რომანი და დეტექტივი

უბედურება მხოლოდ ხუთგვარია

№23

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 09.06

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგათა კრისტი

– ბოლოს და ბოლოს, რა დამიშავდება, რომ მივიდე და ვნახო?! – უთხრა საკუთარ თავს მისის პეკინგტონმა და თერთმეტ საათზე, ცოტა არ იყოს აღელვებულ ქალს მისტერ პიტერ პელტონის კერძო დაწესებულებაში შეუძღვნენ. მისის პეკინგტონი კი ღელავდა, მაგრამ დაინახა თუ არა მისტერ პელტონი, ცოტათი დამშვიდდა. მისტერ პიტერს ჩასუქებული კაცი თუ არა, ზორბა მაინც ეთქმოდა. ლამაზად მოყვანილი თავი ჰქონდა, თმა გასცვენოდა, სათვალის სქელი მინებიდან პატარა, მოციმციმე თვალები მოუჩანდა.

– გთხოვთ დაბრძანდეთ, ალბათ, ჩემმა განცხადებამ მოგიყვანათ, ხომ? როგორც ჩანს, ბედნიერად ვერ გრძნობთ თავს? – სალაპარაკოდ წააქეზა ქალი.

– დიახ, – უპასუხა მისის პეკინგტონმა.

– ძალიან ცოტა ვინმეა ბედნიერი.

– დიახ, გეთანხმებით. რომ იცოდეთ, რა ცოტაა ქვეყნად ბედნიერი ადამიანი.

– მართლა? – თქვა მისის პეკინგტონმა, თუმცა დიდად არასოდეს აწუხებდა სხვების ბედი თუ უბედობა.

– მესმის, რომ ეს ამბავი მაინცდამაინც არ გაინტერესებთ, – უთხრა მისტერ პიტერ პელტონმა, – მე კი ძალიან მაინტერესებს. იცით, ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში სახელმწიფო აპარატში სტატისტიკის დარგში ვმუშაობდი, ახლა პენსიაზე გავედი და ვიფიქრე, ამ ჩემს გამოცდილებას სხვა მხრივ გამოვიყენებ-მეთქი. ყველაფერი ხომ ისე უბრალოა. უბედურება, მერწმუნეთ, მხოლოდ ხუთგვარი შეიძლება იყოს და, თუკი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი იცით, წამლის პოვნაც არ გაჭირდება. მე ხომ ექიმივითა ვარ. ექიმი ჯერ დიაგნოზს უსვამს თავის პაციენტს, მერე კი ურჩევს, როგორ იმკურნალოს. ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, არანაირი მკურნალობა რომ არ ჭრის. ასეთ დროს გულახდილად გამოვტყდები ხოლმე, რომ უძლური ვარ, მაგრამ გარწმუნებთ, მისის პეკინგტონ, თუკი სატკივარს ალღო ავუღე, განკურნება თითქმის გარანტირებულია.

– ნუთუ მართლა შესაძლებელია ასეთი რამ? – „ნეტა სიმართლის მარცვალი მაინც თუ ურევია ამ კაცის ნათქვამშიო“, ფიქრობდა მისის პეკინგტონი, მაგრამ მაინც იმედით მისჩერებოდა მისტერ პიტერ პელტონს.

– გინდათ, გითხრათ, აქ რამ მოგიყვანათ? – ღიმილით ჰკითხა კაცმა. სკამის საზურგეს მიეყრდნო და თითის წვერები შეატყუპა, – საქმე თქვენს ქმარს ეხება. ბედნიერად ცხოვრობდით. ვგონებ, ის სამუშაოზე დაწინაურდა. საქმეში ყმაწვილი ქალი უნდა იყოს გარეული, ალბათ, თქვენს ქმართან მუშაობს.

– მბეჭდავია, ერთი საძაგლად შეღებილი თავხედი გოგოა, პომადაწათხიპნილი, აბრეშუმისწინდებიანი და თმადაკუწკუწებული, – გულიდან ამოსკდა მისის პეკინგტონს, მისტერ პიტერ პელტონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– დარწმუნებული ვარ, თქვენს ქმარს სულაც არ მიაჩნია თავი დამნაშავედ.

– სწორედ ასე გახლავთ, – ამბობს, რატომაც არ უნდა ვიმეგობრო ამ ყმაწვილ ქალთან, რომ ერთფეროვანი ცხოვრება ცოტათი გავუხალისო და ვაამოო? ეს ხომ თვალთმაქცობაა. მდინარეზე დაატარებს ხოლმე. წარმოგიდგენიათ? თავადაც მიყვარს მდინარის პირას სეირნობა. მაგრამ ხუთი თუ ექვსი წლის წინ მეუბნებოდა, მე გოლფის თამაში მირჩევნიაო. ამ გოგოსთვის კი გოლფსაც თმობს. თეატრში სიარული მიყვარს, მაგრამ ჯორჯი ყოველთვის ამბობდა, ძალიან ვიღლები და საღამოთი ვეღარსად გავალო, ახლა ის ქალი საცეკვაოდ დაჰყავს! საცეკვაოდ და ნაშუაღამევს სამ საათზე ბრუნდება შინ… მე... მე…

– და რაღა თქმა უნდა, წუწუნებს, რა ეჭვიანები არიან ეს ქალები, უაზროდ ეჭვიანები, მაშინაც ეჭვიანობენ, როცა საბაბი არა აქვთო, ხომ? – გაიღიმა პიტერ პელტონმა.

მისის პეკინგტონი კვლავ დაეთანხმა.

– სწორედ ასეა, – მერე საჩქაროდ ჰკითხა, – საიდან იცით ეს ყველაფერი?!

– სტატისტიკის საშუალებით.

– რა საცოდავი ვარ, – თქვა მისის პეკინგტონმა, – მუდამ კარგი ცოლი ვიყავი ჯორჯისთვის. პირდაპირ თავი მქონდა გადადებული, რომ ფეხზე დამეყენებინა. სხვა მამაკაცისკენ არც გამიხედავს. არასოდეს დაჰკლებია ჩემი ხელი, გემრიელ სადილებსაც მიირთმევს, შინაც ყველაფერი რიგზეა – ყოველნაირად, არც ეკონომიურად გვიჭირს. ახლა კი, როცა წელში გავიმართეთ, შეგვიძლია, ერთმანეთს ვასიამოვნოთ და ხელიც მიგვიწვდება ისეთ რამეებზე, წინათ ოცნებაც რომ არ შეგვეძლო, ეს საშინელი არსება გამოტყვრა! – მისის პეკინგტონმა სული ძლივს მოითქვა.

– გარწმუნებთ, მშვენივრად მესმის თქვენი, – დარბაისლურად დაუკრა თავი მისტერ პიტერ პელტონმა.

– ვითომ შეგიძლიათ დამეხმაროთ? – თითქმის ჩურჩულით ჰკითხა ქალმა.

– რა თქმა უნდა, ქალბატონო. ამ საქმეს ნამდვილად ეშველება.

– მერე რა უშველის? – ქალს მოლოდინისაგან თვალები დაუმრგვალდა.

– უნდა მომენდოთ, გადასახადი კი ორასი გინეა იქნება, – წყნარად და მტკიცედ უთხრა მისტერ პიტერ პელტონმა, – ორასი გინეა! – არც მეტი, არც ნაკლები. ამ ფულის გადახდა თქვენ არ გაგიჭირდებათ, მისის პეკინგტონ. ეს თანხა საქმის მოსაგვარებლადაა საჭირო და მერწმუნეთ, ბედნიერება არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე.

– ალბათ, გადასახადს, საქმე რომ მორჩება, მაშინ გადაგიხდოთ.

– პირიქით, წინასწარვე… და არ გესმით რატომ უნდა გაიბრიყვოთ თავი, არა? – მხიარულად ჰკითხა პიტერ პელტონმა – დიახ, იქნებ თქვენ მართალიც ხართ, კარგა მოზრდილი თანხაა და გარისკვა ცოტა ძნელია, მაგრამ იცით, უნდა მენდოთ, ფული უნდა გადაიხადოთ და მაინც სცადოთ ბედი, ასეთია ჩემი პირობა.

– ორასი გინეა! – ზუსტად. ორასი გინეა, გვარიანი თანხა კია, – თავი გადააქნია ქალმა.

– კარგად ბრძანდებოდეთ, მისის პეკინგტონ. თუ აზრს შეიცვლით, შემატყობინეთ, – კაცმა ხელი ჩამოართვა და მშვიდად გაუღიმა.

ქალი რომ გავიდა, მან თავის მაგიდაზე ღილაკს დააჭირა თითი. ვიღაც შეუხედავი, სათვალიანი ყმაწვილი ქალი გამოეპასუხა.

– კარტოთეკა მომიტანეთ, მის ლემონ, გეთაყვა, უთხარით კლოდს, რომ ცოტა ხანში დამჭირდება. ახალი კლიენტია, ჯერჯერობით თავი შეიკავა, მაგრამ ვიცი, დაბრუნდება. ნაშუადღევს, ოთხი საათისათვის მოვა და შემოუშვით.

– ნიმუში „ა“ გამოდგება?

– რა თქმა უნდა, ნიმუში „ა“. რა საინტერესოა, ყოველ ადამიანს ჰგონია, მას რომ უჭირს, ჯერ ისე არავის გასჭირვებია. კეთილი, კეთილი, გააფრთხილეთ კლოდი. უთხარით, მეტისმეტი ეგზოტიკურობა არაა საჭირო–თქო, სუნამოს ნუ დაიპკურებს და კარგი იქნება, თუ მოკლედ შეიჭრის თმას.

ოთხს თხუთმეტი წუთი აკლდა, მისის პეკინგტონმა კიდევ ერთხელ რომ შეაღო მისტერ პიტერ პელტონის კანტორის კარი, წიგნაკი ამოიღო, ჩეკი გამოწერა და მიაწოდა.

– ახლა? – იმედით შეაცქერდა მისის პეკინგტონი.

– ახლა კი, – გაიღიმა მისტერ პიტერ პელტონმა – შინ დაბრუნდით. ხვალ დილის ფოსტით ჩემს მითითებებს მიიღებთ და მოხარული ვიქნები, თუ შეასრულებთ.

მისის პეკინგტონს სასიამოვნო წინათგრძნობა დაეუფლა. მისტერ პეკინგტონი შემართული დაბრუნდა შინ, მზად იყო თავისი პოზიცია დაეცვა, თუკი საუზმეზე დაწყებული კინკლაობა ისევ განახლდებოდა. რა თქმა უნდა, გულზე მოეშვა, როცა მიხვდა, მისი ცოლი ჩხუბის გუნებაზე არ იყო. ქალი უჩვეულოდ ჩაფიქრებულიყო. ჯორჯი რადიოს უსმენდა და თან იმაზე ფიქრობდა, დართავდა თუ არა ის ძვირფასი ბავშვი – ნენსი, ქურქის ჩუქების ნებას. იცოდა, ყმაწვილი ქალი ძალიან ამაყი იყო და არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა. თუმცა ჯორჯთან დაიჩივლა, მცივაო. ტვიდის იაფფასიანი პალტო ეცვა, რა თბილი ის იქნებოდა? იქნებ როგორმე მოახერხოს ისე ჩუქება, რომ უარზე ვერ დადგეს... სულ მალე საღამოს ერთად გატარებას აპირებდნენ, მთელი სიამოვნება იყო ასეთი გოგოს მოდურ რესტორანში წაყვანა. ჯორჯი ატყობდა, ყმაწვილ კაცებს როგორ შურდათ მისი: გოგონა ხომ ძალიან ლამაზი იყო, თანაც ჯორჯიც მოსწონდა. ეუბნებოდა, სულაც არ მეჩვენები მოხუციო. ფიქრებში გართულმა ჯორჯმა აიხედა და ცოლის თვალებს წააწყდა. უცებ დამნაშავედ იგრძნო თავი და ამან გააბრაზა. გაუწყალა პირდაპირ გული, რა გონებაშეზღუდული, ეჭვიანი ქალია მარია! ამ ერთიბეწო სიხარულსაც კი არ ანებებს. ჯორჯმა რადიო გამორთო და დაწვა.

მეორე დილით მისის პეკინგტონმა მოულოდნელად სამი წერილი მიიღო. ერთი აუწყებდა ცნობილ კოსმეტოლოგთან დანიშნულ შეხვედრას, მეორე – მკერავთან, მესამეს კი მისტერ პიტერ პელტონი უგზავნიდა – „რიცში“ საუზმეზე ეპატიჟებოდა. მისტერ პეკინგტონმა დაიბარა, შეიძლება საღამოს სადილად ვერ მოვიდე, საქმიანი შეხვედრა მაქვსო. მისის პეკინგტონმა ანგარიშმიუცემლად დაუქნია თავი და მისტერ პეკინგტონი გახარებული წავიდა, ქარიშხალს გადავურჩიო.

კოსმეტოლოგი სახტად დარჩა, ასეთი მოუვლელი სახე რომ დაინახა.

– კი მაგრამ, ქალბატონო, რატომ ამდენ ხანს არ მიაქციეთ ყურადღება სახის კანს? არა, თუმცა, ძალიან გვიან ახლაც არააო, უთხრა ბოლოს. სახეზე პროცედურები ჩაუტარეს, ხელები უტყაპუნეს, მასაჟი გაუკეთეს, გაუწმინდეს, ტალახიც წაუსვეს, მალამოებიც, მერე პუდრიც შეაფრქვიეს და ერთი–ორჯერ კიდევ მიუსვ-მოუსვეს ხელი. ბოლოს სარკეში ჩაახედეს. „თქმა არ უნდა, გამაახალგაზრდავეს”, გაიფიქრა ქალმა. მკერავმაც ასეთივე სიხარული მოჰგვარა, ახალ სამოსში მოხდენილად და მოდურად გამოიყურებოდა და თავისუფლადაც გრძნობდა თავს, ოთხის ნახევარზე მისტერ პიტერ პელტონის უნდა შეხვედროდა „რიცში“.

კაცი უკვე მოსულიყო და ელოდა. უზადოდ ეცვა. მისი დანახვა დაგამშვიდებდათ.

– მშვენივრად გამოიყურებით, – გამოცდილი თვალით აათვალიერ–ჩაათვალიერა მან. – თავს უფლება მივეცი და თქვენთვის კოქტეილი შევუკვეთე.

მისის პეკინგტონი კოქტეილის სმას დაჩვეული არ გახლდათ, მაგრამ უარზე არ დამდგარა. გაუბედავად წრუპავდა ამაღელვებელ სითხეს და ყურს უგდებდა კეთილმოსურნე დამრიგებელს.

– თქვენი მეუღლე, მისის პეკინგტონ, – უთხრა მისტერ პიტერ პელტონმა, – უნდა გავაოცოთ, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ამას რომ მივაღწიოთ, ვაპირებ ერთი ჩემი ჭაბუკი მეგობარი წარმოგიდგინოთ. დღეს ის ჩვენთან ერთად ისაუზმებს.

ამ დროს ყმაწვილი კაცი შემოვიდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მისტერ პიტერ პელტონს მოჰკრა თვალი და მოხდენილად გამოეშურა მათკენ.

– მისტერ კლოდ ლატრელი.

– მისის პეკინგტონი.

მისტერ კლოდ ლატრელი ოცდაათიოდე წლის იქნებოდა, მომხიბვლელი, ლამაზი ყმაწვილი კაცი იყო, უნაკლოდ ეცვა.

– მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, – თქვა მან.

სამიოდე წუთის მერე მისის პეკინგტონი თავის ახალ მასწავლებელს ეჯდა წინ ორი კაცისთვის გაწყობილ პატარა მაგიდასთან. პირველად მორცხვობდა, მაგრამ მისტერ ლატრელის დახმარებით მალე იგრძნო თავი თავისუფლად. მისტერ ლატრელმა კარგად იცოდა პარიზი და საკმაო დრო რივიერაზე გაეტარებინა. მისის პეკინგტონს ჰკითხა, ცეკვა თუ გიყვართო. მისის პეკინგტონმა უპასუხა, მიყვარს, მაგრამ ახლა ძალიან იშვიათად დავდივარ საცეკვაოდ, რადგან მისტერ პეკინგტონს არ უყვარს საღამოობით გარეთ გასვლაო.

– ნუთუ ისეთი მკაცრია თქვენი ქმარი, რომ ერთავად შინ ჰყავხართ გამომწყვდეული? – გაუღიმა კლოდ ლატრელმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა, – ჩვენს დროში ქალები მამაკაცთა ეჭვიანობას არად აგდებენ. ისარგებლეთ ამით.

მისის პეკინგტონმა კინაღამ უპასუხა, ეჭვიანობა არაფერ შუაშიაო, მაგრამ თავი შეიკავა, ბოლოს და ბოლოს, ამ ყმაწვილმა კაცმა საამო აზრი გამოთქვა. კლოდ ლატრელმა ერთი-ორჯერ ისე, სხვათა შორის, ახსენა ღამის კლუბები. გადაწყვიტეს, მეორე დღეს, საღამოთი ორთავენი ცნობილ „ლესერ არქანჯელში“ წასულიყვნენ. მისის პეკინგტონი ცოტათი ღელავდა, ჩემს ქმარს ეს როგორ ვუთხრა, ჯორჯს უჩვეულოდ და ალბათ, სასაცილოდაც მოეჩვენება ეს ამბავიო. მაგრამ ტყუილად დარდობდა, საუზმეზე თქმა ვერ გაუბედა, ორი საათისთვის კი მისტერ პეკინგტონმა შემოთვალა, სადილად არ მოვალო და ქალს ეს ამბავი პირველად გაუხარდა.

საღამომ ჩინებულად ჩაიარა, ახალგაზრდობაში მისის პეკინგტონი კარგად ცეკვავდა და კლოდ ლატრელის ოსტატური ხელმძღვანელობით მალე აუღო ალღო თანამედროვე ცეკვებს. ლატრელმა შეუქო ქალს საგარეო კაბა და ვარცხნილობა (იმ დილით მოდურ პარიკმახერთან იყო), დამშვიდობებისას ისე აკოცა ხელზე, მისის პეკინგტონს გული აუფანცქალდა. კარგა ხანი იყო, ქალს ასეთი საღამო არ გაეტარებინა. მერე ერთმანეთს გადაება ათი მშფოთვარე დღე. მისის პეკინგტონი საუზმობდა, ჩაის სვამდა, ტანგოს ცეკვავდა, სადილობდა და ვახშმობდა. დაწვრილებით შეიტყო ყველაფერი კლოდ ლატრელის ნაღვლიან ბავშვობაზე. ყმაწვილ კაცს არც თავისი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი დაუმალავს და, საერთოდ, ქალების მიმართ რომ გაბოროტებული იყო, არც ის. მეთერთმეტე დღეს ისინი „რედ ადმირალში“ ცეკვავდნენ. მისის პეკინგტონმა თავისი მეუღლე მანამ დაინახა, ვიდრე თვითონ კაცი შეამჩნევდა. ჯორჯი თავის თანამშრომელ ახალგაზრდა ქალთან ერთად იყო. ორივე წყვილი ცეკვავდა.

– ჰელო, ჯორჯ, – სხვათა შორის მიესალმა მისის პეკინგტონი, როცა ერთმანეთთან ახლოს მოხვდნენ. ქალი გაართო იმის დანახვამ, როგორ გაოცდა მისი ქმარი, როგორ წამოჭარხლდა, სახეზე ისეთი გამომეტყველება აღებეჭდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. მისის პეკინგტონმა ამ ვითარების ბატონ-პატრონად იგრძნო თავი და ძალიან ესიამოვნა. საბრალო ბებერი ჯორჯი! მაგიდასთან მჯდომი მისის პეკინგტონი კვლავ უთვალთვალებდა მათ. რა მსუქანი და რა მელოტი იყო ჯორჯი, რა საშინლად დაბაჯბაჯებდა! ოცი წლის წინანდებურ ყაიდაზე ცეკვავდა. საბრალო, როგორ უნდოდა ახალგაზრდა ყოფილიყო! და ის გოგოც შეებრალა, თავი რომ უნდა მოეჩვენებინა, თითქოს ძალიან მოსწონდა ჯორჯთან ცეკვა. გოგოს თავი კაცის მხარზე დაედო და საკმაოდ გაბეზრებული სახე ჰქონდა, ჯორჯი კი ამას ვერ ხედავდა, მისის პეკინგტონი უცებ მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით უფრო შესაშური იყო. შეჰყურებდა მშვენიერ კლოდს, ახლა რომ ტაქტიანად კრინტს არ ძრავდა. რა კარგად ესმოდა კლოდს მისი, არასოდეს ბუზღუნებდა, როგორც ზოგიერთმა ქმარმა იცის ხოლმე, ცოლქმრობის პირველი წლები რომ გაივლის. ქალმა ისევ შეხედა კლოდს, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. კლოდმა გაუღიმა. მისმა მშვენიერმა შავმა თვალებმა, მელანქოლიურმა, რომანტიკულმა თვალებმა ნაზად ჩახედეს თვალებში.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა