რომანი და დეტექტივი

თვალი გამიხელია

№45

ავტორი: ნატალია ქურხული 21:00 17.11, 2023 წელი

თვალი გამიხელია
დაკოპირებულია

– ვეღარ, – ყრუდ თქვა ექიმმა.

– სულ ვეღარ? – სიმწრით აღმოხდა დედას.

– სულ, – იყო პასუხი.

ისეთი თბილი და მზიანი დღე იყო... ნაზამთრალი გარემო იღვიძებდა, ფოთლის, მზის, ნაწვიმრის სუნი ტრიალებდა, სკოლიდან მომავალი ბავშვების ჟივილ-ხივილი ისმოდა, ზოგჯერ მანქანა გაივლიდა და ბორბლების ხმა ახშობდა დედის ქვითინს.

– დედა, მინდა, ისევ ვხედავდე, მინდა, ისევ ყველაფერი დავინახო, როდის დავინახავ, დე? – შესძახა დინამ.

– მალე, მალე, შვილო, – ძლივს ამოთქვა დედამ.

– მალე როდისაა? რამდენია მალე? ხომ თქვი, ექიმთან რომ წავალთ, მაშინო. ხომ ვიყავით ექიმთან?!

– ჰო, შვილო, ვიყავით და მალე დაინახავ, – ცრემლი მოიწმინდა დედამ.

ეს ,,მალე“ იყო წლები... მთელი 24 წელი... ამდენჯერ გაიღვიძა ნაზამთრალზე გარემომ, ამდენჯერ აყვავდა ალუბალი, ამდენჯერ იყვნენ დასასვენებლად ზღვაზე, დედას ხელჩაკიდებული ჩაჰყავდა ზღვის ნაპირთან, ზურგს უსველებდა დინას, მერე საათობით ისხდნენ პლაჟზე, დინა ტალღების მუსიკას უსმენდა, კენჭებს ისროდა, მშვიდდებოდა. ხან დედა წიგნს უკითხავდა.

ლამაზი იყო დინა, ულამაზესიც ეთქმოდა. ხორბლისფერი თმა და კანი და ბუნებრივად ჟოლოსფერი ტუჩები ჰქონდა.

დედა ხშირად სამსახურში იყო, მოვიდოდა, ცოტას, სულ ცოტას დაისვენებდა და თითქმის ყოველდღე სეირნობდნენ ქუჩაში, დინა შეეჩვია ამ ქუჩებს, ზოგჯერ ხელს გაუშვებდა დედას, ხელჯოხით გაივლიდა გზას პარკამდე, შედიოდა და მერხზე სხდებოდნენ, საუბრობდნენ, ხან ვინმე შემოუერთდებოდათ საუბარში, ხან რაიმეს იგონებდნენ, ხან ვის კიცხავდნენ, ხან ვის შეაქებდნენ. დინა ყველას და ყველაფერს უსმენდა, თავადაც საუბრობდა, თავის აზრებს გამოთქვამდა, საკმარისი იყო, თანამოსაუბრეს ნუგეშის ან თანაგრძნობის სიტყვა დასცდენოდა, იმწამსვე აწყვეტინებდა თავაზიანად – არ უყვარდა დინას მისი მდგომარეობის გამო მწუხარების გამოხატვა ვინმესგან, არც ნუგეშის სიტყვების მოსმენა უნდოდა, არც – გაუცნობიერებელი ფუჭი იმედების. ბევრს კითხულობდა შრიფტით, ფიქრობდა, აანალიზებდა, გეგმავდა.

ერთ დღესაც სახლიდან მარტო გამოვიდა გოგონა. როცა დედა აღარ იყო და ვეღარც ზღვაზე მიდიოდა, მთელი ზაფხული ინფორმაციების მოძიებას დაუთმო, პროექტებს განიხილავდა, წერდა, აგზავნიდა, გაუმართლა. სამსახური ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სულ ახალგაზრდები იყვნენ, კარგად აწყობილი პატარა გუნდი. დინა თავს კარგად გრძნობდა, ნაშუადღევს სახლში ბრუნდებოდა, ხელჯოხიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად სჭირდებოდა, ისე მოკლე და ჩვეული იყო გზა სახლამდე.

– დინა! – მოესმა ერთხელ, სახლს რომ მიუახლოვდა. წამით შეჩერდა, მაგრამ ვერ დარწმუნდა, რომ მას ეძახდნენ და გზა განაგრძო.

– დინა! – ძახილი ამჯერად უფრო მკაფიო იყო და უფრო ახლოდან. დინა შეჩერდა, ოდნავ შემობრუნდა.

– მიყვარხარ! – ხმა ნაცნობი იყო, დინა გაშრა.

– მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ცოლად გამომყევი!

არა, ეს სიზმარი არ იყო, ყოველთვის გრძნობდა ამ ბიჭისგან რაღაცნაირ ფაქიზ დამოკიდებულებას, ხან მკლავზე რომ ჰკიდებდა ხელს კარში გამოსვლისას ან რაიმეს მიწოდებისას, თითქოს შემთხვევით თითებზე თითებს რომ შეახებდა, გაახსენდა და ისევ იგრძნო ის ტკბილი ჟრუანტელი, წამიერად რომ დაიპყრობდა ხოლმე. ხმას ვერ იღებდა, ამას ვერ წარმოიდგენდა.

– შენ ჩემი მეგობარი ხარ, ერთგული... შენ იცი, რომ ვერ ვხედავ და მაინც... არა...– ბუტბუტებდა გოგონა.

– ჰო, მაინც, მაინც. მიყვარხარ და შენ თუ თანახმა იქნები, სულ მეყვარები და ორივეს ნაცვლად დავინახავ, – უპასუხა ბიჭმა და ჩამოშლილ თმაზე მოეფერა. დინას ხმა არ ამოუღია, თავი მისკენ გადასწია და მიეხუტა.

გავიდა დრო, თვეები, შეიძლება, წლებიც. დინას არ ახსოვდა არც საათი, არც დრო, არც არაფერი. ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო და მსუბუქად ცურავდა ტკბილ ოკეანეში, რასაც სიყვარული და ზრუნვა ერქვა. კიდევ გავიდა დრო და დინა შეიცვალა. სულს უხუთავდა ეს ჩუქურთმები, გადაადგილებისას რომ ეხებოდა, ჩუქურთმები – მაგიდაზე, კარადებზე, კიბის რიკულებზე, ცივი და გლუვი იყო ხე. ახსენდებოდა, როგორ ისხდნენ პატარა მაგიდასთან სამნი – დედა, მამა და დინა. ნიგვზიანი ნამცხვარი ედოთ წინ, ტკბილი და ფხვიერი და უშაქრო ყავა, საუბრობდნენ, დინას ეფერებოდნენ და მზე ჰქონდათ თვალებში. ეს მზე მოენატრა დინას. უსაშველოდ მოენატრა. ფიქრობდა, რომ რაღაც ჩარჩოში იჯდა და გაღწევა უნდოდა ამ ჩარჩოდან.

საღამოს, როცა პარკში ისხდნენ, ბიჭმა ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

– სად ვივახშმოთ? – თბილად ჰკითხა. დინამ ბიჭის ხელი მოიცილა.

– საერთოდ არ მშია, – უპასუხა.

– როგორ? რატომ? – ჩაეკითხა ბიჭი.

დინა ადგა და მარტომ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ბიჭმა ხელი მოჰკიდა. მდუმარედ მივიდნენ სახლში. ბიჭმა რაღაც ჭამა, დინა დაწვა. მეორე დილაც მდუმარე იყო. დინამ თვითონ მოინდომა ყავის მოხარშვა – მე, მე, – ცოტა ბრაზით თქვა და ცხელი ყავა ფინჯანს ააცილა. ბიჭმა ლოყაზე აკოცა.

– მოხდა რამე? – ჰკითხა. დინამ არ უპასუხა.

ბიჭმა ფინჯანი აიღო და დაღვრილი ყავა გაწმინდა.

– მე გავამზადებ, ისევ მე, მე თვითონ გავრეცხავ, მე თვითონ ვივლი... – ბრაზი მოემატა ხმაში.

– რა მოხდა? მაშინებ, დინ, – ბიჭის ხმა ძველებურად თბილი იყო.

– სხვა შემიყვარდა, – ახლა უკვე მშვიდად, ჩვეულებრივად უთხრა დინამ.

ბიჭი გაშრა, წაბარბაცდა.

– საუკეთესო ადამიანი ხარ, მაგრამ სხვა შემიყვარდა.

– საუკეთესო?

– კი, მაგრამ ვერ გამიგებ. ამიტომაც ხარ საუკეთესო.

ბიჭს ლამის გაეცინა სიმწრით, გაოცებული და გულნატკენი იყო, პირველი წუთიდან დაწყებულმა ყველაფერმა გაუელვა და საშინლად დასწყდა გული, თუმცა გრძნობდა, რომ ახლა სიტყვებს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

– მე ხომ მიყვარხარ, დინა?! – მაინც აღმოხდა.

– არა! – ხმამაღლა თქვა დინამ. ეს იმას ვუყვარვარ! ნამდვილად ვუყვარვარ და არა შეცოდების გამო! არასოდეს მიიჩნევს თავს გმირად, რადგან მის თვალში ჩვეულებრივი გოგო ვარ და არა – საცოდავი ბრმა, რომელიც ყველგან უნდა ატარონ, მიაკითხონ, რომ არასოდეს დაეცეს. ის თვლის, რომ მე ვარ სიყვარულის ღირსი და არა ჩემი დახუჭული თვალები და რამდენჯერაც არ უნდა დამეღვაროს ყავა, ეს არაფერია, სრულიად არაფერი. შეგვიძლია, არც მოვწმინდოთ იმავე წამს. ის ზოგჯერ მიყვირის, მეც ვუყვირი, ჰო, ზოგჯერ ვჩხუბობთ, მაგრამ ეს ნორმალურია, ის არ მექცევა ისე, როგორც შვილს, – მშობლიური ზრუნვითა და სიყვარულით. ვუყვარვარ, ვუყვარვარ... – დინა ასლუკუნდა.

– მე... – დაიწყო ბიჭმა.

– შენ? რა შენ? გიყვარდი, მიყვარდი, თითქოს ასე იყო, ყოველდღე ვუახლოვდებოდით ერთმანეთს და მერე ისევ ვშორდებოდით, ვერა და ვერ ამოვავსეთ ის უფსკრული, რომელიც თანდათან უფრო იზრდებოდა და გვშთანთქა კიდეც ბოლოს და ბოლოს. სამსახური! სახლი! სიფრთხილე! ზრუნვა! დამლაგებელი! მრეცხავი! საჭმლის გამოძახება ან კაფე! სიჩუმე! სიწყნარე! არაფერი სხვა! თუნდაც ხელი დავიწვა, სადილის მომზადება მინდა. ზღვაზე წასვლა მინდა! წვიმაში სირბილი მინდა! ჰო, ის შემიყვარდა, რადგან თვითონ შევუყვარდი მხოლოდ სიყვარულის გამო, მას არასოდეს შევცოდებივარ, მან მასწავლა წამოდგომა დაცემის შემდეგ და ახლა ფეხების დამტვრევისა და თავის გატეხვისაც აღარ მეშინია, აღარაფრის მეშინია! თითქოს მდელოზე ვარ ახლა, წინ გზებია! თანასწორი ვარ! ბედნიერი ვარ! უბრალოდ, ვარ! არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა, მაგრამ ბედნიერი ვარ!.. ბედნიერი იყავი შენც! და მადლობა! – დინამ სახლის გასაღები მაგიდაზე დადო, შემოტრიალდა და მოაჯირს ხელი გააყოლა, კარი გააღო და ქუჩაში გაიქცა. დინას აღარ ეშინოდა, მართლა აღარ ეშინოდა, წაიქცეოდა თუ არა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული