მამამ აიძულა. ამის ერთადერთი მთავარი მიზეზი იყო – რას იტყვის ხალხი, საქვეყნოდ თავი მოგვეჭრებაო.
გვანცას დედ-მამა „სიძის“ ოჯახში დარჩენილან და საქორწილო მზადებაში ჩაბმულან. გამტაცებელი 29 წლის ვინმე მურაზ ბუიღლიშვილი ყოფილა, ცნობილი თელაველი მეღვინე-კომბინატორის ერთადერთი ვაჟი.
ამ ინფორმაციამ საშინელი თავზარი დამცა, მაგრამ იმედი ბოლომდე არ გადამიწურია. კალანდაძეებს გამოვემშვიდობე. თაზოს უარი ვუთხარი ჩემს გაცილებაზე და წამოვედი. მთელი ღამე თბილისის ქუჩებში ფეხით დავდიოდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამებრუნებინა ჩემი გვანცა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გვანცა აუცილებლად წამომყვებოდა. საჭირო იყო მხოლოდ ამის განსახორციელებელი მექანიზმის მოფიქრება, აგრეთვე, ერთი დამხმარე მაინც. ამ ფიქრსა და ხეიტალში შემომათენდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაც უხილავი თვალი მიმზერდა, უკან დამდევდა და მაკონტროლებდა. ბოლოს ძია ვანო გამახსენდა. ის ერთ-ერთი თეატრის მსახიობი იყო. ცნობილი არა, მაგრამ ძალიან გონიერი და ნიჭიერი ადამიანი. ძია ვანო მამაჩემის ბავშვობის მეგობარი იყო და როცა მამა თბილისში იყო, ის ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს. ძია ვანოს თეატრის შესასლველთან დავხვდი. მას დაწვრილებით მოვუყევი ჩემი ამბავი და დახმარება ვთხოვე. ის ჩაფიქრდა და ბოლოს მკითხა:
– ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ გვანცა წამოგყვება?
– მილიონი პროცენტით! – მტკიცედ მივუგე ძია ვანოს.
– კარგი. მაშინ ჩვენ თელავში იმ მეღვინეს ვესტუმრებით და ჩვენი მთავარი რეჟისორისგან მის ვაჟსა და რძალს საქორწილო საჩუქარს მივუტანთ. შენ შენს გვანცას დაელაპარაკები, გამოაპარებ და თბილისში ჩამოვიყვანთ.
ჩვენი ვარაუდით, მასპინძელი სუფრას გაგვიშლიდა, „პატარძალიც“ დატრიალდებოდა და გასაქცევ მომენტსაც ამ ტრიალ-ბზრიალის დროს შეარჩევდა. ეს არც თუ ისე ცუდი ვარიანტი იყო, მაგრამ ვერ განვახორციელეთ. თელავის შესასვლელთან პატარა ავარია მოგვივიდა. სატვირთო მანქანამ გაგვკრა, მაგრამ არავინ დაშავებულა. თუმცა უმალვე მილიცია გაჩნდა და ოპერები ამ შემთხვევის მიზეზის გარკვევას შეუდგნენ. ჩვენდა გასაოცრად, არც ფული გამოგვართვეს, რომ გავეშვით. ძია ვანოს მსახიობობაც ფეხებზე დაიკიდეს. რატომღაც გაგვჩხრიკეს. ყუთში გაუგებარი რაღაცები აღმოაჩინეს, ძია ვანოს პარიკები და გრიმი ნახეს და მილიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. მართალია, თითიც არ დაუკარებიათ, მაგრამ 24 საათი გაგვაჩერეს და მას შემდეგ გაგვიშვეს, როცა თელავის მილიციაში დედაჩემი და თეატრის მთავარი რეჟისორი ჩამოვიდნენ.
– წაიყვანეთ თქვენი გიჟები, – დამცინავად უთხრა მილიციის უფროსმა მთავარ რეჟისორსა და დედაჩემს, რომლებსაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.
როდესაც მათ ყველაფერი მოვუყევით, დედამ ტირილი დაიწყო, მთავარმა რეჟისორმა კი თავი გააქნია და ცივად თქვა.
– გონებამახვილური სცენარი მოგიფიქრებიათ, მაგრამ აშკარაა, რომ გაშიფრულები იყავით და ამ საქმიდან აღარაფერი გამოვაო.
***
თელავური წარუმატებლობის შემდეგ როზა ბროძელის „ვარიანტს“ ჩავეჭიდე. მაინტერესებდა, გამეგო, რამდენად იყო ის ამ საქმეში ჩართული, რა დოზით და სინამდვილეში ყველაფერი როგორ მოხდა. თუმცა, როდესაც როზა მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ის სასწავლებლად უკრაინაში წასულიყო, მაგრამ სად და რა პროფილით, ვერ გავარკვიე.
ბოლო იმედიც რომ გადამეწურა, საშინელი დეპრესია დამეწყო. მთელი დღეები სახლში ვიჯექი, ჩემს ოთახში გამოკეტილი. წინ გვანცას სურათები მელაგა და საათობით მივჩერებოდი. არავის ნახვა აღარ მინდოდა და დედაჩემსაც კი ვერიდებოდი. 21 წლის ბიჭი ვიყავი და სული ბოღმით, ღვარძლითა და შურისძიების დაუოკებელი სურვილით მევსებოდა. ამასობაში აგვისტოც ილეოდა. დღე დღეზე მამა უნდა დაბრუნებულიყო ამერიკიდან. რამდენიმე დღეში კი მე სწავლის გასაგრძელებდლად მოსკოვში გავემგზავრებოდი. ერთ საღამოს მოსკოვიდან მიხეილ ფრიდმანმა დამირეკა. მომიკითხა და მითხრა:
– ვლადიმერ კონსტანტინოვიჩ, რექტორის დავალებით ვრეკავ. ხვალ დღის 3 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა მოხვიდე. ამიტომ დილით პირველივე რეისს უნდა გამოჰყვე. შენს სახელზე ბილეთი დაჯავშნილია და ფულიც – გადახდილი. წინასწარ გილოცავ! ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მე მგონი, საზღვარგარეთულ პრაქტიკაზე გგზავნიან. მოკლედ, მოემზადე. აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს!
ორი დღის შემდეგ მამა უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, იძულებული ვიყავი, მოსკოვში გამგზავრებულიყავი და დილით მე და დედაჩემი აეროპორტისკენ გავემართეთ. დედას უხაროდა კიდეც და უფრო იმიტომ, რომ ფიქრობდა, გვანცას ამბავს ახალი საქმე გადაატანინებსო.
დილის ექვსის ნახევარი იყო. თვითმფრინავი ექვსზე მიფრინავდა. რეგისტრაცია გავიარე. ორი, ოცდაათიოდე წლის კაცი ბარბაცით გამოემართა. ეს ახალგაზრდები ჯერ კიდევ აეროპორტის შესასვლელთან დავაფიქსირე და რატომღაც მაშინვე არ მომეწონენ. მოკლედ, კონფლიქტი მოგვივიდა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ორივე ისე სასტიკად ვცემე, რომ იქაურობა მათი სისხლით იყო მორწყული. გონება დაკარგული ჰქონდათ. იატაკზე ეყარნენ, მაგრამ ისე მქონდა ტვინი გადაკეტილი, რომ მთელი ძალით ვურტყამდი და მილიციამ ძლივს ამაგლიჯა. ფორმიანებსაც დავუშინე მუშტები, ერთ-ერთს კი ცხვირი გავუტეხე, გაქცევა არც მიცდია. ისეთი აურზაური ატყდა, რომ აეროპორტის მთელი მილიცია შეიკრიბა და დამაკავეს. ხელბორკილები დამადეს და დედაჩემის კივილის ფონზე უახლოესი მილიციის განყოფილებაში წამიყვანეს. საკვირველი ის იყო, რომ ჩემთვის თითიც კი არავის დაუკარებია და საკანში გამომკეტეს. მალე იქ დედაჩემიც მოვიდა, მაგრამ ჩემი ნახვის უფლება არ მისცეს. გამოიძახეს გამომძიებელი და მან დამკითხა. შემდეგ ქალაქის მილიციის სამმართველოში გადამიყვანეს და საღამოს გამომძიებელმა ბოროტი, ცინიკური ხულიგნობის, სხეულის მძიმე დაზიანებით და მილიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ასევე, სხეულის დაზიანებით, მუხლები წამიყენა. ეს კი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ჩემთვის ხელი არც მილიციის სამმართველოში დაუკარებიათ. ცალკე საგანში გამამწესეს და 48 საათის განმავლობაში არავის შევუწუხებივარ. მხოლოდ პატიმრისთვის განკუთვნილი სალაფავი მოჰქონდათ. 48 საათი რომ გავიდა, გამომძიებელთან ამიყვანეს. იქ კი მამაჩემი დამხვდა და მშვიდად მითხრა:
– წავედით!
– ციხეში? – ვთქვი მე.
– სახლში, – მოკლედ მომიჭრა მან და კარისკენ გაემართა.
როგორც აღმოჩნდა, „მიმოდან“ გარიცხული ვიყავი. თბილისიდან იქ წერილი გაუგზავნიათ და რექტორმა მომენტალური რეაგირება მოახდინა. მოგვიანებით ისიც შევიტყვე, რომ ჩემ გამო მამას „ნევიეზდნოი“ ჩაურტყეს, ანუ, – საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალეს, რამაც მისი კარიერული წინსვლა შეაჩერა. ის ორი ხულიგანი კი, მძიმე ტრავმებით, კომაში იყვნენ. ხოლო ცხვირგატეხილი მილიციელი საავადმყოფოში იწვა.
– ციხეს გადაურჩი, მაგრამ პირობითი ორწლიანი სასჯელი გაქვს. იმდენი მოხერხდა, რომ ჯარში გაგიწვევენ და სასჯელის ვადა რომ გაივლის და დაბრუნდები, მერე ვნახოთ, – მითხრა მამამ.
ერთი კვირის შემდეგ უკვე შუა აზიაში ჩამიყვანეს და უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტიდან 80 კილომეტრში მდებარე მენაღმეთა („საპიორები“) ბატალიონში გამამწესეს. ექვსი თვე იქაურ „უჩებკაში“ (სასწავლო ცენტრი) დავყავი და მენაღმეს პროფესიას დავეუფლე. შემდეგ, მოულოდნელად თათარსტანში, ქალაქ რიაზანის სამხედრო-საჰაერო-სადესანტო „უჩებკაში“ ამოვყავი თავი და ერთი წლის განმავლობაში კარგი მედესანტე დავდექი. მსახურების დასრულებამდე ექვსი თვე რომ დამრჩა და უკვე სამშობლოში დასაბრუნებლად ვემზადებოდი, ბრძანება მოგვივიდა და ჩვენი პოლკი ავღანეთში გადაისროლეს. იქ ახალი დაწყებული იყო ომი, მაგრამ უკვე ჯოჯოხეთი ტრიალებდა და ამ ჯოჯოხეთში ექვსი თვე გავატარე. მსახურების ვადა რომ ამომეწურა და კვლავ რიაზანში ჩაგვიყვანეს, ჩვენი ნაწილის „ასობისტმა“ (საგანგებო განყოფილება) დამიბარა. მომიკითხა, შემაქო და მითხრა:
– გუნია, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩვენს პოლკში. ხელმძღვანელობა დიდად კმაყოფილია შენით და წინადადება გეძლევა, რომ სწავლა სახელმწიფო უშიშროების უმაღლეს სკოლაში გააგრძელო. თუ თანახმა ხარ, მაშინ რეკომენდაციას გაგიწევთ და გაემგზავრები.
– უნდა მოვიფიქრო, – მივუგე „ასობისტს“.
– საფიქრალი აქ არაფერია. ხალხი ოცნებობს ამაზე. ყველა ძალას ხმარობს იქ მოსახვედრად. შენ კი გზა ხსნილი გაქვს, მაგრამ კარგი, იფიქრე. 24 საათში პასუხს ველოდები, – მითხრა „ასობისტმა“.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...