უკანასკნელი გასროლა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.10
ძალოვან სტრუქტურაში არასდროს მიმუშავია. სპორტსმენი, ხუთჭიდელი ვიყავი და „კანტორაში“ იქიდან მოვხვდი. „კანტორა“ შეკვეთილ მკვლელობებს ასრულებს და მესამე ათეული წელია, იქ ვმუშაობ. ისეთი პროფესია მაქვს, ჩვენი მუშაობის სტაჟი, მაქსიმუმ, 4-5 წელია. მე კი, მინიმუმ, ხუთჯერ გადავაჭარბე ამ ვადას ჯერ იდევ „ხოდზე“ ვარ და იმქვეყნად წასვლას კიდევ დიდხანს არ ვაპირებ.
ბედისწერას რა ვუთხარი, თორემ სახელოვანი სპორტსმენი გავხდებოდი. არც ხალხის „დაბრედვა“ დამჭირდებოდა და მუდმივი სამიზნის ქვეშაც არ ვიქნებოდი. სწორედ რომ ჩემს ჯინაზე დაიშალა საბჭოთა კავშირი. ხუთჭიდი კი არა, ფეხბურთიც კი არავის უნდოდა. არადა, ისეთ მხეც ფორმაში ვიყავი, რომ სერიოზულ წარმატებებს მივაღწევდი. გორბაჩოვმა რომ ქვეყნის დაშლა გამოაცხადა და კრემლის „ფლაგშტოკზე“ საბჭოთა კავშირის დროშა დაუშვეს – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიმყოფებოდი შეკრებაზე. დრეზდენში ენით აუწერელი ჟრიამული იდგა – ათეულ-ათასობით ადამიანი ზეიმობდა კომუნისტური იმპერიის დამხობას. მეორე დილით მოსკოვში ჩავფრინდით. უკვე აღარარსებული ქვეყნის ყოფილ დედაქალაქში კი ჩვენი სპორტის სახეობის მესვეურებმა გამოგვიცხადეს: არანაირი მსოფლიო ჩემპიონატი აღარ იქნება. ქვეყანა გაუქმებულია და ვისი სახელით უნდა გამოხვიდეთ შეჯიბრებაზეო.
ერთი სიტყვით, მართალია, რუსეთი იყო საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრე და ფორმალურად რუსეთის დროშის ქვეშ უნდა დავმდგარიყავით, მაგრამ ამას დრო სჭირდებოდა. მოსაგვარებელი იყო საერთაშორისო იურიდიული პროცედურები. რუსეთი ხუთჭიდის ფედერაციაში უნდა გაწევრიანებულიყო, ათასი ბიუროკრატიული ბარიერი უნდა გადაელახა... დრო კი შეზღუდული იყო. ჩემპიონატი ორ კვირაში იწყებოდა და ამ ყველაფრის მოგვარება არ ესწრებოდა. ვერც თბილისში დაბრუნებას ვახერხებდით. საქართველოს დედაქალაქში გააფთრებული ომი მიმდინარეობდა. ამიტომ მე და ჩემი მწვრთნელი, ჯემალი ორი თვით პავლე ლოსევს შევეკედლეთ. ლოსევი ჩვენი გუნდის წევრი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. მე და პავლიკა ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან ვძმაკაცობდით. ლოსევი თბილისში იყო დაბადებული და ხუთჭიდში ვარჯიშიც საქართველოს დედაქალაქში დაიწყო. სწორედ იქ დავძმაკაცდით. შემდგომ ლოსევები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. ჩვენ შორის კავშირი დროებით გაწყდა. მაგრამ ორივე საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში აგვიყვანეს და ჩვენი ძმაკაცობა ახალი ძალით განახლდა. იმავდროულად, შეურიგებელი მეტოქეები ვიყავით და ხან ის ხდებოდა ჩემპიონი, ხან – მე. სხვათა შორის, პავლიკა დედით ქართველი იყო და რუსულზე უკეთესად ქართულ ენას ფლობდა. მით უმეტეს, რომ ქართულ სკოლაში სწავლობდა და მოსკოვში გადასვლის შემდეგ იქაური ქართული სკოლა დაამთავრა.
ახალ წელს პავლიკასთან შევხვდით და მარტის დასაწყისში, როგორც იქნა, მე და ჯემალი თბილისში დავბრუნდით. დავბრუნდი, მაგრამ, ვაი ამ დაბრუნებას. დედ-მამა ცოცხლები აღარ დამხვდნენ. ისინი ზვიადისტები იყვნენ და დამხობილი პრეზიდენის მხარდამჭერ მიტინგებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მიტინგის დროს დახოცეს ორივე. ამ ამბის ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომიყვა, რომ იმ ცივ, თოვლიან დღეს დამხობილი პრეზიდენტის მომხრეთა ორასიათასიანი კოლონა ქალაქის ცენტრისკენ დაიძრა. ელბაქიძის აღმართზე მათ ნიღაბაფარებული ავტომატიანები დახვდნენ. ისინი ჯერ ჰაერში ისროდნენ და ამგვარად ცდილობდნენ ამ უზარმაზარი კოლონის შეჩერებას. მაგრამ უშედეგოდ. შემდგომ მათ პირდაპირ ხალხს გაუხსნეს ცეცხლი. თანაც ძალიან ახლოდან და ფაქტობრივად, მიბჯენით ესროდნენ. ერთი ტყვია სრულიად ნორჩ ყმაწვილს მოხვედრია ფეხში და ჩემი მშობლების წინ დავარდნილა. მამას ბიჭისთვის პირველადი დახმარება აღმოუჩენია და სისხლისგან რომ არ დაცლილიყო არტერია თავისი პერანგის ნახევით გადაუჭერია, რომელიც ამ ყინვაში გაიხადა და წელს ზემოთ შიშველი დარჩა. დედაჩემი კი იმ ნიღბიან ავტომატიანს მიეჭრა წყევლით და ნიღაბი ჩამოგლიჯა. იმ „კრისას“ კი (შემდგომ გავაიასნე, რომ მას მართლა „კრისას“ ეძახდნენ) დედაჩემისთვის ჯერ ავტომატის კონდახი ჩაურტყამს და ძირს დაუგდია, შემდგომ კი დაუცხრილავს. მამას რომ ეს დაუნახავს, „კრისას“ მივარდნია, მაგრამ იმ ნაძირალას ავტომატის ჯერით მამაჩემიც ადგილზევე მოუკლავს. იმ დღეს თბილისში ძალიან ბევრი ხალხი დახოცეს პუტჩისტებმა და ზღვა სისხლი დაღვარეს. ჩემი მშობლები მეზობლებს დაუსაფლავებიათ და რადგან მოშლილი იყო ყველანაირი კომუნიკაცია, თანაც, არც კი იცოდნენ, სად ვიყავი, ეს ამბავი ვერ გამაგებინეს და მშობლების დაკრძალვას ვერ დავესწარი. თბილისში რომ დავბრუნდი, სამი დღის შემდეგ ჩემი მშობლების ორმოცი იყო. ცოტა ფული მქონდა და პატარა სუფრა გავშალე. მანამდე კი სასაფლაოზე გავედი და სწორედ იქ გავიცანი ბესო. ის ახალგაზრდა, ვინც ჩემმა მშობლებმა სიკვდილს გადაარჩინეს, თავად კი დაიღუპნენ. ბესო 18 წლის იყო. მარცხენა ფეხით ძალიან კოჭლობდა და ჯოხით დადიოდა. მან ვარდების თაიგული დადო საფლავზე. შემდეგ სანთელი დაანთო და აცრემლებული დაემხო საფლავის ქვაზე. პირველი მე გამოვეცნაურე. შემდგომ სახლში წავიყვანე ორმოცის სუფრაზე.
– შენი მშობლები რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი, მათ ვალს ვერასოდეს გადავიხდი, – მითხრა ბესომ, როდესაც ჩემი დედ-მამის ხსოვნის სადღეგრძელო შესვა. ცრემლები მოიწმინდა და ჩურჩულით დაამატა, – მაგრამ იმ ნაბიჭვარს მაინც ამოვართმევ სულს. ვერსად გამექცევა და ღორივით დავკლავ.
სუფრა რომ დასრულდა და მცირერიცხოვანი სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ, ბესოს დარჩენა ვთხოვე. დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი და სწორედ მისგან შევიტყვე ჩემი მშობლების მკვლელის ვინაობა. ბესოს თვალები ჩაუსისხლიანდა და მითხრა:
– „კრისას“ ეძახიან იმ ნაძირალას. ოცდაცხრა წლისაა და რაიონიდანაა წარმოშობით.
– შენ რა იცი? – ვკითხე ბესოს.
– ჩვენი ორგანიზაციის ერთმა წევრმა იცნო და მან მომიყვა. იმ საბედისწერო დღეს ის კაციც იქ იყო და ცხონებულმა დედაშენმა რომ ნიღაბი ჩამოგლიჯა, დაინახა.
– შეცდომა გამორიცხულია?
– სავსებით. მეც ეს კითხვა დავუსვი მას და მითხრა, – რაის შეცდომა, წკიპზე გაასწრო სოფელს, თორემ რომ დაეჭირათ შუაში გაგლეჯდნენო.
– ისეთი რა დააშავა?
– რა და თავისი ბავშვობის გარდაცვლილი მეგობრის ცოლთან დაუჭერია საქმე. თანაც ნათელ-მირონი ყოფილა. თურმე; ძმას შეუსწრია და ის ნაძირალა ხელიდან დასხლტომია, გაქცეულა და თბილისში გადმოხვეწილა. აქ კი შეიარაღებულ ფორმირებაში ჩაეწერა და ბინძურ საქმეებს სჩადის.
– თბილისში სად ცხოვრობს, ხომ არ იცი?
– ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად დავადგენ. ჯერ კიდევ მაგრად მაწუხებს ეს ფეხი და გადაადგილება ძალიან მიჭირს. ცოტა ჩამიცხრეს და ამ საქმეს მივხედავ, – თქვა ბესომ. მე მხარზე მოვუთათუნე ხელი და ვუთხარი:
– მოდი, ასე ვქნათ: უჩემოდ არაფერი მოიმოქმედო. თუ რამეს შეიტყობ იმ ნაძირალაზე, საქმის კურსში ჩამაყენე და ერთად ვიმსჯელოთ, კარგი?
– კარგი, მასე იყოს, – დამეთანხმა ბესო.
მე ნამდვილად არ მინდოდა, რომ ეს პატარა ბიჭი შარში გახვეულიყო და ერთობლივ მოქმედებაზე ამიტომ დავითანხმე. მეორე მხრივ კი, შურისძიების დაუოკებელი სურვილით ვიყავი შეპყრობილი და ერთი სული მქონდა, ჩემი მშობლების მკვლელისთვის სამაგიერო გადამეხადა. ამიტომ, ბესოსგან ფარულად, მეორე დღიდანვე დავიწყე „ჩალიჩი“ და დავადგინე, რომ „კრისა“ ვარკეთილის დასახლებაში, საბერძნეთში წასული ოჯახის ბინაში სახლობდა. მას ოჯახის უფროსი იარაღის მუქარით დაუშინებია. ბინა ძალით გადააფორმებინა თავის სახელზე და კაპიკიც არ მისცა. ასეთივე გზით ჰქონდა მას მოპოვებული „ნივა“, რომელიც რუსეთში გასამგზავრებლად მომზადებულ მამაკაცს წაართვა. ერთი სიტყვით, ეს „კრისა“ უკიდურესი „ბესპრეძელშიკი“ იყო. ყოვლად უნამუსო, გარყვნილ-გათახსირებული სუბიექტი და ყველაფერზე წამსვლელი. მე მას ძალიან ფრთხილად დავაჯექი კუდზე და მყარად მქონდა გადაწვეტილი, მომეკლა. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ იარაღი არ მქონდა. უფრო სწორად, სპორტული „მარგოლინი“ იყო ჩემზე გაფორმებული, რომლითაც ვვარჯიშობდი, მაგრამ ის მასროთეკაში იყო რეგისტრირებული. რომ გამომეყენებინა, ანუ იმ იარაღით რომ მომეკლა, დიდი ალბათობით, ბალისტიკური ექსპერტიზით დაადგენდნენ მფლობელს და მაშინვე ჩემზე გამოვიდოდნენ. ამიტომ, სხვანაირი გეგმა მქონდა და მოთმინებით ველოდებოდი ხელსაყრელ მომენტს.
ეს მომენტი ორი თვის შემდეგ დადგა. მაისის შუა რიცხვებში, ერთ საღამოს „კრისა“ სახლში დაბრუნდა. მანქანა გარაჟში შეიყვანა და უკან გამოსვლას რომ აპირებდა, ზურგიდან მივადექი. „მარგოლინი“ მივუშვირე და ვუთხარი.
– არ გაინძრე, თორემ მოგკლავ! შემოტრიალდი!
„კრისა“ შემოტრიალდა, გარაჟის ფანრის შუქზე შემათვალიერა და მითხრა:
– ვინ ხარ? ვერ გიცანი. რა გინდა?
– პირველ რიგში, ავტომატი ფრთხილად დადე ძირს და მკვეთრი მოძრაობა არ გააკეთო, თორემ აქვე მოგკლავ!
„კრისამ“ იარაღი ბეტონის იატაკზე ფრთხილად დადო. წელში გაიმართა და ჩემი ბრძანებისამებრ, სამი ნაბიჯით უკან დაიხია. მე ავტომატს დავწვდი. მივუშვირე და ვუთხარი:
– იცი, ვინ ვარ?
– არა. ვერ გიცანი.
– ელბაქიძის აღმართზე რომ ცოლ-ქმარი დახოცე, იმათი შვილი ვარ.
– ტყუილია! არავინ დამიხოცავს!
– იქნებ არც შენი მკვდარი ძმაკაცის, შენი ნათელ-მირონის ცოლი გიხმარია?
– მომიგონეს, ცილი დამწამეს!
ავტომატი გადავტენე, მივუშვირე და ვუთხარი:
– ილოცე სიკვდილის წინ და ცოდვები მოინანიე. იქნებ გაპატიოს კიდეც ღმერთმა, თუმცა მაინც და თუ არა, ჯოჯოხეთში გაემგზავრე! – ვუთხარი კრისას და ავტომატის ჯერით ავტოფარეხში ჩავცხრილე. შემდეგ მისი „ნივით“ ქალაქის ცენტრისკენ ავიღე გეზი. მანქანა კოლმეურნეობის მოედანზე დავტოვე და სახლისკენ ფეხით განვაგრძე გზა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლების გამო შური უკვე ვიძიე და უკიდურესი ნაძირალა გამოვასალმე სიცოცხლეს, ძალიან ცუდად, არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. მთელი გზა ვლოცულობდი და ღმერთს პატიებას ვთხოვდი. ეს არც იყო გასაკვირი. მართალია, საიქიოში ნაძირალა და ჩემი უდანაშაულო მშობლების მკვლელი გავისტუმრე, მაგრამ პირველი მკვლელობა იყო და საკმაოდ გამიჭირდა.
„კრისას“ ლიკვიდაციიდან რვა დღის შემდეგ ჩემთან ბესო მოვიდა და აღელვებულმა მითხრა:
– „კრისა“ მოკლეს.
– ვინ „კრისა“? – თავი გავიშტერე.
– შენი მშობლების მკვლელი.
– უცებ ვერ მივხვდი, – თავი გავაქნიე და დავამატე, – როდის?
– ზუსტად არ ვიცი. დაახლოებით, ერთი კვირის წინ.
– რაც დაიმსახურა, ის მიიღო. ვინ და რატომ მოკლა, არ იცი?
– გარაჟში ჩაუცხრილავთ და მისი მანქანა გაუტაციათ. მკვლელები ჯერ არ დაუჭერიათ. დაგვასწრეს, – სინანულით თქვა ბესომ.
– იქნებ უკეთესიც კი იყოს, ვიღაცამ დიდ ცოდვას აგვარიდა. მართალია, დიდი ნაძირალა იყო, მაგრამ მაინც ადამიანია და ადამიანის მოკვლა იოლი საქმე არაა. რაც მთავარია, სამართალი აღსრულდა და მადლობა ღმერთს!
ბესოს აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემზე იოტისოდენა ეჭვიც კი არ აუღია და დარწმუნებული იყო, „კრისა“ ვიღაც სხვა მტრებმა ჩაცხრილეს. მან თავი გააქნია და მითხრა:
– იმედია, ჩვენს ურთიერთობას ამით არ დაესმება წერტილი და დავმეგობრდებით.
– რაზეა ლაპარაკი. ძმები ვართ, – ვუთხარი ბესოს და გადავეხვიე.
და, მართლაც, მე და ბესომ ერთმანეთს ძმობა შევფიცეთ და დიდ მეგობრობას დავუდეთ სათავე. ახალგაზრდობის მიუხედავად, ბესო ძალიან ჭკვიანი, შეუპოვარი და ქარიზმატული ფიგურა იყო. მან საკმაოდ მალე მოიპოვა საყოველთაო პატივისცემა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ბესო უფრო მეტად ეფლობოდა პოლიტიკაში და ჩვენი შეხედრების სიხშირემაც იკლო. მეც საკმაოდ დაკავებული ვიყავი. მართალია, პოლიტიკაში არ ვიყავი, მაგრამ უკვე კანტორაში ვმუშაობდი და ძალიან დიდი ენერგია მეხარჯებოდა. ჩემი პროფესია მოითხოვდა, რომ მუდმივად ფორმაში ვყოფილიყავი, ყურადღება წამითაც არ მომედუნებინა და იმ საშიში მტრების ხელში არ ჩავვარდნილიყავი, რომლებიც ყოველი საქმის შემდეგ მემატებოდნენ.
„კანტორაში“ ჩემი კარიერა კი ასე დაიწყო: „კრისას“ ლიკვიდაციიდან ერთი თვე იყო გასული, ზაფხული ძალებს იკრებდა. სიცხე მატულობდა და თბილისში აღარ დაიდგომებოდა. საღამოვდებოდა. შუქი გრაფიკითაც კი არ გვქონდა. გაზზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო არც წყალი გვწყალობდა – ძალიან ხშირად წყდებოდა და იძულებული ვიყავით, რომ სხვადასხვა ჭურჭლით, რაც შეიძლება, მეტი რაოდენობის წყალი მოგვემარაგებინა. ერთი სიტვით, ქვის ხანაში ვცხოვრობდით. უკვე გვიანი საღამო იყო. ბნელოდა და დასაძინებლად ვემზადებოდი. საწოლი გავშალე და უკვე დაწოლას ვაპირებდი, რომ კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. მივედი, გავაღე და ზღურბლზე ჯემალი დავინახე. ის მცირე ზომის ფანრით იყო მოსული. სახეზე მიინათა და მითხრა:
– მე ვარ, ხომ არ გეძინა?
– არა, შემოდი! – ვუთხარი ჯემალს და ბინაში შევიპატიჟე. სავარძელი შევთავაზე და დავამატე, – ხომ მშვიდობაა?
– შენთან საქმე მაქვს. უფრო სშორად საქმიანი შემოთავაზება.
– გისმენ.
– როგორ ხარ, გიზო?
– არა მიშავს. შენ?
– მეც მასე, – მიპასუხა ჯემალმა, – ამ სიცხეში დასასვენებლად წასვლას არ აპირებ? – მკითხა მან.
– სადაა დასვენების ფულები?!
– ესე იგი, სამსახური ჯერ ვერ იშოვე...
– სიმართლე გითხრა, არც მიძებნია, მაგრამ, რომც მომეძებნა, რას ვიშოვიდი? სადაა სამსახური?
– გინდა, დაგეხმარო?
– სამსახურის შოვნაში?
– დიახ.
– როგორ არ მინდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან