რომანი და დეტექტივი

წერტილები და ხაზები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 03.11

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • სეიჩო მაცუმოტო

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-42 (1242)

– მე მინდა, მოვძებნო ერთი კაცის გვარი, რომელმაც 20 იანვარს იფრინა ¹305 რეისით ტოკიოდან ფუკუოკამდე, 21 იანვარს ¹302 რეისით ფუკუოკადან ტოკიომდე და ამავე დღეს ¹503 რეისით ტოკიოდან საპორომდე.

– ერთი და იგივე კაცია? რა მოხეტიალე ყოფილა! ასეთი შემთხვევა იშვიათია, ამიტომ, ძნელი არ იქნება მაგის გაგება. თანამშრომელმა მგზავრთა სიები ამოიღო და 20 იანვრის გვერდი გადაშალა. მაშ ასე, რეისი ¹305... დაჯდომა ოსაკაში... იასუდას გვარი სიაში არ აღმოჩნდა. რაღა თქმა უნდა, იასუდამ სხვისი გვარით ისარგებლა. მიხარას ეს არ გაჰკვირვებია. სხვა გარემოებამ გააკვირვა იგი – 143 მგზავრიდან არავინ იყო ერთნაირი გვარისა. აქ რაღაც ისე არ არის.

– თვითმფრინავის ბილეთებს წინა დღით იძენენ?

– არა, წინა დღით შეუძლებელია. სამი-ოთხი დღით ადრე მაინც უნდა შეუკვეთოს კაცმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხვდები იმ თვითმფრინავზე, რომელიც გსურს.

მიხარამ მადლობა გადაუხადა თანამშრომელს და რამდენიმე დღით სიების წაღების ნებართვა სთხოვა. უეცრად რაღაც ფიქრმა გაუელვა. როგორ მოუვიდა თავში ასეთი სისულელე, რომ იასუდა სამჯერვე ერთი და იმავე გვარით იმგზავრებდა! იგი სასტიკად გაბრაზდა საკუთარ თავზე – ჩანს, საბოლოოდ გამოთაყვანდა. ყველას შევამოწმებ სათითაოდ. აუცილებლად გამოვამჟღავნებ მათ.

კასაიმ მას მხარი დაუჭირა.

– კარგი, შევამოწმებთ. მაშ შენ ამბობ, რომ ას ორმოცდასამი კაცია, - მან სია ჩაათვალიერა, – აქედან ნახევარზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს, დანარჩენი კი – პროვინციებში.

მაშინვე შეუდგნენ საქმეს. მაძებრებმა მისამართები და გვარები გადაიწერეს. სამ დღეში დამთავრდა თვითმფრინავის მგზავრთა შემოწმება. გვარებს შორის არც ერთი არ აღმოჩნდა მოგონილი. სამივე თვითმფრინავის მგზავრები სინამდვილეში არსებობდნენ. სია აბსოლუტურად ზუსტი იყო. ას ორმოცდასამმა კაცმა ერთხმად განაცხადა: „დიახ, მე ამ თვითმფრინავით ვიფრინე“. მიხარამ რაღაც ნერვიული შოკის მაგვარი იგრძნო. კვლავ დაძაბული ფიქრი, კვლავ ტანჯვა...

***

მიხარას თითქმის ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ იასუდა თვითმკვლელობის მოწმე იყო და გარკვეული როლიც ითამაშა ამ ამბავში. მაგრამ ახლა კიდევ ვიღაც ქალი... ტოკიოს სადგურზე მიყვანილი მოწმეები იასუდას საიამასა და ო-ტოკის სიახლოვის დასადასტურებლად ესაჭიროებოდა. რატომ იყო საჭირო ამის დადასტურება? რატომ და იმიტომ, რომ მათ შორის არ იყო არანაირირი სიახლოვე. ისინი არ იყვნენ შეყვარებულები. სწორედ ამიტომ დაანახვა იასუდამ ნეიტრალურ პირებს, თუ როგორ ჩასხდნენ ერთად საიამა და ო-ტოკი მატარებელში. ისინი ხომ სამოგზაუროდ მიმავალ შეყვარებულებს ჰგავდნენ. მაგრამ... ამ ორმა ხომ მართლაც ერთად მოიკლა თავი წინასწარი შეთანხმებით, როგორც შეყვარებულებმა. ამაში არაფერია საეჭვო. ჰოდა, აი, იწყება წინააღმდეგობები, რატომ უნდა მოეკლათ თავი ამ ადამიანებს, თუ მათ შორის სიახლოვე არ იყო? აქ კვლავ იასუდას ფიგურა ამოტივტივდა.

მიხარას სახეზე ემჩნეოდა, რომ მწარე ფიქრები არ შორდებოდა. იასუდამ ყველაფერი გაითვალისწინა შემოწმების შემთხვევისთვის. ამის ერთი მაგალითია ხოკაიდოს საგუბერნატოროს ჩინოვნიკთან მატარებელში შეხვედრა. მაგრამ მთავარი კოზირია კავანისი საპოროს სადგურის მოსაცდელ დარბაზში. მიხარა გმინავდა. „რაც მეტს ამოწმებს, მით უფრო მეტი ფაქტი ჩნდება იასუდას სიტყვების დამადასტურებელი“. კასაიმ თვალი შეავლო სასოწარკვეთილ მიხარას, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო.

მიხარამ კიდევ ერთხელ შეამოწმა 20 იანვარს გასული ყველა გემის მგზავრთა ბლანკები. ყველაფერი გასაგებია – იგი რეგისტრაციაში გატარდა როგორც ტაცუო იასუდა! კედელი ირღვეოდა. ამჯერად მიხარამ გაიმარჯვა. ახლა მხოლოდ ის იყო გასარკვევი, თუ საიდან გაჩნდა ბლანკზე იასუდას ხელწერა. მაგრამ ამის შემოწმება უკვე აღარ წარმოადგენდა დიდ სიძნელეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, მიხარამ წერილი მისწერა ტორიგაის.

„ბატონო ტორიგაი! აი, უკვე დადგა ცხელი დღეები. ეჰ, ნეტავი ერთი აქაც დაუბერავდეს გენკაინადას ყურის გრილი ნიავი! გახსოვთ, როგორ უბერავდა ის, როდესაც ჩვენ კასიის სანაპიროზე ვიყავით? უკვე დიდი ხანია ისე დამშვიდებული არ ვყოფილვარ, როგორც ახლა, როდესაც ამ წერილს ვწერ. ჩვენ ერთმანეთი ამ წლის თებერვალში გავიცანით. შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენს ნაამბობს ვისმენდი სანაპიროზე და უსიამო ქარისაგან გათოშილი ვკანკალებდი. სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, იგი აუტანლად ნელა მიზოზინებდა, ერთი დღეც კი არ მქონია მოსვენებული. საქმე დამთავრდა. რაც უფრო რთულია საქმე, მით უფრო ტკბილია შემდეგ დასვენება. უკმაყოფილების გრძნობამ მაიძულა, კვლავ დავბრუნებოდი ამ საქმეს, გარდა ამისა, ეს ჩემი ვალია თქვენ წინაშე და ჩემი სიხარულიც. როგორღაც გწერდით, რომ დაუძლეველ დაბრკოლებად მიმაჩნდა ხოკაიდოზე ტაცუო იასუდას გამგზავრების ამბავი. მაშინ თქვენ თბილი წერილი გამომიგზავნეთ, მხარი დამიჭირეთ და გამამხნევეთ, რაზედაც დიდ მადლობას გითვლით. ვერც კი აგიწერთ, რა სიკეთე მიყო მაშინ თქვენმა წერილმა. მთლად დაიმსხვრა ფოლადივით მაგარი, ურყევი მტკიცება იასუდასი იმის თაობაზე, რომ თითქოს იგი 20 იანვარს ექსპრეს „ტოვადათი“ გავიდა სადგურ უენოდან, აომორიში ¹17 გემში გადაჯდა, ხაკოდატეში ჩავიდა და იქიდან ექსპრეს „მარიმოთი“ 21 იანვარს 20 საათსა და 34 წუთზე უკვე საპოროში იყო. ჩემ წინ ურყევ კედლად აღმართულიყო ექსპრეს „მარიმოში“ ხოკაიდოს საგუბერნატოროს ჩინოვნიკთან იასუდას შეხვედრა, საპოროს სადგურის მოსაცდელ დარბაზში კავანისისთან პაემანი და მისი ხელით შევსებული გემის ბლანკი. განსაკუთრებულ დაბრკოლებას სწორედ ეს გემის ბლანკი წარმოადგენდა. თითქოს ყველაფერი იასუდას სიტყვების სისწორეს ადასტურებდა და არც ერთი ფაქტი არ მოიპოვებოდა ჩემი იმ ვერსიის დასადასტურებლად, რომ მან თვითმფრინავით ისარგებლა. რეისების მგზავრთა სიებში იასუდას გვარი არ აღმოჩნდა. ამ შემოწმებამ იმის ვარაუდიც გაგვიცრუა, რომ მან სხვისი გვარით ისარგებლა – 143 მგზავრი სინამდვილეში არსებობდა და ყველა ადასტურებდა, რომ ამ თვითმფრინავით იფრინა, ბოლოს და ბოლოს, უჩინმაჩინად ხომ ვერ იქცეოდა ეს იასუდა! და, აი, გამოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო ამ კაცისთვის ბრალის დადება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ფაქტი ადასტურებდა მის გამგზავრებას მატარებლით და უარყოფდა თვითმფრინავს. მაგრამ მე საეჭვოდ მეჩვენებოდა, რად დაუნიშნა მან შეხვედრა კავანისის სადგურის მოსაცდელ დარბაზში. ჩემი ფიქრით, იასუდა ასე იმიტომ მოიქცა, რომ ეშინოდა უამინდობის გამო თვითმფრინავს არ დაეგვიანა. შევამოწმე, საიდან იყო გაგზავნილი დეპეშა, რითიც მან ეს დახვედრა მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ მგზავრმა სადგურ ასამუსში სთხოვა ვაგონის გამცილებელს დეპეშის გაგზავნა. გამცილებელს დაამახსოვრდა ამ კაცისა და მისი თანამგზავრის გარეგნობა. ასე შევძელი დამედგინა, რომ დეპეშა მას გადასცა ვინმე სასაკიმ, N სამინისტროს განყოფილების მდივანმა, რომელიც თავის უფროსს, იმავე სამინისტროს სექტორის გამგეს იოსიო ისიდას ახლდა მივლინებაში. ასე გაირკვა ყველაფერი. როდესაც ერთხელ კიდევ შევამოწმე გემის ბლანკები, კვლავ აღმოვაჩინე ისიდასა და იასუდას გვარები. კიტარა სასაკის ბლანკი კი არ იყო, მან ტაცუო იასუდად გაასაღა თავი. ჩვენ დიდი დაუდევრობა გამოვიჩინეთ, როცა იმთავითვე ვერ მოვისაზრეთ, რომ ისიდა გამცილებელთან ერთად იმყოფებოდა მივლინებაში. რაც შეეხება ხელწერას, მოგვიანებით დავადგინეთ, რომ იასუდამ ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე მოამზადა ბლანკი. სუფთა ბლანკის მიღება იოლი საქმეა. ისინი საზღვაო სალაროს ფანჯარაზე აწყვია, ვისაც რამდენი სურს, იმდენს აიღებს. მანამდე ისიდას ერთი ხელქვეითი იყო მივლინებაში და სწორედ მან ჩამოიტანა უფროსის თხოვნით სუფთა ბლანკი, ისიდამ კი იგი იასუდას გადასცა. ჩვენ კი თავს ვიმტვრევდით, თუ როგორ მოხვდა ბლანკზე იასუდას ხელწერა. ასე იქნა უარყოფილი მატარებელთან დაკავშირებული ვერსია. ახლა თვითმფრინავის ამბავი უნდა გაგვერკვია. შევამჩნიე, რომ აქ საქმე პირიქით იყო, თუ პირველ შემთხვევაში ყველა ფაქტი, თითქოსდა, ადასტურებდა გამგზავრებას, მეორე შემთხვევაში – ყველაფერი უარყოფდა ამას. კვლავ საჭირო შეიქნა სამივე რეისის ას ორმოცდასამივე მგზავრის შემოწმება. ჩვენ ისინი პროფესიების მიხედვით გავანაწილეთ და ჩვენთვის საინტერესო ერთი ჯგუფი გამოვყავით. ამ ჯგუფმა ხუთი-ექვსი კაცი შეადგინა. ესენი N სამინისტროსთან მჭიდროდ დაკავშირებული ფირმების თანამშრომლები იყვნენ. ჩვენ დაწვრილებით და მკაცრად დავკითხეთ ისინი და ბოლოს სამი მათგანი გამოტყდა. მათ არ უფრენიათ ამ თვითმფრინავებით. დაკითხვის დროს ისინი მიხვდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გაირკვეოდა და გამოტყდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს განყოფილების გამგემ ისიდამ სთხოვა მათი გვარებით სარგებლობის ნებართვა. მან, თურმე, გააფრთხილა თითოეული მათგანი: „კაცს ვგზავნით განსაკუთრებულ, საიდუმლო მივლინებაში, ამიტომ, თუ პოლიცია დაინტერესდა, აუცილებლად დაუდასტურეთ, რომ თქვენ ამ თვითმფრინავებით მგზავრობდით. არავითარი უსიამოვნება არ შეგემთხვევათ“. სწორედ მაშინ წარმოებდა მექრთამეობის საქმის გაცხარებული ძიება და სამივემ იფიქრა, მივლინებას, ალბათ, იმისათვის აწყობენ, რომ ეს საქმე მოსპონო, რასაკვირველია, ისინი დათანხმდნენ. ამგვარად, ტაცუო იასუდამ იმგზავრა თვითმფრინავებით, სამი სხვადასხვა გვარით . მან იმთავითვე ივარაუდა გამოძიების შესაძლებლობა და ყველაფერი გაითვალისწინა. ამრიგად, ჩვენ შევძელით იმის დამტკიცება, რომ იგი ნამდვილად იყო ხაკატაში. რჩებოდა ერთი კითხვა: „კოიუკის“ ორმა ოფიციანტმა ნახა, როგორ ჩასხდნენ კენიტი საიამა და ო-ტოკი ექსპრეს „ასაკაძეში“. რისთვის დასჭირდა იასუდას ეს მოწმეები? ჩვენ არ გაგვაჩნდა საიამასა და ო-ტოკის სიახლოვის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი. ო-ტოკი ჭკვიანი ქალი იყო და უნარი შესწევდა, დაემალა თავისი ინტიმური ურთიერთობები. მართალია, „კოიუკის“ ოფიციანტები ეჭვობდნენ, რომ ო-ტოკის საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ვინ იყო ის, არც ერთმა არ იცოდა. ბინაზეც, სადაც იგი ცხოვრობდა, გვითხრეს, ზოგჯერ ვიღაც მამაკაცი ურეკავდა, მაგრამ ის არასოდეს მოსულა მასთანო. მაშასადამე, ო-ტოკი ერთობ საიდუმლოდ ინახავდა თავისი საყვარლის ვინაობას. ჰოდა, კასიის სანაპიროზე მომხდარი თვითმკვლელობის შემდეგ ყველამ იფიქრა, რომ ის კენიტი საიამა იყო. მაგრამ ყოველივე ამაში ერთი უცნაურობა შეიმჩნეოდა. თუ მათ შორის მართლა იყო ინტიმური კავშირი, მაშინ რისთვის დასჭირდა იასუდას მოწმეებისთვის ამის ჩვენება? სურდა, მოწმეები ჰყოლოდა, რომ შეყვარებულები ექსპრეს „ასაკაძეში“ ჩასხდნენ და კიუსიუში გაემგზავრნენ? იასუდას ერთი მიზანი ჰქონდა – მას სურდა მოწმეებისათვის ეჩვენებინა, რომ ო-ტოკი და საიამა ერთად სხდებოდნენ მატარებელში. სწორედ ამისათვის დაპატიჟა სადილზე ოფიციანტები, ამისთვის წააცუხცუხა ისინი სადგურზე. მისთვის აუცილებელი იყო იმის მოწმე, რომ საიამა და ო-ტოკი შეყვარებულები არიან. საიამა და ო-ტოკი არ იყვნენ შეყვარებულები. სწორედ ამიტომ სურდა იასუდას, რომ ვინმეს დაედასტურებინა მათი სიახლოვე. ამასთან დაკავშირებით მომაგონდა ვაგონ-რესტორნის ანგარიშის თაობაზე თქვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი. თქვენ ეჭვობდით, რომ საიამა მარტო ჩავიდა ხაკატაში. ნება მომეცით ერთხელ კიდევ გამოვთქვა განცვიფრება ამ მახვილგონიერების გამო! ძალიან დამეხმარა თქვენი ნაამბობი, შეყვარებულ ადამიანთა ფსიქოლოგიაზე, რომლის გაგებაც საკუთარმა ქალიშვილმა გაგიადვილათ. როგორც შემდეგ გაირკვა, ო-ტოკი მართლაც შუა გზაზე ჩავიდა და საიამამ ხაკატამდე მარტომ განაგრძო გზა. ისინი არ იყვნენ შეყვარებულები. მათ შორის საერთოდ არ ყოფილა არანაირი ურთიერთობა. იასუდა „კოიუკის“ მუდმივი კლიენტი იყო და ხშირად პატიჟებდა იქ საქმიანი ურთიერთობით მასთან დაკავშირებულ ნაცნობებს. საიამა „კოიუკიში“ არასოდეს ყოფილა, მაგრამ, ეტყობა, იცნობდა ო-ტოკის. ჩანს, ისინი სამივენი სადღაც ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს ეჭვადაც არავინ იცოდა. ამიტომაც იყო, რომ საიამა და ო-ტოკი კარგი ნაცნობებივით მხიარულად მასლაათობდნენ მატარებელში ჩასხდომისას. მართლაც, უცხო თვალს შეიძლებოდა მოსჩვენებოდა, რომ შეყვარებულები სამოგზაუროდ მიდიოდნენ. სწორედ ეს სურდა იასუდას. იასუდამ თავისი გენიალური ალღოთი აღმოაჩინა ეს ოთხი წუთი, რომელმაც შემთხვევითობის შთაბეჭდილება შექმნა. მგონი, ტოკიოს სადგურის თანამშრომლებშიც კი არ მოიძებნება თუნდ ერთი კაცი, რომელმაც ამ ოთხი წუთის არსებობა იცოდეს. ამგვარად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საიამასა და ო-ტოკის გამგზავრება იასუდას მოწყობილი იყო. მაგრამ აქ ერთ სრულიად გასაოცარ გარემოებას ვაწყდებოდი – რატომ მოიკლეს მათ თავი ექვსი დღის შემდეგ შეყვარებულებივით კასიის სანაპიროზე. მათ ხომ კალიუმის ციანიდი დალიეს. გვერდიგვერდ იწვნენ, სულ ახლოს, თითქმის ჩახვეულნი. ეჭვს არ იწვევდა, რომ ეს შეყვარებულთა თვითმკვლელობა იყო, თვითმკვლელობა წინასწარი შეთანხმებით. ამას ამტკიცებდა გამოძიების მასალები, შემთხვევის ადგილის აღწერა, ფოტოსურათები. უცნაურია, მაშ როგორ მოხდა ეს, თუ ისინი შეყვარებულები არ იყვნენ? თუნდაც დავუშვათ, რომ იასუდამ უბრძანა მათ თავის მოკვლა. არა მგონია, მოიძებნონ ისეთი სულელები, რომლებმაც ვიღაცის ბრძანებით შეასრულონ შეყვარებულთა როლი ასეთი ტრაგიკული ფინალით. ალბათ, ისინი მართლაც ისე დაახლოებული იყვნენ, რომ გადაწყვიტეს ერთად მომკვდარიყვნენ. ერთი სიტყვით, ამოუხსნელი შეუსაბამობა გამოდიოდა. ამავე დროს, თუ მათი გამგზავრება იასუდას მიერაა მოწყობილი, მაშინ თვითმკვლელობა საეჭვოა. მაგრამ თვითმკვლელობის უარყოფა არ შეიძლება, ის დამტკიცებულია. მიდი და იმტვრიე თავი! და მაინც, თუ ისინი იასუდას ბრძანებით გაემგზავრნენ, მაშინ მთელ ამ ამბავში იდუმალად მისი ხელი ურევია. ვერაფრით ვერ მოვიშორე ეს აკვიატებული, მაგრამ ბუნდოვანი გრნობა. მაშინაც კი, როდესაც ხოკაიდოზე მივემგზავრებოდი, მეჩვენებოდა, რომ იასუდას აჩრდილს ვხედავდი კასიის სანაპიროზე. თუმცა არ ვიცი, რას აკეთებდა. იმას ხომ ვერ იფიქრებდა კაცი, რომ მან ჰიპნოზი გაუკეთა ორივეს და აიძულა თვითმკვლელობა ჩაედინათ. ჭკუაზე მყოფი ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი არ უყვართ, არც თავს მოიკლავდნენ შეყვარებულებივით. მაგრამ მე მაინც ჩავავლე ხელი ძაფს – იასუდა თვითმკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა – და მოვწიე იგი.

საბედნიეროდ, შევძელით იასუდას ვერსიის უარყოფა ხოკაიდოზე მისი გამგზავრების თაობაზე. დამტკიცდა, რომ იგი 20 იანვარს 19 საათსა და 20 წუთზე თვითმფრინავით ჩავიდა ფუკუოკაში, მაშასადამე, საიამასა და ო-ტოკის თვითმკვლელობის მომენტში შეეძლო კასიის სანაპიროზე ყოფილიყო. მაგრამ შევეცდებოდი თუ არა იასუდას მგზავრობა თვითმკვლელობასთან დამეკავშირებინა, ჩემ წინ კვლავ ურღვევი კედელი აღიმართებოდა ხოლმე. ასეთი აფორიაქებული ერთხელ კაფეტერიაში წავედი. ძალიან მიყვარს ყავა. ჩემი უფროსიც კი დამცინის ამის გამო. მე მუდამ ირაკუტიოს ქუჩის კაფეტერიაში დავდივარ, მაგრამ იმ დღეს ძლიერ წვიმდა და უახლოეს კაფეს მივაშურე. ამ კაფეში დარბაზი მეორე სართულზეა მოთავსებული. შესასვლელში ქალიშვილს შევეჩეხე და, ბუნებრივია, იგი წინ გავატარე. მას ფერადი საწვიმარი ეცვა. ქალიშვილმა ქოლგა იქვე, გარდერობში ჩააბარა. მერე მეც გავუწოდე ჩემი ქოლგა. მეგარდერობეს ეგონა, რომ ერთად ვიყავით, ამიტომ, ჩვენი ქოლგები გადააბა და ერთი ნომერი მოგვაწოდა. ქალიშვილი ოდნავ გაწითლდა, მე კი აჩქარებით ვთქვი:

– არა, არა, ჩვენ ერთად არა ვართ! მეგარდერობემ ბოდიში მოგვიხადა, ქოლგები გახსნა და მეორე ნომერიც მოგვცა. ამ შემთხვევამ ახალი ბიძგი მისცა ჩემს ფიქრებს. როდესაც მეორე სართულის კიბეზე ავდიოდი და შემდეგ ერთხანს ფინჯან ყავას ვუჯექი, თანდათან ახალი ეჭვი მომიმწიფდა გონებაში. მეგარდერობემ წყვილად მიგვიჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ კაფეში ერთად შევედით. სწორედ ამან მომცა ეჭვის საბაბი. ჩვენ ყველამ, მაპატიეთ და, თქვენი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, მათ შორის თქვენც, მხოლოდ იმიტომ მივიჩნიეთ ო-ტოკისა და საიამას ამბავი შეყვარებულთა ჩვეულებრივ თვითმკვლელობად, რომ მათი გვამები ერთმანეთის გვერდით იპოვეს. მაგრამ მე უეცრად მივხვდი, რომ ისინი სხვადასხვა ადგილას მოკვდნენ. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დადეს მათი გვამები ერთმანეთის გვერდით. როგორც ჩანს, ვიღაცამ მისცა საიამას კალიუმის ციანიდი და იგი მოკვდა. ო-ტოკისაც ასევე, მისცეს კალიუმის ციანიდი. შემდეგ კი მათი გვამები ერთმანეთის გვერდით დადეს. საიამა და ო-ტოკი – ეს ერთი და იმავე საქმის ორი სხვადასხვა პუნქტია, ჩვენ კი ისინი ერთი ძაფით მხოლოდ იმიტომ დავაკავშირეთ, რომ მათი გვამები ერთმანეთის გვერდით იპოვეს. ასეთი დასკვნა თავისთავადაც გამოდიოდა. ეს ხომ ძველი ტრადიციაა – შეყვარებულები, რომელთაც არ შეუძლიათ შეერთდნენ, წინასწარი მოლაპარაკებით, ურთიერთშეთანხმებით ესალმებიან წუთისოფელს. იაპონიაში უძველესი დროიდან პოულობენ შეყვარებულთა ათობით და ასობით გვამს. ისინი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით წვანან, ისე როგორც საიამა და ო-ტოკი იწვნენ და ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს ხოლმე. არცთუ ისე გულდასმით ათვალიერებენ და კვეთენ გვამებს. ყველაფერი ხომ ისედაც ნათელია. ჰოდა, არც არავითარი მოტივი არსებობს საქმის აღსაძრავად. აი, სწორედ ამის იმედი ჰქონდა იასუდას. დამამახსოვრდა თქვენი სიტყვები: ადამიანები ხშირად უყურადღებოდ ჩაუვლიან ხოლმე ფაქტებს, რომლებიც თავისთავად გასაგები ჩანს. სამართლიანი სიტყვებია. მკვდარი ქალი და კაცი ერთმანეთის გვერდით წვანან. თავისთავად ცხადია, რომ ეს შეყვარებულთა თვითმკვლელობაა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა