რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.04

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-13 (1213)

***

კომისრის მძიმე ნაბიჯებისგან კიბე აჭრიალდა. ათი წუთის შემდეგ ემამ ზევით აიტანა საუზმით გაწყობილი ლანგარი. საერთო დარბაზში ლაპარაკი თანდათან მიჩუმდა. ერთი ჟურნალისტთაგანი ტელეფონთან გამოიძახეს. დაბრუნებისას მან განაცხადა: დაახლოებით, ოთხ საათზე მე გაცნობებთ შემაძრწუნებელ ახალ ამბავს. ჯერჯერობით კი ლოდინი მოგიხდებათ, გასაგებია?

პატარა მაგიდის კუთხეში ინსპექტორი ლერუა იჯდა. იგი ჭამდა აუჩქარებლივ, როგორც კარგად აღზრდილი ახალგაზრდა კაცი. ბაზრის მოედანზე თავი მოეყარათ ცნობისმოყვარეთ, ისინი ახალი ამბების მოლოდინში თვალს არ აშორებდნენ კაფეს. ჩიხის კუთხეში, სწორედ იმ ადგილზე, სადაც დაპატიმრებული მაწანწალა გაექცათ, ზურგით კედელს მიყრდნობილი მორიგე ჟანდარმი იდგა. ტელეფონმა გაიწკრიალა.

– ბატონი ქალაქის მერი სთხოვს კომისარ მეგრეს!

ლერუა აფორიაქდა და ემას უბრძანა:

– ადით მაღლა და კომისარს დაუძახეთ!

ერთი წუთის შემდეგ ოფიციანტი ქალი დაბრუნდა და განუცხადა:

– ის ოთახში არ ბრძანდება!

ისპექტორმა თავქუდმოგლეჯით აირბინა კიბე, შემდეგ მიტკალივით გადაფითრებული ჩამოვიდა ძირს და ყურმილს წაეტანა.

– ალო!.. დიახ, ბატონო მერო. არ ვიცი, ბატონო მერო... მე... მე... ძალიან ვწუხვარ, კომისარი აქ არ გახლავთ. იგი თავის ოთახში საუზმობდა... არ შემინიშნავს რომ ჩამოსულიყო... ერთი საათის შემდეგ დაგირეკავთ...

ინსპექტორი ლერუა თავის ოთახში მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა. მაგიდაზე იდო მორზეს ანბანით დაშიფრული ბარათი: „დღეს საღამოს, თერთმეტი საათის შემდეგ შეუმჩნევლად გამოძვერით სასტუმროს სახურავზე. მე იქ ვიქნები. არ იხმაუროთ. იარაღი თან იქონიეთ. თქვით, რომ მე ბრესტს გავემგზავრე და იქიდან დაგირეკეთ. სასტუმროდან არსად გახვიდეთ. მეგრე“

კიბე მხოლოდ მეორე სართულამდე ადიოდა, ამიტომ სხვენში ასვლა მხოლოდ იმ მისადგმელი კიბით შეიძლებოდა, რომელიც ჭერის სარქველთან იყო მიდგმული. იქ ძალიან ციოდა. ირგვლივ ყველა საგანი ყინულივით იყო, თუნუქის სახურავთან შეხებისას თითები ეთოშებოდა. ლერუა ნანობდა, რომ პალტო არ ჩაიცვა. როდესაც თვალი სიბნელეს მიეჩვია, ლერუამ თავის წინ დაინახა შავი ლოდი, თითქოს რომელიღაც უზარმაზარი მხეცი ჩასაფრებულიყო, წამიც და იგი მეგრეს გვერდით იჯდა და ლანჩებით სახურავის კარნიზს ებჯინებოდა. კომისრის მასიური სხეული შეირხა და უფრო ახლოს მოცოცდა. მეგრეს პირი ინსპექტორის ყურთან აღმოჩნდა.

– ფრთხილად, ლერუა! ნუ ინძრევით. ლავგარდანი არც ისე მაგარია, და წყალსაწრეტმა მილმაც ყოველ წუთს შეიძლება, დაიგუგუნოს... სად არიან ჟურნალისტები?

– ქვევით. ყველა იქაა, ერთის გარდა. ის ბრესტისკენ გაემგზავრა, ფიქრობდა, რომ თქვენ გოიარის კვალს დაედევნეთ...

– ემა სადღაა?

– არ ვიცი, ყურადღება არ მიმიქცევია... მან სადილის შემდეგ ყავა მომიტანა. შემდეგ აღარ მინახავს.

– ფრთხილად მოტრიალდით და შეხედეთ უპატრონოდ მიტოვებულ სახლს.

ეს სახლი სასტუმროსავით მაღალ რამდენიმე შენობას შორის ერთ-ერთი გახლდათ. ის სქელი, ხავერდოვანი სიბნელით იყო გარემოცული.. სუსტი სინათლე ცარიელი სახლის შიგნით ენთო, ინსპექტორი კვლავ დაჟინებით ჩასცქეროდა და ოთახში ცოტა რამ გაარჩია – დაინახა ლინოლეუმით დაფარული იატაკი, ნახევრადჩამწვარი სანთელი.

– ის აქ არის! – მოულოდნელობისაგან თითქმის ხმამაღლა თქვა ლერუამ.

– სსს... ცხადია!

მართლაც, ოთახში ვიღაც გაწოლილიყო იატაკზე. სანთელი მხოლოდ ერთი მხრიდან ანათებდა მწოლიარეს, ამიტომ მისი სხეულის ნახევარი სიბნელეში იყო ჩაძირული. ისინი ხედავდნენ მძლავრ ტანს, რომელზეც შემოტმასნილი იყო მატროსის ზოლებიანი პერანგი და უზარმაზარ ფეხსაცმელს.

– დავაკავოთ?

– არ ვიცი. მას უკვე სამი საათია, სძინავს.

მათ ძლივს ესმოდათ ერთმანეთის ჩურჩული, რომელიც მათს ფრთხილ სუნთქვას შეერწყმოდა.

– ყურადღება! უკაცრიელი სახლის კედელზე უცებ გაჩნდა ყვითელი მართკუთხედი, – ეს სწორედ ჩვენ ქვეშ, ემას ოთახში, აანთეს სინათლე. და გამონაშუქი მოპირდაპირე სახლის კედელს ხვდება. მერე ქალმა შუქი ჩააქრო...

– დაბლა ჩაიხედეთ!

– ვხედავ...

შავმა ჩრდილმა გაირბინა კირით შეფეთქილ კედელზე, რომელიც ცარიელი სახლის ბაღსა და ჩიხს შორის იყო აღმართული.

– ქალი მასთან წავიდა! – წაიჩურჩულა ლერუამ, თან ძალა აღარ ჰყოფნიდა, რომ მოწოლილ მღელვარებას გამკლავებოდა. ოთახში მყოფ კაცს კვლავ ეძინა.

– უყურეთ!..

ორივე გაჩუმდა. ოთახში მყოფი კაცი ისე სწრაფად წამოხტა ზეზე, რომ კინაღამ სანთელი გადაატრიალა. მან ჩრდილისკენ გაიწია, კარი გაიღო და ოთახის განათებულ ნაწილში ემა შევიდა. ის ისეთი გაუბედავი და საცოდავი იყო, თითქოს რაღაც დიდი დანაშაული მიუძღოდა. იღლიაში მას ერთი ბოთლი ღვინო და ფუთა ჰქონდა, რომელიც იატაკზე დადო. ემამ დაილაპარაკა. ჩანდა, როგორ მოძრაობდნენ მისი გაფითრებული ტუჩები. სევდიანად და მორჩილად წარმოთქვა მან რამდენიმე სიტყვა. მისი თანამოსაუბრე არ მოჩანდა...

ემა ტიროდა, ლაპარაკობდა და ტიროდა... ძლივს ახერხებდა სიტყვების წარმოთქმას. აი, ის ზურგით მიეყუდა კარის წირთხლს და მოხრილი მკლავით დაიფარა სახე. უზარმაზარი ხელი დასწვდა ქალის მხარს და ისე შეანჯღრია, რომ განზე გაისროლა და ქალმა წაქცევისაგან ძლივს შეიკავა თავი. ემა ფანჯრისკენ მიბრუნდა. მას ფერწასული და გაწამებული სახე ჰქონდა. ტირილისაგან ტუჩები გასივებოდა. ემასა და მაწანწალას სახეები არეულად და ბუნდოვნად მოჩანდა. ახლა კაცი ლაპარაკობდა. მისი მოკლე კისერზე დაბჯენილი თავი თითქოს მხრებში ჩამძვრალიყო, ზოლებიანი პერანგი შემოტმასნოდა მძლავრ მკერდზე. თმები კატორღელსავით მოკლედ და უსწორმასწოროდ ჰქონდა შეკრეჭილი. ჩანდა, რომ ის გაბრაზებული იყო, ცოფებს ჰყრიდა და ეს-ეს არის ეცემოდა ემას. ლერუამ გაიგონა, როგორ გაიჩხაკუნა მეგრეს რევოლვერის დამცველმა. ოთახსა და სახურავზე მსხდომთა შორის მანძილი ოც მეტრს არ აღემატებოდა. გასროლის მჭახე ხმა, ჩამსხვრეული მინის წკარუნი... და გოლიათი განიარაღებული იქნება. მაწანწალა ოთახში წრიალებდა. შემწვარ ქათამს წამოსდო ფეხი, წაიბორძიკა და გააფთრებით ჰკრა წიხლი. ქათამი ჩრდილში გადავარდა. ემამ სევდიანად გააყოლა თვალი. რაზე ლაპარაკობდნენ ეს ორნი? როგორც ჩანს, მამაკაცი ერთსა და იმავეს იმეორებდა. ემა მუხლებზე დაეცა, გზა გადაუღობა და ათრთოლებული ხელები მუდარით გაუშვირა. კაცმა ზედაც კი არ შეხედა, უცბად შეაქცია ზურგი, ქალი კი იატაკზე დაეცა და კვლავ მისკენ მიილტვოდა. მაწანწალა მოულოდნელად დაიხარა, ქალს მხარში ხელი ჩაავლო და უხეში კინწისკვრით ფეხზე წამოაყენა. როცა ხელი გაუშვა, ქალი წაფორხილდა, მაგრამ მისი გაწამებული სახე იმედის მკრთალმა სხივმა გაანათა. კაცი ბოლთის ცემას განაგრძობდა. უცბად მოეხვია, მკერდში ჩაიკრა, თავი გადაუწია და ტუჩებზე დააცხრა. მხეცური თათი ნელ-ნელა ეფერებოდა ქალის ჩამოშლილ თმებს, თითქოს სურდა, ქალი გაეჭყლიტა, გაენადგურებინა, თავისთავში შეეწოვა...

უხეში ხვევნა-კოცნა დამთავრდა, სანთელი თითქმის ჩაიწვა. ახლა ემა იცინოდა. თითქმის ლამაზი გეგონებოდათ. მისი ნამტირალევი თვალები, მისი გახუნებული შავი ქვედა კაბაც მომხიბვლელად გამოიყურებოდა. კაცი ქათმის ჭამას შეუდგა. იგი თვალს არ აშორებდა ემას. ემამ წესრიგში მოიყვანა თავისი გარეგნობა, კაცი ფანჯარასთან მივიდა და სახით მიებჯინა მინას. მისმა უზარმაზარმა სხეულმა ისევ დაფარა განათებული მართკუთხედი. შემდეგ იგი მიტრიალდა და სანთელი ჩააქრო.

– ისინი ერთად გადიან, კომისარო... მაგრამ მათ ჟანდარმები დაიჭერენ.

აშრიალდა მოცხარის ბუჩქები. დაბალი კედლის ზემოთ გამოჩნდა ბნელი სილუეტი. ემა ჩიხში ჩახტა და თავისი საყვარლის მოლოდინში შეჩერდა.

– თვალყური ადევნე! – დაიჩურჩულა მეგრემ, – ოღონდ იცოდე, არ შეგნიშნონ. მომახსენებ, როცა საშუალება მოგეცემა.

ემა და მაწანწალა შეჩერდნენ და გაუბედავად აჩურჩულდნენ. შემდეგ ოფიციანტმა ქალმა ის რომელიღაც სარდაფში შეიყვანა, რომელიც მხოლოდ ურდულით იყო ჩაკეტილი და ისინი გაუჩინარდნენ.

როგორც კი კომისარი სხვენის კიბიდან ჩამოვიდა, მისთვის ნათელი გახდა: რაღაც ამბავი მომხდარიყო, მთელი სასტუმრო გუგუნებდა. ისმოდა ტელეფონის წკარუნი და ხმამაღალი შეძახილები. მეგრე დერეფანში ვიღაც ჟურნალისტს შეეჯახა.

– რა ხდება აქ?

– ახალი მკვლელობა, სულ თხუთმეტი წუთის წინ... დაზარალებული აფთიაქშია გადაყვანილი...

მეგრე სანაპიროსკენ გაეშურა და დაინახა ჟანდარმი, რომელიც რევოლვერის ქნევით მორბოდა. მეგრე დაეწია ჟანდარმს.

– რა მოხდა თქვენთან? – რომელიღაც წყვილი გამოვიდა მაღაზიიდან. მე ცოტათი დავშორდი საგუშაგოს, ისინი კი თითქოს პირდაპირ ციდან ჩამოვარდნენო. ახლა აღარა ღირს მათი დევნა, ისინი ალბათ, უკვე შორს არიან. კარი გაიღო და მაღაზიიდან კაცი გამოვიდა... მაგრამ დამიზნებაც კი ვერ მოვასწარი, სახეში ისეთი მუშტი დამარტყა, რომ დავეცი. რევოლვერი ხელიდან დამივარდა და საშინლად შევშინდი. მერე ქალთან მიირბინა, რომელიც მაღაზიის ზღურბლთან ელოდებოდა, და ხელში აიტატა – ალბათ, ქალს სირბილი არ შეეძლო და სანამ მე გონს მოვეგებოდი... ნახეთ, მთლად სისხლით ვარ მოსვრილი. იმ მაწანწალას ისეთი ტორები აქვს... მაგრამ მე მაინც შევნიშნე, რომ იგი სირბილით გაუდგა სანაპიროს, სახლთან შეუხვია და მიიმალა...

ჟანდარმი ცხვირსახოცით იწმენდდა ცხვირიდან წამომსკდარ სისხლს.

– შეეძლო, იქვე მოვეკალი! მას ხომ მუშტი კი არა, ორთქლის ურო აქვს.

მეგრემ დატოვა ჟანდარმი და კუთხეში შეუხვია. აფთიაქი მის წინ იყო. მისი დარაბები დაეხურათ, მაგრამ შეღებული კარიდან კაშკაშა სინათლე იღვრებოდა. კომისარმა იდაყვებით გაარღვია ხალხი და შევიდა. იატაკზე დაჭრილი კაცი იწვა. თავი გადაწეული ჰქონდა, სუსტად და თანაბრად სუნთქავდა. შარვლის ერთი ტოტი გარღვეული ჰქონდა. მეაფთიაქის ცოლი, ღამის პერანგში გამოწყობილი ქალი, ხმაურით ყველა იქ მყოფთ აჭარბებდა. იატაკზე მწოლს საბაჟოს დამცველის ფორმა ეცვა. დააკვირდა და იცნო კიდეც. ეს იყო სწორედ ის მებაჟე, რომელიც პარასკევს მოწმე გახდა იმ დრამისა, რომელსაც მსხვერპლად მოსტაგენი შეეწირა. ექიმმაც, აჩქარებით გასინჯა ავადმყოფი, შემდეგ მიუბრუნდა მეგრეს და აღშფოთებით წამოიძახა:

– ისევ? როდისღა გათავდება ეს?

ვიღაც კაცი აღელვებული ხმით, ალბათ, უკვე მეათეჯერ ყვებოდა:

– მე და ჩემს ცოლს გვეძინა და გასროლის მსგავსმა რაღაც ხმამ გამომაღვიძა. შემდეგ მოისმა ყვირილი. შემდეგ ხუთიოდე წუთით ყველაფერი მიჩუმდა. ცოლი მეხვეწებოდა, წადი და გაიგე რა მოხდაო... ზედ ჩვენს კართან ტროტუარზე ვიღაც კვნესოდა. მე იარაღი მქონდა და კარი გავაღე...

– გასროლა რომელ საათზე გაიგონეთ? – ჰკითხა მეგრემ.

– ზუსტად ნახევარი საათის წინ!

– ანუ სწორედ ემასა და მაწანწალას შორის გაჩაღებული შუა სცენის დროს.

დაჭრილი ოთხმა კაცმა აიყვანა, უკანა ოთახში გადაიყვანეს და რბილ ტახტზე დააწვინეს. ექიმი განკარგულებებს იძლეოდა. გარედან ქალაქის მერის ხმა მოისმა:

– სად არის კომისარი? თქვენი მაწანწალის მიერ ჩადენილი ახალი ბოროტმოქმედებაა, ხომ?

– არა, ასე არ არის. იმ მომენტში, როცა სროლა გაისმა, მე მას თითქმის ისევე ახლოს ვხედავდი, როგორც თქვენ გხედავთ.

– და თქვენ არ დააპატიმრეთ. გააზრებული გაქვთ, როგორი შედეგები მოჰყვება ამ მოვლენებს, კომისარო?

***

მეგრემ ტელეფონის ყურმილი აიღო.

– ალო, ჟანდარმერიაა? ეს თქვენა ხართ, ბრიგადირო?... კომისარი მეგრე გელაპარაკებათ. ექიმი მიშუ უვნებელი და ხელუხლებელია?.. კიდევ შეამოწმეთ... ექიმი არც კი შერხეულა? ისევ სძინავს?... ძალიან კარგი, გმადლობთ...

– კომისარო, შეიძლება, ერთი წუთით გთხოვოთ?

ეს იყო ექიმი. ის ხელსახოცით იმშრალებდა საპნის ქაფიან ხელებს, – კომისარო, შეგიძლიათ დაჰკითხოთ. ტყვია ნეკნმა აისხლიტა და მხოლოდ კანი აქვს დაზიანებული. იმდენად არ დაშავებულა, როგორც შეშინებულია...

ზღურბლზე, კარის ჩარჩოში, ქალაქის მერი გამოჩნდა.

– მიამბეთ, როგორ მოხდა ეს, – რბილად თქვა მეგრემ და ტახტის კიდეზე ჩამოჯდა.

– ჩემი მორიგეობა ათ საათზე მთავრდებოდა. დავინახე, რომ კაფე „ადმირალში“ ჯერ კიდევ ენთო სინათლე. გადავწყვიტე, შევსულიყავი, ცოტახანს დავმჯდარიყავი და ახალი ამბები გამეგო. კაფეში ერთი ტოლჩა ლუდი დავლიე. იქ მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ, მათ ვერ შევბედე გამოკითხვა. შემდეგ შინ წასვლა გადავწყვიტე. საბაჟო ჯიხურთან გავლისას ჩემი შემცვლელი ამხანაგის ჩიბუხიდან სიგარეტს მოვუკიდე. ირგვლივ არავინ ჭაჭანებდა. ის იყო კუთხეში შევუხვიე, რომ უცებ ფეხში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და მაშინვე გავიგონე სროლის ხმა. წავიქეცი და გავიგონე, რომ ვიღაცა გარბოდა. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემი ხელი რაღაც ცხელსა და სველს შეეხო. არ ვიცი, ეს როგორღა მოხდა, მაგრამ გრძნობა დავკარგე.

– მაშ, თქვენ არ დაგინახავთ, ვინ გესროლათ?

– არა, არ დამინახავს...

– მტრები გყავთ?

– რას ბრძანებთ, რომელი მტრები?! სულ ორი წელია, რაც აქ ვმსახურობ. ჩვენი ქვეყნის ცენტრში დავიბადე და იქ ვიზრდებოდი, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაშიც არასოდეს მქონია საქმე კონტრაბანდისტებთან. რისთვის უნდა ესროლათ? ფული თან არასოდეს არ დამაქვს, თან ჩემი გაძარცვა არც უცდიათ...

მოვიდა ლერუა, ხელში ქაღალდი ეჭირა.

– დეპეშაა, ბატონო კომისარო, პარიზიდანაა. ტელეფონით გადმოსცეს სასტუმროში.

მეგრემ წაიკითხა: „სიურტე ჟენერალი, კომისარ მეგრეს, კონკარნო. ჟან გოიარი, ფსევდონიმით სერვიერი, თქვენი მითითებით დაპატიმრებულია ორშაბათს საღამოს რვა საათზე პარიზში სასტუმრო ბელვიუში ლეპიკის ქუჩაზე, მოითხოვს დაკითხვებზე ვექილის დასწრებას. ველით მითითებებს.“

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი