რომანი და დეტექტივი

უსახელო

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.09

უსახელო
დაკოპირებულია

– ინგული, შვილო, მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალს მომისწარი. ჩემო ლამაზო, სული მძვრება და სათქმელი უნდა მოვასწრო...

– რა დროს სიკვდილია, დეიდა.

– ყურადღებით მომისმინე, შვილო და არ გამაწყვეტინო!

გისმენ, დეიდა.

– ინგული, ჩემო საყვარელო, დედაშენი ავტოავარიაში არ მომკვდარა, ის ჩეჩენმა ნარკომოვაჭრემ, შამილ აბდურაჰმანოვმა გამოასალმა სიცოცხლეს. მაშინ ათი წლის იყავი და ვერც გაიგებდი და არც იყო საჭირო ამის თქმა. ჩემი და უშიშროების თანამშრომელი იყო, ისევე, როგორც მე და ორივე ამ თემაზე ვმუშაობდით. ოლღა ჩეჩნურ მაფიაში იყო ჩანერგილი ღრმად კონსპირირებული და არანაირი ხიფათი არ ელოდა, თუმცა ის თავისიანმა გაყიდა და ასეთი შედეგი დადგა. მე თავიდანვე მივხვდი ამას, მაგრამ მოღალატეს ვერ ვპოულობდი და მხოლოდ შარშანწინ დავადგინე მისი ვინაობა. კომოდის უჯრაში ჩემს წითელ ბლოკნოტს იპოვი და ყველაფერი იქ წერია. შური იძიე, შვილო, არ შეარჩინო იმ ნაძირალას ეს ვერაგობა! სანამ ჯანმრთელად ვიყავი, ვერ ვპოულობდი მას. ხოლო, როცა მივაგენი და შურისძიება დავაპირე, ამ წყეულმა კიბომ დამცა და დამხრა. თუმცა, ის მაინც შევძელი, რომ შამილ აბდურაჰმანოვი საიქიოში გავისტუმრე. ახლა შენ ყველაფერი იცი და მიდი, იმოქმედე, ფრთხილად და ყურადღებით იყავი... მშვიდობით, ჩემო ლამაზო... – თქვა ქალმა და სული განუტევა.

– ნათელა დეიდა! – აღმოხდა ინგას. გარდაცვლილს მკერდზე თავი დაადო და ატირდა.

ინგამ ნათელა ნებიერიძე დის, ოლღა ნებიერიძის გვერდით დაკრძალა კუკიის სასაფლაოზე.

***

30 წლის ინგა ჯორბენაძე ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი იყო. დედის დაღუპვის შემდეგ გოგონაზე მზრუნველობა ნათელა დეიდამ ითავა. ინგამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვაშინგტონის უნივერსიტეტში იურისტის დიპლომი აიღო. შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემია დაამთავრა და სპეციალური აგენტი გახდა. მეხუთე წელიწადი სრულდებოდა, რაც იქ მსახურობდა და ის გამორჩეულ თანამშრომლად მიაჩნდათ. ინგამ არაერთ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და ყველა წარმატებით დაასრულა. საქართველოში ინგა საგანგებო მისიით იყო ჩამოსული. ფედერალები მსხვილი ნარკოტრაფიკის საქმეს იძიებდნენ და კვალმა ისინი კავკასიაზე და კერძოდ თბილისზე გაიყვანა. ინგას ფედერალური სპეცაგენტობის შესახებ მხოლოდ შტატების საელჩოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იცოდა. დანარჩენებისთვის კი გოგონა უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი იყო და სოლიდურ ამერიკულ ფირმას წარმოადგენდა. სამშობლოში გამომგზავრების წინ კურატორმა ჯონ ბორგმა გოგონა ასე დამოძღვრა:

– ინ, ჩემი დარიგება არ გჭირდება, მაგრამ იცოდე, არ მოდუნდე.

– არ მოვდუნდები, ჯო, – მიუგო გოგონამ ბორგს, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლით იყო მასზე უფროსი და მასში ეს პირმშვენიერი გოგონა დიდ სიმპათიებს აღძრავდა.

– მაინც სამშობლოში მიემგზავრები და ამიტომ გეუბნები, ინ, – თქვა ბორგმა და ალერსიანი მზერა მიაპყრო.

გოგონა მშვენივრად ხედავდა ბორგის დამოკიდებულებას მის მიმერთ. არც თვითონ იყო გულგრილი. მაგრამ, უპირატესობას სამსახურს ანიჭებდა და სასიყვარულო ურთიერთობებისგან დროებით თავს იკავებდა.

ჯომ პირადად მიიყვანა ინგა აეროპორტში და თვითფმრინავში ჩაჯდომის წინ უთხრა:

– ინ, შენ ურთიერთობა ვინმე მარატ კაზიევთან გექნება. ის გადაზიდვების სამსახურის მფლობელია და ნარკოტრაფიკშია ჩართული. სინამდვილეში ჩვენი აგენტია. მან არ იცის, რომ შენ ჩვენი თანამშრომელი ხარ თუკი ექსტრემალური სიტუაცია შეგექმნება, დახმარებისთვის მარატს მიმართე. ამ შემთხვევაში საკუთარი თავის გამჟღავნება მოგიწევს. ეტყვი პაროლს: – „ჭაღარა“, მე ვარ „უსახელო“. „ჭაღარა“ მარატის ფსევდონიმია.

„უსახელო“ კი ინგა ჯორბენაძის ფსევდონიმი იყო.

***

ამერიკულ ფირმას, რომელსაც ინგა წარმოადგენდა, „გლობალ ეკონომიკსი“ ერქვა. კავკასიაში მას რამდენიმე ფილიალი ჰქონდა. მთავარი ოფისი კი თბილისში მდებარეობდა და მას მერაბ ზარიძე ხელმძღვანელობდა. ზარიძე უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი იყო. მას იურიდიული განათლება ჰქონდა, რამდენიმე ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდა. საუცხოოდ ერკვეოდა კანონებსა და იურიდიულ ნიუანსებში. ამიტომ, როდესაც მან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ კასტინგში მიიღო მონაწილეობა, ამერიკელებმა ის ულაპარაკოდ მიიღეს სამსახურში.

ზარიძე ძალიან მკაცრი, ზოგჯერ სასტიკი ადამიანი იყო და მცირეოდენ უზუსტობებსაც კი ვერ იტანდა. მას უმნიშვნელო გადაცდენის გამო შეეძლო ხელქვეითის სამსახურიდან გათავისუფლება ისე, რომ წარბსაც კი არ შეიხრიდა. ამიტომ, ფირმის თანამშრომლები მუდამ მომართულნი იყვნენ, არაფერი შეშლოდათ და მაღალანაზღაურებად სამუშაოს არ გამომშვიდობებოდნენ. ფირმის მოხელეები ყოველმხრივ ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას და თუკი ვინმეს კაბინეტში იხმობდა, მასთან შეხვედრის წინ შიში იპყრობდათ. რადგან არ იცოდნენ, იქიდან ისევ თანამშრომლებად გამოვიდოდნენ თუ ადგილის დატოვება მოუწევდათ. მთელ ფილიალში ერთი თანამშრომელიც არ მოიძებნებოდა, რომელიც ზარიძეს თვალს გაუსწორებდა ან სიტყვას შეუბრუნებდა მას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ინგას სწორედ ზარიძესთან მოუწია აუდიენცია და როდესაც მის კაბინეტში შედგა ფეხი, უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკის მწველ მზერას წააწყდა.

– დაბრძანდით, – ცივი ხმით თქვა ზარიძემ, თან სტუმრის თვალიერებას აგრძელებდა.

– მე ინგა ჯორბენაძე გახლავართ, მისტერ ზარიძე, – სუფთა ინგლისურით თქვა გოგონამ, თან კაბინეტის მასპინძელს თვალი თვალში გაუყარა.

– ვიცი. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი მშობლიურ ენაზე ვისაუბრებთ. თუ, რა თქმა უნდა, თქვენთვის პრობლემა არაა, – ინგლისურადვე მიუგო ზარიძემ.

– არანაირი, – ქართულად უპასუხა ინგამ.

– მე თქვენ შესახებ უკვე მაუწყეს და მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ საკითხში გაგარკვიოთ.

– მაშინ დავიწყოთ.

პირველ ეტაპზე ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს ყველა იმ იურიდიული ხელშეკრულების გაცნობა და ანალიზი, რაც ფილიალმა დაუდო სხვადასხვა ფირმებს. აგრეთვე, თქვენი პერსპექტიული გეგმა და კიდევ ინსპექტირება უნდა ჩავატარო სომხეთსა და აზერბაიჯანში. იქაური ოფისების ხელმძღვანელებს შევხვდე და ვესაუბრო.

– კარგი. მაგრამ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა და მარტო გაუმკლავდებით? შემიძლია, ორი-სამი კვალიფიციური თანამშრომელი დაგახმაროთ.

– პირველ რიგში, ხელშეკრულებებით დავიწყოთ და ამ სამუშაოს მარტო გავუმკლავდები, ხოლო თუკი დახმარება დამჭირდება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

– წამოდით თქვენს კაბინეტს გიჩვენებთ და ყველა ხელშეკრულებას იქ მოგიტანენ. თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ან შიდა ტელეფონზე დამირეკეთ, ან ჩემთან შემოდით. აი, ჩემი მობილურის ნომერიც ჩაიწერეთ და თქვენიც ჩამაწერინეთ, – უთხრა ინგას ზარიძემ. შემდეგ მასთან ერთად კაბინეტიდან გამოვიდა. გოგონას მისი ოთახი უჩვენა და უკან გაბრუნდა.

თანამშრომლები გაოცებული უყურებდნენ ამ სურათს, რადგან პირველად იხილეს, თუ როგორ გამოუძღვა ზარიძე ახალ თანამშრომელს კაბინეტიდან და მის ოთახამდე მიაცილა.

***

ინგა მისთვის ჩვეული გულმოდგინებით ათვალიერებდა ხელშეკრულებებს და იქ „ეშვიანის“ კვალს ეძებდა. სწორედ „ეშვიანი“ იყო ის ნაძირალა, ვინც დედამისი გაყიდა და შამილ აბდურაჰმანოვს მოაკვლევინა. ეს სახელი გოგონამ დეიდამისის წითელ ბლოკნოტში ამოიკითხა. იქვე ეწერა, თუ როგორ იძია შური ნათელა ნებიერიძემ თავისი დის გამო. ქალს აბდურაჰმანოვის მოხელთება და სასტიკად მოკვლა სურდა. მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ჩეჩენი ნარკობარონივით გადაადგილდებოდა და ახლოს არავის იკარებდა. ამიტომ ნათელა ნებიერიძემ სხვა გზა აირჩია. აბდურაჰმანოვს ერთ-ერთ რესტორანთან ჩაუსაფრდა. მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანა მოიმარჯვა და 600 მეტრიდან ფუგასური ტყვიით თავი წააცალა... „ეშვიანზე“ კი მას შემდეგ გავიდა, როდესაც მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციები გააანალიზა და ერთ-ერთ სისხლიან ტერაქტში „ეშვიანის“ კვალს მიაგნო. საქმე ეხებოდა მსხვილი ნარკომოვაჭრის, ილჰამ ალდამოვის მოკვლასა და მისი ოჯახის განადგურებას. წლების წინ ამ კაცის ფეშენებელური „ჯიპი“ აფეთქდა და იქ მჯდომი ალდამოვის მეუღლე, სამი შვილი და მძღოლი დაიღუპნენ. თავად ილჰამი კი მანქანაში არ მჯდარა და ბოლო მომენტში იმან იხსნა, რომ ერთ-ერთმა მუსლიმმა რელიგიის მსახურს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. უტყუარი ფაქტები იმაზე მიანიშნებდა, რომ მანქანა ოლეგ ხოხლოვმა დანაღმა და ააფეთქა. ეს ადამიანი იყო ერთადერთი სპეციალისტი, ვისაც ამის გაკეთება ფიზიკურად შეეძლო, რადგან ალდამოვთან იყო ჩანერგილი „ეშვიანის“ მიერ და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. უკვე კიბომოკიდებულმა ნათელა ნებიერიძემ ხოხლოვი პირისპირ მოიხელთა და პირდაპირ მიახალა – ალდამოვის ოჯახი, „ეშვიანის“ ბრძანებით, შენ ამოწყვიტე და ან დაადასტურე ეს, ან უარყავიო. ხოხლოვმა ეს ფაქტი დაადასტურა, ნათელას ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან „ეშვიანი“ მას მისი და მისი ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრა. ხოხლოვის თქმით, ამ ტერაქტის მიზანი ალდამოვის ლიკვიდაცია იყო და არ იცოდა, რომ ილჰამი ბოლო მომენტში მანქანაში არ ჩაჯდა. ხოხლოვმა ისიც დაამატა, რომ ოლღა სწორედ „ეშვიანმა“ ჩაუშვა აბდურაჰმანოვთან, რადგან საკუთარი თავის გამჟღავნების შეეშინდა. „ეშვიანი“ ჩეჩნურ მაფიაში იყო ჩანერგილი და ოლღას სწორედ ის კურატორობდა. ქალი ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა. შეძლო, „ეშვიანის“ გაშიფვრა და თავიდან მოიშორა თავისი კოლეგა. ამ აღიარებიდან სამ დღეში ხოხლოვი მთვრალ მდგომარეობაში მატარებლის ქვეშ მოყვა და დაიღუპა. ნათელა კი უკვე საკმაოდ მძიმედ იყო ავად, თან აღარც უშიშროებაში მუშაობდა და ჩანაწერების გაკეთებაც ძლივს მოახერხა. ქალმა იცოდა, რომ მისი დისშვილი ფედერალი იყო და მთავარი შურისძიება სწორედ მას გადააბარა. ინგამ, ერთი მხრივ, უკვე იცოდა დედამისის ჩამშვების ვინაობა და მისი მოკვლა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ არ ჩქარობდა და საჭირო მომენტს ეძებდა, მეორე მხრივ კი, „ეფბეერის“ ოპერაცია უნდა დაესრულებინა და ყველაფერი დაწვრილებით გაეგო. დიდი ალბათობა იყო, რომ „ეშვიანი“ ამ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო და მისი დროზე ადრე ლიკვიდაცია საქმეს გააფუჭებდა. „უსახელოს“ კი ასეთი რამ არ სჩვეოდა, ის ყოველთვის უშეცდომოდ მოქმედებდა. სწორედ ამიტომ ეძებდა ამ ხელშეკრულებებში „ეშვიანის“ სავარაუდო დანაშაულებრივ მონაწილეობას და თანამიმდევრულად მიდიოდა დასახული მიზნისკენ. დეიდას ჩანაწერებდან ინგამ ისიც შეიტყო, რომ ცოლ-შვილის ტრაგიკულად დაღუპვის მერე ილჰამ ალდამოვი მთლიანად ჩამოშორდა კრიმინალურ საქმიანობას. რელიგიაში გადაინაცვლა და მოლა გახდა. გოგონამ თავის გეგმაში ეს მომენტიც გაითვალისწინა.

ინგას ძალისხმევამ წარმატება მოიტანა. გოგონამ მიაგნო „ეშვიანის“ კვალს. მართალია მისი დანაშაული ამ საბუთებში არ ჩანდა, მაგრამ მუშაობა იყო საჭირო და გოგონამ მუშაობა გააათკეცა. როდესაც ხელშეკრულებების განცობა და ანალიზი დაასრულა, მერაბ ზარიძესთან მივიდა და უთხრა:

– ბატონო მერაბ, ერთი ორი უმნიშვნელო ლაფსუსის გარდა, ყველაფერი წესრიგშია. ამიტომ, საგანგაშო არაფერია. ახლა კი ერთი დამხმარე გამომიყავით, ვინც კავკასიურ ტურნეში წამომყვება და ინსპექტირებაში დამეხმარებაო

ზარიძემ მისთვის ჩვეული მანერით გამოიძახა ერთ-ერთი თანამშრომელი და და ინგას უთხრა:

– გაიცანით, ზურაბ კაშია. ჩვენი თანამშრომელია საზოგადოებასთან ურთიერთობების დარგში. ჩვენს ფილიალურ სტრუქტურას ის კარგად იცნობს და ბაქოსა და ერევანში გეახლებით.

რამდენიმე საათის მერე კაშია და ინგა ბაქოსკენ მიემგზავრებოდნენ „ჯიპით“, რომლის საჭესთან გოგონა იჯდა.

***

– აბა, რატომ დამიბარე ასე სასწრაფოდ, რა ხდება? – იკითხა ახალმოსულმა და სავარძელში მოკალათდა.

– ხიფათს ვგრძნობ და ამიტომ, – მიუგო დამხვდურმა, რომელიც ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას.

– რა ხიფათს, დააკონკრეტე.

– ვაშინგტონმა რევიზორი გამოგვიგზავნა და ჩვენს ქაღალდებში იქექება. ყველა ხელშეკრულება გულდასმით შეისწავლა.

– მერე რა? – მხრები აიჩეჩა ახალმოსულმა და დაამატა, – ჩვეული საქმიანობაა და ამან დაგაპანიკა?

– რა ვიცი, რა ვიცი... ისეთი ინტუიცია მაქვს. თითქმის არასდროს ვცდები.

– ცდები და ნერვები დაიწყნარე. ქაღალდები წესრიგშია და ნუ პანიკიორობ.

– სინამდვილეში სხვა რამეში რომ იყოს საქმე?

– რა სხვა რამეში? გარკვევით თქვი.

– არ ვიცი, მაგრამ, ასე რომ იყოს?

– რას გულისხმობ მაინც?

დამხვდურმა მხრები აიჩეჩა და ბოლთის ცემა განაგრძო. პაუზის მერე კი შეჩერდა და თქვა:

– მაგალითად, ის, რომ ჩვენზე გამოსვლა ხომ არ უნდათ და ხელშეკრულებების შემოწმება მხოლოდ შირმაა?

– რის შირმა, რას მიედ-მოედები. როდის იყო საქმის გახსნას ქაღალდების ქექვით ცდილობდნენ. საბჭოთა კავშირი ხომ არაა, „ობეხე“ რომ ყალბი ფაქტურებით ხალხს მაყუთს აწერდა? ამერიკელები სხვანაირად მუშაობენ, შენ მასწავლი მათ სტილს?

– ჰო, შენ სულ სხვა სტილით მუშაობ. საკუთარ თანამშრომლებს უშვებ და ისე აბრედინებ მათ ან პარტნიორებს მანქანებს უფეთქებ და მათ ცოლ-შვილს ანადგურებ. ჰა, რას იტყვი, „ეშვიანო“, ცილს გწამებ?

„ეშვიანს“ სახე წამოეჭარხლა, მაგრამ თავი შეიკავა და თქვა:

– საქმეს სჭირდებოდა და ამიტომ მოხდა ასე. ისინი რომ არ მიმებრიდა, ახლა ჩვენი დუხიც არ იქნებოდა.

– ჩვენი დუხიც არ იქნებოდა, – გამოაჯავრა „ეშვიანი“ ბოლთის მცემელმა და დააყოლა, – და თუ იცი, ვინ იქექება ჩვენს საბუთებში?

– ვინ? – დაინტერესდა „ეშვიანი“.

– ვინ და ოლღა ნებიერიძის შვილი. იმ შენი ხელქვეითისა, ვინც შენ აბდურაჰმანოვთან ჩაუშვი და მოაკვლევინე.

– რას ამბობ, მართლა?

– კი, მართლა.

– რა საოცარი დამთხვევაა.

– დამთხვევა რომ არ იყოს და ინტუიცია არ მატყუებდეს. მაშინ?

– დამშვიდდი, ნუ პანიკიორობ. ჩვენზე გამოსვლა არც თუ ისე იოლია და ნერვებს თუ არ მოთოკავ, შეიძლება, მართლა დავიწვათ, – თქვა „ეშვიანმა“ და დააყოლა, – ოლღას შვილს, მე მგონი, ინგა ჰქვია. ერთხელ მყავს ნანახი. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო.

– კი. ეგაა.

– აქ, რა სტატუსითაა ჩამოსული?

– ჩვენი ფირმის იურისტია.

– დიდი ხნით ჩამოვიდა?

– აბა, მე რა ვიცი. ხელშეკრულებების შემოწმება დაასრულა. ახლა კი ზურა კაშიასთან ერთად ბაქოსა და ერევანშია წასული ოფისების ინსპექტირებაზე, – თქვა დამხვდურმა. შემდეგ თავი გააქნია და ბოლთის ცემა განაგრძო, თან დაამატა, – არა, არ მომწონს მე ეს ყველაფერი. აქ რაღაც სხვა რამეშია საქმე. ინტუიცია მკარნახობს.

– მოკლედ ასე ვქნათ, დავაკვირდეთ. გავაანალიზოთ მისი საქმიანობა, ვნახოთ, საით უმიზნებს და გადაწყვეტილებაც შემდეგ მივიღოთ. შენ კი დამშვიდდი და ისე გააგრძელე მუშაობა, ნერვიულობა არავინ შეგნიშნოს. გაიგე?

– გავიგე, გავიგე.

– და კიდევ ერთი, – „ეშვიანი“ აღარ დამიძახო. ეს ჩემი ოპერატიული ფსევდონიმი იყო და წარსულს ჩაბარდა. ჯერ მე გავალ, ნახევარ საათში კი შენ დაიძარი.

„ეშვიანი“ გასასვლელისკენ დაიძრა და კონსპირაციული ბინა უხმაუროდ დატოვა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი