რომანი და დეტექტივი

ცუღლუტი

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.08, 2021 წელი

ცუღლუტი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #31(1075)

ეთუნა და შოკა დიდი სიხარულით დათანხმდნენ ლიკა ჯგუშიას და მას მერე, რაც ძვირფასი კომპრომატი კედლის სეიფში შეინახეს, შურისძიების დეტალებზე შეუდგნენ ბჭობას. „სტოსი“, რა თქმა უნდა, ლიკას მიჰყავდა და გოგონებს უთხრა:

– ამ კადრების შედეგად სიკოს ჩვენთვის ხელფასებს გავასამმაგებინებთ. მე თავის პირველ მოადგილედ დამნიშნავს, შოკას – მეორე მოადგილედ. ეთუნას კი რეიტინგულ შოუს გააკეთებინებს. ეს – ერთი. გარდა ამისა ერთჯერადად გადმოგვცემს თითოეულ ჩვენგანს 100–100 ათას დოლარს და ამისთვის კი თავისი ფეშენაგარაკისა და ბინის გაყიდვა მოუწევს.

ეთუნამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და თქვა:

– აბსოლუტურად მართლები ხართ, გოგოებო. სხვას ვერ დავავალებთ. ამიტომ ისევ მე ვიზამ.

– შენ? – ერთდროულად წამოიძახეს ლიკამ და შოკამ. ლიკამ კი თქვა:

– შეძლებ კი ამ ამაზრზენთან დაწოლას?

– ურთულესია, მაგრამ უკანასკნელად გავიღებ ამ მსხვერპლს. ისე ძლიერ მინდა, მასზე შური ვიძიო, რომ ჩემს თავს გადავახტები, – თქვა ეთუნამ.

– ჩემი საბრალო გოგო, – თქვა ლიკამ და ეთუნა გულში ჩაიხუტა. მას შოკაც შეუერთდა.

ეთუნამ სევდიანად გაიღიმა და თქვა:

– თქვენ რომ არ მყავდეთ, გოგოებო, ალბათ, თავს მოვიკლავდი.

***

როგორც გოგონებმა მოილაპარაკეს, სამი დღის შემდეგ მათ შურისძიების ოპერაცია დაიწყეს. მათ სიკო კონსპირაციულ ბინაში იხმეს. ნატო გოკიელთან სექსის კადრების ასლი უჩვენეს და თავიანთი პირობები წაუყენეს. სიკოს პირში ენა ჩაუვარდა და თითქმის ერთი საათი დასჭირდა აზრების მოსაკრებად. მას ისეთი ოფლდენა დაეწყო, რომ მთელი სამოსი დაუსველდა. ლიკა და შოკა კი სიკოზე კაიფობდნენ, მისი ასეთი ყოფით ტკბებოდნენ, თან სიგარეტს აბოლებდნენ. ცოტა სული რომ მოითქვა, სიკომ შანტაჟისტებს უთხრა:

– რა გაეწყობა, თანახმა ვარ, თქვენს ყველა პირობას შევასრულებ, მაგრამ ცოტა დრო უნდა მომცეთ. ფული რომ „გავჩითო“. ბინა და აგარაკი უნდა გავყიდო და ეს პროცესი დროში გაიწელება.

– შენც იაფად შეაგდე და არ გაიწელება, – სიტყვა შეაშველა სიკოს ლიკამ. შოკამ კი დაამატა:

– ჩვენს თანამდებობებზე დანიშვნასაც დრო ხომ არ სჭირდება.

– როგორ არ სჭირდება. ყველაზე მალე რომ გამოვიდეს, ერთი თვეა მაინც საჭირო, – თქვა სიკომ და დაამატა, – ვის მაგივრადაც უნდა დაგნიშნოთ, ჯერ ხომ ისინი უნდა გავუშვა? ამას კი დრო სჭირდება. ხომ უნდა მოვუძებნო რაიმე მიზეზი?

– იცი, რას გეტყვი, სიკო? – ირონიით თქვა ლიკა ჯგუშიამ და დაამატა, – მაქსიმუმ ერთ კვირაში თუ არ გადაიხდი ფულს და ჩვენ კი თანამდებობებზე არ დაგვნიშნავ, მაშინ შენი ბილწი ცხოვრების ნატო გოკიელისეული ეპიზოდების ამსახველი კადრები კობა გოკიელს ჩაბარდება. ის კი, როგორც ვიცი, თავის მტრებს ბასრი საგნებით ანაწევრებს. გასაგებია?

– გასაგებია, გასაგები და მოდი, ყველაფერი სამართლიანად რომ გამოიყურებოდეს, მე თქვენ ორთავეს საფრანგეთსა და ესპანეთში გაგიშვებთ ორკვირიანი მივლინებით, ვითომდა ჩვენს პარტნიორებთან მოსალაპარაკებლად და კონტრაქტის გასაფორმებლად. ორივეგან საქმე უკვე მოგვარებულია, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ყველაფერი თქვენი დამსახურებით გაკეთდა. ჰოდა, დაწინაურების წინაპირობაც ეს იქნება, – თქვა სიკომ.

– რაიმეს ხომ არ გვიჩალიჩებ, სიკო? – ეჭვით იკითხა ლიკამ.

– მაინც, რას? – ჩაეცინა სიკოს.

– იქნებ შორს გვისტუმრებ, რომ ვინმეს ჩვენი თავი მოაკვლევინო და საიქიოში გაგვისტუმრო? – თქვა ლიკამ.

– მაშინ ეთუნაც უნდა მოვაყოლო „პრიკუპში“, თქვა სიკომ, – ეეჰ, ლიკა, ლიკა, სულ მთლად გადაგრია შურისძიების სურვილმა.

– რა, არ ხარ ღირსი? – თქვა შოკამ.

– კი, ნამდვილად ვარ, – თავი დააქნია სიკომ, – მოკლედ, ზეგვე გაემგზავრებით და ჩამოსვლიდან ორ დღეში დაწინაურდებით. მე კი შევეცდები, რომ მანამდე ბინა და აგარაკი გავყიდო და ფული დაგახვედროთ.

– აბა, შენ იცი. იცოდე, არაფერი იხიმანდრო, თორემ იმაზე ბევრად ცუდ დღეში ჩაგაგდებთ, ვიდრე შენ წარმოიდგენ, თქვა ლიკამ.

– ვსიო, ვსიო, გასაგებია. „კანეც სვიაზი“. წადით ახლა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გითხარით. ბევრი საქმე მაქვს, – თქვა სიკომ.

– რაო, სიკო, კირა კოვრიკოვას ხომ არ ელოდები მძაფრსიუჟეტიანი სექსთავგადასავლის განსაცდელად? – წაკბინა სიკოს ლიკამ.

– ეგ საქმე მორჩა. დაიხურა კანტორა? – უპასუხა სიკომ. ლიკამ კი გუნებაში გაიფიქრა: „შენ შაყირობ და მაქსიმუმ ორ კვირაში რომ განულდები, მერე ნახე“, – ხმამაღლა კი უთხრა, – კარგი, კარგი, წავედით. მიდი, იმუშავე!

ლიკა და შოკა გამოუმშვიდობებლად გავიდნენ ბინიდან და კმაყოფილებით დაეშვნენ კიბეებზე.

***

ლიკა ჯგუშია და შოკა ჯაიანი დათქმულ დროს ჩავიდნენ პარიზში და ფეშენებელურ სასტუმროში დაიდეს ბინა. სიკოს თქმით, მათ ერთი კვირა პარიზში უნდა გაეტარებინათ და ერთი კვირა – მადრიდში. თუმცა, პარიზული ვოიაჟის მესამე დღეს გოგონების ნომერში სასტუმროს მენეჯერი ესტუმრა და უთხრა:

– ქალბატონო, ხვალ დილით თქვენი აქ ცხოვრების ვადა იწურება და გააგრძელებთ სტუმრობას თუ გაემგზავრებით?

გოგონებისთვის ეს შოკის მომგვრელი სიტყვები იყო, მაგრამ ლიკამ ნებისყოფა მოიკრიბა, მენეჯერს გაუღიმა და უთხრა:

– ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი და პასუხს დილით გეტყვით.

სასტუმროს მენეჯერი წავიდა. ლიკა და შოკა კი ნომრიდან გავიდნენ და თავიანთი საკრედიტო ბარათები შეამოწმეს, რომლებზეც ზუსტად იმდენი ფული იდო, რაც პარიზიდან თბილისში ჩასაფრენი ბილეთებისთვის იყო საჭირო. შურისმაძიებლები ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა და ბოლოს ლიკამ თქვა:

– ეს ყველაფერი სიკოს ოინებია და მაგან გაგვიჩალიჩა.

– ჰოდა, საკუთარ თავს დააბრალოს. თბილისში რომ ჩავალთ, ეგზეკუციას მოვუწყობთ, – დაიმუქრა შოკამ.

გოგონებმა ჯერ სიკოსთან დარეკეს, შემდეგ ეთუნასთან, მაგრამ ორივეს მობილური გამორთული იყო. ბოლოს, როდესაც თბილისში უკვე გვიანი ღამე იყო, სასტუმროს ნომრიდან მედია–ჰოლდინგ „იმპერიალში“ დარეკეს. მორიგემ კი, რომელსაც ნამძინარევი ხმა ჰქონდა, უპასუხა:

– რა დროს რეკვაა, ღამის ოთხის ნახევარია.

– პარიზიდან ვრეკავთ და სასწრაფო საქმე გვაქვს, – თქვა ლიკამ. მორიგემ კი გააწყვეტინა და სანამ ყურმილს დაკიდებდა, უთხრა:

– პარიზიდან თუ საგიჟეთიდან? აქ მეტი აღარ დარეკოთ!

– კრეტინი! – კბილებში გამოცრა ლიკამ. შემდეგ შოკას უთხრა:

– პირველივე რეისით გავფრინდეთ თბილისში. გული კარგს არაფერს მიგრძნობს და გავიგოთ, რა ხდება...

ოცდაოთხი საათის შემდეგ გოგონები თბილისში დაბრუნდნენ. ჯერ კიდევ ღამე იყო. მაგრამ სანამ ტრადიციული ფორმალობები გაიარეს, საქართველოს დედაქალაქში გათენდა. გოგონებმა ტაქსი დაიქირავეს და ლიკასთან გაემართნენ. ბინაში რომ შევიდნენ და სული მოითქვეს, ლიკამ მობილურიდან ჯერ ეთუნას დაურეკა, შემდეგ სიკოს, მაგრამ ორივეს ტელეფონი ისევ გამორთული იყო. ლიკა ჯგუშია აწრიალდა და გააბოლა. შემდეგ საათს შეხედა. ისრები დილის შვიდის თხუთმეტ წუთს აჩვენებდა. მობილური მოიმარჯვა და ახლა „იმპერიალის“ გენერალური მენეჯერის პირველ მოადგილეს დაურეკა. ანუ იმას, ვის მაგივრადაც უნდა დანიშნულიყო.

– გისმენთ, – მოესმა ლიკას ნამძინარევი ქალის ხმა.

– ქალბატონო ლამარა, ლიკა ჯგუშია გაწუხებთ. ბოდიში, რომ ასე ადრე გირეკავთ, მაგრამ ახლახან ჩამოვფრინდი პარიზიდან და გაურკვევლობაში ვარ, – თქვა ლიკამ.

– მაინც, რა გაინტერესებს? – იკითხა ლამარამ.

– სიკო ჭაჭიას ვურეკავ და მობილური გამორთული აქვს. არადა, მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს მასთან შესათანხმებელი, – იცრუა ლიკამ.

– ლიკა, სიკო სამი დღის წინ გათავისუფლდა თანამდებობიდან და ახლა მე ვარ მოვალეობის შემსრულებელი. ასე ათისთვის მოდი და ეგ საკითხი მე შემითანხმე, – თქვა ლამარამ და ტელეფონი გათიშა.

ლიკას უცებ თავში დაარტყა ერთმა აზრმა. დასავლეთის კედელთან მოირბინა. სეიფი გააღო და ადგილზე გაქვავდა. ფაილი, სადაც სიკო ჭაჭიაზე კომპრომატები ინახებოდა, სადღაც გამქრალიყო. სამაგიეროდ, სეიფში ორი 100-100 დოლარიანების დასტა იდო და ერთზე აწერა – ლიკას, მეორეზე კი – შოკას...

– ათიათას დოლარზე გადაგვატარეს, – ამის თქმა მოახერხა ლიკამ და ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ლიკამ ეკრანს დახედა და დაინახა, რომ დაფარული ნომრიდან უკავშირდებოდნენ.

– გისმენთ, – უპასუხა ლიკამ.

– ლიკუნა, საყვარელო, კარგად მომისმინე და ნუ დამძრახავ, – მოესმა ლიკას ეთუნას ხმა, – ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ ვაპირებდით, სიკუნას მიმართ, ძალიან დიდი სისასტიკე იყო. ამიტომ მე ეს არ დავუშვი. ვფიქრობ, რომ მორალური კომპენსაციისთვის საკმარისი თანხა დაგიტოვეთ და თუ შურისძიების წყურვილმა გონება არ დაგიბინდა, მაშინ „ჩალიჩს“ აღარ გააგრძელებ. ჰა, შევთანხმდით?

ლიკა მიხვდა, რომ ეთუნა მართალს ეუბნებოდა და ამოილუღლუღა:

– შევთანხმდით.

– ძალიან კარგი. შოკა მომიკითხე. მშვიდობით, გოგოებო! – თქვა ეთუნამ და ტელეფონი გათიშა.

ლია ჯგუშიამ მობილური ტახტზე მიაგდო, თავი გააქნია და შოკას უთხრა:

– ჩათლახი, ცუღლუტი გოგო. ხედავ, რა გაგვიჩალიჩა?

– დაიკიდე, ლიკუნა, – მიუგო შოკამ და დაამატა, – მაგათზეა ნათქვამი – ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო. შესაფერისი წყვილია. ჩვენ კი ეს „მაყუთი“ შევირგოთ.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი