წყვილი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.08

„კაგებეს“ უმაღლეს სკოლაში ინსტიტუტის შემდეგ მოვხვდი...
მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. განაწილების მისაღებად ფრთებშესხმული მივედი იმ მისამართზე, სადაც დაბარებული ვიყავი. მუშაობა მწყუროდა. მინდოდა, რომ ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეცადა. ოთხსართულიანი შენობის მხოლოდ მისამართს შევავლე თვალი და აბრისთვის არც კი მიმიქცევია ყურადღება. ჰოლში რომ შევედი, პირდაპირ კიბისკენ დავიძარი. მხოლოდ მაშინ მიმოვიხედე, როდესაც სამხედროფორმიანმა მორიგემ გზა გადამიღობა და მითხრა:
– საშვის გარეშე არ შეიძლება!
– საშვი სად უნდა ავიღო? – ვკითხე მორიგეს.
– თქვენ უკან, ხელმარცხნივ, – მიმასწავლა მან.
საშვთა ბიუროში, ასევე, სამხედროფორმიანი გოგონა იჯდა და მითხრა:
– თქვენი პასპორტი მომაწოდეთ.
– ინებეთ, – ვუთხარი საშვების გამცემ გოგონას და პასპორტი გავუწოდე.
გოგონამ სიაში ჩაიხედა და პასპორტი უჯრაში შეინახა. საშვი გამომიწერა და მითხრა:
– მეორე სართულზე, მეცამეტე კაბინეტში ადით.
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ უშიშროების კომიტეტის რაიონული სამმართველოს შენობაში ვიმყოფებოდი, როცა კაბინეტში შევედი და ოთახის აღმოსავლეთ კედელზე ჩამოკიდებულ ძერჟინსკისა და ბრეჟნევის სურათებს მოვკარი თვალი. კაბინეტის მასპინძლის მაგიდაზე კი პატარა ვიმპელი იდო, რომელზეც ოქროსფრად იყო დაწერილი „მოსკოვის უშიშროების კომიტეტის სამმართველოს მოწინავე ორგანიზაცია“.
– შემოდი, შემოდი, ლევან! აქ დაბრძანდი, – ფეხზე წამომიდგა სამხედროფორმიანი მაიორი. ხელი ჩამომართვა და დაამატა, – მაიორი ტროშკინი.
– ლევანი, – თავი დავუკარი ტროშკინს და მითითებულ სკამზე დავჯექი.
– ლევან, ალბათ, ცოტა გაკვირვებული ხარ, რომ ჩვენს უწყებაში დაგიბარეთ.
– დიახ. მე მეგონა, განაწილების მისაღებად მიბარებდნენ.
– ნაწილობრივ ასეცაა, ჩემო კარგო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ განაწილებით, მინიმუმ, ორი წელი მაინც უნდა იმუშაო. აქ კი შენი თანხმობაა საჭირო ჩვენს წინადადებაზე.
– რა წინადადებაზე, ამხანაგო მაიორო?
– შენი საქმე გულდასმით შევისწავლეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენს უწყებას, რომელიც ჩვენი დიადი სამშობლოს სადარაჯოზეა, დიდ სარგებელს მოუტან და გვინდა, ჩვენთან მუშაობა შემოგთავაზოთ. მაგრამ, ყოველგვარი იძულების გარეშე და მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე. ურთიერთთანხმობით. ჩვენ შენი კანდიდატურა გვაწყობს და ჯერი შენზეა.
– სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო თქვენთან.
– იმუშაო, – ღიმილით მითხრა ტროშკინმა და დაამატა, – ერთგულად, პატიოსნად!
– მე რომ საავიაციო ინჟინერი ვარ?!
– თანაც, რომ იტყვიან, უმაღლესი კლასის საავიაციო ინჟინერი, – დაამატა ჩემს სიტყვებს მაიორმა ტროშკინმა და დააყოლა, – ჩვენს უწყებაში ყველა სფეროს საუკეთესო სპეციალისტებია შეკრებილი და ამიტომაცაა ჩვენი სამსახური საუკეთესო მსოფლიოში.
– მე რაში გამოგადგებით?
– თუ თანახმა იქნები, უშიშროების უმაღლეს სკოლაში განაგრძობ სწავლას. იქ კი ვნახავთ, სად გაგამწესებთ.
– კვლავ სწავლა?
– სპეცსწავლება. რა, ცუდია ასეთი უნარ-ჩვევების შესწავლა, რაც უბრალო ადამიანებმა არ იციან?
– პირიქით. საინტერესოც კი არის.
– ესე იგი, თანახმა ხარ?
– დიახ.
– ძალიან კარგი. ზეგ დილის ცხრა საათზე გელოდები აქ და გასაცნობ ვოიაჟს ჩავატარებთ.
უშიშროების უმაღლეს სკოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ფილიალი ჰქონდა. ერთ-ერთი კი მოსკოვის მახლობლად იყო განლაგებული, ტყეში შემოფარგლულ, განსაკუთრებულად დაცულ ტერიტორიაზე. სკოლას თავისი საცხოვრებელი კორპუსი და უმაღლესი კლასის ინფრასტრუქტურა ჰქონდა. მოსკოვის მახლობლად, ანუ პოდმოსკოვიეში, ათამდე სხვადასხვა პროფილის სკოლა იყო და საერთო, ზოგადი საგნების გარდა, თითოეულ მათგანში კონკრეტული მიზნებისთვის განკუთვნილ სპეციალისტებს ამზადებდნენ. როგორც გასაუბრებაზე განგვიმარტეს, ჩვენი პროფილი იყო საზღვარგარეთ მუშაობა ჩვენი საბაზო პროფილების მიხედვით. როგორც მივხვდი, სკოლის დამთავრების შემდეგ, რომელიმე უცხოურ ქვეყანაში საავიაციო ინჟინრად გამამწესებდნენ. სავარაუდოდ, პროფილური სადაზვერვო საქმიანობისთვის. სწორედ აქ გავიცანი ალიონა. ჩვენს ჯგუფში თითოეულმა ჩვენგანმა ერთი უცხოური ენა უმაღლეს დონეზე იცოდა. ალიონა კი სრულყოფილად ოთხ ენას ფლობდა, მე – ორ ენას. ჩემი მშობლები უცხო ენების სპეციალისტები იყვნენ: დედა – ინგლისურის, მამა – გერმანულის. ორივემ კარგად შემასწავლეს ეს ენები. ჩვეულებისამებრ, უშიშროების უმაღლესი სკოლები ოთხწლიანი იყო. ჩვენი სკოლა კი – ორწლიანი, იმიტომ რომ ისედაც გაძლიერებული სწავლების კურსი ჩვენთან გაორმაგებული იყო და სპეციალურზე მეტად გამორჩეული კრიტერიუმებით ვიყავით შერჩეულები. როგორც დაკვირვების შედეგად მივხვდი, სკოლის კურსანტები სქესისა და შეთავსების მიხედვით ვიყავით დაწყვილებული. ჩემი მეწყვილე ალიონა იყო. სწავლა რომ დავიწყეთ, მე 23-ის, ალიონა კი 22 წლის იყო და დღე-ღამის განმავლობაში 14-15 საათს ერთად ვატარებდით დროს. მხოლოდ კვირა დღეს გვაძლევდნენ უფლებას, რომ სკოლის გარეთ, ანუ სახლში წავსულიყავით. შაბათ საღამოს მივდიოდით და ორშაბათს, დილის 7 საათზე უკვე სკოლის პლაცზე უნდა ვმდგარიყავით. შეგვეძლო, კვირა დღეც სკოლაში გაგვეტარებინა და ჩვენს ოთახებში დაგვეძინა. ერთი სიტყვით, უმკაცრეს ყაზარმულ პირობებში ვცხოვრობდით და პერმანენტული დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებოდით.
ჩვენი ჯგუფის კურატორ-ინსტრუქტორი სკოლაში პოდპოლკოვნიკი ვასილიევი იყო. ეს ადამიანი ლამის ბაბუად გვეკუთვნოდა, 60 წელს კარგად იყო გადაცილებული, მაგრამ ორმოცს მიღწეულს ჰგავდა, რადგან თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მაღალი, ათლეტური აღნაგობისა და შეიძლება ითქვას, გოლიათური ძალის პატრონი იყო. მრავალმხრივი ცოდნა და მაღალი ინტელექტი ჰქონდა. კინოებში რომ აჩვენებენ სუპერმენებს, იმათზე უკეთესი ტიპაჟი იყო, არადა, თურმე, რა განსაცდელი და ექსტრემალური სიტუაცია არ ჰქონია გამოვლილი და გადატანილი თავისი კარიერის განმავლობაში. ვასილიევზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით შევიტყვე. ისე კი დიდი დაკვირვება არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ საქმე გვქონდა არაორდინარულ, ძლიერ პიროვნებასთან. ამაში მტკიცედ დავრწმუნდი ერთი შემთხვევის დროს: ექსტრემალური სწავლების გაკვეთილს ვატარებდით. სცენარის მიხედვით ალიონას გორკის სახელობის პარკში ხულიგნების პროვოცირება უნდა მოეხდინა. შემდგომ კი მე უნდა გამოვჩენილიყავი და გოგონა ხულიგნების კლანჭებიდან დამეხსნა. ვასილიევმა მოკლედ და კონკრეტულად დაგვიხატა სიტუაცია და გვითხრა:
– ობიექტმა ქალმა (ალიონამ) მაქსიმალურად უნდა გააღიზიანოს „შპანა“ და ობიექტმა კაცმა (მე) მათი კლანჭებიდან დაიხსნას. ლევან, სასურველია, რომ ეს სიტყვით, ყოველგვარი მუშტი-კრივის გარეშე მოახერხო. მაგრამ, მუშტი-კრივისას კი ძალიან ყურადღებითა და მობილიზებით მოიქცე. გასაგებია?
– დიახ; გასაგებია! – ერთხმად ვუპატაკეთ პოდპოლკოვნიკს.
– მე იქვე ვიქნები. აბა, წავედით! – თქვა ვასილიევმა და გორკის სახელობის პარკისკენ გავეშურეთ.
მოკლე კაბაში გამოწყობილმა, კოსმეტიკით ვულგარულად შეღებილმა, პირში სიგარეტგაჩრილმა ალიონამ გორკის პარკის უდაბურ ბილიკზე „გაატასავა“ და უზარმაზარი ნაძვის ქვეშ შეკრებილ ხულიგანთა ექვსკაციან ჯგუფს საკმაოდ ახლოს გამომწვევად ჩაუარა. ორიოდე მეტრში შეჩერდა, ჯიბიდან „კენტის“ სანთებელა ამოიღო, ჩამქრალ სიგარეტს მოუკიდა და შუბლშეჭმუხნულმა გახედა პირდაღებულ ბიჭებს, რომელთა შორისაც ერთი გოგონაც იმყოფებოდა. ხულიგან გოგონას არ „ევასა“ ალიონა და ზიზღით, მის გასაგონად, კოლეგებს უთხრა:
– ნახეთ, ბიჭებო, ეს ძროხა როგორ ამრეზით გვიყურებს. ღირსი არ არის, რომ რქები მოვტეხოთ და ძუძუები ჩამოვაგლიჯოთ?
– ჰო, გამომწვევი ჯიქნები კი აქვს, – დაუდასტურა კოლეგას ათლეტმა ხულიგანმა ბიჭმა.
– რქიანი ძროხაც ხარ და ძუკნაც, შე კახპავ! - თქვა ხულიგანი გოგონას მისამართით ალიონამ და ხულიგან ბიჭს უპასუხა, – შენ კი „კაზიოლი“ და წვერი მოუშვი.
ხულიგანი გოგონა ალიონასკენ გაქანდა, რომ ცხვირ-პირში მოედო, მაგრამ კარგად განსწავლულმა და ნავარჯიშებმა ჩემმა კოლეგამ ნიკაპში მარცხენა იდაყვით „მოჩანთა“ თავდამსხველი და ძირს დასცა...
– ჩვენებს ურტყამენ! – დაიყვირა ერთ-ერთმა ხულიგანმა და ალიონასკენ წაიწია. მაგრამ, „კაზიოლად წოდებულმა“ ათლეტმა მას უთხრა:
– დადუმდი! ამ ძუკნას მე თვითონ მივხედავ. ბუჩქებში გადავათრევ და სასტიკად მივართმევ...
– შენ მიპირებ მირთმევას, „კაზიოლო“? – ცეცხლზე ნავთი დაასხა ალიონამ.
ხულიგანი ალიონასკენ დაიძრა და ჩემი ჩარევის დროც დადგა. სწრაფად დავიძარი მათკენ და ათლეტ ხულიგანს ვუთხარი:
– მორჩა, მორჩა, ბიჭებო! გაუგებრობას აქვს ადგილი და დავიშალოთ. ყველაფერი რიგზეა.
– შენღა გვაკლდი. გაქრი აქედან, თორემ აგაორთქლებ! – დამემუქრა ალიონაზე გამწარებული ხულიგანი და ჩემი ხელით მოშორება სცადა.
ხულიგანი ელვისებური დარტყმით უგონოდ დავაგდე ძირს... სამი ხულიგანი ელვისებურად დაიძრა ჩემკენ. ერთი კი, ჯინსის ჟილეტში გამოწყობილი, უზარმაზარ ნაძვთან დარჩა და გვაკვირდებოდა. ატყდა ჩხუბი და დავტრიალდი. ერთი ალიონამ დააგდო, ორს კი მე ვუმკლავდებოდი. ხესთან მჯდომი ხულიგანი თვალსაწიერიდან დავკარგე და იმ ორს რომ გავუსწორდი, მოხდა სასწაული: ისე, რომ თვალიც ვერ შევასწარი, ვასილიევი დავინახე, რომელმაც ნაძვთან დარჩენილი დანიანი ხულიგანი გათიშა. ეს ყველაფერი, მაქსიმუმ, წამნახევარში მოხდა. მე, ალიონა და ვასილიევი ადგილს მოვწყდით, თვალის დახამხამებაში ჩავუარეთ წინ გაოგნებულ ხულიგნებს და იქაურობას გავეცალეთ. სწრაფად ჩავსხედით სამოციოდე მეტრში მდგომ „ვაზ 21“ „ვოლგაში“ და პოდპოლკოვნიკმა მანქანა მაშინვე დაძრა ადგილიდან.
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, როგორ მოახერხეთ ეს? – მდუმარება პირველად ალიონამ დაარღვია.
– რა ეს? – მშვიდად იკითხა ვასილიევმა.
– ლევანი რომ სიკვდილს გადაარჩინეთ და ის ხულიგანი გაანეიტრალეთ.
– ეგ არაფერი. უნარ-ჩვევების საქმეა. უარესიც ხდება ხოლმე, – თქვა ვასილიევმა და დაამატა, – ალიონას ოთხ-ნახევარი ეკუთვნის, ხუთბალიანი სისტემით, ლევანს კი – სამ-ნახევარი ქულა.
– თქვენ კი – ასი ქულა, ხუთბალიანი სისტემით, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო! – თამამად და გულწრფელად, სრულიად სამართლიანად უთხრა ალიონამ ვასილიევს.
– არ გეთანხმები. მე – ნული, – მტკიცედ თქვა ვასილიევმა.
– ნული? – თქვა ალიონამ და დააყოლა, – რატომ?
– იმიტომ, რომ ხესთან მდგომისთვის დანის გახსნის საშუალება თავიდანვე არ უნდა მიმეცა, ჩემი შეგირდები დიდი რისკის ქვეშ დაგაყენეთ.
– მე რაში დამაკლეთ ნახევარი ქულა? – იკითხა ალიონამ.
– იმაში, რომ ჩხუბში გაერთე და არასწორად დააზღვიე ლევანი. ხესთან დარჩენილი მედესანტისთვის უნდა გედევნებინა თვალი და მის მოძრაობას დაკვირვებოდი. ასეთ შემთხვევაში ლევანს სასიკვდილო საფრთხეს ააცილებდი.
– ლევანს რის გამო დააკელით ქულა-ნახევარი?
– ბოლომდე რომ არ გამოიყენა სიტყვით მოგვარების შანსი და ექსტრემალური სიტუაციის განსამუხტად მხოლოდ ფიზიკურ ქმედებებს დაეყრდნო. ამით შენც საფრთხეში ჩაგაყენა და საკუთარი თავიც. მასში ქართულმა ტემპერამენტმა იმძლავრა და საღი გონება უკან გადასწია. ამიტომ, ახალგაზრდებო, მომავლისთვის გაითვალისწინეთ, რომ სანამ დიპლომატიური არგუმენტები ბოლომდე არ ამოიწურება, ძალა არ უნდა გამოიყენოთ. თუმცა, ყოველთვის მზად უნდა იყოთ ასეთი ქმედებისთვის.
– შეიძლება, რაღაც გკითხოთ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო? – ჰკითხა ვასილიევს ალიონამ.
– თქვი, გისმენ.
– თქვენ როგორ მოიქცეოდით, ლევანის ადგილზე, შეძლებდით ამ სიტუაციის სიტყვით განეიტრალებას? – იკითხა ალიონამ.
– სრულიად მარტივად, ალიონა. ამაზე იოლი არაფერია. პირველ რიგში, სულ სხვა სქემას ავირჩევდი და არა აგრესიულ და ჭკუის დამრიგებლურ რიტორიკას, ანუ სულ სხვა საუბარს გავუბამდი. როცა ის ხულიგანი ალიონასკენ დაიძრა, მე მასთან მივდიოდი, ხელკავს გამოვდებდი, ჩავუჩურჩულებდი, შენს მეგობრებთან გამომყევი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა-მეთქი. ანუ, ამით, პირველ რიგში, კეთილგანწყობას მოვიპოვებდი აგრესიულ ხულიგანთან და მას მომავალი ბრძოლის ადგილს მოვაშორებდი. ხოლო, როცა ხულიგნებთან მივიდოდით, ასევე ჩუმად ვეტყოდი მათ, – ბიჭებო, მე ფსიქიატრიული კლინიკის ოპერატიული სამსახურიდან ვარ, ეს გოგონა საგიჟეთიდან გაქცეული მანიაკი მკვლელია და მეორე დღეა, ვეძებთ. მას უზარმაზარი შხამიანი ნემსი აქვს ჩანთაში და ადამიანებს ხოცავს. წუხელ, ღამით ერთი „ბომჟი“ მოკლა კურსკის ვაგზალზე და ერთი სული აქვს, ეს ნემსი რომელიმე თქვენგანსაც შეარჭოს. არ მიეკაროთ. ადგილზე დარჩით. შევეცდები, გავკოჭო და საგიჟეთში დავაბრუნო-მეთქი. ასეთი საუბრის შემდეგ, ხულიგნები ადგილზე დარჩებოდნენ. შენ კი ალიონასთან უნდა მისულიყავი და გეთქვა, – ახლა ჩანთისკენ წაიღე ხელი. მე მსუბუქად მოგარტყამ ყბაში და ვითომ გაითიშე, ჩაიკეცე. შემდეგ მხარზე მოგიგდებ და აქედან მშვიდობიანად გაგიყვანო. აი, ალიონა, ასე შეიძლებოდა ამ ჩხუბისა და კინაღამ დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება. ოდნავი ტვინის განძრევაა საჭირო და „ჩეკისტური“ შემოქმედებითობის გამოჩენა. ხოლო ჩხუბისა და ხალხის ლეწვის საკითხში ათოსნები ხართ; ვერაფერს იტყვის კაცი. გასაგებია?
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან