რომანი და დეტექტივი

წერტილები და ხაზები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.11

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • სეიჩო მაცუმოტო

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-43 (1243)

დამნაშავე მაინც ვერ ისვენებს, ხომ არ გამორჩა რაიმე?.. და იასუდაც ყველაფერს გულდასმით იაზრებს, ყველაფერს წონის. აღმოაჩინა კიდეც „ოთხწუთიანი მოწმეების“ გამონახვის შესაძლებლობა. დიახ, სხვათა შორის, ეს ბოროტმოქმედება თავიდან ბოლომდე სწორედ მატარებლებისა და თვითმფრინავების მოძრაობის განრიგზეა აგებული. ადამიანი პირდაპირ ეფლობა რკინიგზის ხაზებში, გასვლისა და მოსვლის წერტილებში, ციფრებში. რას იზამ, იასუდამ შესანიშნავად შეისწავლა მთელი განრიგი. ეს მაშინვე იგრძნობა. ისეთი განცდა გეუფლება, რომ გეგმა შეიმუშავა ადამიანმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებით დაინტერესებული იყო განრიგით. თუ როგორ გამოესალმნენ სიცოცხლეს ო-ტოკი და საიამა, ამას შემდეგ გიამბობთ. ახლა კი კვლავ ჩემს აზრს მივყვები. მე თვალწინ მიდგება ერთი ქალის მკაფიოდ გამოკვეთილი სახე. ის განსაკუთრებით გატაცებულია ტრანსპორტის მოძრაობის განრიგით. ერთ ჟურნალში კიდევაც დაბეჭდა ნარკვევი ამ თემაზე. ისეთი მშრალი და უინტერესო თემა, როგორიც განრიგია, მასში ხომ საჭიროების გარეშე არც იხედება ადამიანი, ავტორისათვის ნებისმიერ რომანზე უფრო საინტერესო გამხდარა. ამ ქალისათვის ციფრთა ერთფეროვან სვეტებში მოგზაურობათა პოეზია იბადება და უსასრულო სახეები აღმოცენდება. ის დიდი ხანია ტუბერკულოზითაა დაავადებული და ლოგინად ჩავარდნილს განრიგი ცხოვრების თავისებურ თანამგზავრად გაუხდია, როგორც ქრისტიანს ბიბლია, როგორც ძველ კლასიკოსთა გასართობი წიგნები. მისი სახელია რიოკო. იგი კამაკურაში ცხოვრობს და მკურნალობს. ეს ქალი ტაცუო იასუდას მეუღლეა. ამბობენ, ფილტვებით დაავადებული ხალხის გონება ავადმყოფურად გამახვილებულიაო. და მეც მომეჩვენა, რომ რიოკო იასუდა მუდამ რაღაცაზე ფიქრობს. უფრო სწორად, თავის წარმოსახვაში ანგარიშობს, აერთებს და შლის ციფრთა უსასრულო კომბინაციებს, თითქოს ადგენს რაღაც გრაფიკს, სადაც უხილავი ხაზები უხილავ წერტილებში კვეთენ ერთმანეთს. და მეც ვიფიქრე, ამ მახვილგონივრული გეგმის შედგენა შემთხვევით იასუდას კი არა, რიოკოს ხომ არ ეკუთვნის-მეთქი. მომაგონდა ორი წყვილი, რომლებიც კასიისა და დასავლეთ კასიის სადგურებზე დაინახეს. ერთი წყვილი, რასაკვირველია, საიამა და ო-ტოკი არის. ხოლო მეორე... იქნებ, ეს იასუდა და მისი ცოლი რიოკოა?.. ამის ვარაუდი სავსებით შესაძლებელი იყო. ჩემდამი წერილში თქვენ იასუდას თანმხლებ ვიღაც იდუმალ ქალს ახსენებდით და ვარაუდობდით, რომ დამნაშავე, ალბათ თანამზრახველის, ყოვლად სანდო ადამიანის გარეშე ჩაფიქრებელ ოპერაციას ვერ განახორციელებდაო. მაშინ მე სავსებით დაგეთანხმეთ. როდესაც მოვისაზრე, რომ ეს უცნობი გამოცანა ქალი იასუდას ცოლია. გადავწყვიტე, უფრო დაწვრილებით გამეგო მისი ამბავი. ის ავადაა და თითქმის მთელ დროს ლოგინში ატარებს. ვთქვათ, მართლაც მან შეადგინა გეგმა, მაგრამ შეეძლო კი ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეჭვი დამებადა, შეეძლო თუ არა მას კიუსიუში გამგზავრება. კამაკურაში ჩავედი და მის მკურნალ ექიმს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ რიოკო ქუჩაში გადის, ზოგჯერ კი იუგავარაშიც მიემგზავრება თავის ნათესავებთანო. შევეცადე გამეგო, რას აკეთებდა იგი იანვრის 20-დან 22-მდე. აღმოჩნდა, რომ 19-დან 21 იანვრამდე იგი კამაკურაში არ იმყოფებოდა. ამის დადგენაში მისი ავადმყოფობის ისტორია დამეხმარა. ექიმი კვირაში ორჯერ ნახულობს რიოკოს. ერთი ასეთი ვიზიტი 22 იანვრით არის დათარიღებული. იმ დღეს რიოკოს ტემპერატურამ აუწია და ექიმმა გამოჰკითხა პაციენტს, თუ როგორ გრძნობდა თავს წინა დღით. მან უპასუხა, რომ 19 რიცხვიდან სტუმრად იყო ნათესავებთან იუგავარაში, მხოლოდ დღეს დილით დაბრუნდა და მგზავრობით დაიღალა. ძალიან გამახარა ამ ამბავმა. მართლაც, თუ 19-ში საღამოს გაემგზავრები, 20-ში ხაკატაში იქნები. მაშასადამე, მას თავისუფლად შეეძლო იმავე საღამოს თვითმკვლელობის ადგილზე ყოფნა. ჩანს, მან მოატყუა ექიმი და იუგავარაში კი არა, კიუსიუზე იყო. რიოკო მოელაპარაკა მძღოლს იუგავარაში ჩაეყვანა, მაგრამ იუგავარაში ჩასულმა ახლა ატამიში წასვლა ისურვა. მძღოლმა ჩვენება მოგვცა, რომ ატამიში მან ქალი სასტუმრო „კაიუფუსოში“ დატოვა, ხოლო თვითონ კამაკურაში დაბრუნდა. სიხარულისაგან შევხტი. მაშინვე ატამიში გავემგზავრე, პირდაპირ „კაიუფუსოში“. გამოირკვა შემდეგი: რიოკო იასუდამ ითხოვა იმ ქალთან შეხვედრა, რომელიც 14 იანვარს, საღამოს ცხრა საათისთვის დაბინავდა სასტუმროში და უკვე მეხუთე დღე იყო, აქ ცხოვრობდა. ასაკითა და გარეგნობის აღწერით მასში ო-ტოკი შევიცანი. ჩამოსულთა აღრიცხვის წიგნში, რასაკვირველია, გამოგონილი გვარი იყო ნაჩვენები. იქ ეწერა იუჰიკო სუგავარა. თუ გახსოვთ, საიამაც სუგავარას გვარით იყო რეგისტრირებული. იასუდას ცოლმა მაშინვე სუგავარა-სანთან შეხვედრა ითხოვა. მაშასადამე, საიამა, ო-ტოკი და რიოკო წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულნი. უფრო სწორად, ყველაფერი ასე იყო მოწყობილი რიოკოს გეგმით. ორივემ ნომერში ივახშმეს და საღამოს 9 საათისთვის სასტუმრო დატოვეს. ანგარიში რიოკომ გადაიხადა. ო-ტოკი სასტუმროში 14 იანვარს ცხრის დასაწყისისათვის მივიდა. რასაკვირველია, იგი ექსპრეს „ასაკაძეს“ ჩამოჰყვა, რომელიც 19 საათსა და 58 წუთზე ჩამოდის ატამიში. მაშასადამე, ატამიმდე იგი საიამასთან ერთად მგზავრობდა, შემდეგ კი მატარებლიდან გავიდა. ასე რომ, ვაგონრესტორნის ანგარიშის თაობაზე თქვენი ვარაუდი დადასტურდა. ამრიგად, 19 იანვარს საღამოს ათი საათისათვის ორმა ქალმა დატოვა სასტუმრო. თუ განრიგში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ 22 საათსა და 25 წუთზე ატამიდან ხაკატაში გადის ექსპრესი „ცუკუსი“. ხაკატაში იგი ჩადის მეორე დღეს, 19 საათზე და 45 წუთზე. ყველა ფაქტი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. საიამასაც ხომ, დაახლოებით, საღამოს რვა საათისთვის დაურეკა ვიღაც ქალმა სასტუმრო „ტანბაიაში“. მაშასადამე, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე გამოიძახეს მათ საიამა. ამის გარკვევა ძნელი არ იყო. შემდეგ კი კვლავ დაბრკოლებები გაჩნდა. ვინ დაურეკა საიამას – ო-ტოკიმ თუ რიოკომ? რასაკვირველია, თავდაპირველად ყველანი ვფიქრობდით, რომ ო-ტოკიმ, მაგრამ მაშინ თავი და ბოლო ერთმანეთს აღარ ებმოდა. საიამასა და ო-ტოკის შორის ხომ არავითარი ურთიერთობა არ არსებობდა. მეორე მხრივ, იგი მთელი კვირა ელოდა ტელეფონის ზარს და საეჭვოა, რომ ო-ტოკისაგან ჰქონოდა ამის მოლოდინი. ჩანს, რიოკომ დარეკა. რიოკო ხომ იასუდას მეუღლეა და, მაშასადამე, სწორედ მას შეეძლო ქმრის შეცვლა. ერთი სიტყვით, საიამა იასუდას ჩამოსვლას ელოდებოდა და თუ რიოკო ეტყოდა, რომ მისი დავალებით რეკავდა, საიამა მაშინვე იქით წავიდოდა, სადაც უბრძანებდნენ. ჩანს, რიოკომ მას იმ ამბავზე ჩამოუგდო საუბარი, რაც მას აღელვებდა. ქალმა საიამა კასიის სანაპიროზე გაიტყუა. ალბათ, უთხრა, აუცილებელია საიდუმლოების დაცვა და ამიტომ უკაცრიელ ადგილზე უნდა წავიდეთო. რასაკვირველია, კასიის სანაპირო წინასწარ იყო დათქმული. საიამას იმ პერიოდში ყველაზე მეტად მექრთამეობის გამოძიება აღელვებდა. იგი ხომ განყოფილების გამგის თანაშემწე იყო და მის ხელში გადიოდა ყველა საქმე. მალე, ალბათ, მასაც მისწვდებოდნენ. ეტყობა, ისიდამ საიამას „შვებულება“ მოუწყო, რათა იგი ხაკატაში მიმალულიყო. ახლა გამოირკვა, რომ ისიდა მთავარი ფიგურა იყო მექრთამეობის საქმეში. საიამას დაპატიმრება კი მისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. და აი, მან დაიყოლია საიამა დროებით მიმალულიყო. მისივე განკარგულებით გაემგზავრა იგი 14 იანვარს ექსპრეს „ასაკაძეთი“. ისიდამ უბრძანა საიამას, მის შემდგომ განკარგულებებს დალოდებოდა. შეფის ბრძანებას ხელქვეითი უხმოდ დაემორჩილა. კეთილსინდისიერ საიამას, უბრალოდ, ეშინოდა, რომ მისი ჩვენება ზიანს მიაყენებდა მფარველ უფროსს. პატარა ჩინოვნიკებს შორის ხშირად გვხვდება მსგავსი ტიპები. ისიც ხდება ხოლმე, რომ ასეთები უფროსების გადასარჩენად თავსაც იკლავენ, ბოროტმოქმედსაც სწორედ ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა მსედველობაში. ალბათ, ისიდამ უთხრა საიამას, სანამ იასუდა საქმეს მოაგვარებდეს, ხაკატაში იჯექიო. და აი, საიამაც მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას. იასუდას მაგივრად მისი დავალებით რიოკო ჩამოვიდა. რასაკვირველია, საიამა ნამყოფი იყო მათთან კამაკურაში და კარგადაც იცნობდა იასუდას მეუღლეს. მე იმასაც კი ვფიქრობ, რომ იასუდამ სპეციალურად დაპატიჟა იგი, რათა რიოკო გაეცნო. ამრიგად, რიოკო და საიამა ერთად ჩავიდნენ ხაკატადან კასიის სადგურში და სანაპიროსაკენ გასწიეს. ისინი მიდიოდნენ და არ იცოდნენ, რომ მათ უკან იასუდა და ო-ტოკი მიჰყვებოდნენ. უფრო სწორად, არ იცოდა მხოლოდ საიამამ. რიოკომ უთხრა მას, საქმე კარგად მიდის და შეგიძლია დამშვიდებული იყოო. საიამა გამხიარულდა. ზღვიდან ცივი ქარი უბერავდა. „გათბით“, - შესთავაზა ქალმა და მათარით ვისკი გაუწოდა. საიამა არასოდეს ყოფილა დალევის წინააღმდეგი. არც დაეჭვებულა, ისე გადაჰკრა სასმელი და იქვე დავარდა მიწაზე. ვისკში კალიუმის ციანიდი იყო გარეული, კალიუმის ციანიდის შემცველი ხილის წვენის ნარჩენიანი ბოთლი რიოკომ მის გვერდით დააგდო, რათა გამოძიება მცდარ გზაზე დაეყენებინა. ცოტა მოშორებით მათ იასუდა და ო-ტოკი მიჰყვებოდნენ. იასუდა ის იყო ჩამოფრინდა, 19 საათსა და 20 წუთზე, და, ჩანს, სადღაც შეხვდა ო-ტოკის. ალბათ, ადრევე ჰქონდათ დათქმული შეხვედრის ადგილი. ისიც შესაძლოა, რომ ქალს ეს რიოკომ აცნობა. იასუდას ო-ტოკი ზღვის ნაპირით მიჰყავდა. მან ირგვლივ მიმოიხედა და თქვა: „რა მოსაწყენი ადგილია“. ეს ფრაზა გამვლელმა გაიგონა. უსიამო, უკაცრიელი ნაპირი. ბნელი ღამე და ორი შავი ჩრდილი... ო-ტოკის ცოტათი ეშინია. იასუდა ამხნევებს მას: „მოსვი ვისკი...“ და ისიც ძირს ვარდება. შემდეგ იასუდა იღებს ო-ტოკის უსულო გვამს, სიბნელეში მიაქვს და საიამას გვამის გვერდით დებს. წყვდიადში რიოკოს სილუეტი ილანდება. ო-ტოკი იქვე მახლობლად მოკლეს, პირველი ბოროტმოქმედების ადგილიდან 20-30 მეტრზე, მაგრამ მას, რასაკვირველია, არაფერი დაუნახავს. ირგვლივ უკუნეთი ღამე იყო. როდესაც იასუდა დარწმუნდა, რომ ო-ტოკი მკვდარია, ალბათ, ხმამაღლა დაიძახა: „ჰეი, რიოკოო!“ სიბნელეში საპასუხო ძახილი გაისმა: „აქა ვარ! აქეთ წამოდი!“ იასუდამაც ხელში აიტაცა ო-ტოკის გვამი და ცოლის ხმის მიმართულებით წავიდა. მის ფეხქვეშ უსულო საიამა ეგდო. რა საშინელი სურათია! ახლა აქაურ რელიეფზე შევჩერდეთ. თქვენ მიჩვენეთ მე კასიის სანაპირო. კლდოვანი ნაპირია, უსასრულოდ გადაჭიმული ქვის ლოდი, კვალის ნატამალიც არ დარჩება, თუნდაც მძიმე ტვირთი ათრიო ზედ. ჩანს, იასუდა არაერთხელ ყოფილა ამ მხარეში და ადრევე გადაუწყვეტია, მკვლელობა კასიის სანაპიროზე ჩაედინა. თვითმკვლელობის ინსცენირების იდეა ორივე ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა. რიოკომ არა მარტო გეგმა შეიმუშავა, არამედ ოპერაციის ნახევარიც თავის თავზე აიღო. ო-ტოკი ბრმად ემორჩილებოდა იასუდასა და მის ცოლს. საგონებელში გვაგდებს ო-ტოკის ურთიერთობა ცოლ-ქმარ იასუდებთან. თუმცა ზემოთქმულიდან თამამად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქალიშვილი და ტაცუო იასუდა დიდი ხანია, ახლო კავშირში იყვნენ ერთმანეთთან. ეს კავშირი საიდუმლოდ ინახებოდა და გარეშეთათვის უცნობი იყო. მათ რესტორან „კოიუკიში“ გაიცნეს ერთმანეთი. ო-ტოკი ხომ იასუდას „მორიგე“ ოფიციანტი იყო. იასუდა გახლდათ სწორედ ის კაცი, რომელიც მას ურეკავდა და რომელთანაც იგი სადღაც ღამეებს ატარებდა. ყველაზე საოცარი რიოკოს საქციელია. როგორ შეეძლო მას კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ო-ტოკისთან, ქმრის საყვარელთან, თავის მტერთან? როგორ მოხდა, რომ მას სასტუმროში მიაკითხა და მასთან ერთად იმგზავრა მატარებლით? როცა გამახსენდა, რომ რიოკომ ო-ტოკის მაგიერ გადაიხადა სასტუმროს ხარჯი, ყველაფერს მივხვდი. რიოკომ ეს ამბავი იცოდა. და არა მარტო იცოდა, არამედ საკუთარი ხელით უგზავნიდა ო-ტოკის ყოველთვიურ დახმარებას. ალბათ, მძიმედ დაავადებულ რიოკოს აუკრძალეს ქმართან სიახლოვე. ამგვარად, ო-ტოკი იასუდას ოფიციალური საყვარელი იყო. შესაძლებელია, იასუდასა და მის მეუღლეს თავდაპირველად მხოლოდ საიამას მოკვლა სურდათ, მაგრამ მარტო მისი თვითმკვლელობის ინსცენირება ძალიან სახიფათო იყო. მის შემდეგ ხომ არანაირი ბარათი არ დარჩებოდა და ვინ დაიჯერებდა, რომ საიამამ თავი მოიკლა? და აი, გაჩნდა იდეა – შეყვარებულთა თვითმკვლელობა წინასწარი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ არც წარმოებს ნამდვილი გამოძიება. სამედიცინო ექსპერტიზაც საკმაოდ ზერელეა ხოლმე და, როგორც წესი, საქმე არც აღიძვრება. საბრალო ო-ტოკი! მას პარტნიორის როლი ერგო ამ სისხლიან დრამაში. ეტყობა, იასუდას განსაკუთრებული გრძნობა არ ჰქონდა ო-ტოკისადმი. სხვა საყვარლის მოძებნა კი სიძნელეს არ წარმოადგენდა. რიოკო ო-ტოკის ისე უყურებდა, როგორც რაღაც უსულო იარაღს ქმრის ხელში და, ის ჩაფიქრებული ოპერაციის აუცილებელ იარაღად აქცია. რასაკვირველია, გულის სიღრმეში მას სძულდა ო-ტოკი. ბოროტი ქალია! მარტო გონება კი არა აქვს საზრიანი და ცივი, არამედ გულიც. ყინულივით ცივი გული. მან მკვდარ ო-ტოკის კაბაც გაუსწორა, რათა ვერ შეენიშნათ, რომ გვამი მიწაზე ათრიეს. ყველაფერი გულდასმით მოიფიქრა. ის ღამე მეუღლეებმა ხაკატაში გაათიეს, დილით კი იასუდა ტოკიოში გაფრინდა, ხოლო რიოკო კამაკურაში დაბრუნდა. იასუდა საიამასა და ო-ტოკის გამგზავრებისთანავე არ წასულა ხაკატაში. ეს სახიფათო იყო. იგი ტოკიოში კიდევ ექვს დღეს დარჩა და თითქმის ყოველ საღამოს მიდიოდა „კოიუკიში“. ვითომ უინტერესოდ ისმენდა ოფიციანტი ქალების ჭორებს ო-ტოკიზე, რომელიც შეყვარებულთან ერთად წავიდა სამოგზაუროდ. მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს საერთო არაფერი ჰქონდა ამ წყვილთან. ამრიგად, იასუდამ საიამა მოკლა თავისი მფარველის, განყოფილების გამგის ისიდას დავალებით, მისი კეთილდღეობის დასაცავად. ამის შემდეგ შვებით ამოისუნთქა არა მარტო ისიდამ, არამედ საიამას სხვა უფროსებიც დამშვიდდნენ. იასუდამ ამით დიდი სიკეთე გაუკეთა ისიდას და ეს დიდი ჩინოვნიკი თავის მუდმივ მოვალედ გახადა. იასუდასა და ისიდას დამოკიდებულება გაცილებით უფრო ღრმა იყო, ვიდრე გარეშენი ფიქრობდნენ. იასუდამ, ჩანს, დაუნდობლად ჩაავლო კლანჭები განყოფილების გამგეს, რათა გაედიდებინა თავისი მიწოდებანი N სამინისტროსათვის. ყველაფერი გამოიყენა: საჩუქრები, პურმარილი, ქრთამი. ისიდა ბუნებით ხარბი და ანგარებიანი კაცი იყო. შემთხვევით როდი აღმოჩნდა ის ამ მექრთამეობის საქმის ცენტრალური ფიგურა. შეიძლება, ისიც ვიფიქროთ, რომ სწორედ იასუდას მოუვიდა აზრად საიამას თავიდან მოშორება. თავდაპირველად ისიდა არ აპირებდა საიამას მოკვლას. მას მხოლოდ ის სურდა, რომ თვითმკვლელობამდე მიეყვანა იგი. სწორედ ასე ხდება ხოლმე მსგავს ვითარებაში. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, და აი, იასუდამ თვითმკვლელობით შენიღბული მკვლელობა ჩაიფიქრა. თვითმკვლელობა გაცილებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, თუ მას მარტოდმარტო კი არ სჩადიან, არამედ შეყვარებულებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით. თუ ერთი კაცი კვდება, ადვილი შესაძლებელია ძალადობით მოკვლის ეჭვი გაჩნდეს. ხოლო, თუ კაცი ქალთან ერთად კვდება, მაშინ გაცილებით ნაკლები საფუძველი არსებობს ეჭვისათვის. მართლაც, პოლიცია მცდარ დასკვნამდე მივიდა. ისიდა, რომელსაც შეიძლება არც ეგონა, რომ მკვლელობა მზადდებოდა, ემორჩილება იასუდას, შოულობს მისთვის გემის ბლანკს, სპეციალურად მიემგზავრება საინსპექციოდ ხოკაიდოზე, უთანხმდება სამ კაცს, რათა უფლება მისცენ, იასუდას მათი გვარებით ისარგებლოს თვითმფრინავში რეგისტრაციის დროს. რასაკვირველია, სამინისტროს დიდი ჩინოვნიკისათვის უბრალო საქმეა თავისთვის მივლინების გაფორმება. არც რომელიმე საქმის მწარმოებლის ბადეში გაბმაა ძნელი. ჩანს, შემდგომში, როდესაც ისიდამ გაიგო, რომ „საიამამ ქალთან ერთად მოიკლა თავი“, მას ფერი ეცვალა.

იგი მიხვდა, რომ ორივე იასუდამ მოკლა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, როლები საბოლოოდ შეიცვალა და მბრძანებლობა იასუდამ დაიწყო, ხოლო სექტორის უფროსი შიშისაგან აცახცახდა. ალბათ, იასუდას მითითებით გაგზავნა მან პოლიციის დეპარტამენტში თავისი ხელქვეითი სასაკი, რათა ჩვენება მიეცა მის სასარგებლოდ. სწორედ ეს ჩვენება გახდა მისი დასასრულის დასაწყისი. ნამდვილად საშინელი იყო რიოკოს როლი. მან თვითონ დართო ნება იასუდას საყვარელი გაეჩინა. მაგრამ ეს ქალი მას მუდამ მტრად მიაჩნდა. რიოკო, რომელიც თავისი ავადმყოფობის გამო მოკლებული იყო ქმართან ფიზიკურ სიახლოვეს, ალბათ, მუდმივად იტანჯებოდა ფარული, მაგრამ მწვავე ეჭვიანობით. და აი, დადგა მომენტი, როდესაც ფოსფორის ნათებასავით მკრთალი ალი ძლიერ ხანძრად გადაიქცა. რა თქმა უნდა, დასანანია საიამას სიკვდილი, მაგრამ ნამდვილ ზვარაკად ამ საქმეს ო-ტოკი შეეწირა. მე ისიც მგონია, რომ თვითონ იასუდა ბოლო ხანებში ისე დაიბნა, რომ ვეღარ არკვევდა, რა იყო მთავარი – საიამას მოკვლა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაიმორჩილებდა ისიდას, თუ უკვე მობეზრებული ო-ტოკის თავიდან მოშორება. ყოველივე ზემოთქმული მე საკუთარი ვარაუდებითა და ცოლ-ქმარ იასუდების ანდერძის საფუძველზე დავწერე. დიახ, ტაცუო იასუდა და რიოკო აღარ არიან ცოცხლები. როდესაც კამაკურაში ჩავედით დაპატიმრების ორდერით, ჩვენ მხოლოდ მათი უსულო გვამები ვნახეთ. ორივეს კალიუმის ციანიდი მიეღო. ამჯერად ეს ნამდვილი თვითმკვლელობა იყო და არა ინსცენირება. იასუდა მიხვდა, რომ იგი ხაფანგში მოიმწყვდიეს და მეუღლესთან ერთად, რომლის ჯანმრთელობაც ბოლო ხანებში საგრძნობლად გაუარესდა, თავი მოიკლა. ..

სიკვდილის წინ რიოკომ წერილი დატოვა. იგი წერდა, რომ კვდებიან, რადგან ჩადენილი ბოროტმოქმედების შემდეგ სიცოცხლეს უმწარებთ დანაშაულის მძიმე გრძნობა. არ ვიცი, ასეა ეს თუ არა. არ მჯერა, რომ ისეთ სიცოცხლისმოყვარულ და ენერგიულ კაცს, როგორიც იასუდა იყო, თავი მოეკლა. მე მგონია, რომ რიოკომ, რომლის დღეებიც დათვლილი იყო, რაღაც ეშმაკობა იხმარა და აიძულა ქმარი თვითონაც მის კვალს გაჰყოლოდა. იგი ხომ სწორედ ასეთი ტიპის ქალი იყო.

ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა სასამართლოს პროცესი. თუ პირდაპირი სამხილის უქონლობაზე ვილაპარაკებთ, ისინი არც N სამინისტროს სექტორის გამგის ისიდას მიმართ გაგვაჩნდა. მართალია, მექრთამეობის ამ საქმის გამო იგი ადგილს გამოეთხოვა და სხვა დეპარტამენტში გადაიყვანეს, მაგრამ, რაც ყველაზე გასაოცარია, ახლანდელი თანამდებობა პირვანდელზე უფრო დიდია! ეს იდიოტიზმია ყოველი ნორმალური ადამიანის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ჩანს, სახელმწიფო სამსახური მეტად იდუმალი და რთული გამოცანა ყოფილა... მომავალში, შესაძლებელია, პარლამენტის დეპუტატადაც კი გაძვრეს. საბრალონი არიან მისი ხელქვეითები, რომელთა ძვლებზედაც მან თავისი კარიერა ააგო. პატარა ჩინოვნიკები ხომ პირდაპირ დნებიან, როდესაც მათ უფროსი ეფერება და მზად არიან, ნებისმიერ იარაღად იქცნენ მის ხელში. გული გეტკინება ადამიანს, როცა გაიფიქრებ, თუ რას არ კადრულობენ ისინი, ეგრეთ წოდებული, კარიერის გულისათვის!

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დუმილით შევყურებდეთ ამ ამბავს – იასუდა და მისი ცოლი ხომ აღარ არიან ამქვეყნად და უკვე ვეღარაფერს დაამტკიცებ. რაღაც უსიამო გრძნობა მაინც დამრჩა ამ საქმის შემდეგ. და აი, დღეს ვზივარ შინ, ვისვენებ, ვსვამ ჭაში ჩაცივებულ ლუდს, მაგრამ არა მაქვს კმაყოფილების ის გრძნობა, რომელსაც მაშინ განიცდი, როცა საქმის გამოძიებას დაამთავრებ და დამნაშავეებს პროკურორს გადასცემ.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა