წერტილები და ხაზები
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 27.10
- სეიჩო მაცუმოტო
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-41 (1241)
მიხარამ ფირმა დატოვა. მას არც ახსოვდა, გადაუხადა თუ არა მადლობა კავანისის. იგი ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა ამ ქალაქში, რომელშიც პირველად მოხვდა. იასუდა ცრუობს, რომ საპოროში ექსპრეს „მარიმოთი“ ჩამოვიდა. უბრალოდ, კავანისის ექსპრესის ჩამოსვლის შემდეგ შეხვდა მოსაცდელ დარბაზში. სწორედ ამას სთხოვდა მას დეპეშაში. ბუნებრივია, როცა ამბობენ, „შეხვდა სადგურზე“, ყველა იფიქრებს, რომ საუბარია იმ კაცთან შეხვედრაზე, რომელიც ეს-ესაა ჩამოვიდა მატარებლიდან. „მაცალოს, მოვაგლეჯ ნიღაბს!“ – ქადილით გაიფიქრა მიხარამ. მან უბის წიგნაკი ამოიღო და იასუდას ნაამბობი გადაიკითხა, რაც სიტყვასიტყვით ჰქონდა ჩაწერილი: „20 იანვარს სადგურ უენოდან გავედი ექსპრესით „ტოვადა“. აომორიში ჩავედი 21-ში დილით. 9 საათსა და 50 წუთზე გემით გავედი აომორიდან და ხაკოდატეში ჩავედი 14 საათსა და 20 წუთზე. ხაკოდატეში ექსპრეს „მარიმოში“ ჩავჯექი და საპოროში ვიყავი 20 საათსა და 34 წუთზე“. ..
უეცრად მიხარას ალმური წაეკიდა – აქამდე როგორ არ მიაქცია ამას ყურადღება? საზღვაო ტრანსპორტით მიმავალი მგზავრები ხომ სპეციალურ ბლანკებს ავსებენ. უნდა შეამოწმოს იმ დღეს აომორიდან ხაკოდატეში მიმავალთა გვარები. აი, სად მიაყენებს საბედისწერო დარტყმას იასუდას! თუ ის ნამდვილად მგზავრობდა ამ გემით, მაშინ მის გვარზე შევსებული ბლანკიც უნდა ინახებოდეს. მიხარა რკინიგზის დაცვის ოთახში შევიდა. ხანში შესულ მორიგეს თავისი პირადობის მოწმობა აჩვენა და ჰკითხა, რამდენ ხანს ინახავდნენ ბლანკებს.
– აომორიდან ხაკოდატემდე საზღვაო მგზავრობის ბლანკების შენახვის ვადა ექვსი თვეა, – მიუგო მან, – აომორში წასვლა არ დაგჭირდებათ. ეს ბლანკები ხაკოდატეს სადგურშიც ინახება. ბლანკი ორი ერთნაირი ნაწილისაგან შედგება. თითოეულ ნაწილში მგზავრი თავის გვარს, სახელსა და მისამართს წერს. ნახევარს გამგზავრების პუნქტზე მოხევენ, მეორე ნახევარს კი გადასცემენ გემის კაპიტანს, რომელიც, თავის მხრივ, ბოლო სადგურში აბარებს მათ. მიხარას მოაგონდა, რომ მანაც ორი გრაფა შეავსო.
– რომელი რიცხვი გაინტერესებთ?
– 21 იანვარი. გემი, რომელიც 14 საათსა და 20 წუთზე ჩამოვიდა ხაკოდატეში. ახალგაზრდა მოხელემ მიხარას წინ სამგზავრო ბლანკების მძიმე შეკვრა დადო. მიხარა სათითაოდ სინჯავდა ყველას. „არ შეიძლება, აქ იასუდას სახელი იყოს, არა!“ – რეფრენივით ჟღერდა მიხარას გულში. უეცრად იგი მეცამეტე თუ მეთოთხმეტე ბლანკზე შეჩერდა. „იოსიო ისიდა, ჩინოვნიკი, 50 წლისა, ტოკიო...“ - მიხარამ იცოდა, რომ ისიდას N სამინისტროში სექტორის გამგის თანამდებობა ეკავა. ძალიან კარგად იცოდა, სწორედ ამ სამინისტროში აღმოჩნდა მექრთამეობის საქმე. მეორე სამძებრო განყოფილებას თავგზა აუბნია ამის გამოძიებამ. და აი, თურმე, სექტორის გამგე ისიდა 21 იანვარს იმავე გემით ჩასულა ხოკაიდოზე. მიხარას ავი წინათგრძნობა დაეუფლა. ის გულდასმით ათვალიერებდა ბლანკებს. ერთი, მეორე, მესამე... და უეცრად მან კინაღამ შეჰყვირა: „ტაცუო იასუდა, საფაბრიკო მოწყობილობით მოვაჭრე, 42 წლისა, ტოკიო...“ მაძებარმა თვალები დაჭყიტა. არ სჯეროდა, არ შეეძლო, დაეჯერებინა. ასე არ უნდა ყოფილიყო, არა! მაგრამ აი, ბლანკი მის წინ დევს, სოლიდური, საფუძვლიანი, ეჭვმიუტანელი. მიხარას სუნთქვა შეეკრა. მთრთოლვარე თითებით ამოიღო პორტფელიდან სასტუმროს ბინადართა წიგნის ის გვერდი, რომელზეც იასუდას საკუთარი ხელწერა იყო. ერთმანეთის გვერდით დადო ორივე ფურცელი. იგივე ხელწერაა. მაშასადამე, იასუდას მართლა უმგზავრია ამ გემით. მიხარამ იგრძნო, რომ ფითრდებოდა. თუ იგი ნამდვილად ამ გემით მგზავრობდა, მაშინ მტკიცდება ის ფაქტიც, რომ ამის შემდეგ იგი ექსპრეს „მარიმოში“ ჩაჯდა. იოტისოდენა სიცრუე არ არის. მიხარამ ახლა კი შეიგნო, რომ სრული მარცხი განიცადა. თავი ხელებზე დააყრდნო და ერთხანს ასე იჯდა, გაქვავებულივით.
მიხარა პირდაპირ იყურებოდა. მას არც მგზავრთა საუბარი უშლიდა ხელს და არც ტრამვაის მუხრუჭების ღრჭიალი... შეეცადა, ზუსტად ჩამოეყალიბებინა თავისი ბუნდოვანი გრძნობები. ჯიბიდან მატარებელთა მოძრაობის განრიგი ამოიღო, რომელსაც ბოლო დროს არ იშორებდა. საიამამ და ო-ტოკიმ 21 იანვარს საღამოს ათსა და თერთმეტ საათს შორის მოიკლეს თავი. ამის შემდეგ ხაკატადან ტოკიოსაკენ მხოლოდ ერთი მატარებელია – ექსპრესი „საცუმა“, რომელიც მეორე დღეს დილის 7 საათსა და 24 წუთზე გადის. იმ დროს, როდესაც იასუდა 20 საათსა და 44 წუთზე სადგურ საპოროში გამოჩნდა და კავანისის შეხვდა, ექსპრესი სულ ახალი დაძრული იყო კიოტოდან. სწორედ ამის დამტკიცება სურდა იასუდას. დამტკიცება იმისა, რომ შეყვარებულთა თვითმკვლელობის ადგილზე არ იმყოფებოდა. მაგრამ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იასუდასთვის თავისი არყოფნის დამტკიცება?... ეს ამბავი იასუდას მოწყობილია. იგივე ამბავია კავანისის გამოძახება საპოროს სადგურზე, რათა დაამტკიცოს, რომ იასუდა, არ იყო იმ ადგილზე, სადაც შეყვარებულთა თვითმკვლელობა მოხდა. და მაინც იასუდას წინასწარგანზრახული მოქმედება ტოკიოს სადგურსა და საპოროში რაღაცნაირად დაკავშირებული იყო მესამე ადგილთან, ხაკატას გარეუბანთან კასიის სანაპიროზე. მიხარამ ახლა ურყევად ირწმუნა, რომ იასუდა ნამდვილად იმყოფებოდა თვითმკვლელობის ადგილზე, ირწმუნა, რადგან ერთობ ძლიერი სურვილი ჰქონდა ამ უკანასკნელის საწინააღმდეგო დაემტკიცებინა. დიახ, 21 იანვარს, საღამოს ათსა და თერთმეტ საათს შორის, იასუდა კასიის სანაპიროზე იდგა. იქ, სადაც საიამამ და ო-ტოკიმ თავი მოიკლეს! და არა მარტო იდგა, არამედ რაღაცას აკეთებდა! რაღაცას აკეთებდა... რას – ჯერ უცნობია. ამაზე მიუთითებს იასუდას ცდა, დაამტკიცოს საპირისპირო. ლოგიკურად ასეთი ვარაუდი სავსებით დასაშვებია. მეორე მხრივ, თუ იასუდა იქ იყო, მაშასადამე, იგი მეორე დილით, 7 საათსა და 24 წუთზე გამგზავრებულა ხაკატადან ექსპრეს „საცუმათი“. მაგრამ „საცუმა“ 20 საათსა და 30 წუთზე ჩადის კიოტოში და 20 საათსა და 44 წუთზე გადის იქიდან, ესე იგი, სწორედ იმ დროს, როდესაც იასუდა ხოკაიდოზე, სადგურ საპოროში, კავანისის უღიმოდა. რა უნდა უყოს მიხარამ ამ წინააღმდეგობებს? ფაქტები საკმაოზე მეტია. გემის ბლანკი იასუდას გვარით. ესეც უდავო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ იასუდა აომორიდან ხაკოდატეში მგზავრობდა. დიახ, ეს ფოლადის ჩაქუჩია, რომელიც ნამსხვრევებად აქცევს მიხარას ლოგიკის სუსტ ნაჭუჭს. მაგრამ გული სხვას ეუბნებოდა. ტაცუო იასუდასადმი ინსტინქტური უნდობლობა აიძულებდა მას, არ დათანხმებოდა ამ საბუთებს. აუცილებლად იქნება სადმე სუსტი ადგილი. მაგრამ სად? მიხარამ თვალები დახუჭა, სახე ქარს მიუშვირა და ისევ განაგრძო ფიქრი. მას იოსიო ისიდას სახელზე შევსებული გემის ბლანკი მოაგონდა.
***
– ჩვენ ზოგიერთი რამ გავარკვიეთ ისიდას შესახებ, – თქვა ინსპექტორმა კასაიმ, – 20 იანვარს ის მართლა წასულა მივლინებით ხოკაიდოზე. 19 საათსა და 15 წუთზე გასულა სადგურ უენოდან ექსპრეს „ტოვადათი“. 21 იანვარს, 20 საათსა და 34 წუთზე საპოროში ჩასულა ექსპრეს „მარიმოთი“. მაშასადამე, ისიც იმავე მატარებლებით მგზავრობდა, რითაც იასუდა. შევეცადეთ იასუდას შესახებ გადაგვეკრა სიტყვა. თქვა, რომ საპორომდე ერთი მატარებლით ვიმგზავრეთო. ორივემ მეორე კლასით, მაგრამ სხვადასხვა ვაგონითო.
მიხარას მთლად წაუხდა გუნება. კიდევ ერთი მოწმე გამოჩნდა იმისა, რომ იასუდამ სწორედ ამ მატარებლით იმგზავრა. თანაც ნამდვილი მოწმე და არა წინასწარგანზრახვით შექმნილი. დიდი ჩინოვნიკი, რომლის მივლინების დღე და გამგზავრების ადგილი ადრევეა დადგენილი. მისი გვარი აღნიშნულია აომორისა და ხაკოდატეს შორის მიმავალი გემის მგზავრთა სიაში.
– სანამ შენ ხოკაიდოზე იყავი მივლინებით, ჩვენ აქ საიამასა და ო-ტოკის ურთიერთობა შევამოწმეთ, – თქვა კასაიმ. მიხარამ გაკვირვებით შეხედა ინსპექტორს.
– როგორც ჩანს, ისინი მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი კაციც კი ვერ ვიპოვეთ ისეთი, რომელმაც მათი კავშირის ამბავი იცოდეს. „კოიუკის“ ოფიციანტები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ საიამა ო-ტოკის შეყვარებული იყო. მაგრამ ო-ტოკის, როგორც ჩანს, მაინც ჰყავდა საყვარელი. მას ოთახი ჰქონდა ნაქირავები პატარა სასტუმროში, სადაც ხშირად ურეკავდნენ ტელეფონზე. მმართველის თქმით, ო-ტოკის ყოველთვის ქალი ურეკავდა, რომელიც თავის თავს აოიამას უწოდებდა. ყურმილში ზოგჯერ მუსიკა ისმოდა. როდესაც ო-ტოკი ყურმილს იღებდა, ქალს მამაკაცი ცვლიდა. ო-ტოკის შინ არასოდეს მოჰყავდა მამაკაცები. მაშასადამე, იგი ძალზე ფრთხილობდა საყვარელთან შეხვედრისას.
– და ეს საყვარელი საიამაა? – იკითხა მიხარამ. მას რაღაც უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
– როგორც ჩანს. ჩვენ საიამაც შევამოწმეთ, ოღონდ მის შესახებ კიდევ უფრო ნაკლების გაგება შევძელით. იგი, როგორც გამოირკვა, ძალიან გულჩახვეული კაცი ყოფილა და ამასთან მფრთხალიც. ასეთი ხასიათის ადამიანებს კი არ უყვართ თავიანთ სასიყვარულო ამბებზე ყბედობა. შევეცადეთ, იასუდას სასიყვარულო ამბებიც გაგვეგო. აქაც ვერაფერი გავიგეთ, – ჩაიდუდუნა მან ისე, რომ მიხარასათვის არც შეუხედავს. თუ მას მართლაც ჰყავს საყვარლები, მაშინ ისე ოსტატურად მალავს მათთან შეხვედრას, რომ ვერავინ ხვდება ამას.
ამ სიტყვებმა მიხარას გულში გაჰკენწლა. იგრძნო, რომ ბუნდოვანი წინათგრძნობა გარკვეულ სიცხადეს იძენდა. მან წამოიძახა:
– ბატონო ინსპექტორო, მოხდა რამე?
– დიახ, დიახ, – მოუჭრა კასაიმ, – სამძებრო განყოფილების უფროსი უეცრად დაინტერესდა ამ თვითმკვლელობით.
– რა დამოკიდებულებაში არიან თვით ისიდა და იასუდა?
– აბა, რა გითხრა, ერთი ჩინოვნიკია, მეორე კი – კომერსანტი, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა აქვს სამინისტროსთან. არ არის გამომჟღავნებული მათ შორის რაიმე ისეთი კავშირი, რამაც შეიძლება, დაგვაინტერესოს. უეჭველია, იასუდა საჩუქრებს უგზავნიდა ისიდას. იასუდა ხომ საკმაოდ საფუძვლიანადაა დაკავშირებული სამინისტროსთან. შესაძლებელია, სწორედ მადლობის ნიშნად გააკეთა ისიდამ ეს განცხადება.
მთლად გუნებაწამხდარი მიხარა მეხუთე სართულზე, სასადილოში ავიდა. ჩაი დაისხა, დაჯდა, ერთი ყლუპი მოსვა და მაშინვე უბის წიგნაკი ამოიღო, ფანქარი აამუშავა… ასჯერ მაინც გადაიკითხა თავისი ჩანაწერი. უცბად ერთმა უცნაურმა გარემოებამ მიიქცია მისი ყურადღება. ხოკაიდოს საგუბერნატოროს ჩინოვნიკმა, ბატონმა ინამურამ იასუდა ნახა მას შემდეგ, რაც ექსპრესმა სადგური ოტარუ გაიარა. იასუდა ამ დროს მეორე ვაგონიდან მოვიდა, რათა ისიდას დამშვიდობებოდა. საოცარია, რომ იასუდა სადგურ ოტარუმდე არც ერთხელ არ მისულა ისიდასთან. შეუძლებელია, რომ იასუდა ხუთი საათის განმავლობაში სხვა ვაგონში მჯდარიყო და ერთხელაც არ მოსულიყო თავის მფარველთან, რომელთანაც მას ესოდენ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ხოლო თუ საღად განვსჯით, საერთოდაც უცნაურია, იასუდა და ისიდა რატომ ერთ ვაგონში არ ჩასხდნენ, რათა საუბრით გაერთოთ თავი ამ შორ გზაზე. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იასუდა სწორედ ოტარუში ჩაჯდა ექსპრეს „მარიმოში“? მაშინ ყველაფერი გასაგებია. გასაგებია ისიც, თუ რატომ მგზავრობდა იასუდა სხვა ვაგონით. მას არ უნდოდა, ვინმეს სცოდნოდა, თუ სად ჩაჯდა იგი მატარებელში. მიხარას მოეჩვენა, რომ სქელ ნისლში მკრთალმა შუქმა გამოანათა. გულმა აჩქარებით დაუწყო ძგერა. ახლა მას უკვე მტკიცედ სჯეროდა, რომ ამ ამბავში რაღაც იმალებოდა. იმალებოდა უდავო ფაქტების მიღმა. „რატომ გაემგზავრა იასუდა ექსპრეს „მარიმოთი“ სადგურ ოტარუდან? რისთვის სჭირდებოდა მას სწორედ ოტარუში ჩაჯდომა?“ „მარიმომდე“ არის კიდევ ერთი ექსპრესი, „აკასია“, 11 საათსა და 39 წუთზე, ხოლო უფრო ადრე – ორი საფოსტო მატარებელი და ექსპრესი, რომელიც დილის ექვს საათზე გამოდის ხაკოდატედან. მაგრამ ყველაფერი ეს დაუჯერებელია. მიხარასათვის აუცილებელი იყო, რომ იასუდა შეყვარებულთა თვითმკვლელობის ადგილზე მდგარიყო, კუნძულ კიუსიუზე, კასიის სანაპიროზე, 20 იანვარს ათსა და თერთმეტ საათს შორის. თუ რას აკეთებდა იქ იასუდა, ამაზე მერეც შეიძლებოდა ფიქრი. მაგრამ ის იქ იყო, იყო! ბოლოს და ბოლოს, ფრთები ხომ არ ჰქონდა შესხმული! – ხმამაღლა წამოიძახა მიხარამ და ამ დროს კიბის ბოლო საფეხურზე წაიბორძიკა. მიხარამ კინაღამ დაიყვირა. აქამდე როგორ არ მოიფიქრა ეს! ყურებმა წივილი დაუწყეს. თითქმის სირბილით შევარდა თავის განყოფილებაში. ხელების კანკალით გადაფურცლა განრიგი. საჰაერო მიმოსვლის განრიგი. შეუცდომლად რომ ემოქმედა, კიდევ ერთხელ გადაათვალიერა იანვრის თვის თვითმფრინავთა ყოველდღიური მარშრუტები. ფუკუოკა 8.00 – ტოკიო 12.00 (¹ 302). ტოკიო 13.00 – საპორო 16.00 (¹ 503). იპოვა! – მიხარამ ღრმად ამოისუნთქა. ყურები კვლავ უწიოდა. რასაკვირველია, იასუდა იყო კიუსიუში და ხაკატადან 21 იანვარს დილის 8 საათზე გაფრინდა ტოკიოს გავლით ხოკაიდოზე. 16 საათზე ის უკვე საპოროში იყო. ეს როგორ მოუვიდა მიხარას, რომ აქამდე არ მოაგონდა სამგზავრო თვითმფრინავები? გონებაში ჩაიჭედა ეს ოხერი მატარებლები! ამოიჩემა ექსპრესი „საცუმა“, რომელიც დილის 7 საათსა და 24 წუთზე გადის ხაკატადან. ეჰ, ღირსია ერთი გემოზე ჩააფაროს საკუთარ გამოთაყვანებულ თავს! ბოლო მოეღო ეჭვებს. მიხარამ საჰაერო სააგენტოში გაიგო, რამდენ ხანს ანდომებდა ავტობუსი საპოროს აეროპორტ ტიტოსედან ქალაქამდე – დაახლოებით, საათსა და ოც წუთს. მაშასადამე, იასუდა საპოროში ჩასულა დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე. იასუდას მშვიდად შეეძლო დალოდებოდა „მარიმოს“ და ჩამჯდარიყო მატარებელში, რათა უკანვე წასულიყო საპოროში. ჩაჯდომისთანავე იგი დაენახვა ინამურას. ახლა ნათელია, თუ რატომ გამოჩნდა იასუდა ისიდას ვაგონში მხოლოდ ოტარუს გავლის შემდეგ. მას უქმად არ დაუკარგავს დრო საპოროში. ქალაქში ავტობუსით ჩავიდა. ჩქარი ნაბიჯით 53 წუთში სადგურამდე მივიდა და საფოსტო მატარებელს გაჰყვა. იგივე ფანდია, რაც ტოკიოს სადგურზე იხმარა. მიხარა განაცვიფრა იასუდას გენიალურმა, უნარმა ზედმიწევნით გამოეყენებინა დრო.
მიხარა ინსპექტორის მაგიდასთან მივიდა, განრიგი უჩვენა და ყველაფერი აუხსნა. აღელვებისაგან ხმა უკანკალებდა.
– ყოჩაღ, მიაკვლიე! – კასაიმ მას პირდაპირ თვალებში შეხედა, – შესანიშნავია! ამრიგად, იასუდას განრიგი დაიმსხვრა. სულ სხვა ადამიანი გახდი. აღარ ჰგავხარ ხოკაიდოზე მივლინებიდან დაბრუნებულს. შეგიძლია, იმოქმედო. როდესაც მიხარამ წასვლა დააპირა, კასაიმ ხელის ოდნავ აწევით შეაჩერა იგი.
– დიახ, დიახ... ისიდას სურდა იასუდას დახმარებოდა, მაგრამ კუდი ვეღარ დამალა... ასეც ხდება ხოლმე...
მიხარა კვლავ თვითმფრინავთა მოძრაობის განრიგს მიუბრუნდა… შეეცადა, ჩამოეწერა იმ მატარებლებისა და თვითმფრინავების სია, რომლებითაც იასუდას შეეძლო ესარგებლა. ესაუბრა თანამშრომელს, რომლის განკარგულებაშიც იყო შიდა საჰაერო ხაზები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან