რომანი და დეტექტივი

უშიშროების აგენტი

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.08

უშიშროების აგენტი
დაკოპირებულია

„კაგებეს“ სკოლაში ჯარიდან მოვხვდი. ჯარში კი – ინსტიტუტიდან.

სკოლა რომ დავამთავრე, „მიმოში“ მოვეწყვე – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

17 წლის ლაწირაკი კი არა და სტაჟიანი, მოწიფული ახალგაზრდები ვერ ხვდებოდნენ იქ.

„მიმო“ საბჭოთა დიპლომატიის სამჭედლო იყო. მას „კაგებე“ კურირებდა და იქ სწავლის თითოეულ მსურველს გულდასმით ამოწმებდნენ.

გამოცდებზე რომ დაეშვით, ჯერ საბუთები უნდა მიეღოთ. ეს კი რთული, სპეციფიკური პროცედურა იყო. ათდღიანი ინტერვალით ორჯერ გიწევდა მისვლა.

პირველ მისვლაზე საკუთარი ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია უნდა მიგეტანა რუსულ ენაზე. 4-4 ფერადი და შავი ფოტოსურათიც უნდა დაგერთო, პროფილსა და ანფასში გადაღებული. აგრეთვე, სპეციალურ პოლიკინიკაში აღებული ჯანმრთელობის ცნობა, სადაც სკრუპულოზურად გიკვლევდნენ, გულდასმით გისინჯავდნენ სხეულსა და შინაგან ორგანოებს. სანამ 300 საკითხისგან შემდგარ კითხვარს შეგავსებინებდნენ, შენთვის სასურველ უცხო ენაზე უნდა გასაუბრებოდი ამ ენის სპეციალისტს და ის გეტყოდა, საჭირო იყო თუ არა კითხვარის შევსება. უარყოფითი პასუხი იმას ნიშნავდა, რომ ენის ცოდნის დონეს არ აკმაყოფილებდი და საბუთების მიღება ამაზე შეწყდებოდა. ამ პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ათი დღის მერე გიბარებდნენ. მეორედ მისულს, უკვე „კაგებეს“ წარმომადგენელი გაგესაუბრებოდა. მან შენი, შენი ოჯახის, ახლო და შორეული ნათესავების შესახებ ყველაფერი იცოდა. შენ მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია და შევსებული კითხვარი საარქივო დოსიესთან ჰქონდა შედარებული. გაანალიზებული და გასაუბრების ბოლოს გეტყოდა, დაშვებული იყავი თუ არა მისაღებ გამოცდებზე.

ერთი სიტყვით, პოლიტიკურად კეთილსაიმედო, ჯანმრთელი და ენის მცოდნე უნდა ყოფილიყავი. ნორმალური გარეგნობისა და სხეულის გამოსაჩენ ადგილებზე განსაკუთრებული, ხელოვნურად გაკეთებული ან ტრავმისგან მიღებული ნიშნების არმქონე, ძირითადად, სახესა და ხელებზე იარები, აგრეთვე, ტატუები, რაც კატეგორიულად მიუღებელი რამ იყო.

თუკი საბუთების დაწუნებაზე, შესაძლოა, სუბიექტურ გარემოებებს მოეხდინა ზეგავლენა, გამოცდების ჩაბარება თავიდან ბოლომდე აბიტურიენტზე იყო დამოკიდებული. იქ მხოლოდ ცოდნა ჭრიდა და არავინ დაგიკარგავდა მას.

გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. გოგონასთან და ორ ბიჭთან ერთად, ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოვაგროვე და 1 სექტემბრიდან სწავლას შევუდექი.

„მიმოში“ სწავლა გამოცდების ჩაბარებაზე ორჯერ რთული პროცესი იყო. სპეციალური დისციპლინების პარალელურად, იქ სტუდენტების იდეოლოგიური ზომბირება ხორციელდებოდა. ტვინს გიჭედავდნენ სავალდებულო კომუნისტური კლიშეებით, ლოზუნგებითა და გაყალბებული ისტორიით. იმავდროულად, უმაღლეს დონეზე გასწავლიდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მოწყობის სისტემებს. ერთი სიტყვით, ურთიერთგამომრიცხავ დისციპლინებს ეუფლებოდი. თანაც, ორივე საუცხოოდ უნდა გცოდნოდა და ამის გადახარშვა საკმაოდ მძიმე იყო.

მიუხედავად ამისა, ყველა სირთულე წარმატებით დავძლიე და მესამე კურსი რომ დავხურე, აბსოლუტური ფრიადოსანი ვიყავი. ჩვენი პრორექტორი, მიხეილ ფრიდმანი გულწრფელად გახარებული იყო ჩემი წარმატებებით და მესამე კურსის ბოლო გამოცდაც ფრიადზე რომ ჩავაბარე, თავის კაბინეტში მიხმო, ხელი მაგრად ჩამომართვა და მითხრა:

– გილოცავ, ვლადიმირ კონსტანტინოვიჩ, კურსის კვლავ ფრიადებზე დახურვას. კოტე იამაყებს შენით.

მამაჩემი – კოტე გუნია, ფრიდმანის მეგობარი იყო. დამეგობრებამდე კი – მისი სტუდენტი. ფრიდმანი პოლიტიკის ისტორიას ასწავლიდა ჯერ მამაჩემს, შემდეგ კი – უკვე მეც. მამაჩემი დიპლომატი იყო და იმ პერიოდში შეერთებულ შტატებში, საბჭოთა საელჩოში ელჩის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. ფრიდმანი მამას ძალიან აფასებდა. პარადოქსული კი ის იყო, რომ მამას ის კოტედ მოიხსენიებდა. მე კი – 20 წლის ბიჭს, მამის სახელით მომმართავდა.

– გმადლობთ, მიხეილ ისააკოვიჩ, მოლოცვისთვის, – თავი დავუკარი პრორექტორს და გავუღიმე.

– რა გეგმები გაქვს სექტემბრამდე? ალბათ, დასასვენებლად ზღვაზე გაემგზავრები.

– ზღვაზე – მოგვიანებით. მაქსიმუმ, ერთი კვირით. ჯერ თბილისში უნდა ჩავიდე. ერთი წელია, დედა არ მინახავს.

– ნატოს ჩემგან მხურვალე მოკითხვა გადაეცი.

– აუცილებლად გადავცემ, მიხეილ ისააკოვიჩ.

– ვლადიმირ კონსტანტინოვიჩ, შენ თუ იცი, კოტემ ნატო სად და როგორ გაიცნო?

– დიახ. სოჭში, რესტორანში. მას შემდეგ, რაც ოთხი ხულიგანი სცემა, რომლებიც დედაჩემს შეუჩნდნენ და საცეკვაოდ იწვევდნენ.

– ოთხი კი არა, ხუთი. თანაც, ყველა მოკრივე. სპორტის ოსტატები იყვნენ. კოტემ კი ისინი თითო დარტყმით ისე ელვისებურად დაყარა ძირს, რომ ვერც მე მოვასწარი მიხმარება და ვერც ბაბუაშენმა, ნატოს მამამ.

ეს ისტორია დედაჩემს არაერთხელ ჰქონდა მოყოლილი. თურმე, დედა, თავის მშობლებთან ერთად, სოჭში ისვენებდა. ერთ საღამოს რესტორანში ვახშმობდნენ. იმავე რესტორანში ვახშმობდნენ მამაჩემი და ფრიდმანი. გალახული მოკრივეები ადგილობრივი ნაკრების პირველი ნომრები ყოფილან და საკავშირო სპარტაკიადაზე წასასვლელად ემზადებოდნენ. ჩხუბის გამო მილიციას მამა დაუკავებია და ხულიგნობის მუხლით საქმის აღძვრას უპირებდნენ. მამა მაშინ 23 წლის იყო. ფრიდმანი კი – 34-ის. მამაჩემი 6 თვის შემდეგ ერთი წლით ბულგარეთში უნდა გამგზავრებულიყო. საბჭოთა საელჩოში კონსულის თანაშემწედ იყო დანიშნული და ეს „ჩეპე“ რომ გახმაურებულიყო, არა მხოლოდ საზღვარგარეთ არ გაუშვებდნენ, არამედ მის დიპლომატიურ კარიერას წერტილი დაესმებოდა. ფრიდმანი კი იმ პერიოდში დიპლომატის რანგს ფლობდა. მეცნიერების კანდიდატი იყო და „მიმოს“ კათედრის გამგის პოსტი ეკავა. სოჭში კი ორივე საგანგებოდ იყვნენ მივლინებული. რადგან იმ პერიოდში ბულგარეთ-საბჭოთა კავშირის დიპლომატიური კონფერენცია იმართებოდა, მამაჩემს პრაქტიკული გამოცდილება უნდა მიეღო. ფრიდმანი კი მის კურატორად იყო დანიშნული და მოსკოვში დაბრუნებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროში მოხსენება უნდა წარედგინა სოჭურ ვოიაჟზე და მამაჩემი შეეფასებინა.

ერთი სიტყვით, მამაჩემის შემდგომი ბედი ბეწვზე ეკიდა. ფრიდმანს რომც დაემალა ეს ინციდენტი თავის მოხსენებით ბარათში, მილიცია არ დამალავდა და სასწრაფო ზომები იყო მისაღები. ამიტომ, ფრიდმანი უკიდურეს რისკზე წავიდა. სოჭის მილიციის უფროსს ღამის 3 საათზე სახლში დაადგა თავზე, მძინარე პოლკოვნიკი საწოლიდან ააყენა და პირდაპირ განუცხადა, რომ მისდამი რწმუნებულ რაიონში არსებული განუკითხაობის თაობაზე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს აცნობებდა. დაბნეული პოლკოვნიკი, თურმე, პირდაღებული ისმენდა „წითელქსივიანი“ შინაგან საქმეთა მინისტრის „ძმაკაცის“ ლაპარაკს და, როდესაც რესტორანში მომხდარი ინციდენტის შინაარსს გაეცნო, უთქვამს – თქვენი თანამშრომელი სწორად მოქცეულა. მეც ასე ვიზამდი და ყველაფერს ახლავე გამოვასწორებო. შემდეგ ფორმა ჩაუცვამს და საკუთარი მანქანით წაუყვანია ფრიდმანი მილიციის განყოფილებაში. თავისი ხელქვეითებისთვის საშინელი სკანდალი აუტეხავს. მამაჩემი პირადად გაუთავისუფლებია საკნიდან და დიდი ბოდიშის მოხდით გამოუცილებია. გარეთ კი მამაჩემს დედაჩემი და ჩემი ბებია-ბაბუა ელოდნენ. იმ დღიდან მამა და მიხეილ ფრიდმანი უახლოესი მეგობრები გახდნენ. ორი თვის შემდეგ მამაჩემი და დედაჩემი დაქორწინდნენ. კიდევ ოთხი თვის მერე კი კოტე გუნია და ნატო ბერაია ბულგარეთში გაემგზავრნენ. ხოლო უკან რომ დაბრუნდნენ, თვე-ნახევარში მე გავჩნდი.

ფრიდმანმა ეს ისტორია ღიმილით გაიხსენა და მითხრა:

– მეორე დღეს ბაბუაშენმა მილიციის უფროსს ორლიტრიანი არაყი, „სტოლიჩნაია“ აჩუქა. განსაკუთრებული ჩამოსხმა იყო და ჩვეულებრივ მაღაზიებში არ იდებოდა. „ბერიოზკაში“ შევიძინეთ ვალუტაზე. როგორც დიპლომატს მე ამის უფლება მქონდა. მას კი თურმე, შეშინებია და არ ართმევდა. ქრთამის აღებაზე ციხეში ჩამსვამენო. ბაბუაშენს კი უთქვამს – ჩვენს დიდებულ ქვეყანაში კაცურ კაცებს არ იჭერენ და ამით კაცობის სადღეგრძელო დალიეო. ეჰ, მაგარი ბაბუა გყავდა, ვლადიმირ კონსტანტინოვიჩ და რომ ვასაფლავებდით, მთელი თბილისი აცილებდა.

– მიხეილ ისააკოვიჩ, შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ? – ვუთხარი ფრიდმანს.

– მკითხე, გისმენ.

– მამის სახელით რატომ მომმართავთ?

ფრიდმანს გაეცინა და მიპასუხა:

– შენ ისეთი პროფესია გაქვს, ჩემო ლადო, სადაც ეთიკის წესების დაცვა აღმატებულ ხარისხშია აყვანილი. რაც უფრო ადრე აითვისებ ამას, მით უფრო წაგადგება ეს. ჩათვალე, რომ დიპლომატიური ეთიკის პრაქტიკას გადიხარ. გასაგებია, ვლადიმირ კოსნტანტინოვიჩ?

– დიახ. გასაგებია, მიხეილ ისააკოვიჩ, – ვუთხარი ფრიდმანს.

– ისე, რომ იცოდე, ძირითადი სასწავლო კურსი შენ პირველ სამ წელიწადში გაიარე. დარჩენილი ორი წელიწადი კი, ძირითადად, პრაქტიკა გექნება. სწორედ ამ პერიოდში უნდა გამოავლინო თეორიულად მიღებული ცოდნა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას წარმატებით გაართმევ თავს, – თქვა ფრიდმანმა და მკითხა, – თბილისში როდის მიემგზავრები?

– ხვალ დილით მივფრინავ, მიხეილ ისააკოვიჩ.

– აბა, მშვიდობიან ფრენას გისურვებ. სექტემბერში გელოდები. ჩემი მშვენიერი ნატო კი გულითადად მომიკითხე, – მითხრა ფრიდმანმა. მაგრად ჩამომართვა ხელი და კაბინეტიდან გამომისტუმრა.

***

თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დედაჩემი მენატრებოდა. იმავდროულად, გვანცას ნახვის სურვილი მკლავდა.

გვანცა ჩემი შეყვარებული იყო. ეს მშვენიერი გოგონა ორი წლის წინ გავიცანი თბილისში. ჩემი კლასელის, თამაზ კალანდაძის დაბადების დღეზე. გვანცა თამაზის მეზობელი იყო და ის დანახვისთანავე შემიყვარდა. მოგვიანებით, გვანცაც გამომიტყდა სიყვარულში. ის ზაფხული ერთად გავატარეთ. ყოველდღე ერთმანეთს ვხვდებოდით. ისე დავახლოვდით, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე აღარ შეგვეძლო. მოსკოვში რომ დავბრუნდი, გვანცას ყოველ საღამოს ვურეკავდი და ამ 3-3-წუთიან საუბრებში ორივე უზომო სიყვარულს ვატევდით. ერთი სიტყვით, როგორც კი ინსტიტუტში პატარა „ფანჯარა“ გამომიჩნდებოდა ხოლმე, მაშინვე თბილისისკენ მივფრინავდი გვანცას სანახავად. მესამე კურსი რომ დავხურე და თბილისში გავემგზავრე, დედაჩემი და გვანცა ერთი წლის უნახავები მყავდნენ. თუმცა, სამი დღით ადრე ორივეს ველაპარაკე და მე და გვანცა შევთანხმდით, რომ ამ ზაფხულს დავქორწინდებოდით. შემდეგ კი მას მოსკოვში წავიყვანდი. ჩვენს შეუღლებას სიურპრიზად ვუნახავდით ჩვენს მშობლებს და ამაზეც შეთანხმებული ვიყავით. აგვისტოში მამაჩემი უნდა ჩამოსულიყო ვაშინგტონიდან. ორ კვირაში კი, უკან დაბრუნებულს, დედაჩემიც თან უნდა წაეყვანა და სწორედ მისი ჩამოსვლის შემდეგ ვაპირებით ჩვენი გადაწყვეტილების გამხელას.

სახლში რომ მივედი, დედაჩემი სიხარულისგან გადაირია. მკოცნა, მეფერა, დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი და მისი ცნობისმოყვარეობა რომ სრულად დავაკმაყოფილე, ვუთხარი:

– დედა, თუ არ გეწყინება, წავალ და ვეცდები, მალევე დავბრუნდე.

– გვანცასთან, ხომ?

– კი. გვანცასთან.

– კი. წადი, მაგრამ ძალიან ნუ დაიგვიანებ. ან, სულაც აქ მოიყვანე და ერთად ვივახშმოთ. გემრიელ კერძებს მოვამზადებ.

– დღეს არა. ცოტას გავისეირნებთ. ამ დღეებში კი ნამდვილად მოვიყვან.

– კარგი. მასე იყოს, – მითხრა დედამ და დაამატა, – კარგი გოგოა გვანცა, წესიერი, ზრდილობიანი, ლამაზი. ერთმანეთს ძალიან შეეფერებით და მშვენიერი წყვილი ხართ. ყოველ საღამოს მირეკავს და დიდხანს ვსაუბრობთ. თუმცა, არც გუშინ დაურეკავს და არც გუშინწინ. შენ რომ გელაპარაკე სამი დღის წინ, ბოლოს მაშინ დამირეკა და მითხრა, ახლახან ლადოს ველაპარაკეო.

დედაჩემის სიტყვები, რატომღაც, ცუდად მენიშნა. დედას გავუღიმე, შემდეგ გვანცასთან დავრეკე, მაგრამ მათი ტელეფონი დუმდა. შემდეგ თამაზს – გვანცას მეზობელს, დავურეკე.

– გისმენთ, – მიპასუხა თამაზმა.

– როგორ ხარ, თაზო, ლადო ვარ, – ვუთხარი კალანდაძეს.

ჩემს კლასელს ხმა წაუხდა და ენის ბორძიკით მიპასუხა.

– კარგად. შენ როგორ ხარ?

– მეც კარგად. ბიჭო, გვანცას ვურეკავ და არავინ მპასუხობს. ხომ არ იცი, სადაა?

– თამაზმა რაღაც მიკიბ-მოკიბა და ბოლოს მითხრა:

– მე მგონი, სადღაც წავიდნენ. ორი დღეა, არ ჩანანო.

გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ყურმილი დავდე. სახლიდან გავედი და ტაქსით გვანცასკენ გავეშურე. ეზოდანვე შევნიშნე, რომ მათ ბინაში არავინ იყო, რადგან რკინის ჟალუზები ჩაკეტილი ჰქონდათ. ყოველი შემთხვევისთვის, მათი ბინის კარზე რამდენიმეჯერ მაგრად დავაბრახუნე, თუმცა, არავინ გამოსულა. შემდეგ თამაზ კალანდაძეს მივადექი. კარი თავადვე გამიღო. რომ დამინახა, სახე ეცვალა. მე კი ვუთხარი:

– გამოდი. საქმე მაქვს.

– შემოდი! მარტო ვარ, – მითხრა თამაზმა. გვერდზე გაიწია და ბინაში შევედი.

უკვე ვგრძნობდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა. ამიტომ ყოველგვარი შესავლის გარეშე ვუთხარი:

– რა ხდება, თაზო? სახეზე გაწერია, რომ კარგი ამბავი არ უნდა იყოს. მითხარი, არაფერი დამიმალო!

– გვანცა გათხოვდა, – ხმის კანკალით მიპასუხა თამაზმა.

იმდენად დაუჯერებელი იყო კალანდაძის სიტყვები, რომ გამეცინა და ვუთხარი:

– სისულელეა, შანსი არაა! მაგოიმებ?

– მოიტაცეს, – მძიმედ მითხრა თამაზმა და მაშინღა მივხვდი, თუ რა უბედურება დამატყდა თავს

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...