რომანი და დეტექტივი

უფასო ძიძა

№51

ავტორი: ნია დვალი 20:00 02.01

უფასო ძიძა
დაკოპირებულია

მაკას ვასიკო პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა და თავადაც ვერ მიხვდა, რატომ, თუმცა ამ ამბავს თავისი საფუძველი ჰქონდა: მაკამ ბავშვობაში შემთხვევით მოჰკრა ყური ამბავს ერთი ნახვით შეყვარების შესახებ და იმდენად ღრმად ჩაებეჭდა გონებაში, რომ სწორედ ერთი ნახვით მოდის სიყვარული, თავადაც ვერ მიხვდა, როგორ დაუქვემდებარა ამ თეზას ყველაფერი. ვასიკო მაკაზე მხოლოდ ხუთი წლით იყო უფროსი, მოწესრიგებული, თავდაჯერებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყოველთვის დამაჯერებლად საუბრობდა. მცირე ბიზნესი ჰქონდა, საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა ჰყავდა და ყოველთვის უზადოდ გამოიყურებოდა. რაც მთავარია, ფლობდა იმ იშვიათ ნიჭს, რომელიც ქალს აგრძნობინებს, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია მთელ სამყაროში.

მაკა ვასიკოთი მაშინვე მოიხიბლა, როგორც კი დაინახა. ვასიკოც ლამაზად ევლებოდა თავს თავის რჩეულს: თაიგულებს უგზავნიდა, სატელეფონო მოკითხვებს არ აკლებდა, არც რესტორნებში ვახშმობას, არც კომპლიმენტებს და არც საჩუქრებს. ამ ყველაფერმა მაკას, უბრალოდ, თავბრუ დაახვია და საღად მსჯელობის უნარი სრულიად დააკარგვინა. მაკას მთელი თავისი არსებით სჯეროდა, რომ, როგორც იქნა, შეხვდა იმ ერთადერთ სანდო მამაკაცს, ვინც მისთვის ჰყავდა ღმერთს შერჩეული და ვისთან ერთადაც მშვიდად გაატარებდა მთელ ცხოვრებას. ისინი გაცნობიდან ექვსი თვის თავზე დაქორწინდნენ. მაკას მშობლებიც მოხიბლული იყვნენ ვასიკოს გალანტურობითა და ყურადღებით და, რადგან მაკა მათი გვიანი შვილი იყო, ანუ მაკას მშობლები საკმაო ასაკში იყვნენ, მაინცდამაინც, არ მიუქცევიათ ყურადღება, რომ მომავალ სიძეს მათთვის არც თავისი მშობლები გაუცვნია, არც ნათესავები და არც არასდროს დაუპატიჟია ისინი თავის ბინაში. ასე იყო თუ ისე, მათთვის ყველაფერი იდეალურად ჩანდა და ახალდაქორწინებულები ქორწილის დღესვე გაემგზავრნენ მალდივებზე. მაკამ ზღაპრული შვიდი დღე გაატარა და, საბოლოოდ, ეჭვიც კი შეეპარა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა. მაგრამ, ვინაიდან ყველაფერი მთავრდება, ზღაპრის ეს მონაკვეთიც დასრულდა.

– ახლა ჩვენი სახლიც უნდა გაჩვენო, – გაუღიმა ვასიკომ ცოლს, როდესაც ბარგი აიღეს და ტაქსიში ჩასხდნენ. მაკამ გაიღიმა და წარმოიდგინა დიდი და ნათელი ბინა, სადაც ისინი თავიანთ ბედნიერ ოჯახს შექმნიდნენ. მაგრამ, როდესაც ბინის კარი გაიღო, მაკას წარმოდგენები გაცამტვერდა. შესასვლელში ორი წყვილი საბავშვო სპორტული ფეხსაცმელი ეყარა და მთელ სახლში ბავშვების სიცილი ისმოდა. მაკა დაიბნა. ვასიკომ გაიღიმა:

– ჩემი შვილები არიან: სანდრო და ქეთი.

მაკა კიდევ უფრო დაიბნა: შენ მითხარი, რომ ისინი დედასთან ცხოვრობენ.

– არა, ჩემთან ცხოვრობენ. ჩემი ყოფილი ცოლი ცოტა რთული შემთხვევაა, ბავშვებთან მიახლოება ავუკრძალე, კანონით, რა თქმა უნდა, - ვასიკოს წარბიც არ შეუხრია, – ბავშვებს ვერ უვლიდა, ამიტომ ჩემთან წამოვიყვანე.

ამ დროს შემოსასვლელში, დაახლოებით, ექვსი წლის გოგონა შემოვარდა და მაკა რომ დაინახა, გაშეშდა.

– მამა, ეს ვინ არის?

– ეს მაკაა, – ვასიკომ შვილი ხელში აიყვანა, – თქვენი ახალი დედა.

მაკა გაოგნებული უსმენდა მამა-შვილის დიალოგს. მან თავისი ახალი სტატუსის შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც მარტონი დარჩნენ, ვასიკოს ჰკითხა:

– აქამდე რატომ არ მითხარი ამის შესახებ?

– ვიფიქრე, რომ ეს დაგაფრთხობდა და ცოლად აღარ გამომყვებოდი. მაგრამ შენ იმდენად კეთილშობილი ადამიანი ხარ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ მიიღებდი.

პირველი კვირა მაკა თითქოს ბურუსში ცხოვრობდა – ქეთი ეჭვით აკვირდებოდა, სანდრო მუდმივად მამას კითხულობდა, მამა კი თითქოს გამოცვალესო: მომთხოვნი გახდა და ყველაფერზე ღიზიანდებოდა. მაკასადმი მისი ზრუნვა და ყურადღება სადღაც გაქრა და მისი ადგილი მაკასგან ოჯახზე ზრუნვის პრეტენზიებმა ჩაანაცვლა.

მეორე კვირის დასაწყისში ვასიკომ ძიძა გაათავისუფლა და საზეიმოდ გამოაცხადა:

– ახლა ბავშვებს უკვე ჰყავთ დედა, რომელიც არ მუშაობს.

– მაგრამ მე არ ვაპირებდი ძიძობას, – ვერ შეიკავა თავი მაკამ.

– რა შუაშია ძიძობა?! – გაიკვირვა ვასიკომ: ესენი შენი შვილებიც არიან.

მაკა ლამის მთელ თავის დროს სამზარეულოში ატარებდა და ცალი თვალი ფანჯრისკენ ეჭირა, ვასიკოს ელოდებოდა, რომელიც ახლა უკვე მუდმივად იგვიანებდა, აღარც ყვავილებს ჩუქნიდა და აღარც კომპლიმენტებს იმეტებდა. ისინი პრეტენზიებმა შეცვალა. მაკა თითქოს ხაფანგში მოხვდა, მაგრამ იმდენად იყო დაბნეული, რომ თავს ვერ ითავისუფლებდა და თავადაც ვერ აეხსნა, თუ რატომ ითმენდა ამდენს.

რადგან ვასიკო სახლში გვიან ბრუნდებოდა, როდესაც მაკა იმდენად იყო დაღლილი, რომ არაქათი ჰქონდა გამოცლილი და ეძინა, გადაწყვიტა, დისტანციური სამსახური ეპოვა და გაუმართლა კიდეც. ეს ქმრისთვის არც უთქვამს, იმიტომ რომ სამუშაოს ვასიკოს მოსვლამდე ასრულებდა.

ვასიკო ჯერ ერთხელ არ მოვიდა სახლში, შემდეგ კი ეს ერთგვარ ტრადიციად ექცა. მიზეზი ბანალური იყო – საქმეები ან მივლინება. მაკა თავს არ უტყდებოდა, თუმცა გრძნობდა, რომ ის ცოლად და საყვარელ ქალად არავის აურჩევია, მხოლოდ ძიძად და ოჯახში დამხმარე ქალად. მთელ დღეებს ბავშვებთან ერთად ატარებდა, მათთან ერთად ამზადებდა გაკვეთილებს, მათთან ერთად სეირნობდა, გამოჰყავდა ისინი ბაღიდან და სკოლიდან და რაც უფრო ეჯაჭვებოდა ბავშვებს, მით უფრო შორდებოდა მას ვასიკო.

ერთხელაც ვასიკოს პერანგზე სუნამოს სუნი იგრძნო.

– უკვე მღალატობ კიდეც?

– სისულელეებს ნუ ამბობ, – ჩაიცინა პასუხად ვასიკომ.

მაკას აღარაფერი უთქვამს და არა იმიტომ, რომ ქმარს დაუჯერა, არამედ მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა. მეორე დილას ვასიკო სამსახურში წავიდა და ერთი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა. არც დაურეკავს და არც მაკას სატელეფონო ზარებისთვის უპასუხია. შემდეგ კი დაბრუნდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

მაკა რობოტივით ცხოვრობდა, რომელსაც დილით ვიღაც დაქოქავდა და სამუშაოდ მომართავდა: ყველაზე ადრე დგებოდა, საუზმეს ამზადებდა, ბავშვები სკოლასა და ბაღში მიჰყავდა. შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და თავის სამუშაოს შეუდგებოდა ხოლმე, რაც მისთვის ერთგვარ მაშველ რგოლად იქცა, მხოლოდ მუშაობისას გრძნობდა თავს ადამიანად.

***

მაკა იმ დღესაც ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც ეზოში უცხო, საკმაოდ მოზრდილი „ჯიპი“ შემოვიდა. მაკამ ამიტომაც მიაქცია ყურადღება. საჭესთან ქალი იჯდა და მოულოდნელად მძღოლის გვერდითა კარიდან ვასიკო გადმოვიდა. მაკა დაიბნა და მაშინაც კი ვერ ამოიღო ხმა, როდესაც ვასიკო შემოვიდა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო.

– სასწრაფო, დაუგეგმავი მივლინებაა, – მოკლედ უთხრა ცოლს.

– დაუგეგმავი?! – მექანიკურად გაიმეორა მაკამ.

– დაუგეგმავი, მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდები, იმიტომ რომ არასდროს გიმუშავია და არ აგიღია ფინანსური პასუხისმგებლობა სხვებზე.

მაკას მეტი არაფერი უთქვამს. ჩუმად აკვირდებოდა, როგორ ნაჩქარევად ალაგებდა ვასიკო ნივთებს. აკვირდებოდა და, საბოლოოდ, გამოუტყდა თავს, რომ ამ სახლში ის უხელფასო მოსამსახურედ შემოიყვანეს.

– მთელი ამ ხნის განმავლობაში მეთამაშებოდი? – დაარღვია სიჩუმე მაკამ.

- არა. შენ აგირჩიე იმ როლისთვის, რაც შენია. ამ სახლში მხოლოდ ვალდებულებებია.

– და ბავშვები?! – მაინც იკითხა მაკამ.

– ბავშვები შენები არიან, თუ შენ ასე გინდა, – ვასიკომ მაკას გაუღიმა და გავიდა.

მაკა მარტო დარჩა სიჩუმესთან ერთად. მეორე დღეს კი ისევ ყველაზე ადრე ადგა. მოამზადა საუზმე და ბავშვები სკოლასა და ბაღში წაიყვანა. თავს მშვიდად გრძნობდა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამშვიდებდა, რომ ბავშვებს ის სჭირდებოდათ და მათგან სიყვარულს გრძნობდა.

***

ვასიკო ლამის სრულად გაქრა მათი ცხოვრებიდან. სულ უფრო და უფრო იშვიათად მიდიოდა სახლში. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მაკა აღარ ელოდებოდა. მთლიანად ჩაეფლო ბავშვებთან ერთად ცხოვრებაში, თითქოს ახალი სამყარო აღმოაჩინა. თავს მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანად გრძნობდა – ბავშვები მას ენდობოდნენ.

ერთ საღამოსაც, როდესაც მაკა დივანზე იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, ქეთი მივიდა და ჩაეხუტა:

– მიხარია, რომ ჩვენთან გაჩნდი.

მაკამ გოგონა მუხლებზე დაისვა და მაგრად ჩაეხუტა, მისი სიყვარული ვასიკოსადმი, აღტაცება, აღფრთოვანება სადღაც გაქრა და დარჩა ორი წყვილი თვალი, რომლებიც მას იმედით უყურებდნენ. ამან მაკას სიმშვიდე მოჰგვარა და ძალის უჩვეულო შემოდინებაც იგრძნო. მაკა მიხვდა, რომ, თუმცა მისი ილუზიები ვასიკოსადმი დაიმსხვრა, მათი ადგილი სიყვარულის უჩვეულო ფორმამა დაიკავა, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს განეცადა და ეს იყო ყველაზე ნამდვილი გრძნობა, რაც კი ოდესმე განუცდია. მათ ბინაში სიმშვიდე და ხალისი ორგანულად შეერწყა ერთმანეთს. მაკა ვასიკოს აღარ ელოდებოდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვასიკო ყოველთვიურად ბეჯითად ურიცხავდა თანხას ბარათზე ხარჯებისთვის. მაკა თავის ხელფასსაც ინახავდა და ვასიკოს მიერ გადმორიცხულ თანხასაც ზოგავდა, ვინაიდან არ იცოდა, როდის გაქრებოდა ვასიკოც და მის მიერ გადმორიცხული თანხაც. მით უფრო, რომ უფრო სარფიანი დისტანციური სამსახურიც იპოვა და ანაზღაურებაც გაეზარდა.

ის უფრო სერიოზულ დისტანციურ სამუშაოზე მოეწყო. თავისი სამყარო შექმნა, რომელშიც მშვიდი ბედნიერება ცხოვრობდა.

ერთ საღამოსაც ვასიკო გამოეცხადათ.

– არ უნდა მომიკითხოთ, ამდენი ხანია, რომ არ გამოვჩენილვარ? – ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა. ბავშვები არც კი შეგებებიან, არც მაკა წამოწეულა ადგილიდან. – აბა, როგორ მოგწონს შენი სამსახური? – პირდაპირ ჰკითხა მაკას.

– მშვენიერია, – მშვიდად უპასუხა მაკამ და გაუღიმა. ვასიკო დაიბნა, ვინაიდან მიხვდა, რომ აქ არც ის აინტერესებდა ვინმეს და არც მისი აზრი. მაკაც შეცვლილიყო, აღარ ჰგავდა იმ გულუბრყვილო გოგონას, რომელსაც იოლად მართავდა. ვასიკომ ცოტა ხანს იარა ოთახებში და ისევ წავიდა.

***

მათ ბინაში სტუმრები არასდროს მოდიოდნენ. მაკა არც თავის მშობლებს ეპატიჟებოდა და, რატომღაც, არც ისინი ლამობდნენ სიძისა და ქალიშვილის მონახულებას. დედამისი ურეკავდა ხოლმე შიგადაშიგ და მოიკითხავდა. მაკას უკვირდა, მაგრამ არაფერს აზუსტებდა. იმ საღამოს, როდესაც ბავშვებს უკვე ეძინათ, მაკას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა: „თქვენ მე არ მიცნობთ, ლალი მქვია. ქეთისა და სანდროს დედა ვარ. შეძლებთ, რომ ხვალ შევხვდეთ?“ მაკა დაიბნა, მერე კი რამდენჯერმე გადაიკითხა შეტყობინება. შემდეგ სამზარეულოში გავიდა და ვიდეოზარით დაურეკა შეტყობინების გამომგზავნს. მაშინვე უპასუხეს და მაკამ დაინახა ახალგაზრდა ქალი, ძალიან დაღლილი გამომეტყველებით.

– ვიცი, უცნაურად მოგეჩვენებოდათ, რაც მოგწერეთ...

– თქვენ ხომ მიატოვეთ შვილები? – შეაწყვეტინა მაკამ.

– არა, მე ისინი არ მიმიტოვებია.

მეორე დღეს, როდესაც ბავშვები ბაღსა და სკოლაში დააბინავა, მაკამ ტაქსი გააჩერა და ლალის მიერ მითითებულ მისამართზე მივიდა. თუმცა გადაწყვეტილება მაშინვე არ მიუღია. მთელი ღამის განმავლობაში ფიქრობდა და, ბოლოს, გადაწყვიტა, ეცადა... ბავშვების ხათრით, იმიტომ რომ, როგორც უნდა შეყვარებოდათ მათ მაკა, დედას ვერავინ შეცვლიდა.

ლალიმ და მაკამ იოლად გაუგეს ერთმანეთს და მაკა მიხვდა, რომ აუცილებლად უნდა დახმარებოდა ამ ქალსა და მის შვილებს. იმავე საღამოს დაუკავშირდა ადვოკატს და გაყრის დეტალები დააზუსტა. ვასიკომ იმავე საღამოს დაურეკა.

– ხომ არ დაგავიწყდა, რომ ბავშვები შენი შვილებიც არიან? – ჰკითხა ცინიკურად: თუ გავეყრებით, შენ მოგიწევს მათზე ზრუნვა. მე ალიმენტს გადავიხდი, ბინაში იცხოვრეთ, მაგრამ ჩემს საკუთრებად დარჩება...

მაკას ჩაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია, მშრალად უპასუხა: სასამართლოში შევხვდებით.

– არ არის საჭირო ეს პათეტიკა, სასამართლომდე მოვრიგდეთ, – შესთავაზა ვასიკომ.

მაკა გულში გამარჯვებას ზეიმობდა.

***

ვასიკომ მოინდომა და ყველაფერი ერთ თვეში მოგვარდა მხარეებს შორის მორიგებით: ბავშვები დარჩნენ მაკასთან ვასიკოს ბინაში საცხოვრებლად, ვასიკომ კი თავის თავზე აიღო მათი რჩენის ვალდებულება. მაკა გულში ზეიმობდა გამარჯვებას, თავის მხრივ, გამარჯვებას ზეიმობდა ვასიკოც: იცოდა, რომ მაკას არც სამსახური ჰქონდა და არც სადმე წასასვლელი, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ ყოფილ ცოლსაც გადაუხადა სამაგიერო – შვილები წაართვა და ყველაზე იაფფასიანი ძიძა და შინამოსამსახურეც გაინაღდა ერთ პაკეტში. ვასიკო მორიგებაზე არც გამოცხადებულა, ისევე, როგორც არც მაკა. მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა ყოფილ ცოლს, როდესაც ყველაფერი დასრულდა და მკაცრად უთხრა: მე ხანდახან შემოვივლი ხოლმე, რომ შევამოწმო, როგორ ასრულებ შენს მოვალეობებს. მაკას არაფერი უპასუხია, ვინაიდან ის ამ ამბის ბოლოს ხედავდა, როგორ დარჩებოდა მისი ყოფილი ქმარი პირში ჩალაგამოვლებული. ბავშვებს გადახედა: ორივე მომზადებული იყო. ტანსაცმელი უფრო ადრე ჩაულაგა მათ, სათამაშოებიც და შეუმჩნევლად ლალისთან გაზიდა. ორივენი ძალიან უყვარდა და ეძნელებოდა მათთან განშორება, მაგრამ იცოდა, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ დედასთან იგრძნობდნენ თავს.

– ძალიან მადლიერი ვარ შენი, – ლალის თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

მაკა იდგა, სანამ თვითმფრინავი ჰაერში არ აფრინდა და ღრუბლებში არ გაუჩინარდა. შემდეგ შვებით ამოისუნთქა, მხრებში გაიშალა და სახლში წავიდა.

– გააცილე? - ჰკითხა დედამისმა.

მაკამ თავი დაუქნია.

– მაინც რატომ დამიმალე, რომ ყველაფერი იცოდი?

– შენს გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა, ისე იყავი შეყვარებული. სამაგიეროდ, ბლომად ფული დავცინცლე.

– დედაა...

– რა დედა?! რატომაც არ უნდა დამეცინცლა, როდესაც ჩემი შვილი გამოაშტერა და გამოყენებას აპირებდა?! ბოლოს და ბოლოს, ეს მორალური კომპენსაციაა.

მაკა დედამისს უყურებდა და ყურებს არ უჯერებდა: ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დედამისს შეეძლო, ასე მოქცეულიყო. მეტიც, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ თავად მოიქცეოდა ასე. მაკა იღიმებოდა, საკუთარ თავს უღიმოდა, ვისაც ახლა თავიდან ეცნობოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი