რომანი და დეტექტივი

წყვილი

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.08

წყვილი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30 (1283)

პოდპოლკოვნიკმა ვასილიევმა კონკრეტული კონფლიქტის განეიტრალების ისეთი მოდელი შემოგვთავაზა, რომ მე და ალიონას თავის გასამართლებელი ერთი არგუმენტიც კი არ დაგვიტოვა.

პოდპოლკოვნიკმა ვასილიევმა მე და ალიონას კიდევ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გვასწავლა, გონება ისეთი კუთხით გაგვიხსნა, რასაც, ალბათ, ჩვენით ძალიან რთულად თუ მივხვდებოდით ან, სულაც, შეიძლება, ვერც კი მივმხვდარიყავით. პოდპოლკოვნიკთან თვრამეტთვიანი კურსი რომ დავასრულეთ, მან ორივეს უმაღლესი შეფასებები დაგვიწერა და ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ბოლო ექვსი თვე უკვე სხვა კურსი უნდა გაგვევლო და ამის შემდეგ დანიშნულების მიხედვით გაგვამწესებდნენ. სხვა სკოლაში გადასვლის წინ ვასილიევთან დასამშვიდებლად მივედით. სულ რაღაც თხუთმეტი წუთი ვისაუბრეთ და ვასილიევმა გვითხრა:

– ახალგაზრდებო, მთელი ჩემი ცოდნა გადმოგეცით და იმედიანად ვარ. ვიცი, რომ დაქორწინებას აპირებთ და გულწრფელად გისურვებთ დიდ ბედნიერებას. ექვს თვეში პოლკოვნიკობას მივიღებ, პენსიაში გავალ და შვილიშვილებს მივხედავ. თქვენ კი გამომშვიდობებისას ერთი ცნობილი „ჩეკისტური“ ანდაზის ჩემს პერიფრაზს გეტყვით და კარგად დაიმახსოვრეთ, გაიაზრეთ და იმოქმედეთ. ფელიქს ძერჟინსკი ასე მოძღვრავდა თავის შეგირდებს: ენდე, მაგრამ შეამოწმეო და ეს ფრთიან ფრაზად დამკვიდრდა ჩვენში, „ჩეკისტებში“... ჩემი ფილოსოფია კი ასეთია: სანამ ენდობი, ათასგზის გადაამოწმე და რომ ენდობი, კვლავ გადაამოწმე... ანუ გონება მუდამ ფხიზლად უნდა გქონდეს. არ უნდა მოადუნო, რათა, ვისაც ენდობი, იმან არ გიღალატოს და შეცდომა არ დაგაშვებინოს. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ჩვენი პროფესია ისეთია, რომ ერთმა, თუნდაც, პატარა შეცდომამ, შეიძლება, მრავალწლიანი შრომა და დამსახურება წყალში ჩაგიყაროთ. ახლა კი მშვიდობით, ახალგაზრდებო! მოხარული ვიქნები, თუკი ოდესმე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს...

ხელმძღვანელობამ ოთხდღიანი შვებულება მოგვცა და მე და ალიონამ ეს დღეები ერთად გავატარეთ. გრანდიოზული გეგმები დავაწყვეთ და დეტალებში შევთანხმდით, თუ როდის დავქორწინდებოდით და როგორ მოვაწყობდით ოჯახს. ერთი სიტყვით, ძალიან ბედნიერები ვიყავით და დიდი იმედებითა და მომავლის რწმენით შევუდექით სწავლას უკვე ახალ სკოლაში, სადაც კიდევ ექვსთვიანი კურსი უნდა გაგვევლო. იქ, ძირითადად, უცხო ენების დიალექტებს „ვამუღამებდით“. კვლავ გამოჩნდა უკვე პოდპოლკოვნიკი ტროშკინი, ის, ვინც პირველად მაუწყა, რომ უშიშროების სისტემაში მეპატიჟებოდნენ. ტროშკინი უშუალოდ ჩვენზე იყო მომაგრებული და აგვიხსნა, რომ დიალექტებზე იმიტომ გვამუშავებდნენ, რომ ერთ-ერთ კაპიტალისტურ ქვეყანაში ერთად გვიპირებდნენ სამუშაოდ გაშვებას. ტროშკინმა გვითხრა:

– ჩემო კარგებო, მაინც დაქორწინებას აპირებთ და არალეგალურ სამუშაოზე ამ სტატუსით გაემგზავრებით. მართალია, სულ სხვა გვარებითა და ეროვნებებით, მაგრამ ცოლ-ქმარი ნამდვილად იქნებით.

მეტი რა გვინდოდა? მე და ალიონა მეცხრე ცაზე ვიყავით სიხარულისგან და მოუთმენლად ველოდით ექვსთვიანი კურსის დასრულებასა და დანიშნულების მიღებას. როგორც იქნა, ექვსმა თვემ გაიარა, რომელიც დიდი წარჩინებით განვვლეთ. ტროშკინმა ოთახში შეგვკრიბა და გვითხრა:

– გილოცავთ, ჩემო კარგებო, ამ კურსის წარჩინებით დასრულებას. კიდევ ერთი შტრიხი და უკვე სრულფასოვანი „ჩეკისტები“ ხართ.

– ისევ სწავლება? – იკითხა ალიონამ.

– არა, ჩემო კარგო, – გაიღიმა ტროშკინმა და დაამატა, – ორ საათში შენი თვითმფრინავი ვლადივოსტოკისკენ აიღებს კურსს და ადგილობრივი კოლეგები სრულად ჩაგაყენებენ საქმის კურსში. ჩვენი უწყება ერთ პატარა ოპერაციას ატარებს და შენნაირი კარგად მომზადებული „ჩეკისტი“ გოგონა სჭირდებათ. რამდენადაც ვიცი, ერთი ამერიკული ტანკერის კაპიტნისგან კონტეინერი უნდა მიიღო, სადაც საიდუმლო ინსტრუქციებია მოთავსებული. ნამდვილი მიმღები დაკავებულია და უარს აცხადებს ჩვენთან თანამშრომლობაზე. მისი როლი კი შენ უნდა შეასრულო, ალიონა. ადგილზე ყველაფერს ზუსტად გეტყვიან. პატარა მაკიაჟსაც გაგიკეთებენ და სრულ ინსტრუქტაჟს იქ მიიღებ.

– როდის დავბრუნდები უკან? – იკითხა ალიონამ.

– როგორც კი პაკეტს მიიღებ, ეგრევე მოსკოვში დაგაბრუნებენ. მაქსიმუმ, 48 საათის მერე კვლავ აქ იქნები, – მიუგო ტროშკინმა ალიონას.

ჩემს საცოლეს იქვე გამოვემშვიდობე და ის ტროშკინმა წაიყვანა აეროპორტში. მე კი მოსკოვში დავბრუნდი. ალიონასთან ერთად ოთხ დღეში უკვე ლუბიანკაზე უნდა გამოვცხადებულიყავი და ახალი დანიშნულებები მიგვეღო. მანამდე კი მმაჩის ბიუროში ქორწინების საბუთზე უნდა მოგვეწერა ხელი.

48 საათი რა დიდი დროა მოსაცდელად, მაგრამ ეს დრო საუკუნედ მომეჩვენა და წამებს ვითვლიდი ალიონას დაბრუნებამდე. 24 საათი რომ გავიდა, რაღაც შინაგანმა წუხილმა შემიპყრო. ადგილს ვეღარ ვპოულობდი და გულის გადასაყოლებლად აუზზე წავედი, რომ წყალში გამექარვებინა მოწოლილი, მძიმე სევდა. თავდაუზოგავად ვცურავდი, დაღლას ვერ ვგრძნობდი და მეათე კილომეტრი რომ სულმოუთქმელად დავძლიე და ცურვა კვლავ უნდა გამეგრძელებინა, აუზის დარბაზში ტროშკინი შემოვიდა. მას უჩვეულოდ მშვიდი, თითქოს გაყინული სახე ჰქონდა. მანიშნა, ამოდიო. რომ ამოვედი, მკითხა:

– როგორ ხარ, ლევან?

– ჩვეულებრივად.

– გარეთ გელოდები. ლუბიანკაზე მივდივართ.

– ალიონა ჩამოვიდა?

– გელოდები. იქ ვილაპარაკოთ.

სასწრაფოდ ჩავიცვი, გარეთ გავედი და მანქანაში ჩავჯექი. ტროშკინი იქ არ აღმოჩნდა და მძღოლმა მითხრა:

– ტროშკინი ადგილზე გელოდება. დაურეკეს და სასწრაფოდ წავიდაო.

ტროშკინი უკვე დაწინაურებული იყო და ლუბიანკაზე საკუთარი კაბინეტი ჰქონდა. რომ შევედი, მძიმედ შემომხედა და მითხრა:

– დაჯექი, ლევან.

– მოხდა რამე?

ტროშკინმა კაბინეტში ბოლთის ცემა დაიწყო. ორიოდე წუთის შემდეგ კი მზრუნველად შემავლო მზერა და მძიმედ მითხრა:

– ცუდი რამ უნდა გითხრა.

– რა მოხდა?

– ვლადივოსტოკიდან მომავალი თვითმფრინავი ტაიგაში ჩამოვარდა და ეკიპაჟთან ერთად, ყველა მგზავრი დაიღუპა.

ტროშკინის სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა. არ გავთიშულვარ, მაგრამ აზრის მოკრეფა მიჭირდა და მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე:

– ალიონაც დაიღუპა?

– სამწუხაროდ, ალიონაც...

ლუბიანკიდან როდის და როგორ წამოვედი, არ მახსოვდა. სახლში რომ მივედი, საწოლზე დავეგდე და გავითიშე. მხოლოდ რამდენიმე დღის მერე მოვიკრიბე გონება, მიმოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი საწოლის ირგვლივ არყის ცარიელი ბოთლები ეყარა. ოთახში ტროშკინი შემოვიდა და მითხრა:

– მადლობა ღმერთს, ცნობიერება დაგიბრუნდა. ეს დღეები გონება გათიშული გქონდა და მხოლოდ არაყს სვამდი. ფსიქიატრსაც კი გაგასინჯეთ და მან თქვა, – თვითონ გამოფხიზლდება და შემდეგ დაელაპარაკეთო. მისი სიტყვები გამართლდა და მოდი, ვისაუბროთ.

– გისმენთ, – ვუთხარი ტროშკინს და საწოლზე წამოვჯექი.

– მოკლედ, ასე, ჩემო ლევან, ალიონას უკვე ვეღარ გააცოცხლებ. ამიტომ, თავი ხელში უნდა აიყვანო. ორმოცი დღე დაისვენე და თუ ვეღარ შეძლებ უწყებაში დაბრუნებას, მაშინ პატაკი დაწერე და გაგიშვებთ, თუმცა, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია და მჯერა, რომ ამ უბედურებას მოერევი.

მოვერიე თუ არა თავს, საკითხავია, გონება, მართალია, აღარ დამბინდვია და არც ალკოჰოლს მივძალებივარ, სამსახურშიც დავბრუნდი, მაგრამ ალიონა სულ თვალწინ მედგა და მიუხედავად იმისა, რომ სანიმუშოდ ვიყავი გაწვრთნილი, გრძნობებს მაინც ვერ მოვერიე და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ორი რამ: პირველი – არასდროს დავქორწინებულიყავი და მეორე – როგორც კი შემთხვევა მომეცემოდა, ისეთი დავალება მიმეღო, რომელიც დიდ რისკს შეიცავდა და ამ დავალებისთვის შემეწირა საკუთარი სიცოცხლე. ერთი სიტყვით, სიცოცხლე აღარ მინდოდა. აუტანელი იყო ჩემთვის ასეთი ყოფა, მაგრამ არც თავის მოკვლა მინდოდა. არა იმიტომ, რომ სუიციდის მეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ არ ეთქვათ, ლაჩრულად დაასრულა სიცოცხლეო.

ჩემთვის სასურველ, სახიფათო დავალებას კი არ მაძლევდნენ. მიხვდნენ, რასაც ვაპირებდი. ერთი მხრივ, ალბათ, ფრთხილობდნენ, რომ საქმე არ ჩემეფლავებინა. მეორე მხრივ კი, არ უნდოდათ, რომ ის კადრი დაეკარგათ, რომლის მომზადებაზეც უამრავი რესურსი დახარჯეს. ორი წელიწადი ქაღალდებს არ მომაცილეს და მხოლოდ წვრილმანი საქმეებით ვიყავი დაკავებული. ორი წლის შემდეგ უფროსობამ დამიბარა და კუიბიშევის საავიაციო ქარხანაში გამამწესეს ტექნიკურ კურატორად. იქ სამხედრო თვითმფრინავებს ამზადებდნენ, ახალ, საიდუმლო მოდელს ქმნიდნენ და ჩემი ცოდნისა და პროფილის ადამიანი სჭირდებოდათ. ახალ სამსახურში მნიშვნელოვნად გამოვცოცხლდი. მართალია, ალიონას სახე ყოველთვის თვალწინ მედგა, მაგრამ საბაზისო პროფილით მუშაობამ სუიციდის სურვილი გამინელა... კი არ გამიქრო, არამედ გამინელა. სამი წლის მუშაობის თავზე ერთ დღეს დამიბარეს და მოსკოვის საავიაციო ქარხანაში საიდუმლო ნახაზები გამატანეს. თან, ერთკვირიანი შვებულებაც გამომიწერეს და ცხრა დღეში უკან უნდა დავბრუნებულიყავი. ჩემი საქმე რომ გავაკეთე, მოსკოვში ფეხით გავისეირნე. გაზაფხული იყო, ყველაფერი ყვაოდა, თან, თბილოდა და ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ჩემთვის ასე ნაცნობ ძველ არბატს. ლუდის დალევა მომინდა. კიდევ ასიოდე მეტრი გავიარე და ღია ცის ქვეშ განლაგებულ „პივნოის“ მივაშურე. ორი კათხა ლუდი ავიღე სოსისებთან ერთად და მაგიდას მივუჯექი. დილა იყო. ხალხი ნელ-ნელა ემატებოდა „პივნოის“ და სულ მალე ყველა მაგიდა შეივსო.

– ნებას დამრთავთ – მომესმა გვერდიდან ნასვამი კაცის ხმა.

– მობრძანდით, – ვუპასუხე მე. შევტრიალდი და გავშრი.

ლუდით სავსე კათხით ხელში პოლკოვნიკი ტროშკინი დავლანდე. მას ჩემთვის არც შემოუხედავს. ეტყობოდა, რომ ნაბახუსევი იყო და ლუდით სავსე კათხა მაგიდაზე დადო. შემდეგ ჭუჭყიანი პიჯაკის შიდა ჯიბიდან არყის ბოთლი ამოაცურა და ისიც მაგიდაზე დადო. ქვედა ჯიბიდან კი ვობლა ამოიღო და გარჩევას შეუდგა. ყურადღებით ვათვალიერებდი და თვალებს არ ვუჯერებდი. ერთ მომენტში ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ის იყო. პოლკოვნიკი ტროშკინი „ბომჟს“ დამსგავსებოდა. აშკარა იყო, რომ რაღაც შეემთხვა და ძალიან დამაინტერესა, რამ ჩააგდო ასეთ დღეში. შემეძლო, იქაურობას გავცლოდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე და ვუთხარი:

– გამარჯობა, ამახანაგო პოლკოვნიკო.

ტროშკინმა თავი ასწია, შემომხედა, მიცნო და სინანულით მითხრა:

– ეს შენ ხარ, ლევან? როგორ ხარ?

– თქვენ როგორ ხართ? – კითხვითვე ვუპასუხე.

– ვერ ხედავ? სრულ ქაქში ვარ.

– რა მოხდა, რა შეგემთხვათ?

– იმაზე უარესი, რაც შენ.

– მეუღლე დაგეღუპათ?

ტროშკინმა ხელი ჩაიქნია და თქვა:

– ერთი მაგ ძუკნის დედაც.... როგორც კი დავეცი, ეგრევე სხვასთან გაიქცა, – ტროშკინს თვალები აუცრემლდა და დაამატა, – ამ „გნიდებმა“ ჩემი ერთადერთი ვაჟი არ შემარჩინეს... არ დამეხმარნენ და მომიკლეს.

ტროშკინის 25 წლის ვაჟი, თურმე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების თანამშრომელი ყოფილა. როდესაც იქ ავარია მოხდა, ის ბიჭი იქ მორიგე ყოფილა და დასხივება მიუღია. აქაურ ექიმებს ვერაფერი მოუხერხებიათ. ტროშკინს კი იაპონური კლინიკა მოუძებნია, სადაც ამ დაავადებას უფასოდ მკურნალობდნენ, თან ასპროცენტიანი შედეგით. პოლკოვნიკს დახმარებისთვის მიუმართავს უწყების უფროსობისთვის და უთხოვია, რომ იაპონიაში გამგზავრებისა და მკურნალობის უფლება მიეცათ.

– „ნევიეზდნოიაო“, ასე მიპასუხა კომიტეტის თავმჯდომარემ და დაამატა, ჩვენი ექიმები უკეთესად მიხედავენო, – მითხრა თვალცრემლიანმა ტროშკინმა და დაამატა, – ერთ თვეში გათავდა ჩემი ერთადერთი შვილი და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დამპლებმა ჩემი და მისი სამსახურის გამო არ მოინდომეს საზღვარგარეთ გაშვება. წყეულიმც იყოს „კაგებე“ და ყველა მსგავსი, დამპალი უწყება!

– სამწუხაროა, ვიზიარებ, – ვცადე მენუგეშებინა ტროშკინი და დავაყოლე, – არ გახსოვთ, როცა მე დამატყდა ასეთი ტრაგედია, როგორ დამეხმარეთ დეპრესიის დაძლევაში?! იქნებ, თქვენც მოიკრიბოთ ძალები.

ტროშკინმა შემომხედა და სინანულით მითხრა:

– ეჰ, ლევან, ლევან... შენ რა გიჭირს, მართალია, შენ და ალიონა ჩვენი დამპალი უწყების კომბინაციის მსხვერპლი ხართ, მაგრამ უბრალო მოთამაშეები, გიყენებენ და მეტი არაფერი.

– ვერ მივხვდი?

– მაპატიე, ლევან, გულწრფელად გთხოვ, მაპატიე. ალინოასაც იგივე უთხრეს, რაც შენ. მადლობა ღმერთს, რომ ორივე ცოცხლები ხართ.

– რა?!

– ჰო. მასეა. ალიონა სპეცდავალებისთვის მოამზადეს. შეერთებულ შტატებში გაგზავნეს სამუშაოდ და ალბათ, ახლაც იქაა. ყოველ შემთხვევაში, ერთი წლის წინ იქ იყო.

სიხარული და ბრაზი ერთმანეთში ამერია. ჯერ მინდოდა, რომ ტროშკინი იქვე გამეგლიჯა შუაში ჩემი და ჩემი საცოლის გაბითურებისთვის. თუმცა, ეს მე რა სარგებელს მომიტანდა. ამიტომ, ტროშკინს დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი. სრული ინფორმაცია მივიღე და მასთან ერთად ბოთლი არაყი გამოვცალე, თუმცა, საერთოდ არ დავმთვრალვარ. ტროშკინი კი გამოუმშვიდობებლად, ბარბაცით გაეცალა მაგიდას. მე თვალი გავაყოლე. ის ტროტუარის კიდემდე მივიდა და შეჩერდა. შემდგომ ნაბიჯს აუჩქარა, ქუჩაზე გადასვლა დააპირა და ხუთიოდე მეტრი რომ გაიარა, დიდი სისწრაფით მიმავალმა „კამაზმა“ დაარტყა და რამდენიმე მეტრზე გადაადგო. ადგილს მოვწყდი. პირველი მივიჭერი მომაკვდავ ტროშკინთან, რომ დამინახა, მწარედ გაეღიმა და ამოილუღლუღა:

– მაპატიე, ლევან. წადი და შენი ალიონა იპოვე...

ტროშკინის თქმა რად მინდოდა, როდესაც ალიონას ლანდი მთელი ეს წლები თვალწინ მედგა, ვნატრობდი, იმქვეყნად შევხვედროდი და საბედნიეროდ, ამქვეყნად შემეძლო, შეხვედრა...

რომ დამინახა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. შემდგომ კი, მაგრად ჩამეხუტა, ატირდა და მითხრა:

– ორივე მოგვატყუეს ამ ნაძირლებმა და წყეულიმც იყვნენ!

– წყეულიმც იყვნენ! ჩვენ კი ჩვენი გზით წავიდეთ, მთავარია, რომ კვლავ ერთად ვართ და მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები ვართ და ყველაფერი წინ გვაქვს.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა