რომანი და დეტექტივი

წარსულის გაკვეთილი

№29

ავტორი: ნია დვალი 20:00 01.08

წარსულის გაკვეთილი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28 (1281)

***

– მზად ხარ? შეხვედრა ხუთ წუთში იწყება, – ანდრომ თავი შემოყო კარში.

– მოვდივარ, – გასძახა სოფიმ და მინაში თავი კიდევ ერთხელ შეითვალიერა. ოთახიდან გასვლისას კი გაიფიქრა:

– არაა ცუდი ბიჭი ეს ანდრო. თან, უკვე აღარანაირი ბავშვობის მეგობრები აღარ მყავს...

სოფი ოთახიდან გავიდა და იგრძნო, რომ მისი წარსული სამუდამოდ წარსულში დარჩა.

სოფი შეხვედრიდან დაბრუნდა, ფანჯარასთან გაჩერდა და თვალი მოავლო ქალაქს. მინის მიღმა ჩქარი და მოუსვენარი ცხოვრება ჩქეფდა, მის შიგნით კი – სიმშვიდეს დაესადგურებინა, რომელიც დიდი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა.

ანდრო შესანიშნავი თანამშრომელი აღმოჩნდა: მშვიდი, ინტელიგენტური, გაწონასწორებული. იშვიათად ხუმრობდა, მაგრამ როცა ხუმრობდა, გულწრფელად აცინებდა სოფის. თავიდან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა ჰქონდათ: ერთმანეთს სიტყვითაც და საქმითაც მხარს უჭერდნენ, მაგრამ საზღვარს არც ერთი არ გადადიოდა.

ერთი ჩვეულებრივი სამშაბათი იყო, როცა სოფიმ შემთხვევით ანდროს სასაცილო ამბავი მოუყვა. ანდრო გაოცდა:

– არ მეგონა, ასეთი ხუმრობა თუ შეგეძლო.

– შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე, – უპასუხა სოფიმ და გაჩუმდა. პირველად მიხვდა, რომ ეს სიჩუმე არც უხერხულობას გამოხატავდა და არც სიცარიელეს აღრმავებდა.

***

ერთი კვირის შემდეგ მათ ერთობლივი პროექტის დასასრულებლად გვიანობამდე მოუწიათ ოფისში დარჩენა. ანდრომ ყავა მოადუღა და სოფის მიაწოდა:

– აი, შენი ყავა, უშაქრო, როგორც გიყვარს.

სოფის გაეღიმა, არ ელოდა, რომ ვინმე, დედამისის გარდა, ამჩნევდა ასეთ წვრილმანებს.

– ძალიან ყურადღებიანი ყოფილხარ.

– შენ კი იშვიათად იხსნები, მაგრამ, თუ იხსნები, ანათებ.

სოფის ესიამოვნა ანდროს ნათქვამი, მაგრამ არაფერი უპასუხა.

იმ საღამოს სხვა არაფერი მომხდარა ღირშესანიშნავი, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა – სოფის გარშემო ჰაერი თითქოს შემსუბუქდა. მომდევნო კვირას ანდრომ სოფის კაბინეტის კარი გააღო.

– შეიძლება?

– რა თქმა უნდა, – მიიპატიჟა სოფიმ.

– თეატრი გიყვარს?

– მიყვარს, – თავი დაუკრა სოფიმ.

– ორი ბილეთი მაქვს, წავიდეთ?

– წავიდეთ, – არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა სოფი.

თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა. კოლეგები თეატრში მიდიოდნენ, მაგრამ სოფი ღელავდა. ტანსაცმელს გულდასმით არჩევდა და თავის მოსაწონს ვერაფრით პოულობდა.

– ვართულებ, – ეუბნებოდა საკუთარ თავს, მაგრამ გულს ვერ იმშვიდებდა. შემორჩენილი ჰქონდა შიში: მაქსოც საკმაოდ უზადოდ იქცეოდა მათი ურთიერთობის დასაწყისში.

სპექტაკლი, მართლაც, სასიამოვნო სანახავი იყო, თეატრის დიდებულებამ თავისი გაიტანა და სოფი სრულიად სხვა სამყაროში გადაისროლა.

– ყავა დავლიოთ? – შესთავაზა ანდრომ, როდესაც თეატრიდან გამოვიდნენ.

– ჯობია, გავისეირნოთ, – უთხრა სოფიმ.

– არ შეგცივდება? – დაინტერესდა ანდრო და მისი კითხვა საკმაოდ დროული იყო, ვინაიდან იანვრის ცივი საღამო იდგა.

– არა, არ შემცივდება, – უპასუხა სოფიმ.

ჩუმად მიდიოდნენ. არც ერთი ხმას არ იღებდა. მდუმარება ანდრომ დაარღვია:

– შენთან მშვიდად ვარ და მინდა, შენც იმავეს გრძნობდე.

სოფიმ ანდროს შეხედა და აშკარად დაინახა, რომ მის თვალებში არ იყო ვნება, რაც დასაწყისში წვავდა ხოლმე და შემდეგ სადღაც ქრებოდა. ანდროს თვალებში ჩანდა სითბო, მზრუნველობა და თანადგომა.

მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ თავისი ყველაზე ცუდი მხარე აჩვენა, სოფის პირველად მოუნდა, რომ ვინმეს დაყრდნობოდა, ვინმეს იმედი ჰქონოდა.

***

ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა და ანდროსა და სოფის ურთიერთობა ბუნებრივად ვითარდებოდა. სოფი თავის თავს არ უტყდებოდა, რომ ანდროს მიეჯაჭვა, მაგრამ უკვე იცოდა, რომ ყოველ დილით ელოდა მისგან შეტყობინებას, რაც უდიდეს სიმშვიდეს ანიჭებდა. სოფიმ იცოდა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში მარტო არ იყო.

ერთ საღამოსაც, როდესაც სამსახურის შემდეგ, ანდრომ სოფი სახლში მიაცილა, სოფი შეყოვნდა და გაუღიმა.

– ხომ არ გავაგრძელოთ საღამო? – ჰკითხა ანდრომ.

სოფიმ არაფერი უპასუხა, ლოყაზე აკოცა და სადარბაზოში შევიდა.

***

უჩვეულოდ თბილი მარტი იდგა. ქარი დიდრონი ხეების ფოთლებს აშრიალებდა და სოფის ყოველ დილით აღვიძებდა ანდროს შეტყობინებები:

– დილა მშვიდობის, დღეს ცოტა გრილა, თბილად ჩაიცვი.

– დღეს ცხელა, თბილად არ ჩაიცვა. სითბოა, არ გაოფლიანდე.

სოფის სიამოვნებდა და კატასავით იზმორებოდა ხოლმე საწოლში, მაგრამ მაინც ფრთხილობდა: ახსოვდა მწარე გაკვეთილი, რომელიც მაქსომ და ლალიმ გაატარეს.

ერთ საღამოსაც, როდესაც ანდროს სახლში ვახშმობდნენ, სოფიმ მოულოდნელად ჰკითხა:

– იმდენად კარგი ხარ, ზედმეტად კარგი, რომ ხანდახან ეჭვი მეპარება. არ გეწყინოს. შეუძლებელია, ადამიანს არაფერი ეშლებოდეს.

– მერე ეს ცუდია? – გაუღიმა ანდრომ.

– არა, ცუდი არ არის, უბრალოდ, მე არც ისე კარგი ვარ, როგორც შენ მექცევი.

– ეს შენი აღქმაა, შენ ფიქრობ, რომ არ იმსახურებ. ვერ იღებ შენს თავს.

სოფის შერცხვა, მიხვდა, რომ წარსული მაინც ღრღნიდა – ჯერ კიდევ მასში ცხოვრობდა და ხელს უშლიდა.

როდესაც შინ დაბრუნდა, კარგა ხნის წინათ გადამალული პატარა ხის სკივრი გადმოიღო, სადაც ინახავდა ძველ დოკუმენტებს, დღიურებს, წერილებს და ლალისგან წერილიც იპოვა, წლების წინანდელი, როდესაც ძალიან ახალგაზრდები და ალალები იყვნენ.

„შენ ის ადამიანი ხარ, ვინც ჩემთვის ღმერთის საჩუქარია. დარჩი ასეთად და არასდროს დაემსგავსო სხვებს, არ გაბოროტდე.“

სოფის ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან. დაენანა, რომ მისი ეს ნალოლიავები მეგობრობა მოკვდა და არა მხოლოდ მოკვდა, ზოგადად, მეგობრობის შანსიც კი აღარ დაუტოვა. სოფი ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. აღარავის ენდობოდა. ამიტომ სრულ სიცარიელეს გრძნობდა.

***

– გაემზადე, განსაკუთრებულ ადგილას უნდა დაგპატიჟო, – უთხრა ერთ დღესაც ანდრომ სოფის. სოფიმ გაიღიმა, მაგრამ დაიძაბა. მიხვდა, რომ კულმინაცია ახლოვდებოდა და არ იცოდა, იყო თუ არა ამისთვის მზად. სოფი არ შემცდარა.

მაგიდა ლამაზ, მყუდრო ადგილას, სიმწვანეში იყო გაშლილი. ანდრომ სოფის სკამი გამოუწია. ჰაერში დაძაბულობა იგრძნობოდა. ანდრომ მაღალყელიანი ჭიქა ასწია, რომელშიც ღვთაებრივი წითელი სითხე ესხა:

– სოფი.

– გისმენ.

– არ გაჩქარებ.

– გისმენ – გაუღიმა სოფიმ, რამაც ანდროს სითამამე შესძინა:

– ბევრი ვიფიქრე და მინდა, რომ ჩემი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო.

სოფიმ მიაქცია ყურადღება, რომ ანდროს არ უთქვამს მისთვის, მიყვარხარო. ანდრომ თითქოს იგრძნო:

– იმიტომ მინდა, რომ მიყვარხარ.

– მეც მიყვარხარ, – უბრალოდ და ძალდაუტანებლად უთხრა სოფიმ.

მათი ურთიერთობაც უბრალოდ და ძალდაუტანებლად გაგრძელდა. ერთად ატარებდნენ საღამოებს, გამოსასვლელ დღეებს. შვებულებაშიც ერთად მიდიოდნენ და არც ერთი არ ძრავდა კრინტს დაქორწინებაზე.

***

ერთ დღესაც დედამისმა ანდროზე ჩამოუგდო სიტყვა:

– აპირებთ დაქორწინებას?

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა სოფიმ, – უკვე ვიყავი დაქორწინებული და აქედან კარგი არაფერი გამოვიდა.

– მით უმეტეს, ახლა გამოცდილება გაქვს, – გაუღიმა დედამისმა და სოფის ყოველთვის უკვირდა, როგორ ახერხებდა ხოლმე დედამისი, შეერჩია სწორი სიტყვები და ისე მიეწოდებინა სათქმელი, რომ სოფის თავი პატარა ბავშვად არ ეგრძნო.

– არ დაემორჩილო შიშს. შიში უკან გწევს, გამუხრუჭებს. უამრავი ადამიანი შეგხვდება ცხოვრების გზაზე და ყველას თავისი მისია აქვს, ყველა გასწავლის, რომ, საბოლოოდ, ისეთი გახდე, როგორიც გახდი – შენს თავში დარწმუნებული.

***

ანდრო მივლინებაში იყო და სოფი შემთხვევით იმ კაფეს წინ მოხვდა, სადაც ის და ლალი ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. თვალები უნებლიეთ გაექცა დარბაზისკენ და ნაცნობ სახესაც მოჰკრა თვალი. ლალიმაც შენიშნა და სახეზე დაეწერა, რომ დაიბნა. სოფის ბევრი არ უფიქრია და კაფეს კარი შეაღო. პირდაპირ ლალისკენ წავიდა.

ზუსტად ლალის პირდაპირ დაჯდა. ლალიმ ჯერ თვალები დახარა, შემდეგ კი თქვა:

– ვიცი, რომ ცუდი გაგიკეთე. უკან რომ შეიძლებოდეს ყველაფერის დაბრუნება, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი. მე არ მინდოდა, შენ გტკენოდა და, თან, მინდოდა. მე შენ მიყვარდი და იმავდროულად, მძულდი.

სოფი დაძაბული უსმენდა.

– რატომ გძულდი, რამე დაგიშავე? – ჰკითხა გაოცებულმა.

– არა, არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ, მე არასდროს შემეძლო, ვყოფილიყავი ისეთი ერთგული და თავდადებული, როგორიც შენ იყავი. მე ყოველთვის მქონდა შენი იმედი, მე კი სულ მაღიზიანებდა, რომ ჩემზე უკეთესი იყავი, ყველაფერში.

– მაგრამ მე ხომ შენ დასავით მიყვარდი, – სევდა ჩაუდგა თვალებში სოფის.

– ვიცი და ესეც მაღიზიანებდა.

ლალი თითქოს აღსარებას ამბობდა, სოფის კი უნდა მიეტევებინა.

– ნუღარ ფიქრობ ამაზე, ყველაფერი წარსულში დარჩა. მე არ ვარ შენზე ნაწყენი, არც ჩემს თავზე, იმის გამო, რაც გაგიკეთე.

ლალიმ სოფის ხელი დაადო ხელზე და სოფიმ უნებლიეთ გასწია.

– ესე იგი, ისევ ვერ მაპატიე, – უთხრა ლალიმ.

– არ მესმის, რას ელი, რომ ვითომც არაფერი მომხდარა და ისევ გავაგრძელებთ ურთიერთობას?! მე შევცდი, ჩემს ცხოვრებაში რომ შემოგიშვი; მე შევცდი, რომ გენდე. მე აღარ ვარ შენზე ნაწყენი, მაგრამ არც შენთან ურთიერთობა მინდა.

ამასობაში სოფის ტელეფონმა დაიწკრიალა:

– ჩამოვედი, სად არის ჩემი გოგო?!

სოფის გაეღიმა.

„მოვფრინავ“ – მისწერა ანდროს და წამოდგა.

– გულით გისურვებ, რომ კარგად იყო, მაგრამ მე შენთან არანაირი ურთიერთობა არ მინდა. მეტსაც გეტყვი, არც კი ვნანობ, რომ სამსახური დაგაკარგვინე.

სოფი არც დალოდებია ლალის პასუხს, ნაჩქარევად გავიდა კაფედან.

***

სანამ ანდროსთან წავიდოდა, ჯერ სახლში შეიარა და მოძებნა თავისი სკივრი, რომელშიც თავის წარსულს ინახავდა. გადაახარისხა, მხოლოდ ბავშვობის ფოტოები დაიტოვა. რკინის ყუთში მოათავსა და აივანზე გაიტანა. ასანთს მოუკიდა და ქაღალდებს შეუნთო.

წითელი ალი ავარდა და თეთრი ფურცლები მალევე იქცა ფერფლად. სოფი არც კი ღელავდა. პირიქით, ერთგვარ სიმსუბუქეს გრძნობდა. ცეცხლი მალევე მიინავლა და ცოტა ხანში სრულიად ჩაქრა. სოფიმ წყალი დაასხა და, საბოლოოდ, უნიტაზში ჩაუძახა. შემდეგ ჩანთიდან ტესტი ამოიღო და საპირფარეშოში შევიდა.

სოფიმ თვალები დახუჭა და გულში ითვლიდა. 180 რომ მოასრულა, თვალები გაახილა და ტესტს დახედა: ორი მკრთალი ხაზი ჩანდა და სოფის გული შეუფრთხიალდა: არ იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ანდროს.

დედამისს დაურეკა:

– ფეხმძიმედ ვარ.

– მადლობა ღმერთს, თორემ უკვე ვფიქრობდი, რომ ბებიობა არ მეღირსებოდა, – დედამისმა ისევ მოახერხა, მშვიდად და ძალდაუტანებლად მიეღო სიახლე. ანდრო არც უხსენებია.

***

მაქსო სოფისკენ გაემართა, რომელიც უჩვეულოდ გალამაზებულიყო და მხოლოდ შემდეგღა შეამჩნია წინ წამოწეული მუცელი. გველნაკბენივით შედგა. სოფი კი ახალგაზრდა მაღალ მამაკაცს მოეხვია, რომელმაც მანქანის კარი გაუღო. მაქსომ საყელო აიწია, 180 გრადუსით შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა