რომანი და დეტექტივი

წერტილები და ხაზები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 13.10

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • სეიჩო მაცუმოტო

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-39 (1239)

უკვე თითქმის სადგურთან იყვნენ მისულნი, როცა ტორიგაის გაახსენდა, რომ არაფერი უთქვამს მიხარასათვის ერთი დეტალის თაობაზე.

– აქედან ხუთასიოდე მეტრზე, რკინიგზის ძირითად ხაზზე, კიდევ ერთი სადგურია – კასიი. იქ საკმაოდ საინტერესო ჩვენებების მიღება შევძელი ამ საქმესთან დაკავშირებით. და ტორიგაიმ დაწვრილებით გააცნო მიხარას ხილის ვაჭარსა და ახალგაზრდა მოსამსახურესთან საუბრის შინაარსი. უამბო, თუ როგორ შეამოწმა დრო, რომელიც ორ სადგურს შორის გზის გავლას სჭირდება.

მიხარა გამოცოცხლდა.

– ეს ძალიან საინტერესოა. მინდა, გავიმეორო თქვენი ცდა.

და მანაც სამჯერ გაიარა მანძილი ორ სადგურს შორის, ჯერ აჩქარებით, შემდეგ – უფრო ნელა და ბოლოს – სულ ნელა.

– მართლაც, რაც გინდა, ნელა იარო, მაინც რვა წუთზე ნაკლებია საჭირო, – თქვა მიხარამ და საათს დახედა, – თერთმეტი წუთი არაფრით არ გამოდის. რა თქმა უნდა, თუ მათ გზაში სადმე შეიარეს, მაშინ სხვა ამბავია. მაგრამ ხომ შეიძლება ივარაუდო, რომ ორ სადგურზე ორი სხვადასხვა წყვილი ნახეს. ყოველივე ეს ძალზე საინტერესოა. დიახ... ძნელი სამუშაო გხვდათ წილად! – მიხარამ თანაგრძნობით შეხედა ტორიგაის.

***

… უფროსი ჯერ კიდევ სამუშაოზე იყო.

– გამარჯობა, კასაი-სან, ეს-ესაა ჩამოვედი. ინსპექტორმა ხარივით სქელი კისერი მოაბრუნა და მიხარას შეხედა.

– ა, მიხარა-კუნ! გამარჯობა, გამარჯობა. მაპატიე, რომ მოსვლისთანავე საქმეზე გეკითხები. რა ამბავი ჩამოიტანე? გაარკვიე რამე?

– ფუკუოკას პოლიციის სამმართველოში ეს საქმე გაირჩა როგორც შეყვარებულთა თვითმკვლელობა. აქვთ დამადასტურებელი საბუთები.

– არის რამე საინტერესო?

– ზოგი რამ. თუმცა, ეს ფუკუოკას პოლიციის სამმართველოს დასკვნა კი არ არის, არამედ მისი თანამშრომლის, სამძებრო საქმის ვეტერანის, ტორიგაის პირადი შეხედულებაა. მან საინტერესო ამბები გადმომცა. ის ფიქრობს, რომ ო-ტოკი ექსპრესიდან ჩავიდა ატამიში ან სიძუოკაში, იქ გაატარა ხუთიოდე დღე და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა ხაკატაში. აქ მან საიამას დაურეკა, რომელიც უკვე დიდი ხანია, ელოდებოდა მას.

– კეთილი! მაგრამ რისთვის დასჭირდა საიამას, რომ ქალი შუა გზაზე ჩასულიყო? რას აკეთებდა იგი ატამიში ან სიძუოკაში? ამის შემოწმება საინტერესოა. მიხარა-კუნ, – თქვა კასაიმ, – შესაძლოა, მე და თქვენ ვცდებოდეთ. საიამას სიკვდილი დიდი დანაკარგია სამინისტროში მომხდარი მექრთამეობის საქმის გამოძიებისათვის. ჰოდა, აი იწყებ ეჭვის შეტანას თვით უდავო ფაქტებშიც კი. ვცადოთ სხვა გზით წასვლა. თუმცა, შესაძლოა, მართლაც მცდარ გზას ვადგავართ. ყველა ადგილი დანომრილია, მესამე კლასშიც კი. თუ ო-ტოკი შუა გზაში ჩავიდა, მის ადგილს ვერავინ დაიკავებდა. გავგზავნოთ ვინმე, რათა გამყოლს გაესაუბროს.

მეორე დღეს კიიტი მიხარა ტოკიოს სადგურზე გაემგზავრა. მან კარგად გამოიძინა და ახლა შესანიშნავად აზროვნებდა. სადგურის უფროსის მოადგილე მოძებნა, თავისი მოწმობა უჩვენა და უთხრა:

– მინდა, ერთი შეკითხვა მოგცეთ. შესაძლებელია, იგი სულელური გეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის აუცილებელია ამის გარკვევა. მითხარით, შეიძლება თუ არა კაცი მეცამეტე ლიანდაგის ბაქანზე იდგეს და დაინახოს ექსპრესი „ასაკაძე“, რომელიც 18 საათსა და 30 წუთზე გადის მეთხუთმეტე ლიანდაგიდან? ხნიერმა მოადგილემ გაკვირვებით შეხედა მიხარას:

– შესაძლებელია თუ არა ექსპრეს „ასაკაძეს“ დანახვა მეცამეტე ლიანდაგის ბაქნიდან? გსურთ გაიგოთ, არის თუ არა დრო, როდესაც მეცამეტე და მეთოთხმეტე ლიანდაგებზე მატარებლები არ დგას? მგონი, არ უნდა იყოს ასეთი დრო. მაგრამ მაინც შევამოწმოთ, – მან მატარებლების მოძრაობის გრაფიკი გაშალა მაგიდაზე. – ვიპოვე! არის ისეთი მომენტი, როდესაც მეცამეტე და მეთოთხმეტე ლიანდაგები თავისუფალია და მეცამეტე ბაქნიდან შეიძლება მეთხუთმეტე ლიანდაგზე ჩამომდგარ ექსპრეს „ასაკაძის“ დანახვა. მაგრამ მხოლოდ ოთხი წუთის განმავლობაში.

მიხარამ უბის წიგნაკი ამოიღო. ყველაფრის ერთბაშად გაგება და დამახსოვრება ძნელი იყო. სადგურის უფროსის მოადგილემ მას რაღაც განრიგის მსგავსი დაუწერა. სამსახურში მიხარამ გულდასმით შეისწავლა განრიგი და სქემა დახაზა. ახლა უკვე ყველაფერი თვალსაჩინო და გასაგები გახდა. მეცამეტე ლიანდაგიდან ექსპრეს „ასაკაძის“ დანახვა შეიძლება მხოლოდ ოთხი წუთის განმავლობაში – 17 საათსა და 57 წუთიდან 18 საათსა და 01 წუთამდე. მაშასადამე, გამოდის, რომ მოწმეები სწორედ ამ დროს აღმოჩნდნენ ბაქანზე და ხედავდნენ, თუ როგორ ჩასხდნენ ო-ტოკი და საიამა ექსპრესში. მიხარამ გაიფიქრა, რომ მათი ჩვენება ძალზე მნიშვნელოვანი იყო. „ო-ტოკისა და მის თანამგზავრს თავი ისე ეჭირათ, როგორც ახლობლებს. მხიარული საუბრით მივიდნენ თავიანთ ვაგონამდე და ექსპრესში ჩასხდნენ“ – ეს ცნობა მათი სიახლოვის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი და, ამდენად, შეყვარებულთა შეთანხმებით თვითმკვლელობის ვერსიის ერთადერთი მტკიცება იყო, ყოველ შემთხვევაში, გამოძიებას არ გააჩნდა არავითარი სხვა ფაქტი, რომელიც გარდაცვლილთა ინტიმურ კავშირს დაამოწმებდა. მართალია, გაირკვა, რომ საიამასაც და ო-ტოკისაც სასიყვარულო კავშირი ჰქონდათ ვიღაცასთან, მაგრამ ვისთან – არ იცოდნენ. „საკვირველი კია, რომ ეს სამი ადამიანი შემთხვევით სწორედ ამ დროს აღმოჩნდა მეცამეტე ლიანდაგის ბაქანზე“, – გაიფიქრა მიხარამ. და მაშინვე ელვასავით გაუკრთა გონებაში ახალი აზრი: „შემთხვევით? მერედა შემთხვევითია ეს? ოთხი წუთი... ძალიან ცოტა დროა შემთხვევითობისთვის“. მიხარამ მოწმეთა ვინაობა მოიგონა. რესტორან „კოიუკის“ ორი ოფიციანტი და მათი კლიენტი. ეს კლიენტი კამაკურაში მიდიოდა, ოფიციანტები მას აცილებდნენ. მეცამეტე ლიანდაგის ბაქნიდან მათ, სამივემ, დაინახეს საიამა და ო-ტოკი, რომლებიც „ასაკაძეში“ სხდებოდნენ.

მიხარა საკმაოდ ადრე მივიდა „კოიუკიში“ – რესტორნებში ხომ დილა გვიან იწყება. იაეკო იქაურობას ალაგებდა.

– ამას წინათ დაგვეხმარეთ და ახლა მინდა, კვლავ განვაგრძოთ ის საუბარი. გახსოვთ, თქვენ მიამბობდით, რომ მეგობართან ერთად აცილებდით ერთ კლიენტს ტოკიოს სადგურზე და ო-ტოკი და საიამა დაინახეთ?

– დიახ, დიახ, – იაეკომ თავი დაუქნია, – ის იყო ბატონი ტაცუო იასუდა. გაგონილი მაქვს, რომ საფაბრიკო მოწყობილობით ვაჭრობს ნიხონბასის რაიონში. მგონი, საკმაოდ დიდ საქმეს უძღვება. ოთხი წელია, ჩვენთან დადის. მას ყოველთვის ო-ტოკი-სანი ემსახურებოდა, მის კლიენტად ითვლებოდა.

– ესე იგი, იასუდა კარგად იცნობდა ო-ტოკი-სანს... ჰო, მართლა, პირველად ვინ შეამჩნია ოტოკი ბაქანზე?

– ბატონმა იასუდამ. სწორედ მან დაგვანახვა იგი.

– ჰო... – მიხარამ წუთით შეწყვიტა საუბარი და ჩაფიქრდა.

– მაშ თქვენ და ტომი-ტიანი აცილებდით მას სადგურზე. მითხარით, გეთაყვა, ისე, უეცრად მოგესურვათ სადგურზე მისი გაცილება?

– იგი სადილით გვიმასპინძლდებოდა რესტორან „კოკ-დ’ორში“, გინძეზე. როდესაც სადილობას მოვრჩით, იასუდა-სანმა თქვა, რომ კამაკურაში მიდიოდა და გვთხოვა, გაგვეცილებინა. ჰოდა, მე და ტომი-ტიანიც დავთანხმდით.

– დაახლოებით რომელ საათზე მოხდა ეს?

იაეკო ჩაფიქრდა.

– ჰო, მართლა, მე ვკითხე მას, როდის გადის მატარებელი-მეთქი და იმანაც მითხრა: „მინდა მივასწრო 18 საათსა და 12 წუთზე მიმავალს. ახლა ექვსის ოცდათხუთმეტი წუთია, მოვასწრებთ, თუ ახლავე წავალთ...“

მიხარას თვალწინ დაუდგა სქემა, რომელიც გუშინ დახაზა.

- როდესაც სადგურზე მიხვედით, მატარებელი ჯერ არ იყო ჩამომდგარი?

– არა, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა იაკომ, – ბაქნის საათზე რამდენიმე წუთი აკლდა ექვსს. ეს იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იასუდა-სანი სულ საათზე იყურებოდა, ეშინოდა 18 საათსა და 12 წუთზე მიმავალ მატარებელზე არ დაგვიანებოდა.

მიხარა სმენად იქცა.

– მაშ, სულ საათზე იცქირებოდა?

– დიახ, ჯერ კიდევ „კოკ-დ’ორში“.

მიხარამ მადლობა გადაუხადა იაეკოს და წავიდა. ავტობუსში იმაზე ფიქრობდა, თუ რატომ დასცქეროდა იასუდა ასე წარამარა საათს. იმიტომ ხომ არა, რომ ცდილობდა არ გასხლტომოდა ეს ოთხი წუთი? რაც მეტს ფიქრობდა, იმდენად ეჭვიც ძლიერდებოდა. იასუდა მოწმეებს ამზადებდა. მიხარას გული აუძგერდა. საჭიროა იასუდასთან შეხვედრა… და აი, იგი იასუდას კანტორის ნათელ მისაღებში ზის. კარი იღება და იასუდა მასთან შესახვედრად გამოდის, ცივი და ამაყი ღიმილით სთხოვს დაბრძანდეს.

– მაპატიეთ, რომ დროს გართმევთ, – თქვა მიხარამ, – მოვედი, რათა ერთი კითხვა მოგცეთ. არ ვიცი, შეიძლება ეს უცნაურიც მოგეჩვენოთ...

– რას იზამთ, ასეთია თქვენი სამსახური... გთხოვთ, – იასუდამ მიხარას მაგიდაზე დადებული სიგარეტები შესთავაზა, შემდეგ თვითონაც აიღო და სანთებელა აანთო. თავი თავისუფლად და მშვიდად ეჭირა.

– სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილის კენიტი საიამასა და მისი შეყვარებულის თვითმკვლელობის თაობაზე გაწუხებთ..

– მე საიამა-სანის მუდმივი მხარდაჭერით ვსარგებლობდი. ამ სამინისტროს მიმწოდებელი ვარ.

მიხარამ პირველად გაიგო, რომ ფირმა „იასუდა სიოტენი“ N სამინისტროს მიმწოდებელი იყო და ეს ფაქტი თავისთვის ჩაინიშნა.

– დიახ, ძალიან საწყენია საიამა-სანის ამბავი. უაზროდ დაიღუპა კაცი... როგორი მშვიდი და სასიამოვნო ადამიანი იყო... ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ასეთი კაცი თავის შეყვარებულთან ერთად თვითმკვლელობით დაამთავრებდა სიცოცხლეს..

– გავიგე, რომ თქვენ ის ტოკიოს სადგურზე გინახავთ, როდესაც ქალთან ერთად მატარებელში ჯდებოდა. ეს „კოიუკის“ ოფიციანტმა იაეკომ მიამბო.

– საღამო ხანი იყო. კამაკურაში მივდიოდი და „კოიუკის“ ორი ოფიციანტი მაცილებდა. უეცრად საპირისპირო ბაქანზე საიამა-სანი და ო-ტოკი-სანი დავინახე. ორივენი ექსპრესში ჩასხდომას აპირებდნენ. მე ისინი ქალებს დავანახვე. გავიფიქრე, მაინც რა პატარაა-მეთქი ეს ქვეყანა.. როგორც ჩანს, არც სიყვარულში უნდა შეტოპოს კაცმა მეტისმეტად ღრმად.

– არსებობს მოსაზრება, რომ საიამამ თავი მოიკლა, რათა უფროსები გადაერჩინა. შესაძლოა, ოტოკიმ, რაკი უყვარდა ის, გადაწყვიტა თვითონაც მასთან ერთად მოეკლა თავი. რას ფიქრობთ ამაზე?

– ნამდვილად არ ვიცი! – იასუდამ ხელები ისე გაშალა, თითქოს ამბობდა: „ეს უკვე, ჩემო მეგობარო, თქვენი საქმეა“.

– ო-ტოკის კარგად იცნობდით?

– როგორ გითხრათ. ნიუანსების გარეშე. მხოლოდ რესტორნის კედლებში. ისე კი მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. ფიქრადაც არასოდეს მომსვლია, რომ საიამა-სანი მისი საყვარელი იყო.

– კამაკურაში ხშირად ჩადიხართ?

იასუდას გაეღიმა.

– ჩავდივარ. მე მეუღლე მყავს კამაკურაში. მას ფილტვები აქვს დაავადებული და დიდი ხანია, იქ ცხოვრობს. კვირაში ერთხელ ჩავდივარ. საწყენია, რომ ვერაფრით დაგეხმარეთ. თუ კიდევ დაგჭირდით, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მობრძანდეთ.

„იასუდამ იცის ოთხი წუთის შესახებ, – ფიქრობდა მიხარა, როცა ოთახიდან გამოდიოდა, – ის რეგულარულად დადის ცოლთან კამაკურაში და კარგად იცნობს განრიგს.

დეპარტამენტში დაბრუნებულმა მიხარამ თავის უფროსს ოთხი წუთისა და ტაცუო იასუდასთან შეხვედრის ამბავი მოუთხრო. ინსპექტორი გახალისდა, რაც საკმაოდ იშვიათად ემართებოდა.

– აი, თურმე რა ხდება, ჩვენ კი ვერც ვამჩნევთ. შემთხვევით თუ წინასწარგანზრახვით შექმნა იასუდამ ოთხწუთიანი მოწმეები. სწორედ ასე თქვა ინსპექტორმა: „ოთხწუთიანი მოწმეები!“ შემდეგ მან კიდევ ერთხელ მოისმინა მიხარას განმარტებები და ძირითადი მომენტები ჩაინიშნა. წერა რომ დაამთავრა, კასაი პატარა ბავშვივით ფანქრით თამაშს მოჰყვა, – შემთხვევითობა აქ შეუძლებელია. ამ ამბის წინასწარგანზრახულობა აშკარაა. საქმე მეტად სერიოზულ სახეს იღებს.

მან ერთ-ერთი მაძებარი იხმო.

– საფაბრიკო მოწყობილობით მოვაჭრე ტაცუო იასუდას საქმიანი კავშირი აქვს N სამინისტროსთან. გთხოვთ გაარკვიოთ, რამდენად მჭიდროა ეს კავშირი. მაძებარმა გვარი ჩაიწერა და გავიდა.

– ახლა კი, ვეცადოთ, შევაჯამოთ ჩვენი დაკვირვებები, – კასაის, ეტყობა, კიდევ ერთხელ უნდოდა თავისი აზრების შემოწმება, – საიამამ და ო-ტოკიმ თავი მოიკლეს როგორც შეყვარებულებმა. ეს მოხდა ხაკატას მახლობლად. ისინი ერთად გაემგზავრნენ ტოკიოს სადგურიდან. იასუდამ შენიშნა ორივენი, როდესაც მატარებელში სხდებოდნენ, და ეს ორ ქალს დაანახვა. ამრიგად, შექმნა ეგრეთ წოდებული, „გარეშე მოწმეები“. რა საჭიროა მოწმეები, თუ ორმა შეყვარებულმა თვითმკვლელობა განიზრახა? აქ რაღაც იმალება. მაგრამ მიზანი? თუ შევძლებთ იმის ზუსტად გარკვევას, რომ მოქმედება წინასწარგანზრახული იყო, მაშინ მიზანსაც მივაკვლევთ.

– სწორია, - უპასუხა ინსპექტორმა. მათ ერთმანეთს შეხედეს და უსიტყვოდ მიუხვდნენ სათქმელს.

როდესაც კიიტი მიხარა სამსახურში მივიდა, ინსპექტორი კასაი უკვე იქ დახვდა.

– ცოტათი მაინც დაისვენე მივლინების შემდეგ? – ჰკითხა მან და დიდი ფინჯნიდან ჩაი მოსვა.

– დიახ. უკვე ორი დღე გავიდა. უძილობას არ ვუჩივი, ორ ღამეში კარგად გამოვიძინე, – ღიმილით უპასუხა მიხარამ.

– რა თქმა უნდა, კანონით ერთი დღის შვებულება გეკუთვნოდა, მაგრამ ახლა ძალიან ცხელი დღეები დაგვიდგა. შემოწმებამ დაადასტურა, რომ იასუდა საკმაოდ საფუძვლიანად არის დაკავშირებული სამინისტროსთან. მართალია, იგი არც ისე მსხვილი მიმწოდებელია, მაგრამ მას რატომღაც ძალიან სწყალობს სექტორის უფროსი იოსიო ისიდა.

– რაო?! იოსიო ისიდა?! – მიხარა გაოცდა, ისიდა სამინისტროს ერთ-ერთი ბურჯთაგანია. იგი მეთაურობს სწორედ იმ განყოფილებას, რომელიც მექრთამეობაში იყო შენიშნული. სამინისტროში მას ჭკვიან და გამოცდილ მუშაკად მიიჩნევენ. მაგრამ საიდუმლო შემოწმებამ ცხადყო, რომ ისიდა საეჭვო პიროვნებაა.

მიხარას ტაცუო იასუდასთან გუშინდელი შეხვედრა მოაგონდა. უდაოდ, გონებამახვილი კაცია, ეს მაშინვე შეიმჩნევა. ხოლო თვალები, ო, ეს ალერსიანი თვალები, ყველაფერს ხედავენ. ასეთი კაცი თავისას არ დათმობს, მისი თავდაჯერებული მანერა დამთრგუნველად მოქმედებს გარშემო მყოფებზე.

– ხომ არ შეგიტყვიათ, რა დამოკიდებულებაში იყო იასუდა გარდაცვლილ საიამასთან?

– არაფერია საეჭვო. რასაკვირველია, რაღაც კავშირი არსებობდა. საიამა ხომ განყოფილების უფროსის მოადგილე იყო და კარგადაც ართმევდა თავს თავის მოვალეობას. არანაირი მონაცემი არ არსებობს მათი სიახლოვის შესახებ. არ მოვეშვები, სანამ ყველა მამხილებელ ცნობას არ შევაგროვებ…

მაგრამ ინსპექტორს, ეტყობა, არ უნდოდა მისი გაშვება.

– რით გინდა საქმის დაწყება? – ჰკითხა მან თითქოსდა სხვათა შორის, მაგრამ სერიოზული ტონით.

– ჯერ გავარკვევ, სად იყო და რას აკეთებდა იასუდა სამი დღის განმავლობაში – 19, 20 და 21 იანვარს.

– გვამები კასიის ზღვის ნაპირზე ოცდაერთში, დილით იპოვეს. მაშასადამე, შეამოწმებ, რას აკეთებდა იგი ამ დღეს და წინა ორ დღეს. მაგრამ, მგონი, ორი დღეა საჭირო, რომ ტოკიოდან კიუსიუში ჩახვიდე და უკანვე დაბრუნდე. როგორც ვატყობ, ოცდაორი რიცხვიც გამოსარკვევია.

...მიხარა კვლავ იასუდას მისაღებში იჯდა. ქალიშვილმა ჩაი და ნამცხვარი შესთავაზა და უთხრა, იასუდა-სანი ტელეფონზე ლაპარაკობს და გთხოვთ, დაელოდოთო. მიხარა კედელზე ჩამოკიდებულ ნატურმორტს ათვალიერებდა. ამ დროს იასუდაც გამოჩნდა.

– მაპატიეთ, რომ გაცდევინეთ! – თქვა მან და გაიღიმა. მიხარამ კვლავ იგრძნო, რომ ეს კაცი ბოჭავდა მას. – შინ დავრეკე, კამაკურაში. ბოლო ხანებში მეუღლის ავადმყოფობა გამწვავდა, მე კი არ შემიძლია ყოველდღე ჩასვლა. ჰოდა, აი საქალაქთაშორისოთი მიხდება მისი მდგომარეობის გაგება.

– დღესაც კითხვებით ვარ თქვენთან მოსული. შეიძლება, არ გახსოვდეთ. აი რა, იყავით თუ არა ტოკიოში 20-იდან 22 იანვრამდე? ამას, უბრალოდ, ცნობისათვის გეკითხებით.

იასუდას ძარღვიც არ შეტოკებია სახეზე.

– ოცში, ჰმ... ოცში... – იგი ჩაფიქრდა, ხელები თვალებზე მიიფარა, შემდეგ მაგიდის უჯრა გამოაღო, პატარა უბის წიგნაკი ამოიღო და გადაფურცლა: ჰო, ასეა, 20 იანვარს ხოკადიოზე გავემგზავრე. საპოროში ერთი მსხვილი მყიდველი მყავს, ფირმა „ფუტაბა სიოკაი“. ხოკაიდოზე ორი დღე დავრჩი... – მან კვლავ ჩაიხედა უბის წიგნაკში, – და ოცდახუთში ტოკიოში დავბრუნდი. იქნებ გსურთ, დაწვრილებით გიამბოთ მგზავრობის ამბავი? – თქვა იასუდამ და ღიმილით შეაცქერდა ინსპექტორს.

– სიამოვნებით მოგისმენთ, – მიხარამ ჯიბიდან უბის წიგნაკი და ფანქარი ამოიღო.

– მაშ ასე. ოცში ტოკიოდან გავემგზავრე ცხრამეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე, სადგურ უენოდან, ექსპრეს „ტოვადათი“. საქმეებზე მარტო დავდივარ ხოლმე. მეორე დილით, ცხრა საათსა და ათ წუთზე, იამორიში ჩავედი. ეს მატარებელი პირდაპირ აჰყავთ იმ გემზე, რომელიც აპმორისა და ხაკოდატეს შორის დადის. სადგურზე დამხვდა კავანისი-სანი, ფირმა „ფუტაბა სიოკაის“ თანამშრომელი. სასტუმრო „მარუსოში“ ჩემთვის უკვე შეეკვეთათ ნომერი. სწორედ იქ გავჩერდი. ეს იყო ოცდაერთში საღამოს, ოცდაორსა და ოცდასამში საპოროში გახლდით, ხოლო ოცდაოთხში უკანვე გამოვემგზავრე და ოცდახუთში ტოკიოში დავბრუნდი.

– დიდად მადლობელი ვარ. ყველაფერი ძალზე დაწვრილებით მიამბეთ, – ორჭოფულად უპასუხა მიხარამ და თვითონაც ოდნავ გაიღიმა.

– მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ, – იასუდამ გასასვლელამდე მიაცილა მიხარა. როგორც ყოველთვის, იგი ახლაც მშვიდი და თავდაჯერებული იყო.

სამსახურში დაბრუნებულმა მიხარამ ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა თავის უფროსს. კასაი გულდასმით უსმენდა მიხარას.

– ხოკაიდო და კიუსიუ სრულიად საპირისპირო მხარეებია! მიხარას უკვე ეჭვი ეპარებოდა საკუთარ ვერსიაში.

– შენ გგონია, ის მართალს ამბობს? – თქვა ინსპექტორმა.

– იასუდა ჭკვიანი კაცია. არ იცრუებს, მაგრამ შემოწმება მაინც აუცილებელია. საპოროს პოლიციის სამმართველოს უნდა ვთხოვოთ დაჰკითხოს ფირმა „ფუტაბა სიოკაის“ თანამშრომელი, რომელიც, იასუდას თქმით, სადგურზე დახვდა მას.

– იასუდა ცოლიანია?

– დიახ, მაგრამ ცოლს ფილტვები აქვს დაავადებული და კამაკურაში ცხოვრობს. ტოკიოში იასუდა მარტოა, ასაკეიას რაიონში. მას ორი მოსამსახურე ჰყავს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა