წერტილები და ხაზები
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 29.09
- სეიჩო მაცუმოტო
ტაცუო იასუდამ რესტორან „კოიუკიში“ თავისი ნაცნობი მიიპატიჟა. ამ კაცს ერთ-ერთ სამინისტროში მაგიდის უფროსის თანამდებობა ეჭირა. ტაცუო იასუდა სათავეში ედგა ფირმა „იასუდა სეკაის“, რომელიც საფაბრიკო მოწყობილობას აწარმოებდა. ბოლო წლებში ფირმა გაძლიერდა. ამბობდნენ, თავის აყვავებას ის დიდ სახელმწიფოებრივ შეკვეთებს უნდა უმადლოდესო. იასუდას მეგობრების საქმიანობაზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. სწორედ ამ ხანებში წარმოებდა ერთ-ერთ სამინისტროში ქრთამის აღებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება. გაზეთები ვარაუდობდნენ, რომ გაზაფხულისთვის დიდ მოხელეებამდეც მიაღწევდნენ. იასუდა, ასე, ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. სანდომიანი სახის. მართალია, შავგვრემანი იყო, მაგრამ ალერსიანი თვალები ჰქონდა. წარბები – მუქი, ცხვირი – სწორი, შუბლი – ფართო. თავაზიანად და უბრალოდ, იქცეოდა, როგორც ჭკვიან ბიზნესმენს შეჰფერის. რესტორან „კოიუკიში“ მისვლის პირველივე დღიდან მას ჩვეულებრივ ო-ტოკი ემსახურებოდა. ო-ტოკი ოცდაექვსი წლისა იყო, მაგრამ ისეთი ნორჩი, რომ ოცდაორ წელზე მეტს არ მისცემდით. კლიენტებს მოსწონდათ მისი დიდრონი, შავი, მოცინარე თვალები. ზოგიერთ მომხმარებელს მასთან დაახლოება სურდა. სამუშაოს შემდეგ კლიენტისთვის პირდაპირ უარის თქმა უხერხული იყო და ისიც თანხმდებოდა, მაგრამ წასვლას არც კი ფიქრობდა. – აბა, რას გააწყობ ამ ყეყეჩებთან? – იცინოდა ო-ტოკი.
იასუდა კი მართლაც მოსწონდათ „კოიუკის“ ოფიციანტებს, შესაძლოა, სერიოზულად რომ მოეწადინებინა რომელიმესთან დაახლოება, უარიც არ მიეღო.
იმ საღამოს, 13 იანვარს, იასუდამ თავისი ნაცნობი, სამინისტროს ჩინოვნიკი, გასასვლელამდე მიაცილა და კაბინეტში დაბრუნდა. ცოტა კიდევ დალია და მოულოდნელად თქვა: „გოგონებო, გინდათ, ხვალ სადმე დაგპატიჟოთ სადილზე? კაბინეტში მყოფი იაეკო და ტომიკო სიხარულით დათანხმდნენ.
– ო-ტოკი-სანი სადღაა? მოდით ისიც წავიყვანოთ, – თქვა ტომიკომ.
– არა, თქვენ ორნიც საკმარისი ხართ. ო-ტოკი-სანი კი – როგორმე სხვა დროს.
– მაშ ასე, შევთანხმდით. ხვალ ოთხის ნახევარზე „ლევანტში“ მოხვალთ, იურაკუტიოს ქუჩაზე, – თქვა იასუდამ და ქალიშვილებს გაუღიმა.
მეორე დღეს, 14 იანვარს, ტომიკო „ლევანტში“ დანიშნულ დროს მივიდა. იასუდა უკვე დარბაზის სიღრმეში მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა.
– იაე-ტიანი ჯერ არ მოსულა? – იკითხა მან და დაჯდა. – ალბათ, მალე მოვა. მოღიმარე იასუდამ ყავა შეუკვეთა. ხუთი წუთიც არ გასულა, რომ იაეკოც გამოჩნდა. მას თავი მორცხვად ეჭირა.
– აბა, გადაწყვიტეთ, სად წავიდეთ? – იკითხა იასუდამ, – რა გირჩევნიათ – ევროპული კერძები თუ ჩინური.
– ევროპული კერძები, – ერთხმად უპასუხეს ქალიშვილებმა. ჩანს, სამსახურში მობეზრებული ჰქონდათ იაპონური სადილები.
„კოკ-დ’ორე“ ცარიელი იყო. იასუდა კიბეს აჰყვა და მაგიდა შეარჩია. იაეკო და ტომიკო ჯერ მორცხვობდნენ, შემდეგ კი გათამამდნენ, მენიუ აიღეს, ერთმანეთში თათბირობდნენ. ვერ გადაეწყვიტათ, რა აერჩიათ. სადილი საკმაოდ გაჭიანურდა. სამივენი უშინაარსო ლაყბობით იყვნენ გართული. იასუდა კმაყოფილი ჩანდა. თვალები მილულა და თამბაქო გააბოლა, თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა.
– იცით, მეძნელება თქვენთან დაშორება. რა იქნება, ტოკიოს სადგურამდე რომ გამაცილოთ?
ვერ გაუგებ – ხუმრობს, თუ სერიოზულად ამბობს. ქალიშვილებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ უკვე ისედაც დააგვიანეს სამუშაოზე. ახლა თუ სადგურზეც წავლენ... მაგრამ იასუდა მართლა შეწუხებული ჩანს. არ იქნება ლამაზი, თუ ასე უცებ მიატოვებენ მას ამ სასიამოვნო შეხვედრის შემდეგ.
– კარგი, წავიდეთ, – გადაწყვიტა ტომიკომ, – ოღონდ ჯერ სამუშაოზე დავრეკავ. ვეტყვი, რომ ცოტა კიდევ დაგვაგვიანდება.
იასუდამ სწრაფად გაასწორა ანგარიში. სამივენი მანქანაში ჩასხდნენ და ხუთი წუთის შემდეგ უკვე სადგურში იყვნენ. გზაში იასუდა სულ ბოდიშობდა. იაეკო და ტომიკო კი ამშვიდებდნენ:
– რას ამბობთ, ია-სან, რაიმეთი მაინც ხომ უნდა გადაგიხადოთ მადლობა!
– კეთილი, რადგან ასეა...
სადგურზე იასუდამ ბილეთი იყიდა, ქალიშვილებს კი ბაქანზე გასასვლელები მისცა. კამაკურას მატარებელი მეცამეტე ლიანდაგიდან გადიოდა. ელექტროსაათის ისარი ექვსს უახლოვდებოდა.
– დიდებულია, 18 საათსა და 12 წუთზე მიმავალს მოვუსწარი, – თქვა იასუდამ და უცებ წამოიძახა, – ოჰო! შეხედეთ, შეხედეთ, ეს ო-ტოკი-სანი არ არის?
ქალიშვილები გაოცებულნი მობრუნდნენ. გაფაციცებით იცქირებოდნენ იქით, საითაც იასუდა უთითებდა.
– სწორია! ისაა! – იაეკო გაკვირვებისაგან გაშეშდა.
მართლაც, მეთხუთმეტე ლიანდაგის ბაქანზე ხალხის ბრბოში ო-ტოკი მიდიოდა. საგანგებოდ გამოწყობილს, ხელში ჩემოდანი ეჭირა. ცხადი იყო, რომ ამ ექსპრესით აპირებდა გამგზავრებას. მაგრამ ყველაზე მოულოდნელი უცნობი მამაკაცი იყო, რომელიც მას გვერდით მიჰყვებოდა. ახალგაზრდა კაცს მუქი პალტო ეცვა და მასაც ხელში ჩემოდანი ეჭირა. ისინი ახლობლებივით თავისუფლად საუბრობდნენ და ასე მიიკვლევდნენ გზას ხალხში ექსპრესის ბოლო ვაგონისაკენ.
– ღმერთო ჩემო, ნეტავ სად მიდის? – წაიჩურჩულა თვალებდაჭყეტილმა იაეკომ, – თანაც მამაკაცთან...
– საინტერესოა, ვინ არის მისი? – ენის ბორძიკით გააგრძელა ტომიკომ. რა იცოდა ო-ტოკიმ, რომ მას სამი წყვილი თვალი უთვალთვალებდა. ის თავისუფლად მიაბიჯებდა თავის თანამგზავრთან ერთად ვაგონების გასწვრივ. ბოლოს ერთ ვაგონთან შეჩერდნენ. ნომერს შეხედეს. მამაკაცი პირველი ავიდა, ო-ტოკი მას მიჰყვა.
– ესეც შენი ო-ტოკი-სანი! – ჩაიცინა იასუდამ, – ჩანს, კიუსიუში მიიპარება შეყვარებულთან ერთად. ქალიშვილები გაქვავებულებივით იდგნენ.
– განა ო-ტოკი-სანს ვინმე ჰყავდა? – ჩურჩულით იკითხა ტომიკომ, – არ ვიცი. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელია. ორივე ამხანაგი გაოცებული იყო.
– ო, ია-სან, ხომ არ ეჭვიანობთ?
– რას ამბობ?! – გაიცინა იასუდამ, – მე ხომ ცოლის სანახავად მივდივარ!
მალე მეცამეტე ლიანდაგზე იოკოსუკაში მიმავალი მატარებელი ჩამოდგა. იასუდა ვაგონში შევიდა და ქალიშვილებს ხელი დაუქნია.
– მომისმინე, ტომი-ტიან, მოდი, მაინც შევხედოთ! – ორივენი ექსპრესისკენ გაიქცნენ. ვაგონთან რომ მივიდნენ ქალიშვილებმა ფანჯარაში შეიხედეს. ვაგონი გაჩახჩახებული იყო. მათ გარკვევით დაინახეს სავარძელში მოკალათებული ო-ტოკი და მისი თანამგზავრი.
– შეხედე, როგორ არის გაბადრული ჩვენი ო-ტოკი! – უჩურჩულა იაეკომ, – ამ კაცს კი არა უშავს, ლამაზია.
როდესაც გოგონები „კოიუკიში“ დაბრუნდნენ, მაშინვე დიასახლისს მოახსენეს ყველაფერი.
– ო-ტოკი-სანი გუშინ ხუთი-ექვსი დღით დამეთხოვა. მითხრა, სამშობლოში მინდა წასვლაო. თვითონ კი, მაშასადამე, მამაკაცთან ერთად... – დიასახლისს გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა, – მოდი და ამის შემდეგ ენდე უწყინარებს.
მეორე საღამოს იასუდა კვლავ გამოჩნდა რესტორანში ვიღაც ნაცნობთან ერთად. მოგვიანებით, როცა სტუმარი გააცილა, ჩვეულებისამებრ დაბრუნდა და იაეკოს გამოელაპარაკა.
– ო-ტოკი-სანი, ეტყობა, დღეს არ მუშაობს?
– განა მარტო დღეს. მთელი კვირა ისეირნებს! – აცნობა მას იაეკომ იდუმალი ჩურჩულით. ცოტა ხნის შემდეგ იასუდა წავიდა. მეორე დღეს მან კვლავ მოიყვანა ორი ნაცნობი. სვეს. ამჯერადაც მათ იაეკო და ტომიკო ემსახურებოდნენ. საუბარი კვლავ ო-ტოკიზე ჩამოაგდეს. მაგრამ სულ მალე ო-ტოკიმ კიდევ უფრო გააოცა ყველანი...
თუ მოძიდან რკინიგზის მთავარი შტოთი კაგოსიმის მიმართულებით იმგზავრებთ, შეგხვდებათ ერთი პატარა სადგური კასიი, ლამაზი სანაპიროთი. 21 იანვრის სუსხიან დილას, დაახლოებით, შვიდის ნახევარზე, ამ სანაპიროზე მუშა მოაბიჯებდა. ის იყო ინათა. ზღვას რძესავით თეთრი ღრუბელი ჩამოსწოლოდა. ძლივს მოჩანდა კუნძულ სიგანოსიმას მოხაზულობა. მუშა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. უცბად მან რაღაც უჩვეულო შენიშნა. შავსა და ქვიან მიწაზე ორი გვამი იდო. ადრიან დილის ცივ მკრთალ მწვანე შუქზე ტანსაცმლის კალთები ირხეოდა, თითქოსდა სიცივისაგან კანკალებენო.
მუშის დღის ჩვეულებრივი დინება დაირღვა. მან გზას გადაუხვია, ქალაქში მიირბინა და პოლიციის უბნის მინის კარზე დააბრახუნა.
– იქ... სანაპიროზე... ორნი წვანან... მამაკაცი და ქალი! მკვდრები!
– მკვდრები?! მოხუცმა პოლიციელმა თვალები მოიფშვნიტა და სიცივით აძაგძაგებულმა, მუნდირის შეკვრა დაიწყო. მერე გამოერკვა, მუშის სახელი, გვარი, მისამართი ჩაიწერა და ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში დარეკა.
ქალი გულაღმა იწვა. თვალები დაეხუჭა, ბაგე ოდნავ გახსნოდა და კბილების თეთრი ზოლი უჩანდა. ლოყებზე ვარდისფერი გადაჰკრავდა. ნაცრისფერი ზამთრის პალტო ეცვა, მის ქვეშ კი – მუქი ალუბლისფერი კიმონო. მამაკაცს თავი გვერდზე ჰქონდა მობრუნებული. სახეზე ვარდისფერი ედო, თითქოს სძინავსო. მუქ-ლურჯი პალტო, ყავისფერი შარვალი, პრიალა შავი ფეხსაცმელები და ლურჯი, წითელზოლებიანი, წინდები ეცვა. გვამები ერთმანეთის გვერდით ეწყო.
– შეყვარებულები ყოფილან. შეთანხმებით მოუკლავთ თავი, – თქვა მოხუცმა პოლიციელმა და მიცვალებულებს დახედა, – საწყლები სულ ახალგაზრდები არიან.
დაახლოებით ორმოც წუთში შემთხვევის ადგილას მანქანა მოგრიალდა. სამძებრო განყოფილების უფროსი, ორი მაძებარი აგენტი, პოლიციის ექიმი და ექსპერტები გამოცხადდნენ. პოლიციის ტანდაბალი ექიმი გასინჯვას შეუდგა.
– კაციცა და ქალიც კალიუმის ციანიდით მოწამლულან. ამაზე მიუთითებს სახის ვარდისფერი. ალბათ, საწამლავი ხილის წვენთან ერთად დალიეს. ექიმი წამოდგა და ფეხსაცმლის წვერით შეეხო ბოთლს, რომელშიც ცოტაოდენი სითხე დარჩენილიყო.
– როდის მომკვდარან, ექიმო? - იკითხა პოლიციის უფროსმა.
– დაახლოებით, ათი საათის წინ. გაკვეთის შემდეგ უფრო ზუსტად დავადგენთ. ისინი აფექტის მდგომარეობაში იყვნენ. უკიდურეს ფსიქიკურ აღგზნებაში. არც ისე ადვილია საწამლავის დალევა. სანამ დალევდე, ჯერ უნდა გადაწყვიტო ამის გაკეთება. როგორც ჩანს, ადამიანს ნერვული სისტემის გარკვეული აღგზნებისას სიკვდილი სანატრელი ეჩვენება, – დაამთავრა ექიმის აზრი სამძებრო განყოფილების უფროსმა, – ალბათ, აქ ადგილი არ ჰქონია ძალდატანებით თვითმკვლელობას. ტანსაცმელი წესრიგშია, ბრძოლის არავითარი ნიშანი არ ჩანს. საწამლავი ურთიერთშეთანხმებით დალიეს. ეს იყო შეყვარებულთა თვითმკვლელობა, რომლებიც შეთანხმებულან, ერთად გამოთხოვებოდნენ სიცოცხლეს.
მაძებრებმა რამდენადმე შვებით ამოისუნთქეს. სპეციალური მანქანით გვამები პოლიციაში წაიღეს. მამაკაცის კოსტიუმის ჯიბეში საფულე აღმოაჩინეს. შიგ იდო სეზონური ბილეთი ტოკიოდან ასაკეამდე და სადარბაზო ბარათები. სეზონურ ბილეთში ეწერა: „კენიტი საიამა, ოცდათერთმეტი წლის“. „N სამინისტროს, N დეპარტამენტის, N განყოფილების გამგის მოადგილე“, მაძებრებმა ერთმანეთს გადახედეს.
– თვითმკვლელობა შეთანხმებით, შეყვარებული ჩინოვნიკი და ოფიციანტი ქალი. რას ვიზამთ, სავსებით შესაძლებელი ამბავია, – თქვა სამმართველოს უფროსმა, – სიკვდილის მიზეზი: კალიუმის ციანიდით მოწამვლა – დადასტურდა. თუმცა. გარდაცვლილთა ინტიმური სიახლოვის ვერანაირი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს. ამ ცნობამ გააოცა მაძებრები.
– წარმოიდგინეთ, უმწიკვლოდ მომკვდარან!
– მაშ ასე. რომელიმე თქვენგანმა გაიგოს, რას წარმოადგენს მატარებელი # 7. ექსპრესი ტოკიო-ხაკატა? – უფროსი ჩაფიქრდა. გამოდის, რომ პირდაპირ ტოკიოდან წამოსულან ხაკატაში. მერე სად იყვნენ მთელი კვირა? ფუკუოკაში გაჩერდებოდნენ, სადღაც ან არადა კიუსიუში იხეტიალებდნენ. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, ბარგი დარჩებოდათ. უნდა მოვძებნოთ მათი ბარგი. წაიღეთ ფოტოსურათები და გაიკითხეთ სასტუმროებში! – უბრძანა მან მაძებრებს.
ნაშუადღევს რეპორტიორები მოზღვავდნენ. სამძებრო განყოფილება ერთბაშად გამოცოცხლდა. დილით გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა N სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილის კენიტი საიამასა და მისი შეყვარებულის თვითმკვლელობის შესახებ. აფორიაქდა თითქმის ყველა გაზეთი, უმსხვილესით დაწყებული და პროვინციულით დამთავრებული. პრესა გადაკვრით წერდა, რომ ეს არ არის უბრალოდ შეყვარებულთა თვითმკვლელობა, რომ საიამას სიკვდილს კავშირი აქვს N სამინისტროში აღმოჩენილ მექრთამეობასთან, რომელსაც ახლა იძიებენ... როგორც არ უნდა წარმართულიყო საქმე, უფროსის მოადგილე საიამას მაინც არ ასცდებოდა მოწმედ გამოსვლა. ალბათ, სასიყვარულო მოტივების გარდა, თვითმკვლელობის მიზეზი ისიც იყო, რომ მას არ სურდა მექრთამეობის საქმეში მსხვილი ჩინოვნიკები გაერიაო. ამ გაზეთების შეკვრა სამძებრო განყოფილების უფროსის მაგიდაზე იდო, ხოლო თვითონ პატარა ტყავის ჩემოდანში მოთავსებულ ნივთებს ეცნობოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთმა მაძებარმა აღმოაჩინა ეს ჩემოდანი სასტუმრო „ტანბაიაში“. სასტუმროს პატრონმა, ფოტოსურათს დახედა თუ არა, დაადასტურა, ეს კაცი ჩემთან გაჩერდაო. მოსულთა აღრიცხვის წიგნში ეწერა: „ტაიძო სუგავარა, ოცდათორმეტი წლის, ფირმის თანამშრომელი. საცხოვრებელი ადგილი – ქალაქი ფუძისავა, მინამინაკადორის ქუჩა, 26. ჩამოვიდა 15 იანვარს, საღამოს. წავიდა ოცში, საღამოს. ანგარიში გაასწორა“. სასტუმროს პატრონმა თქვა, სუგავარა მარტო ჩამოვიდა და სასტუმროში მარტო ცხოვრობდა, წასვლისას ჩემოდანი შესანახად დატოვაო. ჩემოდანში არაფერი იყო საინტერესო – საცვლები, ნესესერი, რამდენიმე ილუსტრირებული ჟურნალი, რომლებიც, ცხადია, მატარებელში იყო ნაყიდი. არც სიკვდილის წინ დატოვებული წერილი იდო შიგ და არც უბის წიგნაკი. თვითმკვლელობამდე თითქმის მთელმა კვირამ გაიარა. რას აკეთებდა ეს კაცი თხუთმეტიდან ოცამდე? სასტუმროდან არსად წასულა, სულ სასტუმროში იჯდა. სასტუმროს პატრონმა თქვა, არავინ მოსულაო. ტორიგაი, რომელიც ჩემოდნის დათვალიერებას ესწრებოდა, შეუმჩნევლად გაძვრა ოთახიდან.
პოლიციელის მოწმობა რომ დაინახა, სასტუმროს მმართველმა კანტორა დატოვა და მაამებლურად მიესალმა მოსულს. ძიუტარო ტორიგაიმ რამდენიმე კითხვის მიცემა გადაწყვიტა:
– როგორ გამოიყურებოდა სუგავარა?
როგორ ეჭირა თავი, როდესაც სასტუმროში მოვიდა?
– ძალიან დაღლილი ჩანდა. ივახშმა და მაშინვე დაწვა, – უპასუხა მმართველმა. – მოსამსახურეს იშვიათად აწუხებდა. წიგნებს კითხულობდა ან ლოგინში კოტრიალობდა. სართულის მორიგე ამბობდა, მდგმური ძალიან უხასიათოდააო. სულ ტელეფონის ზარს ელოდებოდა. გვთხოვა. მაშინვე შემაერთეთ, როგორც კი დამირეკავენო. ეტყობა, ამიტომაც იჯდა მთელი დღე სასტუმროში.
– მერე, დაურეკეს?
– დიახ. ოც რიცხვში საღამოს რვაზე. სწორედ მე მივედი ტელეფონთან. ქალის ხმამ მთხოვა, სუგავარა-სანს გამოუძახეთო. მაშინვე შევაერთე იმ ქალთან. ის ხომ ასე ელოდა დარეკვას. სტუმარმა მაშინვე მოითხოვა ანგარიში, ფული გადაიხადა, შესანახად დაგვიტოვა თქვენთვის ცნობილი ჩემოდანი და წავიდა. განა შეგვეძლო გვეფიქრა, რომ ის თავის შეყვარებულთან ერთად თავს მოიკლავდა?!
ტორიგაიმ მძიმედ ჩაქინდრა თავი და ჩაიდუდუნა:
– რისთვის ელოდებოდა იმ ქალს? რათა ერთად მომკვდარიყვნენ?
ტორიგაი შვიდი საათისთვის დაბრუნდა შინ. ხმაურით გააღო კარი, მაგრამ არავინ გამოსულა მის შესახვედრად. ცოლი და ქალიშვილი, ჩვეულებრივ, შვიდის ნახევრამდე ელოდებოდნენ და, თუ ამ დრომდე არ დაბრუნდებოდა, მარტონი ვახშმობდნენ.
უსიტყვოდ შევიდა სააბაზანოში. თბილ წყალში ჯდომა და თავის საქმეზე ფიქრი უყვარდა. ახლა ის გუშინდელ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. რამ აიძულა ისინი თავი მოეკლათ? იქნებ, ზოგიერთი რამის გარკვევა მაინც მოხერხდეს?
ტოკიოდან მიცვალებულთა ნათესავების დეპეშა მოვიდა, ისინი ცხედრების წასაღებად ჩამოვლენ. გაზეთები კი წერენ, რომ საიამა მექრთამეობის საქმეში იყო გარეული.
მეორე დღეს ტოკიოდან მიცვალებულთა ნათესავები ჩამოვიდნენ. კენიტი საიამას გვამისათვის მისი უფროსი ძმა ჩამოვიდა. იგი წარმოსადეგი, მსუქანი, ულვაშა კაცი იყო და, როგორც სამძებრო განყოფილების გამგემ მისი სადარბაზო ბარათიდან შეიტყო, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის განყოფილების მმართველად მუშაობდა. ო-ტოკის გვამისათვის სამოციოდე წლის მოხუცი დედა და ერთიც ახალგაზრდა, კოხტად ჩაცმული ქალიშვილი ჩამოვიდნენ. ქალიშვილს ტომიკოს ეძახდნენ. ის იმ რესტორნის ოფიციანტი იყო, სადაც ადრე ო-ტოკი მუშაობდა.
– ხომ არ შეგიმჩნევიათ თქვენი ძმისათვის რაიმე ისეთი, რაც შეიძლება, შეყვარებულთა თვითმკვლელობის საბაბი გამხდარიყო? – ჰკითხა უფროსმა.
ბანკის განყოფილების მმართველმა ცივად და ზიზღით უპასუხა:
– ჩემმა ძმამ შემარცხვინა მეც და საკუთარი თავიც. გაზეთები სხვადასხვანაირად წერენ მისი სიკვდილის მიზეზს. ჩემს ძმას საერთოდ არ უყვარდა ლაპარაკი. სამი წლის წინ მას ცოლი გარდაეცვალა. ახლა გავიგე, რომ მას ქალი ჰყოლია. თურმე, ძალიან იტანჯებოდა. ეს ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა თქვენთან გამომგზავრების წინა დღეს. ჩემი ძმა სერიოზული კაცი იყო და ეს ყველაფერი, ალბათ, ღრმად აწუხებდა. ჩემთვის მაინც ეკითხა რჩევა. საშინელებაა, რომ ქალი, ვისი გულისთვისაც მან თავი მოიკლა, აკასაკის ოფიციანტია. ეტყობა, ამ კახპამ თავგზა აუბნია ჩემს ძმას. მას ხომ ასეთ საქმეებში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა.
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან