რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№11

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 24.03

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გვამის ირგვლივ უკვე შემოკრებილიყო ექვსიოდე კაცი... შემდეგ შვიდი... ცხრა... ექიმმა ტალახში მუხლებით ჩაიჩოქა და თქვა:

– პისტოლეტით უსროლიათ პირდაპირ. ტყვია მუცელშია ჩარჩენილი, დაუყოვნებლივ ოპერაციაა საჭირო. საავადმყოფოში დარეკეთ. ახლა ყველამ იცნო დაჭრილი, ეს იყო ვინმე მუსიე მოსტაგენი, ქალაქის უმსხვილესი გემთმფლობელი და ღვინით მოვაჭრე. გულკეთილი ღიპიანი კაცი.

მოვიდა ფორმაში გამოწყობილი ორი პოლიციელი.

დაჭრილის სხეული კანკალმა აიტანა. მისი ტუჩები უხმოდ ირხეოდნენ. ექიმი შპრიცს ამზადებდა, რომ ნემსი გაეკეთებინა. ფეხებთან ყვითელი ძაღლი წრიალებდა. იდუმალებით მოცული შემთხვევა ძაღლსაც კი, რაღაც, საიდუმლოებით მოცულს ხდიდა. პოლიციელები ჰკითხავენ მებაჟეს, მომხდარი ამბის ერთადერთ მოწმეს...

მეორე დღეს კომისარმა მეგრემ მიახლოებითი სიზუსტით აღადგინა შემთხვევის თანმიმდევრობა. მისი თანაშემწე, ინსპექტორი ლერუა, ამ დროს ჟანდარმერიასა და მუნიციპალიტეტში აგროვებდა ცნობებს. უცებ მეგრემ სალაროსთან მშვიდად მწოლიარე ყვითელი ძაღლი შეამჩნია. შემდეგ აუჩქარებლად აიხედა და დაინახა შალის შავი ქვედა კაბა, თეთრი წინსაფარი, დაღლილი სახე. ქალი ლამაზი არ იყო, მაგრამ მის სახეს რაღაც ისეთი ჰქონდა, რამაც კომისარი აიძულა, ლაპარაკის დროს ხშირად შეეხედა მისთვის.

***

მოსტაგენს არც ჰყავდა და არც შეიძლება, ჰყოლოდა მტრები. ის თვით კეთილსულოვნებას წარმოადგენდა, რბილი კაცი იყო... ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ცოლმა საავადმყოფოში აყალმაყალი აუტეხა! იგი დარწმუნებული იყო, რომ მას ეჭვიანობის გამო ესროლეს.

– მისაღებად მიმაჩნია მხოლოდ ერთი ჰიპოთეზა, – თქვა კომისრის დამხმარემ, – საქმე გვაქვს მძვინვარე შეშლილთან... მაგრამ მთელ ქალაქს ვიცნობთ, და ვიცით, რომ ჭკუიდან არავინ გადასულა. ჩვენ აქ ყოველ საღამოს ვართ ხოლმე. ხანდახან მეოთხე კაციც მოდის – ქალაქის მერი, ხანაც ...

– ეს ძაღლი ვიღასია?

ჟურნალისტმა მხრები აიწურა.

– გუშინ გვეგონა, რომ ის იალქნიანი გემიდან, „წმინდა მარიადან“ მოვიდა. თურმე, იქიდან არ ყოფილა.

ჟურნალისტი განაგრძობდა ლაპარაკს, თან გრაფინი აიღო და კომისრის ჭიქაში წყალი ჩაურია.

– ეს ოფიციანტი ქალი დიდი ხანია აქ მუშაობს? - ხმადაბლა იკითხა კომისარმა.

– დიდი ხანია.

– წუხელ არ გასულა აქედან?

– ადგილიდანაც კი არ დაძრულა. ელოდებოდა, როდის დავამთავრებდით პარტიას.

მეგრემ შენიშნა, რომ ექიმმა მიშუმ, რომელიც აქამდე დუმდა, თავისი ჭიქა ასწია, შუქზე გახედა და შეათვალიერა. მას შუბლი შეეჭმუხნა, სისხლისგან დაწრეტილი სახე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავდა.

– ერთი წუთით! – თქვა მან კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, – ჯერ არ დალიოთ. იგი დიდხანს ყნოსავდა ჭიქას, შემდეგ თითის ბოლო ჩააწო შიგ, ენით შეეხო სითხეს და გადააფურთხა. – ემა!.. მიმართა ოფიციანტ ქალს. ჩაირბინე მეაფთიაქესთან და უთხარი, რომ მე ვთხოვ, სასწრაფოდ მოვიდეს!

ექიმი მოწყენით მდუმარებდა და ჭიქაში ჩასხმულ სითხეს სინჯავდა. შემდეგ იგი წამოდგა, მაგიდიდან აიღო პერნოს ბოთლი და შუქზე გახედა. მეგრემაც გახედა და სითხეში მოცურავე რამდენიმე პაწაწინა თეთრი მარცვალი დაინახა. ოფიციანტი ქალი დაბრუნდა და მას შემოჰყვა საჭმლით პირგამოტენილი მეაფთიაქე.

– მომისმინეთ, კერდივონ... სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ამ ბოთლსა და ამ ჭიქებში მდგარი სითხის ქიმიური ანალიზი.

მეაფთიაქეს ცალ ხელში ჭიქა ეკავა, მეორეში ბოთლი.

– სტრიქნინი... – ჩუმად თქვა ექიმმა.

მან კინწისკვრით გააგდო კარში მეაფთიაქე და გაყვითლებულ-გაფითრებული და თავჩაქინდრული დაბრუნდა მაგიდასთან.

– რატომ გადაწყვიტეთ მისი გამოძახება? – დაიწყო მეგრემ.

– არ ვიცი... ჩემს ჭიქაში შემთხვევით დავინახე თეთრი მარცვალი. სუნი არ მომეწონა.

– თქვენ ყოველთვის პერნოს სვამთ?

– სადილის წინ – ყოველთვის... ემა იმდენად შეეჩვია ამას, რომ დაკვეთას არც კი ელოდება ხოლმე, ისე მოაქვს ბოთლი. საღამოობით ვსვამთ კალვადოსს.

მეგრე დახლს მიუახლოვდა და კალვადოსის ბოთლს დაუწყო ძებნა. მან იპოვა ბოთლი, შუქზე გახედა და კალვადოსშიც რამდენიმე თეთრი მარცვალი დაინახა. ლაპარაკი ზედმეტი იყო, ყველანი ისედაც მიხვდნენ.

მეგრე თავის ჩიბუხს ტენიდა. ექიმი მიშუ იატაკს დაშტერებოდა და მისი ცხვირი კიდევ უფრო მრუდე ჩანდა, ვიდრე სხვა დროს. ლე-პომერეს კრაგები ისე კრიალებდა, თითქოს მას მიწაზე არასოდეს გაუვლიაო, ჟან სერვიერი მხრებს იჩეჩავდა და თავის თავს უხმოდ ეკამათებოდა. გამოჩნდა მეაფთიაქე, რომელსაც ხელში ბოთლი ეჭირა და ყველამ მზერა მას მიაპყრო.

– ცუდად არის საქმე, ბატონო! იმედი მაქვს, ამ ბოთლიდან არავის დაულევია. საწამლავი ბოთლში სულ ნახევარი საათის წინ არის ჩაყრილი!

***

ინსპექტორი ლერუა ოცდახუთი წლისა იყო. თავის პირველ საქმეს აწარმოებდა. იგი სევდიანი თვალებით შესცქეროდა მეგრეს და ცდილობდა, მისი ყურადღება მიექცია. განძივით წაიღო თავის ოთახში ბოთლი, ჭიქები და მთელი საღამო მოანდომა სანიმუშოდ მათ შეფუთვას.

როდესაც მეაფთიაქე გაჩუმდა, დანარჩენები აჩურჩულდნენ. მეაფთიაქეს მეტად მოსწონდა, რომ პირველი ვიოლინოს პარტია ერგო. მეგრემ გაიგონა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი პატრონს:

– რა თქმა უნდა, აუცილებელია ყველა ბოთლის შემცველობის ანალიზის აღება!.. ბოთლების ჩასაწყობად კალათა მოიტანეს.

კაფე დაცარიელდა, ვერავინ ბედავდა შიგ შესვლას, მით უმეტეს, დალევას. ქუჩაში იფიცებოდნენ, რომ ყველა ბოთლი უკლებლივ მოწამლულიაო. მერმა თეთრ ქვიშებზე მდებარე თავისი აგარაკიდან დარეკა. მას უნდოდა, ზუსტად გაეგო, თუ რა ხდებოდა.

ბოლოს კაფეში კომისრისა და ოფიციანტი ქალის გარდა არავინ დარჩენილა.

– ერთი აქ მოდი, – უთხრა მეგრემ ოფიციანტს და სკამის საზურგეს გადაეყრდნო. ქალი მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.

– რას აკეთებდი უწინ, ამ კაფეში მოსვლამდე?

– ობოლი ვარ... მამა და ძმა ზღვაში ორჩხომელ „სამ გრძნეულზე“ დაიღუპნენ. დედა დიდი ხნის წინათ მომიკვდა... ფოსტის მოედანზე მაღაზიაში ნოქრად ვმუშაობდი..

– ალბათ, კლიენტები მოსვენებას არ გაძლევენ... აბა, გამომიტყდი! რომელი მათგანია, ჰა?

ქალი გაფითრდა და დაღლილი მანჭვით წაიჩურჩულა:

– ო, არა. არავინ! აი, მხოლოდ ექიმი, – როცა ის აქ იძინებს, მოითხოვს, რომ ლოგინი მე დავუგო...

დიდი ხანია, მეგრეს ასეთი ლაკონური აღსარება არ მოუსმენია.

– საჩუქრები თუ მოუცია შენთვის?

– ერთი-ორჯერ, როდესაც დამიყოლია, რომ ჩემს უქმე დღეებში მასთან მივსულიყავი... უკანასკნელად ეს გუშინწინ იყო... მას ბევრი ქალი ჰყავს.

– მუსიე ლე-პომერე?

– ისიც ასე. თუმცა, მასთან მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც დიდი ხნის წინათ. მივედი, მას კი უკვე ჰყავდა კონსერვის ფაბრიკიდან ქალიშვილი და აღარ შევსულვარ.

– მუსიე სერვიერზე რაღას იტყვი?

– მუსიე სერვიერი ცოლიანი კაცია, ეს სულ სხვა საქმეა. მხოლოდ ოხუნჯობს და ხანდახან გავლით მიჩქმეტს ხოლმე... ზაფხულობით აქ ბევრი ავტომანქანაა, ბევრი ლამაზი ქალია და საქმეს ვეღარ ავუდივართ. კაფეში სამი ოფიციანტი მუშაობს, მე კი სარდაფში ვზივარ და ღვინის ჩამოსხმას ვუნდები.

ქუჩიდან მეაფთიაქე შემოვიდა.

– ყველაფერი წესრიგშია, კომისარო! გასინჯულია ორმოცდარვა ბოთლი. და შემიძლია დავიფიცო, რომ ნამუსიანად შევამოწმე! შხამი აღმოჩენილია მხოლოდ პერნოსა და კალვადოსში.

მეორე დღეს ემას ცოცხი აეღო და კვლავ ნახერხთან შერეული მტვრის კორიანტელს აყენებდა. მას მეგრეს წინ მოუხდა გავლა.

– მისმინე, ემა, მე ვხედავ, შენ რაღაც იცი. კარგი გოგონა ხარ, არ მინდა, უსიამოვნება შეგემთხვას. მე ვიცი, რომ შენ – არა! მაშ, ვინ?

ქალს ცრემლები წამოსცვივდა.

– ექიმი კიდევ ჩაგაცივდა?

– მემუქრებოდა. მას უნდოდა გაეგო, ვინ აიღო ბოთლი. კინაღამ მცემა. მე კი არაფერი ვიცი! დედის სულს გეფიცებით, არაფერი ვიცი!

– კეთილი. ყავა მომიტანე!

დილის რვა საათი იყო. მეგრემ ქალაქში გაისეირნა და ჩიბუხისათვის თამბაქოს საყიდლად შეიარა. იგი, დაახლოებით, ათ საათზე დაბრუნდა და კაფეში ექიმი დაინახა.

– რა მოგივიდათ, ექიმო? გეტყობათ, თქვენს გუნებაზე არ უნდა იყოთ...

– ავად გავხდი. მთელი ღამე არ მძინებია, – მას თავისი მომწვანო თვალები შემოსასვლელი კარისთვის არ მოუშორებია, – ჩემი მეგობრებიდან ხომ არავინ გინახავთ, კომისარო? ან სერვიერი, ან ლე-პომერე? საოცარია, რატომ არ შემოიარეს იმის გასაგებად, თუ როგორ მიდის თქვენი საქმეები. საერთოდ, რა არის ახალი?

– ბოთლი და ჭიქები ლაბორატორიაშია გაგზავნილი. მერიასა და ჟანდარმერიაში შევიარე. იმ ძაღლის შესახებ მკითხეთ, გარდაცვლილთან რომ ნახეს? ვიღაც გლეხს ის მუსიე მიშუს ბაღში უნახავს.

ექიმი წამოხტა, მას თეთრი თითები აუკანკალდა.

– ჩემს ბაღში? როგორ მოხვდა იგი ჩემს ბაღში?

– ამბობენ, ის თქვენი სახლის ზღურბლზე წოლილა. როდესაც ის ყმაწვილი მიუახლოვდა, ძაღლმა ისე საშინლად შეუღრინა, რომ ყმაწვილს მაშინვე გაუქრა ცნობისმოყვარეობაო.

მეგრე ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მოსაუბრეთა სახეებს.

– რას იტყვით, ექიმო, იქნებ ერთად გაგვესეირნა თქვენი ვილისკენ?

ექიმმა ძალდატანებით გაიღიმა.

– ამ წვიმაში? შეტევები რომ მაქვს, ეს გასეირნება ერთი კვირის წოლით რეჟიმად დამიჯდება. გარდა ამისა, რა საერთო უნდა ჰქონდეს ამ ძაღლს საქმესთან? ჩვეულებრივი მაწანწალა ძაღლია...

მეგრემ პალტო ჩაიცვა და ქუდი დაიხურა.

– გავისეირნოთ, ლერუა?

ისინი გაუდგნენ გზას, რომელზეც აღმართული იყო მაჩვენებლები: „თეთრი ქვიშებისაკენ“.

მეგრემ არხეინად ჰკრა ხელი ექიმის ვილის ჭიშკრის გისოსს. ხეივანი აჭრელებული იყო მკაფიო კვალით. ძაღლის თათების ნაკვალევი გვერდით მისდევდა ლურსმნებით დაჭედილი უზარმაზარი წაღების კვალს, რომლის ზომა ორმოცდაექვსზე ნაკლები არ იქნებოდა. მეგრემ სახელური შეატრიალა და კარი მაშინვე გაიღო. წინკარი მოფენილი იყო ხალიჩით, რომელზედაც უზარმაზარი წაღებისა და ძაღლის თათების კვალი კიდევ უფრო ნათლად ჩანდა. ყველაფერზე ეტყობოდა, რომ პატრონმა ძველი ნივთები გამოიყენა თანამედროვე სოფლური სტილის შესაქმნელად. მეგრემ დაიარა ვილა და ყველა ოთახი დაათვალიერა. სამზარეულომდე მიღწეულმა მეგრემ ფეხი ჰკრა კარს და მაშინვე გაისმა მისი კმაყოფილი ბუზღუნი: შეუღებავ მაგიდაზე ბორდოს ორი დაცლილი ბოთლი იდგა. გვერდით ეყარა დანით უხეშად გახსნილი კონსერვის ათიოდე ქილა. მთელი მაგიდა ჭუჭყითა და ქონით იყო გაზინთული. დათხვრილ იატაკზე მაგიდასთან ეყარა ხორცის ნაჭრები. კუთხეში ეგდო კონიაკის დამსხვრეული ბოთლი და ალკოჰოლის მწვავე სუნი საჭმლის სუნში არეულიყო.

– როგორ ფიქრობთ, ლერუა, ექიმი მოაწყობდა აქ ასეთ საღორეს? უცქირეთ, თქვენ ხომ ანაბეჭდების მოყვარული ხართ. აი, ტალახისა და ლანჩის კონტურიც. იგივე ორმოცდაექვსი ნომრის ფეხი და იქვე ძაღლის თათები. მოუარეთ ამას, ლერუა. ეს სამუშაო სამ კაცსაც ეყოფა...

***

მეგრემ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისევ თეთრი ქვიშების პლაჟისკენ გაემართა. როდესაც ის სასტუმროს კაფეში შევიდა, პირველი, ვინც მან დაინახა, ექიმი იყო. წვერმოუპარსავი, ხალათით ისევ თავის კუთხეში იჯდა. ექიმმა ჩაახველა და გაბზარული ხმით თქვა:

– გაიგეთ ახალი ამბავი? სერვიერი გაქრა. მისი ცოლი ლამის ჭკუიდან შეიშალოს. გუშინ საღამოს დაგვცილდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

მეგრე შეკრთა, მაგრამ ამის მიზეზი ექიმის სიტყვები კი არა, სალაროსთან, ემას ფერხთით, მშვიდად მწოლარე ყვითელი ძაღლი იყო.

ქარივით შემოვარდა გაზეთის დამტარებელი და მეგრემ შორიდანვე წაიკითხა მსუქანი შრიფტით დაბეჭდილი სათაური: „კონკპარნო საშინელებამ მოიცვა“. ცოტა ქვემოთ მოჩანდა ქვესათაურები: „ყოველდღიურად ახალი ტრაგედია!“ „გაქრა ჩვენი თანამშრომელი ჟან სერვიერი, მის მანქანაში სისხლის ღვარი დგას“, „ვისი ჯერია ახლა?“

კომისარს გაზეთის კითხვა ჯერ არ ჰქონდა დაწყებული, როდესაც ემა მიუახლოვდა:

– თქვენ ტელეფონთან გთხოვენ.

ყურმილში გაისმა ქალაქის მერის ცოფმორეული ხმა:

– ალო! კომისარი ხართ? ეს რა ამბავი მოუჩმახავთ ავტომანქანასთან დაკავშირებით? და კიდევ, უზარმაზარი ფეხების რაღაც კვალი? ამ ნახევარ საათში ოცმა კაცმა მაინც დამირეკა! ხალხი პანიკაშია, მათ სიმართლის გაგება უნდათ და მე მოვითხოვ ამას, კომისარო!

მეგრე სტატიის კითხვას შეუდგა. „ეს ამბები პარასკევს დაიწყო. გუშინ ქალაქის პატივცემული კომერსანტი, მუსიე მოსტაგენი გამოვიდა კაფე „ადმირალიდან“, გაჩერდა იმ სახლის ზღურბლზე, სადაც არავინ ცხოვრობს, რათა სიგარისთვის მოეკიდა, და... მუცელში ტყვია მოარტყეს. კომისრის ჩამოსვლამ ვერ შეუშალა ხელი იმავე საღამოს მომხდარ მეორე ბოროტმოქმედებას. ღამით ტელეფონით გვაცნობეს, რომ პერნოს ბოთლში, რომლიდანაც უნდა დაელიათ კონკარნოს პატივცემულ მოქალაქეებს – ბატონებს სერვიერს, ლე-პომერეს, ექ. მიშუს და იმ პირებს, რომლებსაც გამოძიება უნდა ეწარმოებინათ, შერეული იყო სტრიქნინის მომაკვდინებელი დოზა. კვირას, დილით, მდინარე სენ-ჟაკის ნაპირას, ნაპოვნი იქნა ჟან სერვიერის ავტომობილი. მუსიე ჟან სერვიერი გაქრა, უკანასკნელად იმ შაბათ საღამოს ნახეს. ავტომანქანის სავარძელი სისხლით არის მოსვრილი... სამი დღის განმავლობაში – სამი ტრაგედია!

– აბა, ერთი „ფარ დე ბრესტთან“ დამაკავშირე... – ალო! „ფარ დე ბრესტია?“ პასუხისმგებელი რედაქტორი ბრძანდებით? მითხარით რომელ საათზე გამოაქვეყნეთ თქვენი მონაჭორი?.. რაო? ცხრის ნახევარზე? ვინ არის კონკარნოში მომხდარი დრამის შესახებ სტატიის ავტორი?.. არა, არა, მე სრულიად ოფიციალურად გელაპარაკებით. აჰ, თქვენ არ იცით... თქვენ მიიღეთ მასალა კონვერტით, ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი