უკანასკნელი გასროლა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.10
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #40 (1240)
ჯემალმა ფანარი ჩააქრო და ოთახში უკუნეთი სიბნელე დადგა. პაუზა გააკეთა და მითხრა:
– არის ერთი სამუშაო, რაშიც კარგად იხდიან, მაგრამ შეძლებ კი?
– ისეთი რა არის, რომ ვერ შევძლო? – კითხვითვე ვუპასუხე ჯემალს და მან მითხრა:
– ადამიანს მოკლავ?
– გააჩნია, ვის? – ძალიან მშვიდად ვთქვი მე და მართალია, უკუნეთ სიბნელეში ჯემალს ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი შეცბუნება ვიგრძენი ჩემი ასეთი ტონის გამო და პასუხის შემდეგ თქვა:
– ნაძირალას, რა თქმა უნდა. ალბათ, ისეთსა და შეიძლება, იმაზე უარესსაც კი, ვინც შენი მშობლები დახოცა. თანაც, ამაში კარგ ფულსაც გადაგიხდიან.
– ჩემი მშობლების მკვლელებს დიდი სიამონებით დავხოცავდი, ყოველგვარი ფულის გარეშე, – ვთქვი და დავამატე, – თუ ნაძირალაა მოსაკლავი, მაშინ თანახმა ვარ. ვინ უნდა გავაგორო და რამდენს იხდიან?
ჩემი პირველი შეკვეთილი ობიექტი ერთ-ერთი ბანდიტური შეიარაღებული ფორმირების ლიდერი აღმოჩნდა და მის ლიკვიდაციაში 20 ათასი დოლარი ავიღე. ახლა ჩვენი საქმისთვის და ჩემი კვალიფიკაციის შემსრულებლისთვის ეს თანხა „სემიჩკის“ ფულადაც კი არ ითვლება, მაგრამ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების საქართველოში, თანაც ჩემნაირი ახალბედასთვის დიდი „მაყუთი“ იყო. ეს საქმე ფრიადზე შევასრულე და ძალიან ჰგავდა „კრისას“ ლიკვიდაციას. ობიექტს მისსავე საცხოვრებელ კორპუსთან „დავუსადკავე“ და როდესაც გარაჟს აღებდა, რომ მანქანა შეეყვანა, ზურგიდან კეფაში ვესროლე მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ის მოცელილივით დაეცა, მე კი შუბლში „კანტროლკა“ მივაყოლე, მკვლელობის იარაღი იქვე დავაგდე და შემთხვევის ადგილს გავეცალე. მეორე დღეს მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, რომ მკვლელობა პროფესიონალმა ქილერმა უმაღლეს დონეზე შეასრულა. კვალი არ დატოვა და მილიციას ხელჩასაჭიდი არაფერი დაუტოვაო. ჯემალი შუადღის შემდეგ მომადგა სახლში. ცელოფანში გახვეული ანაზღაურება მომიტანა. მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:
– შემსრულებლის თანდაყოლილი ნიჭი გაქვს. ყველა პროფესიონალ ქილერზე ლაპარაკობს და რას წარმოიდგენენ, რომ ეს საქმე დამწყებმა გააკეთა. ყოჩაღ, რომ იტყვიან, საბრძოლო ნათლობას გილოცავ და ასე გააგრძელე!
– ესე იგი, სხვა საქმეებიც იქნება?
– რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა ჯემალმა.
– უარი რომ ვთქვა?
– ნება შენია და არავინ დაგაძალებს, მაგრამ უარი რატომ უნდა თქვა ნაძირლების დახოცვაზე, თანაც კარგი გასამრჯელოს ფასად? შემდგომში უფრო მეტს გადაგიხდიან, თუ, რა თქმა უნდა, კარგად იმუშავებ.
– შეიძლება, გკითხო?
– რა თქმა უნდა.
– შეკვეთებს როგორ იღებთ?
– ასეთი ლაპარაკი არ მოსულა და აღარასოდეს მკითხო. ახლა კი გეტყვი, რომ ჩვენს უწყებას „კანტორას“ ვუწოდებთ. შემკვეთები ძალიან სერიოზული ხალხია და ობიექტზე ინფორმაციებს, ძირითადად, თავადვე გვაწვდიან, ზოგსაც ჩვენ მოვიპოვებთ. ერთი სიტყვით, საათივით ვართ აწყობილი და ვინც ამ მექანიზმის შეჩერებას დააპირებს, სიცოცხლეს გამოემშვიდობება.
ჯემალის კალამბურიდან მხოლოდ ის გავიგე ნათლად, რომ თუკი ძალიან ცნობისმოყვარე ვიქნებოდი და კანტორის საქმეში ჩავყოფდი ცხვირს, „დამბრიდავდნენ“. ამიტომ, ჯემალს ვუთხარი:
– ყველაფერი გასაგებია. კითხვები აღარ მაქვს.
მხოლოდ წლების მერე შევიტყვე, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჯემალი უშიშროების ფარული თანამშრომელი ყოფილა და „კაგებეს“ სკოლაში ასწავლიდა. ქვეყნის დაშლის შემდეგ კი უშიშროების ოფიცრებმა ქილერთა ერთგვარი კოოპერატივი ჩამოაყალიბეს და შეკვეთებზე მუშაობდნენ. ეს ინფორმაცია თავად ჯემალისგან მივიღე და ეს ასე მოხდა: კანტორაში უკვე მეექვსე წელი იყო, რაც ვმუშაოდი. ერთ დღეს ჯემალმა ცნობილი ბიზნესმენის ლიკვიდაციის შეკვეთა მომცა. უკვე საკმაოდ გამოცდილი შემსრულებელი ვიყავი და ეს შეკვეთა უზადოდ შევასრულე. გეგმის მიხედვით; შემთხვევის ადგილიდან წინასწარ მომზადებული მარშრუტით წავედი. ერთ პატარა ქუჩაზე მანქანა იდგა და იმით უნდა წავსულიყავი, რომ ჩემი კვალი არავის აეღო. მოკლედ, გავედი თუ არა იმ ქუჩაზე დავინახე, რომ ჩემთვის განკუთვნილ მანქანას ორი ბიჭი ეჩალიჩებოდა, ისინი მისი კარის გახსნას ცდილობდნენ. მე შემეძლო, ისინი დამეფრთხო, მაგრამ რაღაც ძალამ გამაჩერა. შევდეგი და შორიდან ვუყურებდი, რას როგორ მოახერხებდნენ. ბიჭებმა კი მანქანა გააღეს. ჩასხდნენ „პროვოდებით“ დაქოქეს და როგორც კი ნაპერწკალი წარმოიშვა, ჩემთვის განკუთვნილი მანქანა აფეთქდა... უმალვე მოვშორდი იქაურობას და რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ჩემი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ამ გეგმის შესახებ ჩემ გარდა, მხოლოდ ჯემალმა იცოდა და რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჯემალის მოწყობილი იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორი დღე ფსკერზე დავწექი. შემდგომ კი პირდაპირ ჯემალს დავადექი. იმ პერიოდში ის მცხეთაში, ერთ პატარა აგარაკზე ცხოვრობდა. დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა. ჯემალს ეძინა. მართალია, მას ორი უზარმაზარი ქოფაკი ჰყავდა ეზოში გაშვებული, მაგრამ ისინი მიცნობდნენ და ყეფა არ აუტეხავთ. მომელაქუცნენ. მე მათ ხორცის ნაჭრები დავუყარე, სახლში ფეხაკრეფით შევედი და ჯემალი გავაღვიძე. მისკენ მიშვერილი იარაღი რომ დაინახა, საწოლზე წამოჯდა, თუმცა ზედმეტი მოძრაობის გაკეთება არ უცდია და მითხრა:
– ბედი გქონია, გადარჩენილხარ.
– მანქანის ქურდებმა გადამარჩინეს. შენ კი ნამდვილად არ გაგიმართლებს და თავის დაღწევას არც კი ეცადო. ღირსეულად მოიქეცი.
– სხვა გზა არა მაქვს. მიდი, მესროლე!
– ნუ ჩქარობ. შენთან კითხვები მაქვს.
– გაინტერესებს, ვინ და რატომ გკლავდა?
– არა მარტო ეგ.
– შენზე შეკვეთა ბიზნესმენის შემკვეთმა მომცა. მას არ უნდოდა, რომ ამ საქმის მოწმე დარჩენილიყო და ეს კვალის განადგურების მიზნით გააკეთა. რა თქმა უნდა, მეც ამ სიაში ვიქნები, მაგრამ „კანტორიდან“ გაქცეას ვაპირებდი. შენ კი იმიტომ გაგწირე, რომ ორმაგი გადაიხადა. თანაც მეც ყველა კვალის წაშლა მინდოდა. მაგრამ არ გამომივიდა. მესროლე, რაღას უცდი?
– ჩემ შესახებ თუ იცის ვინმემ რამე?
– მხოლოდ კოლია ნარსიამ. „კანტორის“ შეფმა.
– რა იცის ჩემზე?
– ის, რომ უზადო შემსრულებელი ხარ.
მე დიქტოფონზე ჩავიწერე ჯემალის სიტყვები. შემდეგ შუბლში ტყვია დავახალე და თბილისში დავბრუნდი. კოლია ნარსია მარტოხელა იყო, ვაკეში, ახლად აშენებული კორპუსის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. მე ზედა სართულზე „დავუსატკავე“ და კარი რომ გააღო მის ბინაში მასთან ერთად შევედი. იარაღიც კი არ ამომიღია. სავარძელში მოვკალათდი და ვუთხარი:
– დაბრძანდით, ბატონო კოლია.
მასპინძელმა ყურადღებით შემათვალიერა. თავი გააქნია და მითხრა:
– ჯემალი ძალიან გაქებთ. თქვენზე მითხრა, უზადო შემსრულებელიაო.
ნარსიას ჩანაწერი წინ დავუდე, ჩავრთე და ვუთხარი:
– ახლა ამას მოუსმინეთ. აქაც ჯემალი ლაპარაკობს.
ნარსიამ ყურადღებით მოუსმინა ჩანაწერს და თქვა:
– როგორც მივხვდი, ეს მისი ბოლო სიტყვებია.
– დიახ, – დავუდასტურე მე.
– აქ იმიტომ ხომ არ ხართ მოსული, რომ მეც ბოლო სიტყვები ვთქვა?
– მასე რატომ ფიქრობთ?
– ჩვენი პროფესიული სისტემიდან გამომდინარე, წესით, მე თქვენ შესახებ არაფერი უნდა მცოდნოდა, ისევე, როგორც თქვენ ჩემ შესახებ. ახლა კი ორივე გაშიფრული ვართ.
– სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ჯემალი მოღალატე აღმოჩნდა. ორმაგ თანხას დახარბდა და გამწირა. „კანტორა“ დარტყმის ქვეშ დააყენა და ამის გამო სამართლიანადაც დაისაჯა. მე წინადადება მაქვს თქვენთან: გთავაზობთ, რომ ჩემზე კურატორობა აიღოთ და შეკვეთები პირადად მომცეთ. თანახმა ხართ?
– ცუდი წინადადება არაა. თანახმა ვარ, – მითხრა ნარსიამ და დაამატა, – ვინც თქვენი თავი შეუკვეთა ჯემალს, ისიც უნდა მოკლათ?
– რა საჭიროა? – მხრები ავიჩეჩე და დავამატე, – მან ხომ ჩემი ვინაობა არ იცის და იცოცხლოს. რას მიშავებს?
– ჭკვიანურია. მე თქვენ მომწონხართ და იმედია, ნაყოფიერად ვიმუშავებთ ერთად, – მითხრა ნარსიამ და სახლიდან წამოვედი.
„კანტორის“ შეფთან ექვსი წელი ნაყოფიერად ვიმუშავე, მაგრამ მანაც ჯემალის საქციელი გაიმეორა და ისიც ჯემალის გზას გავუყენე. საქმე ის იყო, რომ ერთი ბობოლას ლიკვიდაცია განვახორციელე და კუშიც შესაბამისი იყო. „ობიექტი“ რომ „პატრონს ჩავაბარე“ ფულის ასაღებად კურიერთან გავემართე შეხვედრაზე. უფრო სწორად კი, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დავიბარე. შეხვედრაზე სხვა ადამიანი დავახვედრე, რომელსაც წინასწარ გადავუხადე ფული და მე კი იქვე დავიმალე. უკვე ქილერობის თორმეტწლიანი გამოცდილება მქონდა. მხეცის ინსტინქტი გამოვიმუშავე და ვგრძნობდი, რომ შესაძლოა, ამ საქმეს შევწიროდი, რადგან შემკვეთს კვალის მოსპობის სურვილი ექნებოდა. მკვლელობა პოლიტიკური ხასიათის იყო და როგორც წესი, ასეთ დროს შემსრულებლებსაც ასაღებენ. ერთი სიტყვით, მართალი აღმოვჩნდი და კურიერმა, რომელიც გარეგნულად არ მიცნოდა, ფული მოიტანა, ჩემს შემცვლელს გადასცა და როდესაც მისი მოკვლა დააპირა, გამოვჩნდი. ქილერს იარაღი ავართვი და ჩემი გაოგნებული შემცვლელის თვალწინ ვუთხარი:
– შეფმა დაგავალა, ხომ, ეს საქმე?
– დიახ.
– ჩემი მოკვლის მერე რა უნდა გექნა?
– მობილურით უნდა მეცნობებინა, რომ საქმე გაკეთებულია. შემდგომ კი მასთან მივსულიყავი.
– ფულისთვის?
– არა, ფულისთვის არა. თქვენს მკვლელობაში ეს ფული უნდა ამეღო. შეფთან იმიტომ უნდა მივსულიყავი, რომ აქედან გავმქრალიყავი. ამ საქმის მერე საზღვარგარეთ უნდა გავეყვანე ერთ კაცს.
– ვის?
– ეგ მე არ ვიცი. ამას შეფთან გავიგებდი, – მითხრა ქილერმა.
დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ ნარსია-ქილერის „დაბრედვას“ გეგმავდა. მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა, რატომ გაიმეორა მან ასეთი შეცდომა. ის ხომ ძალიან გამოცდილი კაცი იყო და ასეთი კომბინაციის დროს მასაც მოკლავდნენ.
– გინდა, ცოცხალი დაგტოვო? – ვკითხე ქილერს.
– დიახ.
– მაშინ შეფს დაურეკე და უთხარი, რომ საქმე შეასრულე. შემდეგ კი აქედან გაქრი. თანაც სამუდამდ, თორემ მოგკლავენ.
ქილერმა ჩემი ბრძანება შეასრულა და ტელეფონი რომ გათიშა, მკითხა:
– ახლა რა ვქნა?
– რა გითხრა, სად მოდიო?
– სახლში დამიბარა.
– ძალიან კარგი, – ვთქვი მე და ქილერს შუბლი გავუხვრიტე. ჩემს შემცვლელს კი ფულით სავსე ჩანთაზე მივანიშნე და ვუთხარი:
– აიღე ეს ფული, წადი და სამუდამოდ დაივიწყე, რაც აქ ნახე. წესით, ცოცხალს არ უნდა გტოვებდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ.
ჩემი დუბლიორი მშვიდობით გავუშვი. მოკლული ქილერის ტელეფონი გამოვრთე და ნარსიას დავადექი. კოლია ჯემალზე ბევრად უღირსი და ლაჩარი აღმოჩნდა. როგორც მითხრა, ამ ლიკვიდაციის შემკვეთი მისი ძმა ყოფილა და სწორედ ამიტომ არ ეშინოდა, რომ თავიდან მოიშორებდნენ. რას არ შემპირდა, რომ არ მომეკლა. ათასი ბოდიში მომიხადა. ჩემ წინ ქვეწარმავალივით ხოხავდა, მაგრამ მაინც ვერ ასცდა სიკვდილს და ტყვიამ მარცხენა თვალი გაუხვრიტა... ამ ამბავმა ჩემს კარიერაზე გავლენა ვერ მოახდინა. შეკვეთების მიღება პირადად შემეძლო და ამას ელექტრონული ფოსტით ვახორციელებდი. ფულის გადახდაც ამგვარი გზით ხდებოდა და ცხოვრება გრძელდებოდა. ნარსიას სიკვდილით ბოლო ადამიანი მოვიშორე თავიდან, ვისაც შეიძლებოდა, ჩავეშვი და ამიერიდან ამის შიში აღარ მქონდა. სამუშაოს ჩვეულებრივად ვაგრძელებდი და საკმაოდ კომფორტულადაც ვგრძნობდი თავს.
გადიოდა წლები. ბესოსთან ურთიერთობას შეძლებისდაგვარად ვახერხებდი. ამასობაში ის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი გახდა. დრო შეზღუდული ჰქონდა და ძირითადად, ტელეფონით ვურთიერთობდით. ერთხელ მორიგი შეკვეთა რომ მივიღე და „ობიექტს“ გავეცანი, ძარღვებში სისხლი გამეყინა. ეს ობიექტი ბესო იყო და ამ საქმეში მილიონ დოლარს მიხდიდნენ. არც ვაციე, არც ვაცხელე და რომ იტყვიან, აღიარებითი ჩვენებით მივედი მასთან. ბესოს სულაც არ გაჰკვირვებია, რომ „შეკვეთილი“ იყო. ის იმან შეაცბუნა, რომ მე ქილერი აღმოვჩნდი. ვილაპარაკეთ და ბოლოს მან მითხრა:
– ვიცი, ვინც შეგიკვეთა ჩემი თავი. აი, ესაა, – ბესომ სურათი მომაწოდა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ეს ადამიანი ბესოს უახლოესი პოლიტიკური პარტნიორი, მისი მომავალი ნათელ-მირონი იყო. იმ ადამიანს ბესოს შვილი უნდა მოენათლა.
– ხომ არაფერი გეშლება? – ვკითხე მე.
– არა. ზუსტად ვიცი და ორმაგს მიიღებ, თუ ამ ადამიანს გაასაღებ, – მითხრა ბესომ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შეკვეთა მივიღე. ბესოს შემკვეთის ლიკვიდაციამ წარმატებით ჩაიარა და ის სუბიექტი სნაიპერული შაშხანიდან გამოვასალმე სიცოცხლეს, მაგრამ ეს ჩემი უკანასკნელი გასროლა იყო და ბესოს თხოვნით, პოლიტიკაში წავედი.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან