რომანი და დეტექტივი

წერტილები და ხაზები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 20.10

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • სეიჩო მაცუმოტო

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-40 (1240)

მიხარამ ნერვიულობა დაიწყო. ეს უწვრილესი ძაფიც ხელიდან ეცლებოდა. მაგრამ უეცრად ახალი აზრი დაებადა. მართლა მკურნალობს კამაკურაში იასუდას მეუღლე? ძნელი წარმოსადგენია, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ საქმესთან, მაგრამ ოთხ წუთზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა მიხარას. იასუდა რომ ხოკაიდოში ჩავიდა, უეჭველად დადასტურდება: მან მშვენივრად იცის, რომ პოლიცია მოწმეებს დაჰკითხავს. რაც შეეხება ავადმყოფ ცოლს, მას შეეძლო ეფიქრა, რომ ამ ამბის შესამოწმებლად მაინცდამაინც თავს არავინ აიტკივებდა. ინსპექტორი სადღაც წავიდა. მიხარამ მას მაგიდაზე ბარათი დაუტოვა, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა – „კამაკურაში“ და დეპარტამენტიდან გავიდა.

– ზუსტი მისამართი არ იცოდა, მაგრამ სახლის მიგნება ძნელი არ იქნებოდა – აქ ხეობის მსგავს ვიწრო ველზე, მხოლოდ ერთი პატარა დასახლება იყო. მიხარა პირდაპირ პოლიციის უბანში მივიდა, თავისი საბუთები წარადგინა და იკითხა, ცხოვრობდა თუ არა აქ ვინმე იასუდა.

– აა, ეგ ხომ ისაა, ავადმყოფი ცოლი რომ ჰყავს...– თქვა პოლიციელმა. მიხარას გუნება წაუხდა. მეუღლე არსებობს და მართლაც ავადმყოფი. მაგრამ რაკი ჩამოვიდა, რას იზამს. ნამცხვარი იღლიაში ამოიჩარა და იმ მხარეს გასწია, საითკენაც პოლიციელმა მიუთითა. იასუდას პატარა, მაგრამ კოხტა ერთსართულიანი სახლი ბაღის სიღრმეში იდგა და ისე გეგონებოდათ, თითქოს საგანგებოდ არის აგებული ავადმყოფის სიმშვიდისა და მკურნალობისათვისო. შორს ზღვის ლურჯი ზოლი ლივლივებდა.

კარი, ასე, ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა ქალმა გაუღო.

– მე ტოკიოდან ვარ. კიიტი მიხარა, იასუდა-სანის ნაცნობი. დღეს თქვენს მხარეში მოვხვდი და ოკუ-სანის სანახავად შემოვიარე. მოხუცმა მოუსმინა მიხარას.

– შემობრძანდით, გთხოვთ.

მიხარა დიდ ოთახში შეიყვანეს. მინის კარი სამხრეთით გადიოდა. მასში უხვად იფრქვეოდა სინათლე. ოთახის სიღრმეს ჩრდილი ეფინებოდა. კარის მახლობლად თეთრად ქათქათებდა ლოგინი. ოცდათორმეტი-ოცდაცამეტი წლის ქალი საწოლზე წამოწეულიყო და ისე ელოდა სტუმარს. იგი მშვენიერი იყო. თეთრი კანი, კეფაზე მსუბუქად შეკრული თმა, ნაუცბათევად, ალბათ, სტუმრის მოსვლასთან დაკავშირებით ოდნავ შეღებილი ტუჩები.

– მაპატიეთ მოულოდნელი შემოჭრა, – თქვა მიხარამ, – ჩემი სახელია კიიტი მიხარა. ბედნიერება მაქვს, ტოკიოში ვიცნობდე იასუდა-სანს. რა თქმა უნდა, ჩემი მხრივ ეს თავხედობაა, მაგრამ აი, თქვენი ნებართვით, სანახავად მოვედი.

– ო, ჩემს ქმარს, ალბათ, თქვენ მფარველობთ, გმადლობთ.

იასუდას ცოლი ლამაზი იყო. დიდი თვალები, თხელი, სწორი ცხვირი. ლოყებს სისავსე დაჰკარგოდა, მაგრამ საერთოდ ავადმყოფობას ვერაფერი დაეკლო მისთვის. ოდნავ ფერმკრთალი იყო, სუფთა, მაღალი შუბლი ჰქონდა, რაც თითქოს ქალის ინტელექტს უსვამდა ხაზს.

– თავს როგორ გრძნობთ? – ჰკითხა მიხარამ.

– გმადლობთ. ჩემი დაავადება ხანგრძლივია, ამიტომ უეცარი გამოჯანმრთელების იმედი არა მაქვს, – ოდნავ გაიღიმა ქალმა, – მაპატიეთ, გეთაყვა, თქვენ ჩემს მეუღლეს საქმეში ეხმარებით?

– დიახ, რაღაც ამდაგვარი... – მიხარა დაიბნა. საძაგელი გრძნობა დაეუფლა. შემდეგ როგორ უნდა გაიმართლოს თავი იასუდას წინაშე.

– ო, ალბათ, ის ბევრ საზრუნავს გიჩენთ...

– რას ბრძანებთ, პირიქით! სამწუხაროდ, მე თვითონ ვუჩენ მას საზრუნავს, – მიხარას შუბლი ოფლით დაეწინწკლა და შეეცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, - იასუდა-სანი ხშირად გნახულობთ?

ავადმყოფმა მშვიდი ღიმილით უპასუხა:

– თქვენ, ალბათ, იცით, რომ იგი ძალიან დაკავებულია, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდის ჩემთან.

ყველაფერი იასუდას ნათქვამს ემთხვეოდა. მოხუცმა ჩაი შემოიტანა. მიხარა აჩქარდა:

– ერთხელ კიდევ მაპატიეთ მოულოდნელი შეწუხება. გულით გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას!

იასუდას მეუღლემ სწრაფად შეავლო მიხარას თავისი ნათელი თვალები.

– მადლობელი ვარ პატივისცემისათვის.

როდესაც მიხარამ საჩუქარი გადასცა, ქალი ოდნავ წამოიწია საწოლიდან და თავაზიანად დაუკრა თავი. მხოლოდ ახლაღა შენიშნა მიხარამ მისი გალეული მხრები.

დამხვდურმა ქალმა იგი სადარბაზომდე მიაცილა. ფეხსაცმელებს რომ იცვამდა, მიხარამ სხვათა შორის იკითხა:

– ვინ მკურნალობს ქალბატონს?

– ექიმი ხასეგავა, დიდი ბუდას წინ რომ საავადმყოფოა, იმის დირექტორი, – უპასუხა მოხუცმა.

საავადმყოფო მან მაშინვე იპოვა. დირექტორი მსუქანი, სახეწითური და კოხტად თმადავარცხნილი ჭაღარა კაცი იყო. მან მაგიდაზე დადო მიხარას სადარბაზო ბარათი და მის წინ დაჯდა.

- მინდა გავიგო, როგორ მიმდინარეობს იასუდა-სანის მეუღლის ავადმყოფობა.

– თქვენი კითხვა სახელმწიფო სამსახურის საქმეებთან არის დაკავშირებული? საქმე, ეგრეთ წოდებული პაციენტის საიდუმლოს ეხება.

– არა, მე არ მაინტერესებს ის, რასაც ჩვეულებრივ გარეშეთაგან მალავენ. უბრალოდ, მინდა, გავიგო, როგორია ავადმყოფის საერთო მდგომარეობა.

– დაავადება – ფილტვების ტუბერკულოზი. უფრო ზუსტად, მრავალფეროვანი ტუბერკულოზი, ძალიან ხანგრძლივი და ძნელად სამკურნალო პროცესი. იგი უკვე თითქმის სამი წელია, იტანჯება ამ სნეულებით და, გულახდილად რომ ვთქვათ, მისი სრული გამოჯანმრთელების თითქმის არავითარი იმედი არ არის. ამის შესახებ გავაფრთხილე იასუდა-სანი. სიცოცხლეს განუწყვეტელი ინიექციებით ვუნარჩუნებთ, ახალი პრეპარატებით.

– მაშასადამე, ის მუდმივად ლოგინში წევს?

– დროდადრო დგება. სასეირნოდ გასვლა შეუძლია. მას ნათესავები ჰყავს იუგავარაში. ზოგჯერ მათთან მიემგზავრება და ღამესაც იქ ათევს. ერთ ან ორ დღეს ისვენებს. ამის ნებას ვაძლევთ, – უპასუხა დირექტორმა. - ასეთი დაავადებისათვის არ არის დამახასიათებელი მდგომარეობის უეცარი გაუარესება. ჩვეულებრივად მასთან ორშაბათობითა და პარასკეობით დავდივარ. ზოგჯერ კვირა დღითაც შევივლი ხოლმე, ნასადილევს. ბევრს კითხულობს და თვითონაც წერს პატარ-პატარა თხზულებებს. ექიმმა მიხარას ჟურნალი გაუწოდა.

– აი, აქ არის.

მიხარამ სარჩევი გადაათვალიერა და იპოვა რიოკო იასუდას ნარკვევი „ციფრული პეიზაჟი“. მან თავისთვის ჩაინიშნა ქალის სახელი – რიოკო. ადრე მიხარამ არ იცოდა, რა ერქვა იასუდას მეუღლეს. შემდეგ ის იმ ნარკვევის კითხვას შეუდგა, რომელსაც ასეთი უცნაური სათაური ჰქონდა. „როდესაც სულ წევხარ, ხშირად გაქვს სურვილი, რაიმე წაიკითხო. მაგრამ ბოლო ხანებში რომანები და მოთხრობები აღარ მაინტერესებს. ხშირად ისე დავკეცავ ხოლმე წიგნს, რომ ნახევარიც არა მაქვს წაკითხული. ერთხელ ქმარმა მინახულა. შემდეგ ის წავიდა და მატარებლების განრიგი დარჩა. მოწყენილმა მისი ფურცვლა დავიწყე. ჩემთვის მოგზაურობა მიუწვდომელი რამაა, მაგრამ განრიგს უჩვეულო ინტერესით ვკითხულობდი. უფრო დიდი ინტერესით, ვიდრე ცუდ რომანს. ქმარი ხშირად მოგზაურობს საქმის გამო და ამიტომ ყოველთვის ყიდულობს განრიგს. მან კარგად შეისწავლა ის სუფთა პრაქტიკული მიზნებისთვის, მაგრამ ჩემთვის, ლოგინს მიჯაჭვული ადამიანისთვის, მას განსაკუთრებული მიმზიდველობა ჰქონდა. მატარებელთა განრიგში დასახელებულია იაპონიის ყველა სადგური და სანამ მე რიგრიგობით ვკითხულობ მათ სახელწოდებებს, ისინი თვალწინ წარმომიდგებიან. პროვინციული რკინიგზები განსაკუთრებით შველიან წარმოსახვას... მე ვხედავ მთებში მიკარგულ პაწია სოფელს, აქა-იქ მიმოფანტულ სამხრეთის ხეებს, ფერდობზე – ხშირ ტყეს. აი ამარუმუ... ჩრდილოეთის სევდიანი პატარა ქალაქი, სახურავებზე გაწოლილა დაბალი ნაცრისფერი ღრუბლები. როდესაც ძალზე ნაღვლიანი ვარ, ვშლი განრიგს და უსიამო განწყობილება მაშინვე იფანტება. მე სამოგზაუროდ მივეშურები იქ, სადაც მომესურვება – ტიუგოკში, სიკოკუში ან კიდევ ჩრდილოეთით. რა კარგია ოცნება! დავცქერი ჩემს საათს: უკვე შუადღეა, ისრები პირველ საათსა და ოცდათექვსმეტ წუთს უჩვენებს. ვფურცლავ განრიგს და ვეძებ ამ დროს - პირველ საათსა და ოცდათექვსმეტ წუთს. აი, ისიც - ეტიგოს ხაზზე, სადგურ სეკიაში ეს-ეს არის ჩამოდგა მატარებელი ¹122.

მიხარამ ჟურნალი დირექტორს დაუბრუნა. არა, მიხარა ლოგინზე მიჯაჭვული რიოკო იასუდას ფანტაზიას არ აუღელვებია. იგი გონებაში ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: „ქმარი ხშირად მოგზაურობს საქმის გამო, ამიტომ ყოველთვის ყიდულობს განრიგს, მან კარგად შეისწავლა ის...“

ოთხი წუთი და მოწმეები ტოკიოს სადგურზე გონებიდან არ შორდებოდა მიხარას. უდავოა, რომ ეს ამბავი იასუდას მოწყობილია, მაგრამ რისთვის დასჭირდა მას ეს, მიხარამ ჯერ არ იცის. სწორედ ამის გამო ცდილობს ახლა ის იასუდა ო-ტოკისა და საიამასთან დააკავშიროს, ხოკაიდო კი – კიუსიუსთან. სწორედ ის ამბავი ხომ არ არის საეჭვო, რომ იგი საწინააღმდეგო მხარეს გაემგზავრა?.. მიხარამ მესამე სიგარეტს მოუკიდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ საიამასა და ო-ტოკის თვითმკვლელობა – მათ მიიღეს კალიუმის ციანიდი – მოხდა 20 იანვრის საღამოს ათსა და თერთმეტ საათს შორის. იქვე, განყოფილებაში, ჰქონდათ მატარებელთა მოძრაობის განრიგი. მიხარამ აიღო იგი და გადაფურცლა. თვითმკვლელობის მომენტში ექსპრესი „ტოვადა“კარგა ხნის გასული იყო ტოკივას ხაზზე, უკვე გაევლო ცნობილი ისტორიული ადგილები და ხირონოს რაიონში მიქროდა. ხოლო 21 იანვარს, დილის ექვსის ნახევრისათვის, როდესაც გვამები იპოვეს, „ტოვადამ“ ის-ის იყო დატოვა სადგური და თუ იასუდა ამ მატარებელში იჯდა, კასიის სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულ კიუსიუში, მაშინ იგი სხვა დროსა და სივრცეში იმყოფებოდა. მიხარამ უცებ გაიფიქრა, რომ განრიგის კითხვის დროს იგი იასუდას მეუღლესავით აზროვნებდა და გაეცინა. ეს ქალი წერს, რომ მისი მეუღლე მუდამ განრიგით სარგებლობს, მაშასადამე, კარგად შეისწავლა იგი. ამ ამბავში რაღაც უნდა იმალებოდეს. იქნებ – ალიბი, მატარებელთა განრიგის მეშვეობით შეთითხნილი?.. რატომ აქვს მას ისეთი განცდა, თითქოს ქუჩიდან უყურებს შენობის ფასადს და გრძნობს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ ვერ გარკვეულა, რაში შესცოდა არქიტექტორმა? ხოკაიდოში ხომ არ წავიდეს?.. მეორე დღეს, როგორც კი ინსპექტორი კასაი განყოფილებაში გამოჩნდა, მიხარა უკვე მის მაგიდასთან იდგა

– იასუდას მეუღლის სანახავად წავედი. უფრო სწორად, მისი სიტყვების შესამოწმებლად. ქალს მართლაც ფილტვების ტუბერკულოზი აქვს, მწოლიარე ავადმყოფია. მაგრამ არის ერთი საინტერესო გარემოება. - და მიხარამ უამბო ინსპექტორს რიოკო იასუდას ნარკვევისა და იმ ფრაზის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იასუდამ კარგად შეისწავლა მატარებლების განრიგი.

– მგონი, რაღაც კავშირი უნდა იყოს ამ ფრაზასა და ოთხ წუთს შორის. თუ იასუდამ მართლა გამოიყენა ეს ოთხი წუთი და „შექმნა მოწმეები“, მაშინ უნებლიეთ იფიქრებს კაცი, რომ მან რაღაც როლი ითამაშა ამ თვითმკვლელობაში. როგორი? ჯერ არ ვიცი, მაგრამ წინათგრძნობა მეუბნება, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის. ვერ დამიჯერებია, რომ თვითმკვლელობის დღეს იასუდა ხოკაიდოსაკენ მიემგზავრებოდა!

რა თქმა უნდა, საპოროდან მიღებული დეპეშა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ამბავში რაღაც კომბინაცია იმალება. ეს რომ გაიხსნას, ნათელი გახდება, თუ რისთვის დასჭირდა იასუდას საიამასა და ო-ტოკის გამგზავრების მოწმეები.

– რახან დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. განყოფილების უფროსს კი მე თვითონ მოველაპარაკები, როგორმე დავითანხმებ... ბოლო ფრაზა უცნაურად გაისმა. მიხარამ ყურადღებით შეხედა ინსპექტორს.

– ამბობს, უაზრობაა გამოძიება, როცა სავსებით ცხადია, რომ თვითმკვლელობის შემთხვევასთან გვაქვს საქმეო. მაგრამ შენ ნუ წუხხარ, მე დავიყოლიებ მას! – დაამთავრა მან ღიმილით, თითქოსდა ამშვიდებდა მიხარას.

მეორე დღეს საღამოს მიხარა სადგურ უენოდან ექსპრეს „ტოვადათი“ გაემგზავრა. ეს ის ექსპრესი გახლდათ, რომლითაც იასუდამ იმგზავრა. ჯერ ერთი, იგი ხოკაიდოსკენ მიმავალი ყველაზე მოსახერხებელი მატარებელი იყო, მეორეც, მიხარას უნდოდა თავი იასუდას ადგილზე წარმოედგინა და ამ თვალსაზრისით შეემოწმებინა მისი ყველა მოქმედება. საღამოს თერთმეტი საათისთვის, მას დაღლილობამ სძლია და ჩაეძინა. როცა გაეღვიძა, მატარებელი იდგა. ფანჯრიდან დილის რძისფერ ნისლში გარინდული ზღვა მოჩანდა. მგზავრები ბარგს ალაგებდნენ. შემოვიდა გამყოლი, თავაზიანად მიესალმა ყველას და თქვა: ჩვენი მატარებელი მალე აომორიში იქნება. თქვენ შეძლებთ დასვენებას დამქანცველი მგზავრობის შემდეგ. მგზავრებს, რომლებიც ხაკოდატეში მიემგზავრებიან გემით, ვთხოვ შეავსონ ბლანკები, ჩაწერეთ, გეთაყვათ, გვარი და სახელი. გამყოლმა ბლანკები დაარიგა. მიხარა პირველად მიდიოდა ხოკაიდოზე. ბლანკი რატომღაც ორ გრაფად იყო გაყოფილი. ორივეში ერთი და იგივე უნდა ჩაეწერათ. საკონტროლო პუნქტში მგზავრებს ბლანკები ჩამოართვეს. აომორიში ცხრა საათსა და ცხრა წუთზე ჩავიდნენ. მისადგომამდე გასავლელ გრძელ პლატფორმაზე მგზავრები გიჟებივით გარბოდნენ – ჩქარობდნენ, რომ კარგი ადგილი დაეკავებინათ. მიხარას რამდენჯერმე უბიძგეს ზურგში. ხაკოდატეში 14 საათსა და 20 წუთზე ჩავიდნენ. ფანჯრიდან ხოკაიდოს ნაღვლიანი პეიზაჟი მოჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხარა პირველად იყო ამ მხარეში, მაინც მოსწყინდა. საღამოს, როდესაც საპოროში ჩავიდა, დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა. იასუდა, ალბათ, საძინებელი ვაგონით მგზავრობდა. პოლიციის თანამშრომლებს კი, თავიანთი ნამცეცა სამივლინებო თანხებით, ამაზე ოცნებაც არ შეეძლოთ. მიხარა ყველაზე იაფფასიან სასტუმროში გაჩერდა, სადგურის მახლობლად. სჯობდა სასტუმრო „მარუსოში“ დაბინავებულიყო და ადგილზევე შეემოწმებინა, თუ როგორ ცხოვრობდა იქ იასუდა, მაგრამ საქმეს აქაც უფულობა აბრკოლებდა. წვიმდა.

დილით თერთმეტი საათისათვის გაეღვიძა. გარეთ გრილოდა. მიხარამ ისაუზმა და მაშინვე საპოროს პოლიციის სამმართველოსკენ გაეშურა. აუცილებელი იყო თავაზიანობის წესის დაცვა. სამძებრო განყოფილების გამგე შეწუხდა, როდესაც გაიგო, რომ მიხარა სპეციალურად ჩამოვიდა ტოკიოდან.

– ნუთუ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით?

მიხარამ განუმარტა, რომ ზოგიერთი ფაქტის შემოწმება უნდოდა. როდესაც მან სასტუმრო „მარუსოში“ წასვლის სურვილი გამოთქვა, მას მხლებლად მაძებარი გამოუყვეს.

მორიგემ ჩამოსულთა ჟურნალი მოიტანა და უჩვენა ის გვერდი, სადაც ტაცუო იასუდა იყო ჩაწერილი.

– იგი 21 იანვარს მოვიდა, საღამოს ცხრა საათისათვის. ჩვენთან ცხოვრობდა ოცდაორში და ოცდასამში. დღისით წასული იყო, საღამოს კი სასტუმროში ბრუნდებოდა. ძალიან მშვიდი კაცი ჩანდა. ბინადრის გარეგნობის აღწერილობა მთლიანად ემთხვეოდა იასუდას გარეგნობას. მიხარამ ყოველი შემთხვევისათვის წამოიღო ჟურნალის ის გვერდი, რომელზედაც იასუდას საკუთარი ხელწერა იყო. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ მან მაძებარი გაუშვა.

„ფუტაბა-სიოკაი“ – ეს საკმაოდ დიდი ფირმა, რომელიც საფაბრიკო მოწყობილობით ვაჭრობდა, საპოროს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობდა. ვიტრინაში ელექტრომოტორები იყო გამოფენილი. კავანისი ასე, ორმოცდაათი წლის მელოტი კაცი იყო, მას ფირმაში საქმეთა მმართველის თანამდებობა ეკავა. როდესაც მან მიხარას სადარბაზო ბარათს დახედა, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა.

– შევხვდი თუ არა მე სადგურზე იასუდა-სანს. ნუთუ მასზე რაიმე ეჭვი აქვთ?

– არა, რას ამბობთ?! უბრალოდ, ეს ცნობები სულ სხვა საქმის გამოსარკვევად გვჭირდებოდა. ამას არავითარი საერთო არა აქვს თქვენს კოლეგასთან. მაშასადამე, 21 იანვარს თქვენ იასუდა-სანს შეხვდით სადგურზე? ბოლოს და ბოლოს მიხარამ მას ის კითხვა მისცა, რომლისთვისაც ამოდენა გზა გამოიარა.

– დიახ, – უპასუხა კავანისიმ. – დეპეშა მივიღე იასუდა-სანისგან. საუბედუროდ, მერე გადავაგდე ის დეპეშა. მთხოვდა, 21 იანვარს დავხვედროდი სადგურის მოსაცდელ დარბაზში.

– ბოდიშს ვიხდი, თქვენ მას ყოველთვის სადგურზე ხვდებოდით? – ჰკითხა მიხარამ.

– არა, რას ბრძანებთ, მხოლოდ იმ დღეს მოხდა ასე. სასწრაფო საქმე გვქონდა, კანტორა კი საღამოთი დაკეტილია. ჰოდა, აი მეც სადგურზე გავედი მასთან შესახვედრად.

– თუ გახსოვთ, იასუდა-სანი მაშინვე მოვიდა მოსაცდელ დარბაზში, როგორც კი „მარიმო“ ჩამოვიდა?

კავანისი ჩაფიქრდა.

– საერთოდ მალე მოვიდა. ეს ექსპრესი 20 საათსა და 34 წუთზე ჩამოდის. მახსოვს, ფანჯარაში ვიყურებოდი, მგზავრები უკვე ნაკადად მოედინებოდნენ სადგურის მოედანზე. ჰოდა, აი, სწორედ მაშინ გამოჩნდა იასუდა-სანიც. ათიოდე წუთი იქნებოდა გასული, თუ არ ვცდები.

მიხარა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. კინაღამ სულელური კითხვაც კი მისცა: დარწმუნებულია თუ არა კავანისი იმაში, რომ ნამდვილად ტაცუო იასუდას შეხვდა? საშინლად წაუხდა ხასიათი.

კავანისიმ, რომელიც სახეზე აკვირდებოდა მას, წყნარად, თითქოს ყოყმანით, თქვა:

– მიხარა-სან, მაპატიეთ, ხომ არ მეშლება თქვენი სახელი? რა თქმა უნდა, უხერხულია იასუდა-სანის წინაშე, მაგრამ რახან ამ სიშორეს ჩამოხვედით ტოკიოდან, ბარემ გეტყვით ზოგიერთ რამეს, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია. მხოლოდ გთხოვთ, ნურაფერს დაასკვნით ჩემი ნათქვამიდან. მე ამას, უბრალოდ, ცნობისათვის გეუბნებით.

– გისმენთ! – მიხარა შეკრთა.

– აი, რა. მე უკვე გითხარით, იასუდა-სანმა მთხოვა სადგურზე დავხვედროდი, რადგან სასწრაფო საქმიანი საუბარი გვქონდა-მეთქი. მართლაც, დეპეშა ასეთი შინაარსისა იყო. მაგრამ როდესაც მას შევხვდი, გამოირკვა, რომ საქმე არც ისეთი სასწრაფო იყო. ეს საუბარი თავისუფლად შეიძლებოდა მეორე დღისთვის გადაგვეტანა, როდესაც იასუდა-სანი ჩვენთან კანტორაში მოვიდოდა. მაშინ კიდევაც ვიფიქრე, რისთვის დასჭირდა ამნაირი ახირება-მეთქი.

მიხარამ იგრძნო, რომ ქვიტკირის ყრუ კედელში ნაპრალი გაჩნდა. რისთვის აიძულა იასუდამ კავანის, სადგურზე გამოსულიყო, როცა არანაირი სასწრაფო საქმე არ ჰქონდა მასთან? რისთვის და იმისთვის, რომ 21 იანვარს ექსპრეს „მარიმოთი“ საპოროში ჩასვლის მოწმე ესაჭიროებოდა. ტოკიოში – „ოთხწუთიანი მოწმეები“. აქ, საპოროში – კვლავ მოწმე.

– კავანისი-სან, თქვენ თქვით, რომ იასუდა-სანს მოსაცდელ დარბაზში შეხვდით?

– დიახ. დეპეშაში იგი მთხოვდა, რომ სწორედ მოსაცდელ დარბაზში შევხვედროდი.

– მაშასადამე, – უტევდა მიხარა, – თქვენ არ გინახავთ, როგორ ჩამოვიდა იგი მატარებლიდან?

– არა, არ მინახავს, მაგრამ... კავანისის სახეზე, თითქოს, დაწერილი იყო: იასუდა ხომ მოსაცდელ დარბაზში შემოვიდა, და თუ ის ტოკიოში ცხოვრობს, მაშინ საიდან უნდა მოსულიყო, თუ არა ამ ექსპრესით?..

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა