რომანი და დეტექტივი

უნიჭო დეტექტივი

№47

ავტორი: ნია დვალი 20:00 07.12

უნიჭო დეტექტივი
დაკოპირებულია

ლინა ქმარს ელოდებოდა და, რადგან ყველაფერი მზად ჰქონდა, იფიქრა, რომ ცოტას იუსაქმურებდა. ამიტომ დივანზე წამოწვა და ტელეფონი მოიმარჯვა. ჩაუქროლ-ჩამოუქროლა თავის პროფილს და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. უცებ გაახსენდა, რომ კარგა ხანია, ქმრის გვერდი არ დაეთვალიერებინა და გადაწყვიტა, შესულიყო. ასეც მოიქცა, თუმცა ვერც იქ ნახა რამე საინტერესო. ვაჟას სოციალური ქსელი უფრო ზრდილობის გამო ჰქონდა, ვიდრე რამეში სჭირდებოდა და ბოლო ფოტოც, ნადირობიდან, ოღონდ ნანადირევის გარეშე, რომელიც მხოლოდ მათ მაძებარ ძაღლთან ერთად ჰქონდა გადაღებული, ნახევარი წლის წინ გამოექვეყნებინა. ლინამ გადაწყვიტა, ენახა, ვის ჰქონდა მოწონებული მისი ქმრის ფოტოები. ახალი იქაც ვერაფერი აღმოაჩინა, ძირითადად, ვაჟას მეგობრები უწონებდნენ კომენტარებში ნადირობასაც და ფოტოსაც. შიგადაშიგ ლინასთვის უცხო ქალებიც ერივნენ და საერთოდ არ მიაქცევდა ამას ყურადღებას, რომ ერთი დაგულებული სიცილაკი არ ენახა.

ლინა მაშინვე გადავიდა დამგულებელი ქალბატონის პროფილზე. ახალგაზრდა ქალი იყო, ქერად შეღებილი თმითა და მომრგვალებული ფორმებით. დიანა ერქვა და სილამაზის სალონში მუშაობდა. ლინა მიჰყვა ვინმე დიანას ფოტოების დათვალიერებას და კინაღამ დივანიდან ჩამოვარდა: ეს ახალგაზრდა ქალი საკმაოდ პიკანტურად გამოწყობილი მისი დედამთილის საძინებლიდან პოზირებდა. ლინამ თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა: მაგრამ არაფერი ეშლებოდა. იქვე, კედელზე, ეკიდა ნახატი, რომელიც ლინამ თავად აჩუქა დედამთილს დაბადების დღეზე. ამ ფოტოს გვერდით კი მრგვალ ჩარჩოში ჩასმული ფოტოც დაინახა, რომელზეც მისი დედამთილი და აწ გარდაცვლილი მამამთილი იყვნენ აღბეჭდილი. დედამთილის ბინის გასაღები ვაჟას ჰქონდა და მათ შემოსასვლელში საკიდზე ეკიდა.

– ესე იგი, ეთო სახლში რომ არ არის, ამას იქ თავისი საყვარლები მიჰყავს? – ლინა ერთიანად წამოჭარხლდა და პირი გაუშრა. გონება დაძაბა და შეეცადა, გაეხსენებინა, რამდენად ხშირად გადიოდა მისი ქმარი სახლიდან და სად მიდიოდა… ვერაფერი გაიხსენა ხელჩასაჭიდი: თითქოს არასდროს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამსახურის შემდეგ ვაჟა პირდაპირ სახლში მოდიოდა, შაბათ-კვირას დედამისს მოინახულებდა ხოლმე, მაგრამ იქ ხშირად ხომ ერთად მიდიოდნენ?! ლინა შეფიქრიანდა: მაშინ როგორ აღმოჩნდა ის გოგო ეთოს ბინაში?! ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. თუმცა ამასობაში გაახსენდა, რომ მისი დედამთილი ხშირად მიდიოდა თავის დასთან რუსთავში.

– ესე იგი, ამ მომენტით სარგებლობენ და, ბოლოს და ბოლოს, სულაც, არ არის აუცილებელი, რომ ეს საღამოობით ხდებოდეს ან ღამით. იქნებ სამსახურიდან ადრე გამოდის?! ნამდვილად ასეა, ადრე გამოდის სამსახურიდან....

ლინა თითქოს დამშვიდდა ფიქრის პროცესში და გადაწყვიტა, ჯერ არავისთვის არაფერი ეთქვა. ყოველი შემთხვევისთვის, დიანას მიერ ფოტოს გამოქვეყნების თარიღს დახედა – ეს ამბავი ერთი კვირის წინ მომხდარიყო. ცდილობდა, გაეხსენებინა, სად იყო ვაჟა იმ დღეს ან რას აკეთებდა. საბოლოოდ, მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან არ იყო აუცილებელი, რომ ფოტოს გამოქვეყნების თარიღი დამთხვეოდა მისი გადაღების თარიღს.

ლინა სამზარეულოში გავიდა. როდესაც სტრესი ჰქონდა, მადა ეხსნებოდა და ამით წყნარდებოდა, ამიტომ გამოიღო ყველი, ზეთისხილი, სალათის ფურცელი, პომიდორი და სენდვიჩი მოიმზადა. საჭმელმა ვერ დაამშვიდა.

– როგორ?! 10 წელია, ერთად ვართ, შვილი გვყავს და დედამისის სახლში საყვარელი დაჰყავს?! – ლინას ლუკმა გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო.

ამასობაში კარის საკეტიც გაჩხაკუნდა და ვაჟა შემოვიდა:

– სახლში ვარ, ლინ, სად ხარ? კარგი ამბავი მაქვს.

– რა უტიფარია, – გაბრაზდა ლინა, მაგრამ გაბრაზება მოთოკა.

– ხელფასი მომიმატეს! იმაზე მეტადაც, ვიდრე ველოდი! პრემიაც მომცეს, – ვაჟა აშკარად კარგ ხასიათზე იყო.

– საპატიო დაფაზეც ხომ არ გამოაკრეს შენი ფოტოსურათი?

– არ გაგიხარდა? – შეცბა ვაჟა, – შენ რომ ბეჭედი მოგეწონა, გიყიდი, – ამაყად უთხრა ცოლს.

ლინა შეეცადა, სიხარული გაეთამაშებინა და გამოუვიდა კიდეც, თუმცა ქმარზე კიდევ უფრო გაბრაზდა, უფრო ზუსტად, მის ფარისევლობაზე. მთელი ღამე ბორგავდა, ვერაფრით დაიძინა. გეგმავდა გამოძიებას და ქმრის ღალატისთვის ფარდის ახდას. დილისკენ გეგმის კონტურები უკვე მოხაზული ჰქონდა.

სამსახურში დარეკა და თავი მოიავადმყოფა. შემდეგ დედამთილის ბინის გასაღები აიღო, ხელოსანთან წავიდა ასლის დასამზადებლად და ლოდინის რეჟიმში გადავიდა. როდესაც გასაღების ასლი ჩანთაში დაიგულა, გეგმის მეორე ეტაპის განხორციელებას შეუდგა.

***

სილამაზის სალონს, რომელშიც დიანა მუშაობდა, ინტერნეტით იოლად მიაგნო. დარეკა მითითებულ ნომერზე. დააზუსტა, როდის არ იქნებოდა დიანა, ვინაიდან შიშობდა, რომ ქმრის საყვარელს არ ეცნო. უფრო ზუსტად, იკითხა, რომელ დღეებში მუშაობდა და ჩაეწერა იმ დღეს, როდესაც დიანა სამსახურში არ იქნებოდა.

ვარცხნილობის შეცვლას არ აპირებდა, ამიტომ ვითომ სიგრძის შესამოკლებლად მივიდა. ლინა სავარძელში ჩაჯდა და სტილისტს, ახალგაზრდა ქალს, საუბარი გაუბა და უცებ ჰკითხა:

– დიანა დღეს არ მუშაობს? ჩემი მეგობარი დადის ხოლმე მასთან.

– არა, დასვენების დღე აქვს და რომანტიკული საღამოც ექნება. ემზადება... – ახალგაზრდა სტილისტმა ჩაიცინა.

– ქორწინდებიან? – გულისფანცქალით ჰკითხა ლინამ.

– არ ვიცი, ცოტა რთული სიტუაციაა, – სტილისტი უცებ გაჩუმდა და სხვა თემაზე გადაერთო. ლინასაც მეტი არაფერი უკითხავს, ფული გადაიხადა და სალონიდან გამოვიდა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, ვაჟამ დაურეკა:

– ლინ, დღეს ცოტა დამაგვიანდება. უჩემოდ ივახშმე.

– კარგი, – ლინა შეეცადა, მშვიდი ხმა ჰქონოდა.

– აჰა, საყვარელს უწყობს რომანტიკულ საღამოს, – ლინა გამწარდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი დედამთილი დილით თავის დასთან წავიდა, – ეს ნაძირალა! მე თქვენ გიჩვენებთ რომანტიკას! – ლინა ბდღვინავდა, მაგრამ გადაწყვიტა, ცივსისხლიანად მიჰყოლოდა დასახულ გეგმას. ვაჟა ექვს საათზე გამოდიოდა სამსახურიდან, ესე იგი, ლინას უნდა მიესწრო. ამიტომ სახლში შეირბინა, სპორტულად გადაიცვა და დედამთილის ბინისკენ გაეშურა. ტაქსი გამოიძახა, არ უნდოდა, რომ ქმარს მისი მანქანა შეემჩნია.

ლინა ფრთხილად ავიდა კიბეებზე და ბინაში ჩუმად შეიპარა. მაშინვე საძინებელში შევიდა. კიდევ ერთხელ მოავლო თვალი კედლებს და დარწმუნდა, რომ დიანას პროფილზე გამოქვეყნებული ფოტო სწორედ აქ იყო გადაღებული. ლინას კიდევ უფრო ეტკინა გული, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ხავსს მაინც ეჭიდებოდა, მაგრამ რეალობა მოსაჭიდებელ ხავსსაც კი არ ტოვებდა. თავს შემოუძახა, გამხნევდა და საძინებლის კარადაში შეძვრა. საბედნიეროდ, ბევრი თავისუფალი ადგილი იყო და კომფორტულად მოთავსდა.

ფიქრებმა წაიღო, საიდანაც დედამისის სატელეფონო ზარმა გამოაფხიზლა. ლინამ გაუთიშა, მაგრამ გულში მადლობა გადაუხადა, იმიტომ რომ ტელეფონისთვის ხმის გამორთვა დაავიწყდა. ამიტომ ტელეფონი საერთოდაც გამორთო და შვებით ამოისუნთქა. რაღაც მომენტში გაეცინა კიდეც საკუთარ თავზე, იმიტომ რომ თავი უსისხლო დეტექტივის მონაწილედ წარმოიდგინა და თუმცა წინასწარ „ზეიმობდა“, როგორი სახე ექნებოდა მის ქმარს, როდესაც კარადის კარი გაიღებოდა და ლინას დაინახავდა, გულის სიღრმეში თავს მაინც დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა.

– იქნებ ჯობდა, გარეთ დავლოდებოდი? – შეეპარა ეჭვი და ის-ის იყო, თავისი სამალავიდან უნდა გამოსულიყო, რომ შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა.

ლინა გაირინდა. ლამის სუნთქვაც კი შეიკავა, რომ თავისი თავი არ გაეცა. სამაგიეროდ, გული უცემდა იმდენად ხმამაღლა, რომ ერთ ხანს იმისიც კი შეეშინდა, ვინმეს არ გაეგო. ლინა ანერვულდა... და აი, ქალის კისკისის ხმაც შემოესმა.

– რატომ არ გაიცინებს, რა?! უსირცხვილო, – კბილებში გამოცრა ლინამ: ესე იგი, გასაღებიც მისცა?! თუ ერთად მოვიდნენ?!

ლინა ხმების მიხედვით ხვდებოდა, რა ხდებოდა: ჯერ წყლის ხმა გაიგონა, შემდეგ ისევ კარის გაჯახუნების.

– როგორც ჩანს, ახლა ვაჟაც მოვიდა... იმ სულელს ნეტავ რა აცინებდა მარტოს?!

ჭურჭლის ხმით მიხვდა, რომ ვახშმობდნენ და ლინას გაახსენდა ქმრის მოწერილი.

– ჩემთან რატომ ივახშმებდა, როდესაც... – ლინა ისევ გამწარდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, ახლა სისუსტის გამოჩენის დრო არ იყო.

ნაბიჯების ხმით ლინამ იგრძნო, რომ წყვილი საძინებლისკენ გამოემართა და ისევ გაირინდა.

– ფისო, ღვინომ ცოტა თავში დამარტყა და თავში სისულელეები მომდის, უხამსობებიც კი...

– დიანას ხმაა, – დაასკვნა ლინამ და უკვე ინანა, რომ ეს ავანტიურა წამოიწყო, რადგან თავი ორმაგად შეურაცხყოფილად იგრძნო. ის კარადაშია ჩამალული, მისი ქმარი კი საყვარელთან ერთად მის თვალწინ...

ლინას თვალები დაენამა უმწეობისა და დამცირებისგან. ცდილობდა, კარადის გასაღების ჭუჭრუტანიდან რამე დაენახა, მაგრამ უშედეგოდ.

– ჩემი გარყვნილი გოჭი, - ლინას მამაკაცის ხმა შემოესმა და გაშრა.

ეს არ იყო ვაჟას ხმა.

– ვისი ხმაა?! – კეტივით დაარტყა თავში ამ კითხვამ ლინას და გაოცებისგან კინაღამ კარადიდან გადმოვარდა.

– ახლა რა უნდა ვქნა? ვინ არის ეს კაცი? საიდან აქვთ ბინის გასაღები?! – ლინას ცივმა ოფლმა დაასხა და კიდევ უფრო მოიკუნტა. აზრები ერეოდა. ვისი ხმაა? როგორ მოხვდნენ ესენი ამ ბინაში?! – ლინა პასუხებს ვერ პოულობდა.

– ჩავრთო მუსიკა? – მაცდურად იკითხა დიანამ.

– მგონი, არ არის საჭირო, გოჭო, – რატომღაც იუარა მამაკაცმა.

– რატომ?! – თითქოს გაიბუტა დიანა, – მალე მოვა დედაშენი?! ხომ გვაქვს კიდევ ორი საათი?! გთხოვ...

და უცებ მეტად გამოუსწორებელი და მოულოდნელი რამ მოხდა: ლინას დააცემინა.

ბინაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ლინა გაშეშდა. ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. საკუთარ თავს ლანძღავდა გონებაში და გაირინდა. გაიგონა, რომ კარადისკენ ვიღაც მოდიოდა და კარი უცებ გაიღო. ლინას წინ უცნობი, დაახლოებით, 25 წლის ახალგაზრდა ვაჟი იდგა. მის უკან დიანას ორი შეშინებული თვალი იყურებოდა.

– ვინ ხართ? – ძლივს ამოთქვა ბიჭმა, რომელიც აშკარად არ ელოდა კარადაში სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი ქალის აღმოჩენას, – აქ რას აკეთებთ?!

ლინა კარადიდან გამოცოცდა, ტანსაცმელი გაისწორა, ერთი-ორჯერ კიდევ ჩაახველა და წელში გაიმართა:

– მეც ზუსტად ეს მაინტერესებს! აქ რას აკეთებთ?! ეს ჩემი დედამთილის ბინაა, – ახალგაზრდა ვაჟი დაიბნა, მაგრამ მალევე გამოცოცხლდა.

– მე... მე... ქალბატონი ეთერის ქვემოთ ვცხოვრობ. თავის დასთან წავიდა, გასაღებს დედაჩემს უტოვებს ხოლმე... ყოველი შემთხვევისთვის.

– მერე?! – ჩაეკითხა ლინა.

– ჩვენ ერთმანეთთან შესახვედრი ადგილი არ გვაქვს. დედას დიანა არ მოსწონს. ეს ბინა კი თავისუფალია ხოლმე და ხანდახან აქ ვხვდებით ერთმანეთს, – ლინამ ახლა დიანას შეხედა.

– და ჩემს ქმარს ფოტოებს რატომ უგულებთ?!

– სრულიად შემთხვევით, – არ დაიბნა დიანა. ქალბატონი ეთერი სულ თავის შვილზე ელაპარაკება ხოლმე გიოს. მე ის არასდროს მინახავს. ამიტომ მის გვერდზე შევედი, რომ მცოდნოდა, ვისი დედის ბინაში ვხვდებით ხოლმე და მადლიერების ნიშნად ფოტო დავუგულე. თქვენ მისი ცოლი ხართ?! – მიხვდა ახალგაზრდა ქალი.

ლინამ თავი დაუქნია და სიცილს ძლივს იკავებდა. თითქოს ლოდი ჩამოეხსნა გულიდან და ეჭვიანობის მორევიდან ამოყვინთა – მისი ვაჟა არაფერ შუაში იყო.

– თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა გავიარე ბოლო დღეებია, როდესაც ჩემი დედამთილის საძინებელში გადაღებული ფოტო ვნახე, - და ლინამ უკვე ვეღარ შეიკავა სიცილი, – მეგონა, ჩემს ქმარს ხვდებოდით ამ ბინაში.

– ინერვიულებდით, სანამ ჩვენ მოვიდოდით, – გაეცინა გიოსაც.

ბოლოს ლინას მოუბოდიშა და უთხრა:

– ჩვენ, ალბათ, წავალთ და კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ამ უხერხულობისთვის.

– პრობლემა არ არის, – ლინა აშკარად საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ გზა არ იყო. რაც მთავარია, ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ მისი ეჭვები არ გამართლდა.

– არ მგონია, ჩემს დედამთილს მოეწონოს ეს ამბავი. მე თქვენს ადგილას აღარ გავრისკავდი, – ღიმილით მიმართა მასზე არანაკლებ დაბნეულ წყვილს, – მე არაფერს ვეტყვი, მაგრამ შეხვედრების ადგილის შეცვლა მოგიწევთ და არც ფოტოების გადაღება ღირს სხვის სახლებში...

და ლინას უცებ გაახსენდა, რომ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სასწრაფოდ ჩართო, გონებაში კი ქმარს პატიებას სთხოვდა: „რა სულლელი ვარ, როგორ ვიფიქრე, რომ დედაშენის ბინაში ვინმეს მოიყვანდი?!“

ტელეფონი ჩაირთო და ქმრის უამრავი გამოტოვებული ზარის შეტყობინებებიც მოუვიდა. ლინას შერცხვა და ფიქრობდა, როგორ გამოესწორებინა თავისი საქციელი. სანამ გონებაში გეგმებს ექსპრომტად აწყობდა, ყველასთვის მოულოდნელად ქალბატონი ეთერი შემოვიდა საძინებელში, რომელშიც იდგნენ მისი რძალი, მეზობლის ქალის შვილი და სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქალი მოშიშვლებულ საღამურში. ქალბატონი ეთერი ადგილზე გაშეშდა. ჯერ ლინას მიაშტერდა, შემდეგ – დანარჩენებს.

– აქ რა ხდება? – იკითხა მკაცრი ხმით და სამივე დაუპატიჟებელი სტუმარი მიხვდა, რომ კარგი დღე არ ელოდათ.

– უკაცრავად, მე ძალიან მეჩქარება, ესენი აგიხსნიან ყველაფერს, – მიაძახა ლინამ დედამთილს და ბინიდან გავარდა. კიბეზე ჩარბოდა და, თან, ქმარს ხმოვან შეტყობინებას უგზავნიდა: „არ დაიჯერებ, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი