წყვილი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.03

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10 (1263)
თეა ბინაში შევიყვანე, სავარძელში ჩავსვი და მუხლიც გავუსინჯე. შემდეგ სპირტის კომპრესი გავუკეთე და იქიდან რომ წამოვედი, ღამის ორი საათი სრულდებოდა.
– შეხვედრამდე, ზურაბ! იმედია, ჩვენი ნაცნობობა გაგრძელდება. იქნებ ჩემი მობილურის ნომერი ჩაიწეროთ.
ჩემი და თეას პირველი შეხვედრა ამგვარ ვითარებაში შედგა. მან მეორე დღესვე დამირეკა. მე კი ვკითხე:
– როგორ ხართ, თეა. მუხლი როგორ გაქვთ?
– კომპრესმა ცოტა ჩამიცხრო, მაგრამ ერთი კომპრესი არაა საკმარისი, ჩემი მხრივ, უკიდურესი თავხედობა ხომ არ იქნება, რომ ახალი კომპრესის გაკეთება გთხოვოთ.
– არ იქნება.
– გცალიათ?
– დიახ.
– მაშინ, მოუთმენლად გელოდებით.
წინა ღამით თეას სახლი არ დამითვალიერებია. მეორე დღეს რომ მივედი, თვალი მომჭრა იქაურობის სიდიდემ და სიმდიდრემ. გოგონას ბინა ექვსი ოთახისგან შედგებოდა და თითოეული მათგანი ძალიან მდიდრულად იყო მორთული. აშკარად ეტყობოდა, რომ მდიდარი ოჯახის შვილი იყო. კომპრესი რომ გამოვუცვალე, თეამ მადლობა გადამიხადა და მკითხა.
– ზურაბ, რამდენი წლის ხარ?
– ოცდაათის.
– თუ საიდუმლო არაა, რა პროფესიის ხარ?
– მწვრთნელი.
– მწვრთნელი?
– დიახ.
– მოიცა, არ მითხრა, მინდა, თვითონ გამოვიცნო.
– მიდით.
– ზურიკო, მე შენ შენობით გელაპარაკები და შენც მასე მომმართე. შევთანხმდით?
– დიახ. შევთანხმდით.
– უბრალოდ, კი მითხარი, თორემ დიახ, იგივე თქვენობითაა.
– კარგი. მასე იყოს.
– აბა, აბა, რომელი სპორტის რომელი სახეობის მწვრთნელია ჩვენი ზურიკო? – თქვა თეამ. ყურადღებით შემათვალიერა და დააყოლა, – ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, ალბათ, ფეხბურთის.
გამეღიმა. თავი გავაქნიე და ვუთხარი.
– არა. სამწუხაროდ, ვერ გამოიცანი.
– აბა, რის?
– ხუთჭიდის.
– ხუთჭიდი რაღაა?
– სპორტის ხუთი სახეობაა გაერთიანებული.
– აა, ვიცი, ვიცი. ცხენოსნობაცაა, ხომ.
– კი. ცხენოსნობაცაა.
– ცხენები ძალიან მიყვარს. ალბათ, კარგი ჯირითი გეცოდინება.
– ერთ დროს არა მიშავდა. შემდეგ კი ტრავმა მივიღე და თავი დავანებე აქტიურ სპორტს.
– რა ტრავმა?
– მუხლი დამიზიანდა.
– ჩემსავით?
– არა, უფრო მძიმედ. ვმკურნალობდი მაგრამ ექიმმა არასწორი კურსი ჩამიტარა და დავრჩი თამაშგარე.
– სამწუხაროა.
– კი. მეც ძალიან განვიცადე.
– ცოლი გყავს?
– არა.
– შვილები?
– არა. არასდროს დავქორწინებულვარ.
– აი, მე კი გათხოვილი ვიყავი, მაგრამ არ გამიმართლა.
– გაშორდი?
– არა, – თქვა თეამ. სიგარეტი გააბოლა და დაამატა, – ჩემი ქმარი მოკლეს.
– მოკლეს?
– კი. მოკლეს.
– რა დააშავა?
– დღემდე არ ვიცი. ბურუსით მოცული საქმეა. ერთ დღეს სახლში რომ მივედი, დივანზე შუბლგახვრეტილი დამხვდა. კიდევ ორი ნატყვიარი ჰქონდა – გულსა და ყელში.
ნატყვიარების აღწერაზე თავში დამკრა – რომას ხელწერა მენიშნა და ვკითხე:
– მკვლელი დაიჭირეს?
– არა. გამომძიებელმა მითხრა: შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს, პროფესიონალი ქილერის ნამუშევარიაო.
ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ეს საქმე რომას გაკეთებული იყო და ვუთხარი:
– დიდი ხანია?
– ორი წლის წინ.
– ამ სახლში მოკლეს?
– არა. მის ბინაში, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან.
კვლავ თავში დამკრა. ეს მკვლელობა ნამდვილად რომას გაკეთებული იყო. არადა, თავდაპირველად ეს შეკვეთა მე მომცა და ინსტრუქტაჟიც ჩამიტარა, მაგრამ მეორე დღეს მითხრა: მე თვითონ შევასრულებ. არ გეწყინოს, მაგრამ ცოტა რთული საქმეა და ჯერჯერობით ამდენი გამოცდილება არ გაქვს. ფულს კი შუაზე „გავტეხავთო“. ობიექტის სახელიც კი მითხრა – ვაჟა ჰქვია. ბიზნესმენია და ხალხს სისხლს სწოვსო. სურათიც მაჩვენა. შავგვრემანი კაცი იყო და მარცხენა ლოყაზე დიდი ნაიარევი აჩნდა.
– სამწუხაროა. შვილი, ალბათ, არ შეგძენიათ.
– არა. სწორედ მაშინ ვიყავი ფეხმძიმედ, სამი თვის და შებლგახვრეტილი ქმრის დანახვაზე მუცელი მომეშალა.
– რა ერქვა შენს მეუღლეს.
– ვაჟა, – მითხრა თეამ. შემდეგ კომოდის უჯრიდან ფოტოალბომი ამოიღო და რომ გადაშალა, დააყოლა, – აი, ესაა ის საცოდავი.
ფოტოდან სახენაიარევი კაცი მიმზერდა, რომელიც რომამ „გაასაღა“.
რა თქმა უნდა, არაფერი შემიმჩნევია. თეას კი ვუთხარი:
– ბოდიში, რომ ჩაგეძიე, მოდი, თემა შევცვალოთ. ან იქნებ, ჯობია, წავიდე, რომ არ შეგაწუხო?
– არა, ზურიკო. არ წახვიდე. დარჩი.
– კარგი. დავრჩები. მუშაობ სადმე?
– ჩემი ქმარი ბიზნესმენი იყო და მისი ფირმის ოცპროცენტიანი წილი მე მერგო. თან, ფინანსებს განვაგებ,. პროფესიით ბუღალტერი ვარ.
თეასთან ახლო ურთიერთობის დამყარება მე არ მიცდია და მან თავად გამოიჩინა ინიციატივა. თუმცა, მე ყოველმხრივ თავს ვიკავებდი. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. საღამოობით გავუვლიდი ხოლმე. სამიოდე საათი გავჩერდებოდი და სახლში ვბრუნდებოდი. ასე განვლო ორმა თვემ და ერთ საღამოს, როდესაც სახლში უნდა წავსულიყავი, თეამ არ გამიშვა და მითხრა:
– არ მოგწონვარ, ზურიკო?
– მშვენიერი გოგო ხარ. რატომ მეკითხები?
– მიყვარხარ, ზურიკო! დარჩი ჩემთან.
ის ღამე თეასთან გავატარე და შემდეგ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხშირად ვრჩებოდი მასთან. ასე გავიდა ერთი წელი და ნიშანდობლივი ის იყო, რომ მიუხედავად ჩვენი სიახლოვისა, მხოლოდ მასთან ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთად არსად დავდიოდით. აქედან გამომდინარე, არავინ იცოდა ჩვენი ურთიერთობების შესახებ. ამის აფიშირება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არც მაწყობდა. ამიტომ ყოველმხრივ ვარიდებდი თავს მასთან სადმე სიარულს. თეასთან შეხვედრის პარალელურად, ჩემი საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული. და საკმაოდ მსუყე გასამრჯელოსაც ვიღებდი. ერთ საღამოს თეასთან მივედი. ვივახშმეთ და სიგარეტი ვავაბოლე. მივაწოდე მასაც, მაგრამ უარი მითხრა.:
– უხასიათოდ მეჩვენები, – ვუთხარი თეას. მან კი ეშმაკურად ჩაიღიმა და მითხრა:
– პირიქით, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.
– აღარ ეწევი?
– არა.
– რატომ. ჯანმრთელობამ ხომ არ შეგაწუხა?
– რომ არ შემაწუხოს.
– ვაფასებ. ყოჩაღ!
– ზურიკო, რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მერიდება.
– თქვი. რა ხდება?
– ხომ არ გაბრაზდები?
– ჩემი გაბრაზება გინახავს?
– არა.
– თქვი.
თეამ ჩემი ხელი მუცელზე დაიდო და მითხრა:
– ფეხმძიმედ ვარ და სიგარეტის მოწევისგან თავს იმიტომ ვიკავებ.
– მართლა?
– კი. გუშინწინ ტესტი გავიკეთე. გუშინ კი ექიმთან ვიყავი და ორი თვის ფეხმძიმე ვარ.
– თეა, საყვარელო! ესე იგი, შვილი გვეყოლება?
– ზურიკო, ზურიკო, საყვარელო... ისე მეშინოდა ამის გამხელა, ვფიქრობდი, ეწყინება და მიმატოვებს-მეთქი. ახლა კი არ მეშინია...
– განა შეიძლება, საყვარელი ქალი მიატოვო, თანაც ორსული?
– თეა მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან და ენას არ აჩერებდა. ბევრს ლაპარაკობდა და გეგმებს აწყობდა, თუ როგორ, სად იმშობიარებდა და როგორ გაზრდიდა ჩვენს პირმშოს. მეც ძალიან გახარებული ვიყავი და მხარს ვუბამდი. ამ დროს რომამ დამირეკა და თავისთან დამიბარა. თეას ვუთხარი, რომ სამსახურში მიბარებდნენ და როგორც კი საქმეს მოვრჩებოდი, მაშინვე მასთან გავჩნდებოდი.
– გაგიჟდნენ? ამ შუაღამეს რა სამსახური აუტყდათ, – მითხრა თეამ.
მე კი ვიცრუე:
– გუნდი შეკრებაზე მიგვყავს თურქეთში და ალბათ, საბუთების მოგვარებაა საჭირო.
– კარგი, წადი და მალე მოდი, – მითხრა თეამ, მაკოცა და გამომისტუმრა.
რომასთან რომ მივედი, მითხრა:
– სასწრაფო შეკვეთაა და ამიტომ დაგიბარე.
– გისმენ.
– ზურიკო, ცოტა არ იყოს არაორდინარული საქმეა.
– ისეთი რა არის?
– ქალია გასაგორებელით.
– ქალი?
– ჰო, ქალი. ერთი ნაძირალა ვინმეა და შენ უნდა გააკეთო ეს საქმე, – თქვა რომამ, 30 ათასი დოლარი გადმომცა და დაამატა, – ერთი კვირის ვადა გაქვს და უნდა ჩაეტიო.
– ობიექტი ვინაა?
– აი, ეს, – მითხრა რომამ და წინ თეას ფოტო დამიდო, თან კოორდინატებიც მითხრა:
დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავი არ გამეშიფრა. სიგარეტი გავაბოლე და ვუთხარი:
– რა გაეწყობა. თანახმა ვარ. ისე კი ქალის მოკვლა ჩემთვის უსიამოვნო საქმეა.
– რას იზამ. ნაძირლები ქალებშიც გვხვდება.
როგორც რომას ვათქმევინე, თეა თურმე, იმ ფირმის ხელმძღვანელმა შეუკვეთა, სადაც ის მუშაობდა. ის ნაძირალა, თურმე, მთელი ფირმის ხელში ჩაგდებას ჩალიჩობდა და თეას ქმარიც, რომელიც რომამ მოკლა, იმ კაცის შეკვეთა იყო...
რომა ნაძირალას ხსენებაზე დავაგდე ძირს იმ პისტოლეტის ტარის ჩარტყმით, რომელსაც მე მაძლევდა თეას მოსაკლავად. შემდეგ საიმედოდ გავკოჭე და ყველაფერი ვათქმევინე ბოლოს კი ვკითხე:
– გინდა, ცოცხალი დაგტოვო?
– კი.
– მაშინ მითხარი, შემკვეთმა თუ იცის, რომ ეს საქმე მე უნდა გავაკეთო?
– არა.
რომას პისტოლეტი თვალზე მივადე და განმეორებით ვკითხე:.
– იცის?
– არა. სიმართლეს გეუბნები. თუ გინდა, გადაამოწმე.
რომამ შემკვეთთან დამარეკინა და ხმამაღალზე ჩართულ ტელეფონში ჰკითხა:
– ერთ კვირას არ უნდა გადასცდეს, ხო?
– ჰო, ჰო და ვინმე დილეტანტი არ იპოვო.
– რა დილეტანტი, მე თვითონ.
– კარგი. შეხვედრამდე! – თქვა შემკვეთმა და ტელეფონი გათიშა.
აშკარა იყო, რომ მან მართლა არ იცოდა შემსრულებლის ვინაობა. რომას მისი მისამართი ვათქმევინე შემდეგ მისსავე სტილში გავასუხარე და შემკვეთთან გავემართე. ისიც მივახურდავე და ღამის 3 საათზე თეასთან დავბრუნდი.
– მოხვედი, საყვარელო? – მკითხა თეამ.
– კი. მოვედი, მაგრამ კარგი ამბავი არ მაქვს.
– სამსახურიდან წამოვედი. შენ არ გეუბნებოდი, მაგრამ ერთი კვირის წინ ხელფასის მომატება ვთხოვე და წეღან უარი მითხრეს. გავცეცხლდი და წამოვედი.
– მერედა ამაზე დარდობ? ფულის მეტი რა მაქვს. ბიზნესში ვარ და კარგად ვშოულობ.
– ქალის ხარჯზე ვიყო?
– ცოლის, ძვირფასო, ცოლის. ხომ არ გადაიფიქრე ჩემზე დაქორწინება?
– არა. რას ამბობ. უბრალოდ, მრცხვენია.
– ნუ გრცხვენია. ბოლოს და ბოლოს ჩემთან დაიწყებ მუშაობას.
– კარგი, კარგი. დავიძინოთ.
თავდაპირველად მართლა დავიწყე თეას ფირმაში მუშაობა. შემდეგ კი მას თავისი წილი გავაყიდვინე და ბავშვიანად საქართველოდან წავედით. მართალია, არავისთან ვარ გაშიფრული, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან