რომანი და დეტექტივი

ცხოვრების სარკე

№42

ავტორი: ნია დვალი 20:00 31.10

ცხოვრების სარკე
დაკოპირებულია

მარინა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა და ბოლო აქსესუარს ირგებდა – ფირუზისთვლებიან სამაჯურს, რომელიც უცხოელმა ინვესტორმა აჩუქა. მათ შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო, მაგრამ დმიტრი ფრიმანი, უბრალოდ, ჭკვიანი კაცი გახლდათ, ვინც იცოდა ფულისა და ნამდვილი ქალის ფასი, რომლებსაც ტვინიც უჭრით. მარინამ თმა შეისწორა, სარკეში საყურეები შეათვალიერა და ის–ის იყო, ჩანთას დასწვდა, რომ საძინებელში ბექა შემოვიდა.

– დღეს დედაშენი და დედაჩემი მოვლენ ვახშმად, – უთხრა ცოლს.

– მეხუმრები?! ერთ საათში კლიენტთან შეხვედრა მაქვს.

– საღამოს მოვლენ, საღამომდე ხომ არ გაგრძელდება შენი შეხვედრა? – იხტიბარი არ გაიტეხა ბექამ, – ორივემ მითხრა, რომ მოვენატრეთ. დიდი ხანია, არ მოსულან.

– ჩემი ფული მოენატრა ორივეს, – ჩაისისინა მარინამ.

მარინა და დედამისი იმთავითვე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, როგორც კი მარინა წამოიზარდა. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ხასიათის ქალი იყო. მარინას დედას უყვარდა მანიპულაციები და მსხვერპლის როლს დიდი მონდომებითა და ბუნებრივად ასრულებდა. თან, ისე ოსტატურად, რომ ვერც კი შეედავებოდი. ქალიშვილს კი მუდმივად აკრიტიკებდა მისი ზედმეტი პრაგმატულობის გამო.

– არა, შენ გული არ გაქვს, შენ ადამიანი არ ხარ, – ამოიკვნესებდა ხოლმე მარინას დედა, როდესაც მანიპულაციის მორიგი სეანსი ჩაეშლებოდა და სავარძელში მიესვენებოდა. ეს პოზა მარინას ახალისებდა, მაგრამ, იყო დრო, როდესაც ეს ყველაფერი ნერვების დაწყვეტამდე აღიზიანებდა, იმიტომ რომ დედამისი, როგორც წესი, არ ჩერდებოდა:

– შენ მარტო უნდა იყო და ასეც იქნება. ადამიანს რომ საკუთარი დედა არ ენდომება, გაგონილა?! მაგრამ გარე მოხმარების ადამიანი ხარ, სხვებს აწონებ თავს – „აი, რა კარგი ვარ“, საკუთარ დედას კი ძაღლივით ექცევი.

ქალბატონი ნაზი, რა თქმა უნდა, აბუქებდა, იმიტომ რომ ძაღლივით არავინ ექცეოდა. სწორედ მარინას წყალობით ჰქონდა მას ყველაფერი, რასაც ისურვებდა, მოგზაურობდა, მეგობრებს ხვდებოდა და ძალიან ხშირად რესტორნებში ვახშმობდა.

და თუმცა ბექას დედა მარინას დედის ანტიპოდი იყო, იმიტომ რომ შვილს, უბრალოდ, აღმერთებდა, მარინას, დაახლოებით, ისევე ექცეოდა, როგორც დედამისი ნაზი, ამიტომ მარინა ამას ღვთის ორმაგ სასჯელად აღიქვამდა.

– ბოლოს და ბოლოს, თუ დედაჩემის აზრი არ გაინტერესებს, ის ხომ დედაშენია და შეეცადე მაინც, რომ თავაზიანად მოექცე, – უთხრა ბექამ ცოლს და მარინამ ახლაღა შეამჩნია, რომ მის ქმარს ხელში პროდუქტები ეჭირა, რომლებიც სამზარეულოში შეიტანა და შემდეგ სააბაზანოში შევიდა.

– ვიყო თავაზიანი მას შემდეგ, რაც ადამიანებით მოვაჭრე ანგარებიანი მიწოდა? – მიაძახა მარინამ.

– იგულისხმა, რომ ზედმეტად დამოუკიდებელი და თავნება ხარ, – გამოსძახა ბექამ.

მარინას არაფერი უპასუხია. პიჯაკი გადაიცვა და სახლიდან გავიდა, თან, თავისთვის ჩაილაპარაკა:

– მელოდეთ, რომ მოვალ.

მანქანაში ჩაჯდა და შეეცადა, დამშვიდებულიყო. დედამისი შორიდანაც კი ახერხებდა, რომ მისი შინაგანი წონასწორობა დაერღვია და მარინამ იცოდა, რომ ეს დედამისის კი არა, მისი პრობლემა იყო, რომელსაც გარეგნულად უმკლავდებოდა, მაგრამ შინაგანად ისევ დუღდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ბექას დედის პრობლემა მოიხსნებოდა, როგორც კი დედამისთან შეძლებდა ურთიერთობის მოგვარებას, უფრო ზუსტად, მისთვის გამღიზიანებელი აღარ იქნებოდა.

***

მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა, მაგრამ მარინას სახლში დაბრუნება არ უნდოდა. ტელეფონს ზარი გამოურთო და მთაწმინდისკენ აუყვა გზას. იქ ერთი ადგილი ჰქონდა შერჩეული და ხშირად მიდიოდა, როდესაც განმარტოება მოუნდებოდა. ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა და სიჩუმეში შინაგანადაც გარინდებულიყო.

ამდენად, სახლში იმაზე გვიან დაბრუნდა, ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო. კარი რომ გააღო, სიჩუმე შემოეგება და უცნაურობა შეამჩნია: მათ საძინებელში შუქი ენთო. მარინამ ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი. ნანახმა გააშეშა: მისი დედამთილი, ლენუკა სარკესთან იდგა და მარინას ზურმუხტისთვლიანი საყურეები ეკეთა, რომლებსაც მარინა საკეტიან ზარდახშაში ინახავდა. ხელში კი ყელსაბამი ეჭირა, რომლის გაკეთებასაც აპირებდა.

– არ გელოდი, – დედამთილმა ისეთი ტონით უთხრა რძალს, თითქოს მარინა იყო მის საძინებელში და მის სამკაულებში აფათურებდა ხელებს.

– აქ რას აკეთებთ? – მარინა ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა.

– არაფერს, – გაიკვირვა დედამთილმა. უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორ მომიხდებოდა, მაინც არასდროს იკეთებ. მე კი მართლაც მიხდება, – დედამთილი ღიმილით შებრუნდა რძლისკენ.

– ეს ჩემი საძინებელია და ჩემი ნივთებია, თან, საკმაოდ ძვირად ღირებული ყელსაბამია, რომელიც მე... – მაგრამ მარინამ ვერ დაასრულა წინადადება, იმიტომ რომ დედამთილმა შეაწყვეტინა:

– რომელიც შენ იყიდე იმ ფულით, რაც ჩემმა ვაჟმა მოგცა და ამიტომ მეც მაქვს უფლება, ვატარო, იმიტომ რომ ერთი ოჯახი ვართ.

– ერთი ოჯახი ვართ?! – მარინამ მეტის თქმა ვერ მოახერხა და დედამთილის სიტყვები გაიმეორა.

– შემეშალა, შენ ხარ დროებითი გაუგებრობა, – დედამთილმა ჯიქურ შეხედა რძალს და საყურეები მოიხსნა, – შენ გგონია, ბექას უყვარხარ?! ჩემი ბიჭი დედას აღმერთებს. შენ კი, უბრალოდ, მოსახერხებელი ხარ მისთვის. ბიზნესი გაქვს, უძრავი ქონება გაქვს, შემოსავალი გაქვს და სულ ესაა, ბავშვიც კი არ გაგიჩენია ჯერ. ბავშვის გარეშე კი ოჯახი ოჯახი არ არის, – დედამთილმა საყურეები სარკის წინ დადო და მარინა მიხვდა, რომ ქალი, რომელიც ახლა ასე ძალიან სძულდა, სრულ სიმართლეს ეუბნებოდა.

– და რა გეგმა გაქვს? – მარინამ თავს უფლება მისცა, რომ შენობით მიემართა დედამთილისთვის და სამწლიანი დისტანცია, რომელსაც ასე გულდასმით ინარჩუნებდა, დაერღვია, – ჩემი ქონება შენს ბიჭს დარჩეს?!

– არა, მე შენსავით ანგარებიანი არ ვარ, – ჩაიცინა დედამთილმა და მარინას ჩაეცინა:

– მე ვარ ანგარებიანი?! თუ, პირიქით, ქველმოქმედი ვარ, ბიზნესიც მე მაქვს და უძრავი ქონებაც ჩემია.

– დიახ, იმიტომ რომ საქორწინო კონტრაქტის გარეშე არაფრით მოაწერე ხელი ჩემს შვილთან, – ამრეზით უთხრა დედამთილმა.

– და რატომ არ უნდა შემედგინა საქორწინო კონტრაქტი, რამეს გართმევთ?! – მარინა იმდენად გაცეცხლდა, რომ იგრძნო, ასე იოლად ვეღარ დამშვიდდებოდა და კბილებში გამოცრა, – გაიმეორე ყველაფერი, რაც მითხარი, შენს შვილს უნდა მოვასმენინო.

დედამთილმა გაიღიმა:

– სულელი გგონივარ?!

– კი, მგონიხარ, იმიტომ რომ უკვე ჩავიწერე, რაც მითხარი.

დედამთილი უცებ წამოჭარხლდა, მის თვალებში შიშმა გაიელვა, რამაც მარინას უდიდესი სიამოვნება მიანიჭა.

– ჩვეულებრივი ბებერი ნაძირალა ხარ, ყველაფრის მკადრებელი, ახლავე გადი ჩემი საძინებლიდან და ჩემი სახლიდან და აქ შენი ფეხი აღარ ვნახო. – უთხრა მარინამ და თავად გავიდა საძინებლიდან, რადგან გრძნობდა, რომ შეიძლებოდა, ფიზიკურად შეხებოდა აწ უკვე ყოფილ დედამთილს, იმიტომ რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

***

ტელეფონი ერთხანს ათამაშა ხელში, შემდეგ მოძებნა კონტაქტებში: „ვიკა – იურისტი“ და დარეკა.

– ვიცი, გვიანაა, მაგრამ უცებ მითხარი, თუ განვქორწინდები, ჩემი ქმარი ჩემი ქონებიდან და ბიზნესიდან ხომ ვერაფერს მიიღებს?

– დამშვიდდი, ვერაფერს, ისეა შედგენილი და თუ გახსოვს, მე დაგაძალე, შენ კონტრაქტის გაგონებაც არ გინდოდა, მაგრამ მამაშენმა მთხოვა, საავადმყოფოში რომ იწვა, ამის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინებულიყავი არავისზე.

მარინა დამშვიდდა, მაგრამ სევდაც მიეძალა: მამა გაახსენდა, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მარინას აზრით, ის უყვარდა და მასზე ზრუნავდა. საქმიანი ცხოვრებაც მამამისის სიყვარულით დაიწყო, არ უნდოდა, რომ მისი საქმე შუა გზაში გაჩერებულიყო. მარინა ისე აღელდა, რომ თვალზე ცრემლიც კი მოერია. უცებ სიცივე იგრძნო, თითქოს ქარიან ამინდში ფანჯარა გაიღოო და მარინამ უნებლიეთ მიიხედა – მისაღებ ოთახში ბექა შემოვიდა, დაღლილი ჩანდა და მარინამ, რატომღაც, იფიქრა, რომ მისმა ქმარმა ყველაფერი გაიგონა.

– დიდი ხანია, აქ დგახარ? – ჰკითხა ხმადაბლა.

– დიდი ხანია.

– და მერე? – ჰკითხა გაკვირვებულმა.

მარინამ ნაბიჯების ხმა გაიგონა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბექამაც გაიგონა და არც კი მიუხედავს, ისე გასძახა დედამისს:

– დედა, ჩაჯექი მანქანაში, მე დაველაპარაკები მარინას და მალე ჩამოვალ.

ნაბიჯების ხმა ჩაიკარგა – ბექას დედამ კარი გაიჯახუნა.

მარინა ქმარს მიუახლოვდა: რაზე უნდა დამელაპარაკო?! როგორ უნდა გაამართლო ის, რაც დედაშენმა მითხრა?!

– ის დედაჩემია, მარინა.

– მე კი შენი ცოლი ვარ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ბექამ არაფერი უპასუხა და ფანჯარასთან მივიდა. ერთ ხანს ჩუმად იდგა, შემდეგ ისევ მარინასკენ მიტრიალდა:

– მე არ შემიძლია თქვენ შორის არჩევნის გაკეთება, მაგრამ, შენ თუ დედაჩემს გააგდებ, ამით მეც გამაგდებ.

მარინამ მაშინვე არ გასცა პასუხი, თუმცა უკვე იცოდა, რაც უნდა ეთქვა, მაგრამ ასეთი ჩვევა ჰქონდა: მაინც უნდა დაფიქრებულიყო. ამიტომ მხოლოდ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა:

– მაშინ ერთი გამოსავალი გაქვს: ან დედასთან დაბრუნდი, ან ბინა ეძებე.

ბექამ მარინასკენ გადადგა ნაბიჯი, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და მარინას თავში გაუელვა: „ხომ შეუძლია, ჩამეხუტოს, მომეფეროს, მაკოცოს...“, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ბექა ერთხანს იდგა, შემდეგ მიტრიალდა და ბინიდან გავიდა.

მარინა ისევ მისაღების შუაში იდგა და ბებიამისი გაახსენდა: ძალიან ექსცენტრული და ლამაზი ქალი, რომ იტყვიან, თავზე ბუზს არ ისვამსო და ბიძამისი, რომელზეც ბებიამისს მზე და მთვარე ამოსდიოდა, დედამიწაზე მასზე უკეთესი არავინ ეგულებოდა და რომელმაც ორშვილიანი და უკვე უშვილო ქალი მოუყვანა სახლში რძლად.

ბებიამისს ხმაც კი არ ამოუღია, ისე დასტრიალებდა თავს თავისი შვილის ცოლის შვილებს და მარინაც, სანამ არ გაიზარდა, დარწმუნებული იყო, რომ ის გოგონები მისი ალალი ბიძაშვილები იყვნენ.

– იმიტომ რომ ბიძაშენმა ყველა თავის ადგილას დააყენა, – გაახსენდა მარინას მამამისის სიტყვები.

***

ამასობაში ერთი კვირაც გავიდა. მარინა უკვე მარტო ცხოვრობდა თავის ოთხოთახიან ბინაში, რომელშიც ისევ ტრიალებდა ბექას სუნამოს სურნელი, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ნივთების ნაწილი უკვე წაიღო. ბექა არც კი ურეკავდა, არც სწერდა, შესარიგებლად არაფერს აკეთებდა და მარინას ეჭვი გაუჩნდა, რომ ბექა უბრალოდ, ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რომ მისგან წასულიყო და გული დასწყდა.

ზარის ხმა გაისმა. მარინა კურიერს ელოდებოდა. დომოფონს თითი დააჭირა და როდესაც ეკრანს დახედა, წამოიყვირა:

– ბექა, შენ ხარ?

მარინამ კარი გააღო: ბექას ხელში რაღაც საბუთები ეჭირა, ცუდად გამოიყურებოდა, თვალები ჩასწითლებოდა.

– ეს რა არის? – ჰკითხა მარინამ საბუთებზე.

– ხელმოწერილი საბუთები, რაც შენმა იურისტმა გადმომიგზავნა. არაფერზე მაქვს პრეტენზია. არც კითხვები მაქვს შენთან, შენც ხომ ეს გინდოდა?! – უთხრა უკვე თავის ყოფილ ცოლს და უცებ მარინას ბექა შეეცოდა, ვინაიდან მიხვდა, რომ ის ვერასდროს დააღწევდა თავს დედამისს, მაგრამ ამ ჩიხიდან თავის დაღწევა მხოლოდ ბექას შეეძლო და მას ამაში ვერავინ დაეხმარებოდა.

ორიოდ დღეში მარინა სუპერმარკეტში ბექას დედას შეეჩეხა – ლენუკას საკმაოდ კმაყოფილი სახე ჰქონდა, გამარჯვებულიც კი. ყოფილ რძალს თვალი თვალში გაუყარა და უტიფრად უთხრა:

– არც ისე ცუდად გამოიყურები, მარინა, უქმრო ქალის კვალობაზე. შენნაირი ქალები, როგორც წესი, მარტო ბერდებიან, იმიტომ რომ არც გაყოფა იციან და არც კაცებთან მოქცევა. შენგან ყველა კაცი გაიქცევა, იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ კაცივით. შენ ვერავინ გაგიძლებს. დარწმუნებული ვარ, ბექას ძალიან ღირსეული და კარგი ქალი შეხვდება და ძალიან ბედნიერი იქნება.

მარინა გაკვირვებული უსმენდა ყოფილ დედამთილს, იმიტომ რომ ლენუკა ზუსტად იმას ეუბნებოდა, რაც დედამისმა უთხრა და მარინა მიხვდა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. შეუძლებელია, ორ განსხვავებულ ადამიანს ერთნაირად შეეფასებინა მარინა. ისე გაეცალა ყოფილ დედამთილს, რომ არც კი დამშვიდობებია. მარინა მიდიოდა და ფიქრობდა: „რას ვაკეთებ არასწორად? რა შემეშალა და რა მეშლება? ამ ფიქრებში გართული დედამისის სატელეფონო ზარმა გამოაფხიზლა. მარინამ ტელეფონს დახედა, გათიშა, მაგრამ დედას მისწერა: „ახლა ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ მაშინვე დაგირეკავ, როგორც კი გავთავისუფლდები.“

ასეთი რამ ადრე არასდროს გაუკეთებია: ან გაუთიშავდა, ან უპასუხებდა და მათი საუბარი, როგორც წესი, კამათით სრულდებოდა. მარინას გაეღიმა, იმიტომ რომ მიხვდა, თუ რა სისულელეზე ხარჯავდა დროსა და ენერგიას, დედამისი იყო ისეთი, როგორიც იყო, არც კარგი, არც ცუდი, არც კეთილი, არც ბოროტი, მარინას კი მისი გადაკეთება უნდოდა და დედამისსაც იგივე უნდოდა მისგან.

„ვითომ ასეთი მარტივია ცხოვრება? – გაიფიქრა მარინამ, რაც შიგნითაა, ისაა გარეთ, თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენ გვხვდება, ჩვენი სარკეა, ჩვენ მასში ვხედავთ იმას, რაც ჩვენშია, თავიანთი ქცევით ჩვენდამი ისინი გვაჩვენებენ, როგორ ვექცევით ჩვენ მათ, – გაახსენდა მარინას სადღაც ამოკითხული, – ნუთუ მე ვარ ასეთი?! – მარინამ ჰკითხა სიცარიელეს და პირველად მიხვდა, რომ ერთადერთი ადამიანი, მამამისი იმიტომაც ექცეოდა ყველაზე კარგად, რომ, თუ ვინმე უყვარდა მარინას, ეს სწორედ მამა იყო.

ყველაფრის თავიდან დაწყება მოუნდა და დარწმუნებული იყო, რომ სრულად შეცვლიდა ცხოვრებას, იმიტომ რომ ამ ცხოვრების გასაღები უკვე ხელში ეჭირა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა