რომანი და დეტექტივი

წყვილი

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.03

წყვილი
დაკოპირებულია

ჩემი და თეას ურთიერთობა იმ დღეს დაიწყო, როდესაც ერთი კონფიდენციალური დავალება შევასრულე და სასწრაფოდ უნდა მოვშორებოდი იქაურობას.

კონფიდენციალური დავალება კი შეკვეთაა. ჩვენს ენაზე შეკვეთაში ობიექტის ლიკვიდაცია იგულისხმება.

ძველი ხუთჭიდელი ვარ. წარსულში საკმაოდ წარმატებულიც კი ვიყავი, მაგრამ ფეხის ტრავმამ ფორმიდან ამომაგდო. ვმკურნალობდი და იმედი მქონდა, რომ კვლავ დავუბრუნდებოდი საყვარელ საქმიანობას, მაგრამ ექიმის შეცდომამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და სპორტის მიღმა დავრჩი. თავდაპირველად სასტიკ დეპრესიაში ჩავვარდი. სმაც კი დავიწყე, თუმცა, დროზე მივხვდი, რომ კოსმოსური სისწრაფით ვეშვებოდი უფსკრულში. სმას თავი დავანებე და ახალი ცხოვრების დაწყება ვცადე. რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ვერსად გავჩერდი. მორიგი სამსახურიდან რომ წამოვედი, ჯიბეში, სულ რაღაც 20 ლარი მედო. მშიოდა და კაფეში შევედი. ვჭამე და ის ის იყო, გამოვდიოდი, რომ ჩემი ძველი მწვრთნელი, რომა შემოვიდა. დამინახა თუ არა, გადამეხვია. მთხოვა, მასთან ერთად გავჩერებულიყავი. მაგიდასთან მივბრუნდი. მიმტანს ერთი ბოთლი კონიაკი, ყავა და ნამცხვრები მოატანინა და მითხრა:

– ჩვენი შეხვედრის იყოს!

– ხომ იცი, რომ არ ვსვამ?

– საუკუნეში ერთხელ შეიძლება. მიდი, გახურდი!

ერთი ბოთლი რომ გამოვცალეთ, მე მართლა გახურებული ვიყავი. რომას კი არაფერი ეტყობოდა და მკითხა:

– რას საქმიანობ?

– უკვე არაფერს.

– ეგ როგორ?

– ერთი საათის წინ წამოვედი მორიგი სამსახურიდან.

– მორიგი?

– ჰო, წელს უკვე მეშვიდედან.

– ესე იგი, უმუშევარი ხარ.

– ასე გამოდის.

– ფორმაში თუ ხარ?

– კი. როგორ არა. თუმცა, ჩემპიონი ვეღარ გავხდები.

– გახდები.

– შენ რა, სპორტში დაბრუნებას მთავაზობ.

– აბა, არა?! – გაეცინა რომას და დააყოლა, – აქტიურ სპორტს არ ვგულისხმობ.

– აბა, რას?

– ჩემს თანაშემწედ იმუშავებ?

– სად?

– ხუთჭიდში. ისევ მწვრთნელი ვარ და დამეხმარები?

– რატომაც არა.

– თავიდან მაინცდამაინც დიდი ფული არ გექნება. შემდეგ კი – ვნახოთ.

– თანახმა ვარ.

– აი, ჩემი ტელეფონის ნომერი. ხვალ დილით, ათზე დამირეკე და გეტყვი, რა და როგორ.

– ტელეფონი არ მაქვს, მაგრამ ვთხოვ ვინმეს.

რომამ ღიმილიანი მზერა მომაპყრო და მითხრა:

– შენ, ჩემო ძმაო, გეტყობა, მაგრად ხარ ჩავარდნილი. წამოდი!

– სად?

– ნახავ.

მე და რომა კაფედან გავედით და რომას მანქანით მობილურების მაღაზიას მივაშურეთ. მან საკმაოდ ძვირფასი ტელეფონი მიყიდა, ნომერიც შემიძინა. მე ძალიან მეუხერხულა და ვუთხარი:

– დიდი მადლობა, მაგრამ ასე რატომ იხარჯები.

– კარგი რა, ზურა. ძმობაში ასეთი „ბაზარი“ არ მოსულა? მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, ასე არ მოიქცეოდი?

– კი.

– ჰოდა, რა გინდა?! ხვალ, დილის ათზე ველოდები შენს ზარს.

რომას მეორე დილით ზუსტად დანიშნულ დროს დავურეკე. მან უზარმაზარ სპორტდარბაზში დამიბარა. იქ ხუთჭიდელები ვარჯიშობდნენ და ეგრევე საქმეში ჩავერთე. ექვსი თვის შემდეგ რომამ სახლში დამიბარა და რომ მივედი, მითხრა:

– ზურიკო, მანქანის მართვა ხომ არ დაგვიწყებია. როგორც მახსოვს, ასი იყავი.

– შუმახერივით ვატარებ.

– ძალიან კარგი. შეგიძლია, ერთ საქმეში დამეხმარო?

– რაზეა ბაზარი. რაში დაგეხმარო.

– საღამოს გცალია?

– შენს განკარგულებაში ვარ.

– მაშინ ალექსანდრეს ქვედა ბაღში გელოდები, რვაზე.

– კარგი. მოვალ.

დანიშნულ დროზე მივედი. რომა მანქანაში მელოდებოდა. საჭესთან დამსვა და მითხრა, მცხეთისკენ წავიდეთო. უკვე ბნელდებოდა. დანიშნულოების ადგილზე რომ მივედით, რომამ ზურგჩანთა მოირგო და მითხრა, რომ რკინიგზის სადგურთან დავლოდებოდი, თვითონ კი სიბნელეში გაუჩინარდა. ერთი საათი ველოდე და ვერც კი დავინახე, როგორ ჩამიჯდა მანქანაში, უკანა სავარძელზე და მითხრა:

– წავედით!

– საით?

– თბილისში.

თავიდან ვერ შევნიშნე და მხოლოდ მერე დავაფიქსირე, რომ მას ზურჩანთა აღარ ჰქონდა. დიღმის მასივში რომამ მანქანა გამაჩერებინა და საჭესთან თავად დაჯდა. 200 დოლარი და 100 ლარი მომცა და მითხრა:

– ეს შენ, ზურიკო. დაგჭირდება. ბოდიში, მაგრამ ძალიან მეჩქარება და სახლში ტაქსით წადი. სამი დღე ვისვენებთ და დაგირეკავ.

რომას საქციელი ძალიან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. მადლობა გადავუხადე და სახლში ავტობუსით წავედი. რომას მოცემული ფულის ნაწილი კი შევინახე. დანარჩენი მოვიხმარე და იმაზე მეტი დავხარჯე, ვიდრე ამას ვაკეთებდი ხოლმე. ერთი სიტყვით კარგი ცხოვრების გემოს, რომ იტყვიან, მივეპარე. სამი დღის შემდეგ რომამ დამირეკა, ვარჯიშზე დამიბარა და ჩვეულებრივად განვაგრძეთ საქმიანობა. ვითომ არაფერი მომხდარაო, მცხეთაში ვოიაჟზე სიტყვა არცერთს არ დაგვიძრავს, თუმცა მე ცნობისმოყვარეობა მკლავდა. მინდოდა, მეკითხა ეს უცნაური „პაეზდკა“ რას ნიშნავდა.

გავიდა კიდევ ერთი თვე და რომამ უკვე გლდანის სკვერში დამიბარა, ასევე, საღამოს და დიღმის ტრასას გავუყევით. საჭესთან ისევ მე ვიჯექი. რომა კვლავ ზურგჩანთით გადავიდა მანქანიდან და უკან უზურგჩანთოდ დაბრუნდა. მე მას ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ველოდებოდი. კვლავ მე წამოვიყვანე მანქანა, მაგრამ ამჯერად გორისკენ ავიღეთ გეზი და უკან მიკროავტობუსით დავბრუნდი. რომა კი, როგორც თავად მითხრა, ზესტაფონში გაემგზავრა. მანამდე კი რომამ 500 დოლარი და 600 ლარი მომცა და მითხრა, სამ დღეში დაგირეკავო. სამი დღის შემდეგ კვლავ განვარძეთ ვარჯიშები. უკვე დაუოკებელი სურვილი მკლავდა, გამეგო, თუ რა ვოიაჟებს ვაკეთებდით. მაგრამ კვლავ შევიკავე თავი. ორი კვირა რომ გავიდა, რომამ თავის სახლში წამიყვანა. კონიაკი დავლიეთ და მითხრა:

– როგორ ხარ, ზურიკო?

– კარგად. რატომ მეკითხები?

რომას გაეცინა და მითხრა:

– ეს პირველი შემთხვევაა, რომ რაღაც მკითხე. კარგია, რომ ენაზე კბილის დაჭერა იცი და ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს.

– კი, მასეა.

– ნუთუ კითხვები არ გაგაჩნია?

– რის შესახებ?

– ჩვენი ორი ვოიაჟის.

– თუ საჭიროა, თავად მეტყვი.

– ჰოდა, გეტყვი კიდეც. დრო მოვიდა.

– გისმენ, რომა.

– ჰო. მართლა, ეს შენი წილია, – მითხრა რომამ და მაგიდაზე სქელი კონვერტი დამიდო.

– რა არის?

– გახსენი და ნახავ.

კონვერტი გავხსენი და შიგნით ორი დასტა ასდოლარიანი აღმოჩნდა.

– ეს რაა? – ვკითხე.

– ოცი ათასი დოლარი.

– რისთვის?

– შენი წილია.

– რისი წილი, რომა? ვერ ვხვდები.

– ნუთუ მართლა ასეთი მიამიტი ხარ?

– ალბათ, ვარ.

– ეს იმ საქმეების წილია, რაშიც დამეხმარე.

– რა საქმეების?

– მოკლედ, ასეა, – ორი ნაძირალა გავაგორე და ამაში ფული გადამიხადეს. შენ კი დამეხმარე.

– მკვლელი ხარ?

– ქილერი. ახლა ასე უწოდებენ ჩვენი პროფესიის ხალხს, ანუ დაქირავებული მკვლელი.

– მერე?

– რა მერე, ზურიკო, ნაძირლებს ხოცავ და ამაში ფულსაც თუ გიხდიან, მშვენიერია.

– ადამიანების ხოცვა?

– არაადამიანების, ზურიკო, არაადამიანების.

– რა ვიცი, რომა, რა ვიცი. ვინ მოგვცა იმის განსჯის უფლება, რომ ადამიანები ასეთ კატეგორიებად დავყოთ?

– ღმერთმა.

– ღმერთმა?

– ჰო, ღმერთმა. რატომ გიკვირს. ერთ-ერთი ცნებაა ათისგან არა კაც კლაო. ესე იგი, არაკაცები მოკალითო.

– საეჭვოა.

– კარგი, რა, ზურიკო, რა არის საეჭვო, ღმერთის სიტყვა?

– ვითომ ეს ასეა?

– ასეა, ასე, დამიჯერე.

– ასეა და იყოს ასე.

– არის, არის, ზურიკო და მომისმინე.

– გისმენ.

– მოკლედ, ჩვენი საქმე ორმაგად სარფიანი და სასარგებლოა. ვანადგურებთ ნაძირლებს და ვშოულობთ ფულს. მინდა, რომ ამ ბიზნესში ჩაგრთო და თანახმა ხარ?

რომას სიტყვებმა დამაბნია და ვუთხარი:

– აბა, რა ვიცი. კაცი არასდროს მომიკლავს.

– კაცი არა, არაკაცი.

– არც არაკაცი.

– დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება. ისწავლი. მიეჩვევი და ასე აღარ იფიქრებ. მითხარი, თანახმა ხარ?

უარის თქმა მინდოდა, მაგრამ ვუთხარი:

– კი, თანახმა ვარ.

– ძალიან კარგი. მაშინ, ზეგ საქმეზე წამომყვები და ნათლობას მიიღებ.

ორი დღის შემდეგ გარეუბანში მრავალსართულიანი შენობის ერთ-ერთი ბინიდან სნაიპერული შაშხანით ვიღაც ტიპი მოვკალი. რომა კორექტირებას მიწევდა. საქმე რომ გავაკეთეთ, შაშხანა ბინაში დავტოვეთ და სათითაოდ „მოვტყდით“ იქიდან. ბინა ნაქირავები იყო. არავინ გვიცნობდა და ჩვენთვის ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის დღე იყო და შეკვეთების წვიმა წამოვიდა. თავიდან წყვილში ვმუშაობდით. შემდგომ კი მარტო დავიწყე საქმის კეთება და მკაცრად ვიცავდი კონსპირაციის წესებს. რომაც დადიოდა შეკვეთებზე, თუმცა, უფრო ხშირად ჩემთვის იღებდა შეკვეთებს და ასე გაგრძელდა სამი წელიწადი.

ერთხელ, მორიგი საქმიდან, ჩვეულებრივ, წინასწარ შედგენილი გეგმით ვტოვებდი შემთხვევის ადგილს. ობიექტის ლიკვიდაცია ბინაში განვახორციელე და ჩვეული მანევრის შემდეგ ფეხით გავემართე ჩემი მანქანისკენ, რომელიც 800 მეტრში მეყენა. სწრაფად მივდიოდი. ზამთარი იყო და კარგად ვიყავი კომუფლირებული. ნახევარი გზა რომ გავიარე, ერთ-ერთი სადარბაზოდან ქალის მოგუდული დაკივლება გავიგონე, რომელიც უმალვე შეწყდა. ყურები გამახვილებული მქონდა და დავაფიქსირე, რომ ვიღაცამ მომკივანს პირზე ხელი ააფარა და ამგვარად ჩაახშო მისი ხმა. ჩემი პროფესიული კანონი მოითხოვს, რომ არავის არასდროს თვალში არ შეეჩხირო, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმის გაკეთების შემდეგ მოდიხარ. მაშინ პირველად დავარღვიე ეს კანონი. სადარბაზოსკენ გადავუხვიე და დავინახე, თუ როგორ ცდილობდა ორი ახალგაზრდა კაცი გოგონასთვის ჩანთის წართმევას. მათკენ სწრაფად გავიქეცი და დამინახეს თუ არა, თავდამსხმელები ადგილს მოსწყდნენ და სახლის გამჭოლი სადარბაზოდან გაიქცნენ. გოგონა კი წაიქცა და წამოდგომა უჭირდა. წამოვაყენე და ვკითხე:

– როგორ ხართ?

– ახლა უკვე არა მიჭირს.

– ძალიან კარგი. მოდი, სახლში მიგიყვანთ, თუ აქ არ ცხოვრობთ.

გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ დაიკვნესა და თქვა:

– მუხლი არ მიშვებს.

– დამეყრდენით და წაგიყვანთ, – ვუთხარი დაზარალებულს, მაგრამ დაყრდნობითაც ვერ გაიარა. მე ის ხელში ავიყვანე, მანქანაში ჩავსვი და ძრავა ჩავრთე.

– გმადლობთ, – მითხრა გოგონამ.

– საით წავიდეთ?

– ვაკეში.

მანქანა ადგილიდან დავძარი და მისამართი ვკითხე, ბოლოს კი ვუთხარი:

– სტუმრად იყავით?

– დიახ. დაქალთან.

– ჩანთას გართმევდნენ?

– დიახ. ლიფტით ჩამომყვნენ. მე სულელმა ჩანთაში მობილური ჩავდე. მათ კი მსხვილი კუპიურები დაინახეს და ლიფტშივე მოინდომეს წართმევა. როგორღაც გამოვასწარი. არ მომეშვნენ და დანარჩენი კი თქვენც ნახეთ... თქვენ რომ არა, არ ვიცი, რა დამემართებოდა.

– ხდება ხოლმე. მთავარია, ამ ამბავმა უკვე ჩაიარა.

– ძალიან მტკივა მუხლი.

– არა უშავს. არყის კომპრესი დაიდეთ და ჩაგიცხრებათ.

– სახლში ასვლა გამიჭირდება.

– ნუ დარდობთ, მე აგიყვანთ.

– დიდი მადლობა. რა გქვიათ?

– ზურაბი.

– მე კი – თეა.

– ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, თეა.

– თქვენიც. რომ არ გამოჩენილიყავით, არ ვიცი, რა იქნებოდა.

– თეა, მე მგონი, მოვედით, ხომ?

– დიახ. პირველ სადარბაზოსთან გააჩერეთ.

მანქანა მითითებულ ადგილზე გავაჩერე. შემდეგ გადმოვედი, მეორე კართან მივედი, გამოვაღე, გოგონა ხელში ავიტაცე, გადმოვიყვანე და ლიფტამდე მივიყვანე.

– ძალიან კი გაწუხებთ, ზურაბ, მაგრამ იქნებ ბინამდე მიმიყვანოთ, თორემ მუხლი საშინლად მტკივა.

– არაა, პრობლემა, – ვთქვი მე, რამდენიმესაფეხურიანი კიბე ავიარე და თეას ბინის კარს მივადექით.

თეამ კარი გააღო და მითხრა:

– შემომყევით, თუ არ შეწუხდებით.

– უხერხული ხომ არაა ოჯახის წევრებთან.

– მარტო ვცხოვრობ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა