რომანი და დეტექტივი

უბედურება მხოლოდ ხუთგვარია

№23

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 16.06

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგათა კრისტი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #22 (1222)

– ისევ ვიცეკვოთ? – ჩასჩურჩულა მან. ისევ იცეკვეს. ქალს თავი ზღაპარში ეგონა! გრძნობდა, როგორ შესცქეროდა ჯორჯი. გაახსენდა, მისი ეჭვიანობის გამოწვევა რომ უნდოდა. რა დიდი ხნის წინ იყო ეს! ახლა სულაც აღარ ენაღვლებოდა, იეჭვიანებდა თუ არა ქმარი. ეს ხომ ააფორიაქებდა მას. რატომ უნდა შეწუხებულიყო საბრალო? ყველა ისეთი ბედნიერი იყო.

მისტერ პეკინგტონი შინ ერთი საათის მისული იყო, მისის პეკინგტონი რომ დაბრუნდა. ჯორჯი აფორიაქებული იყო და საკუთარ თავში დაჯერებულიც აღარ ჩანდა.

– ჰმ, მოხვედი? – თქვა მან. მისის პეკინგტონმა საღამოს კაბა გაიხადა, იმ დილით ორმოცი გინეა რომ დაუჯდა.

– ჰო, მოვედი, – შეჰღიმა ქმარს.

ჯორჯმა ჩაახველა.

– რა უცნაურად შევხვდით ერთმანეთს, არა?

– ჰო, მართლაც, – გაეპასუხა მისის პეკინგტონი.

– მე, იცი რა, ვიფიქრე, კარგი იქნება, ეს გოგო სადმე რომ დამაპატიჟებინა... შინ ისე აწეწილი აქვს საქმეები, ვიფიქრე, ამ სიკეთეს გავუკეთებ-მეთქი. ხომ გესმის?

მისის პეკინგტონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

საბრალო მოხუცი ჯორჯი – დაბაჯბაჯებდა, ოფლში იწურებოდა და აშკარად აღარ იყო კმაყოფილი საკუთარი თავით.

– შენ რომ გახლდა, ის ყმაწვილი ვინ არის? მე არ ვიცნობ, არა?

– ლატრელია გვარად, კლოდ ლატრელი.

– სად გაიცანი?.

– ოჰ, ვიღაცამ გამაცნო, – მიაფუჩეჩა მისის პეკინგტონმა.

– რა უცნაურია, ამ ხნის ქალი საცეკვაოდ რომ დადიხარ. თავი არ უნდა გაიმასხარავო, ჩემო კარგო.

მისის პეკინგტონმა ირონიულად გაიღიმა. ისეთ გუნებაზე იყო, ქვეყანა თავისი ეგონა, შეკამათების სურვილიც არ ჰქონდა და მხოლოდ მეგობრულად მიუგო:

– მრავალფეროვნება ყოველთვის სასიამოვნოა.

– ხომ იცი, ფრთხილად უნდა იყო. ასეთი კაცი, ქალისგან გამორჩენას რომ მოელის, ბევრია. ხნიერი ქალები ხშირად ისულელებენ თავს. მე, უბრალოდ, გაფრთხილებ, ძვირფასო, არ მინდა, უღირსად, უკადრისად მოიქცე.

– ცოტა წავარჯიშება ძალზე სასარგებლოა, – მხიარულად უპასუხა მისის პეკინგტონმა, – შენც ასევე არა გგონია, განა? სხვანაირად იქცევი, როცა იმ გოგონას ხვდები? – კეთილად ჰკითხა მისის პეკინგტონმა, – კარგია, როცა ადამიანი ბედნიერია. მახსოვს, ერთი ათი დღის წინ, საუზმეზე ასე ამბობდი.

ქმარმა გამომცდელად შეავლო თვალი, მაგრამ ქალს სახეზე დაცინვა არ ეტყობოდა. მან დაამთქნარა.

– უნდა დავწვე.

– სხვათა შორის, ჯორჯ, ამ ბოლო დროს ცოტა ხელგაშლილობა გამოვიჩინე, რამდენიმე ჩეკი გვაქვს გასანაღდებელი, ხომ არ გეწყინება?

– ჩეკი? – ჰკითხა მისტერ პეკინგტონმა.

– ჰო, ტანსაცმლის, მასაჟის, ვარცხნილობის საფასური, უჩვეულოდ ვიქცეოდი, მაგრამ ვიცი, წინააღმდეგი არ იქნები.

ქალმა კიბე ამაყად აიარა. მისტერ პეკინგტონს პირი ღია დარჩა. მარიას მშვენივრად ეჭირა თავი ამ საღამოს, დარდი არაფრის ეტყობოდა, მაგრამ დასანანი იყო, ასე ერთბაშად რომ გაფლანგა ფული. მერე ვინ, მარიამ, ვინც მომჭირნე ადამიანის ნიმუშად გამოდგებოდა! „ოჰ, ეს ქალები!“ ჯორჯ პეკინგტონმა თავი გააქნია, გაახსენდა, იმ ქალიშვილის ძმებს როგორ უჭირდათ ამ ბოლო დროს. კეთილი, სიხარულით დაეხმარება, მაგრამ მაინც, ეშმაკმა დალახვროს, მთლად კარგად ვერ მიდის საქმეები. მისტერ პეკინგტონმა ნელ-ნელა, ოხვრით აიარა კიბე.

ზოგჯერ სიტყვები, რომლებიც მაშინვე ვერ აღწევენ მიზანს, მოგვიანებით გვახსენდება. მისის პეკინგტონმა მხოლოდ მეორე დილით გაიაზრა ქმრის ნათქვამი. ყმაწვილი კაცები შუახნის ქალებისგან გამორჩენას ელიანო, შუახნის ქალები თავს ისულელებენო... მისის პეკინგტონი თავს იმხნევებდა. იჯდა და ფაქტებს იხსენებდა. ალფონსი. ჰო, ბევრი რამ წაეკითხა ალფონსებზეც და ხანშიშესული ქალების უგუნურებაზეც. იყო თუ არა კლოდი ალფონსი? – ალბათ, იყო. მაგრამ ალფონსებს აკი ეპატიჟებოდნენ, ფულს უხდიდნენ, კლოდი კი ყოველთვის იქით პატიჟებდა ქალს, ფულსაც თავად იხდიდა, თუმცა, სავარაუდოდ, კლოდი კი არა, მისტერ პიტერ პელტონი იხდიდა მისი საკუთარი ორასი გინეიდან. თვითონაც ხანშიშესული სულელი ქალი იყო განა? ნეტა კლოდ ლატრელი თუ დასცინოდა ზურგს უკან. ამის გაფიქრებაზე სახე აელეწა. გამოდის, რომ კლოდი ალფონსია, თვითონ კი – სულელი ხანშიშესული ქალი. იფიქრა, რამე უნდა ვაჩუქო, მაგალითად, ოქროს პორტსიგარი ან რამე ამგვარიო. თითქოს რაღაცამ უბიძგა, რომ გარეთ, მაღაზიაში გასულიყო. პორტსიგარი აარჩია, ფულიც გადაიხადა. კლოდს საუზმისათვის უნდა შეხვედროდა. ყავას რომ წრუპავდნენ, ჩანთიდან პორტსიგარი ამოიღო.

– პატარ საჩუქარია, – ჩაიჩურჩულა მან.

კლოდმა აიხედა, მოიღუშა:

– ჩემთვის?

– დიახ. ვიმედოვნებ, მოგეწონება. კლოდმა ხელი დაადო პორტსიგარს და ღონივრად მისწია მისის პეკინგტონისაკენ, – რატომ მაძლევთ? არ ავიღებ. დაიბრუნეთ, გეუბნებით, დაიბრუნეთ–მეთქი! – გაბრაზდა. შავი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

– უკაცრავად, – ამოილუღლუღა ქალმა და პორტსიგარი ისევ ჩანთაში ჩაიდო. იმ დღეს ორივე დაძაბული იყო.

მეორე დილით კლოდმა დაურეკა:

– უნდა გნახოთ, შეიძლება, შუადღისას თქვენთან მოვიდე?

ქალმა უთხრა, სამ საათზე მოდიო. კლოდი მოვიდა, ერთიანად გაფითრებული და დაძაბული იყო, ახლა უფრო უხერხულად გრძნობდნენ თავს. უცბად კლოდი წამოხტა და წინ დაუდგა ქალს.

– რა გგონივართ, ვინა ვარ? თქვენთან ამის საკითხავად მოვედი.

– ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით?

– ვიყავით. მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ ალფონსი ვარ და ქალების ხარჯზე ვცხოვრობ. ხომ ასე ფიქრობთ?

– არა, არა! – თავი შეშფოთებით გაქნია ქალმა.

მაგრამ კაცმა არ დაუჯერა. კიდევ უფრო გაფითრდა.

– სწორედ ასე ფიქრობთ! სწორიცაა. ამის სათქმელად მოვედი. მართალი ხართ! მიბრძანეს წამეყვან-წამომეყვანეთ, გამერთეთ, სიყვარული ამეხსნა. ქმარი დამევიწყებინა თქვენთვის, ეს ჩემი სამუშაო იყო. საძაგელი სამუშაოა, არა?

– ამას რატომ მეუბნებით? – ჰკითხა ქალმა.

– იმიტომ, რომ მორჩა. ასე ვეღარ გავაგრძელებ, თქვენთან მაინც. თქვენ სულ სხვანაირი ხართ, ისეთი ქალი ხართ, რომლისაც მწამს, ვენდობი, ვაღმერთებ. ალბათ, გგონიათ, ისე ვამბობ ამას და ესეც ჩემი როლის ნაწილია, – თან ქალს მიუახლოვდა, – დაგიმტკიცებთ, რომ ასე არ არის. თქვენი გულისთვის მივდივარ. ვაპირებ, კაცად ვიქცე, ამ საზიზღარ არსებად არ დავრჩე. უცბად ხელები მოჰხვია, ტუჩები ტუჩებს შეუწება, მერე გაუშვა და განზე გადგა, – ნახვამდის! ყოველთვის არაკაცი ვიყავი. მაგრამ გეფიცებით, დღეიდან შევიცვლები. გახსოვთ, ერთხელ მითხარით, ნაირ-ნაირი ამბების სვეტში განცხადებების წაკითხვა მიყვარსო? დღეიდან მოყოლებული, ყოველთვის ნახავთ ჩემს განცხადებას, რომ მახსოვხართ და კარგად ვარ, მაშინ მიხვდებით, რა ძვირფასი ხართ ჩემთვის. კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. თქვენგან არაფერი ამიღია, მე კი მინდა, რომ ჩემი სახსოვარი გქონდეთ. – თითიდან ოქროს ბეჭედი წაიძრო, – დედაჩემის ნაქონია. მსურს, თქვენ ატარებდეთ. ახლა კი ნახვამდის!

წავიდა და მისის პეკინგტონი გაოცებული დატოვა, ხელში ოქროს ბეჭდით.

ჯორჯ პეკინგტონი შინ ადრე მოვიდა. ცოლი გაშტერებული ჩაჰყურებდა ცეცხლს, მის მიმართვაზე მეგობრულად, მაგრამ დაბნეულად გაეპასუხა.

– ყური მიგდე, მარია, – ამოღერღა კაცმა, – მინდა, იმ გოგოზე რაღაც გითხრა.

– გისმენ, ძვირფასო.

– შენი აფორიაქება არასოდეს მნდომებია. ჩემსა და მას შორის არაფერია. სრულიად არაფერი. მხოლოდ უწყინარი მეგობრობა.

– ო, ჯორჯ... ვიცი, სულელი ვიყავი. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეხვდი, თუ ეს შენ გაგიხარდება.

ამ სიტყვებს, ალბათ, ჯორჯ პეკინგტონი უნდა გაეხალისებინა. უცნაური იყო, მაგრამ ასე არ მოხდა. აბა, რაღა სიამეა ვიღაც გოგოსთან დროს ტარება, თუკი ამისკენ საკუთარი ცოლი გაგულიანებს? დალახვროს ეშმაკმა, ეს ხომ უხამსობაა! იმის შეგრძნება, რომ დარდიმანდი კაცია, ძლიერი პიროვნება და ცეცხლს ეთამაშება, წამსვე გაუქრა. ჯორჯ პეკინგტონმა უცბად დაღლილობა იგრძნო, მიხვდა, რომ ჯიბე საგრძნობლად შეუმსუბუქდა. გააცნობიერა, რომ ის გოგო დიდი ეშმაკი ვინმე გამოდგა.

– იქნებ ერთად წავსულიყავით სადმე, მარია? – მორცხვად შესთავაზა მისტერ პეკინგტონმა ცოლს.

– ოჰ, ჩემზე ნუ სწუხხარ, სავსებით ბედნიერი ვარ.

– ჰო, მაგრამ მინდა, სადმე დაგპატიჟო, იქნებ რივიერაზე წავსულიყავით. გპირდები, ის გოგო დავიწყებული და ჩავლილი ამბავია, რომელსაც არასოდეს მივუბრუნდები.

მისის პეკინგტონმა ქმარს შორიდან შეჰღიმა. საბრალო მოხუცი ჯორჯი. რა საყვარელია, რა მგრძნობიარე, რა ძვირფასი. მას ხომ მის ცხოვრებაში ისეთი თავგადასავალი არ ღირსებია, თავად მარიას რომ გადახდა. საოცარმა ახალგაზრდა კაცმა მთელი გულით შეიყვარა… ქალმა კიდევ უფრო ნაზად შეჰღიმა.

– მშვენიერი იქნებოდა, ძვირფასო, – უთხრა ქმარს.

* * *

მისტერ პიტერ პელტონი მის ლემონს ესაუბრებოდა.

– გართობის და ბეჭდის ხარჯები რამდენია?

– ას ორი გირვანქა სტერლინგი და ექვსი პენსი, – უპასუხა მის ლემონმა.

უცბად კარი უხეშად გაიღო და ოთახში კლოდ ლატრელი შემოვიდა. დაღვრემილი ჩანდა.

– დილა მშვიდობისა, კლოდ! – მიესალმა მისტერ პიტერ პელტონი – ყველაფერი რიგზეა?

– მგონი, კი.

– ბეჭედს რა სახელი დააწერე?

– მატილდა, 1899. – პირქუშად უთხრა კლოდმა და ამოიოხრა.

– მშვენიერია. რა განცხადებას წერ?

– კარგად ვარ, ისევ მახსოვხარ და ყოველთვის მემახსოვრები. კლოდი.

– ჩაინიშნეთ, მის ლემონ, გეთაყვა. 3 ნოემბრიდან ათი თვის განმავლობაში გამოაქვეყნეთ „ნაირ–ნაირ ამბებში“. ახლა ვნახოთ, რა დაჯდება ეს – ასორი გირვაქა სტერლინგი და ექვსი პენსი. დიახ, ჩვენ კი მოგება დაგვრჩება ოთხმოცდაჩვიდმეტი გირვანქა სტერლინგი და ოთხი პენსი, რაც სავსებით საკმარისია. ზოგჯერ არც ისე მდიდარი კლიენტი შეგხვდება, მაგრამ მთავარი ხომ აქედან მიღებული სიამოვნებაა. არ მეთანხმები, კლოდ?

მის ლემონი გავიდა.

– მომისმინეთ. – ამოხედა კლოდმა, – ასეთი რამ სულაც არ მომწონს, სულმდაბლური თამაშია.

– ჩემო ძვირფასო ბიჭო, პირველად ხომ არ აკეთებ ასეთ რამეს?!

– სულმდაბლური თამაშია–მეთქი! – ხმას აუწია ახალგაზრდა კაცმა, – ის კარგი, წესიერი ქალია. დასწყევლოს ღმერთმა, ამდენი ტყუილის ჩმახვა, სენტიმენტალური ამბებით მისი გაცურება პირდაპირ ცუდად მხდის!

მისტერ პიტერ პელტონმა სათვალე გაისწორა და კლოდს ერთგვარი მეცნიერული ინტერესით დააკვირდა.

– ღმერთო ჩემო! – თქვა მშრალად, – რაღაც არ მახსოვს შენი სინდისი რამეს შეეწუხებინოს… შენი, ჰმ, ერთობ სახელგანთქმული კარიერის განმავლობაში. ის საქმეები რივიერაზე განსაკუთრებული უტიფრობით გამოირჩეოდა. მაგალითად, მისის ჰეტი უესტი, კალიფორნიელი კიტრის მეფის ცოლი უგულოდ, ხარბად გაფცქვენი. ქალმა საწამლავიც კი დალია. დაგავიწყდა?

– ახლა ისე ვეღარ მოვიქცევი, – ჩაიბურდღუნა კლოდმა, – ეს ხომ უკადრისი საქციელია.

მისტერ პიტერ პელტონი ისე მოძღვრავდა, როგორც სკოლის დირექტორი საყვარელ მოსწავლეს.

– ამ შემთხვევაში შენ, ჩემო ძვირფასო კლოდ, ღირსეულად მოიქეცი, უბედურ ქალს მიეცი ის, რაც ყველა ქალს სჭირდება – სიყვარული. ქალი ასეთ რამეს შეიძლება, წლობით ელოდეს, მე კარგად ვიცნობ ადამიანის ბუნებას, ჩემო ბიჭო და გეუბნები. რომ ეს ქალი ასეთი რომანის მოგონებით წლობით ისულდგმულებს – და მან ჩაახველა, – მისის პეკინგტონის წინაშე ჩვენი ვალი კეთილსინდისიერად მოვიხადეთ. შეგიძლია, მშვიდად იყო. აქ საქმე საწამლავამდე არ მივა.

– კეთილი, მაგრამ მე მაინც არ მომწონს ეს ამბავი, – ჩაიბურტყუნა კლოდმა და ოთახიდან გავიდა.

მისტერ პიტერ პელტონმა უჯრიდან თავისი დავთრები ამოიღო. ზედ დააწერა: „გულქვა, გამობრძმედილ ალფონსს სინდისი ქენჯნის. შესაძლებელია, საქმე გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან გვქონდეს. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს. თუ საჭირო გახდება, ალფონსზე ზემოქმედება შეიძლება ორი კონკრეტული ფაქტით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით…“

პიტერ პელტონმა ამოიოხრა და ფანჯრიდან გაიხედა.

– რა უცნაური ახალგაზრდობა წამოვიდა, რა დროს სინდისის ქენჯნა იყო.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა