წარსულის გაკვეთილი
ავტორი: ნია დვალი 20:00 25.07

სოფი არასოდეს ბრუნდებოდა სახლში ასე ადრე. ჩვეულებრივ, მისი სამუშაო დღე გვიან საღამომდე გრძელდებოდა, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაუქმდა და ამიტომაც უკვე სახლში მიიჩქაროდა. ტელეფონი ამოიღო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა;
– მაქსოს სიურპრიზს გავუკეთებ, სახლში დავხვდები, – გაიფიქრა და გაიღიმა.
კარი საკუთარი გასაღებით გააღო და გაუკვირდა, რომ ბინაში შუქი ენთო, იმიტომ რომ მაქსო ყოველთვის აქრობდა შუქს, როდესაც სამსახურში მიდიოდა. მეორე, რამაც სოფის ყურადღება მიიპყრო, ქალის ფეხსაცმელები იყო – მაღალქუსლიანი და ტკივილამდე ნაცნობი.
– არა, შეუძლებელია, ის არ იქნება, – გაიფიქრა, მაგრამ შინაგანი ხმა სულ სხვა რამეს ეუბნებოდა.
შუქი საძინებლიდან გამოდიოდა, საიდანაც უცნაური ხმები ისმოდა. სოფი ფეხაკრეფით მიუახლოვდა საძინებელს. ფეხები დამძიმებოდა, თითქოს ტყვია ჩაასხესო. სახელურს ფრთხილად შეეხო და ოდნავ გამოაღო.
სოფი გაშეშდა.
რაც დაინახა, ამან სამუდამოდ გაყო მისი ცხოვრება მანამდე და შემდეგ. მათ საწოლზე, სადაც დღეს დილით ის და მაქსო იწვნენ, მაქსო სხვა ქალთან ერთად რაღაც გეგმებს აწყობდა და ვისთან? ლალისთან, სოფის საუკეთესო მეგობართან.
მაქსო, როგორც ჩანს, შეაწუხა მზერამ და მოტრიალდა, სოფის დანახვაზე, მაშინვე წამოხტა საწოლიდან. ლალიმ საბანი აიფარა სახეზე. სოფი გაშეშებული იდგა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
– ეს ის არ არის, რაც შენ იფიქრე, – მაქსო ნაჩქარევად იცვამდა შარვალს და სოფის უნებურად გაეცინა ამ ბანალური ფრაზის გაგონებაზე. არაფერი უპასუხია, მიტრიალდა და გაიქცა.
ლიფტში ერთგვარად მოეშვა და უცებ შეეშინდა, იმდენად დიდი ღალატის მოწმე გახდა. მისი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა ჩანთაში. სოფიმ მექანიკურად ამოიღო და გამორთო. უნდოდა, სადმე გაქცეულიყო ამ კოშმარს დამალვოდა. ფეხებმა თავისით წაიყვანა დედამისთან – ერთადერთ ადამიანთან, ვის გვერდითაც ყოველთვის დაცულად გრძნობდა თავს.
დედამ კარი გააღო და მაშინვე ყველაფერს მიხვდა. არაფერი უკითხავს, შვილს ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა, შემდეგ სამზარეულოში შეიყვანა და მაგიდასთან დასვა.
– გშია თუ ყავას დალევ? – ჰკითხა მშვიდად.
– ყავა მირჩევნია, – სოფიმ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. ყელი გამშრალი ჰქონდა. შეიძლება, ამიტომაც ერთი ცრემლიც კი არ ჩამოჰგორებია თვალებიდან. მისი სხეული უდაბნოსავით გამოშრა.
სოფიმ ყავა დალია და დაწვა. მანამდე კი მორჩილად გამოართვა დედამისს თეთრი აბი და წყალი მიაყოლა. მკვდარივით ეძინა. ტელეფონი მხოლოდ დილით ჩართო. ასობით გამოტოვებული ზარი იყო და უამრავი შეტყობინება მაქსოსა და ლალისგან.
„ყველაფერს აგიხსნი“, „ეს შეცდომა იყო“, „არასწორად გაიგე“, „მაპატიე“... – სოფი უყურებდა ამ არაფრის მთქმელ სიტყვებს და შეპყრობილივით შლიდა შეტყობინებებს.
– უნდა შევხვდეთ, ყველაფერს აგიხსნი. სიმართლე უნდა გაიგო, – ლალის ამ შეტყობინებაზე სოფიმ გადაიხარხარა.
– სიმართლე უნდა გავიგო, თურმე, – სოფიმ ტელეფონი მოისროლა და იგრძნო, როგორ ძლიერდებოდა მასში ბრაზი, რომელიც მზად იყო თავის გზაზე ყველა და ყველაფერი გაენადგურებინა.
საიდანღაც შორიდან დედამისის ხმა ესმოდა:
– სოფი ჩემთან არ არის. შენი ცოლის ამბავს მე ნუ მეკითხები.
სოფი საძინებლიდან გამოვიდა და დედამისმა ისე გულღიად გაუღიმა, თითქოს არაფერი მომხდარიყო:
– ვისაუზმოთ, ყიყლიყოები მოგიმზადე.
სოფი ცდილობდა, ეჭამა, რომ დედამისისთვის ესიამოვნებინა, მაგრამ ლუკმა ყელში ეჩხირებოდა. დღე უსასრულოდ გაიჭიმა. საათის ისრები თითქოს ერთ ადგილას იდგა. დრო გაჩერდა. სოფიმ ისევ გამორთო ტელეფონი. საღამოს ჩართო და ლალისგან მორიგი შეტყობინებაც მიიღო:
– ხვალ, შუადღეს, 12–ზე ჩვენს კაფეში მოდი, გთხოვ. უფრო ადრეც უნდა მეთქვა სიმართლე.
სოფი ტელეფონის ეკრანს უყურებდა და ბრაზი ღრღნიდა, უნდოდა, ეტირა, ეყვირა და ყველაფერი დაელეწა ირგვლივ, გაემწარებინა მაქსო და ლალი, მაგრამ თავისდა გასაოცრადაც ლალის მისწერა:
– კარგი.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო. დიახ, წავიდოდა, რომ თვალებში ჩაეხედა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ორმაგად მიაყენა შეურაცხყოფა, როგორც ცოლს და როგორც მეგობარს.
სოფი ლოგინში ტრიალებდა, ვერ იძინებდა. თვალწინ ის სცენა ედგა, რომელიც მათ საძინებელში დაინახა და კადრებივით ახსენდებოდა, როგორ გაიცნო ლალი, როგორ დამეგობრდნენ. როგორ უზიარებდა მას თავის ყველაზე სანუკვარ ოცნებებსა და სურვილებს. როგორ უხაროდა ლალის წარმატებები, როგორ გააცნო მაქსო და სთხოვა, რომ მისი მეჯვარე ყოფილიყო. სოფის ჯერ ცრემლები მოერია, შემდეგ კი ისევ გაბოროტდა:
– მოვისმენ, რის თქმა უნდა და შემდეგ ორივეს ცოცხლად შევჭამ! – გადაწყვიტა სოფიმ.
***
„ჩვენი კაფე“ სოფის ყავისა და დარიჩინის ნაცნობი სურნელით შეეგება. უამრავჯერ ყოფილა აქ ლალისთან ერთად და ერთმანეთს საიდუმლოებებს უზიარებდნენ. ეს ყველაფერი ახლა სოფის ერთ დიდ სიყალბედ ეჩვენებოდა ტრაგიკომიკურ სპექტაკლში, სახელად – „მეგობრობა“.
ლალი კაფეს სიღრმეში იჯდა და ყავას წრუპავდა. და თუმცა, ჩვეულებისამებრ, ფორმაში იყო, ჩაცმულობითაც და მაკიაჟითაც, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა და სოფის თვალებს ვერ უსწორებდა.
– მთლად წყალწაღებულიც არ ყოფილა, – გაიფიქრა სოფიმ, რომელიც ცდილობდა, შორიდანვე თვალი თვალში გაეყარა ლალისთვის, ის კი თვალს არიდებდა.
– მადლობა, რომ მოხვედი, – ჩაილაპარაკა ლალიმ, როდესაც სოფი მაგიდას მიუახლოვდა.
– როგორი თავმდაბალი ხარ, – ჩაიცინა სოფიმ. ლალი თითქოს ვერ მიუხვდა ირონიას, არ შეიმჩნია:
– ყველაფერი უნდა აგიხსნა.
– რა უნდა ამიხსნა? – დამცინავად ჰკითხა სოფიმ.
ლალი დაიბნა, სოფიმ კი საქმიანად, უემოციოდ ჰკითხა:
– რამდენი ხანია, რაც ეს გრძელდება?
ლალი თითქოს დაიბნა, მაგრამ შემდეგ, რატომღაც, მხრებში გაიშალა და უტიფრად შეაჩერდა სოფის თვალებში.
– ნახევარი წელია. თავისთავად მოხდა, არც ველოდით. უბრალო სიმპათიით დაიწყო და შემდეგ...
– სიმპათია გაგიჩნდა ჩემი ქმრის მიმართ?! რომლის ქორწილშიც ჩემი მეჯვარე იყავი?! – სოფიმ გადაიხარხარა, – შენ მე სრული დებილი გგონივარ?!
– ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და შენ ეს უნდა გაიგო. ვცდილობდით, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, – უტიფრად უთხრა ლალიმ უკვე ყოფილ მეგობარს.
– სიყვარული ძალიან ძლიერი გრძნობაა ნამდვილად, – თქვა სოფიმ და ლალი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა, ამიტომ დაიბნა:
– არ მინდოდა, რომ შენ გული გტკენოდა.
– ვიცი, მივხვდი, – უპასუხა სოფიმ, – ამიტომაც ჩემს საძინებელში იწექი ჩემს ქმართან ჩემსავე ლოგინში. დიდი კეთილშობილებაა შენი მხრიდან ნამდვილად.
– ჩვენ ვაპირებდით, გვეთქვა შენთვის, – ლალის სინდისის ქენჯნა აღარ ეტყობოდა.
– ვინ იცოდა ამ თქვენი დიდი სიყვარულის შესახებ? – ჰკითხა სოფიმ.
– ზოგმა იცოდა, ზოგი ხვდებოდა... – ლალიმ თავი დახარა.
– ჰო, მართალი ხარ, დიდ სიყვარულს ვერაფრით დაფარავ, – სოფი ლალის თვალწინ იმდენად შეიცვალა, რომ ლალი ვერ ხვდებოდა, როდის ლაპარაკობდა გულწრფელად და როდის ირონიულად:
– და ვინ იცოდა და ვინ ხვდებოდა?
– მაქსოს დედამ იცოდა, და ხვდებოდა...
– მშვენიერია. კიდევ რამის თქმას აპირებ, თუ სულ ეს იყო? – დააზუსტა სოფიმ, – მეჩქარება, ბევრი საქმე მაქვს, – ეს თქვა და წამოდგა.
– მე არ მინდა, რომ ასე დავშორდეთ ერთმანეთს, – ლალიც წამოდგა.
– ანუ ვიმეგობროთ ოჯახებით?! – გადაიხარხარა სოფიმ, – თუ ორგია მოვაწყოთ.
***
სოფი თითქოს დამშვიდდა ლალისთან შეხვედრის შემდეგ, ვინაიდან ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ შურისძიებას აპირებდა, ამიტომ ცივი გონებით დაიწყო მოქმედება.
სოფიმ კერძო დეტექტივიც დაიქირავა და საერთო ნაცნობების თვალთვალიც დაავალა. გაირკვა, რომ მაქსო და ლალი ერთმანეთს მაქსოსა და სოფის ბინაში ხვდებოდნენ, როდესაც სოფი გვიანობამდე რჩებოდა სამსახურში, ამას გარდა, ხანდახან სასტუმროშიც ჰქონდათ პაემანი. მაგრამ ყველაზე დიდი აღმოჩენა მაინც სულ სხვა რამ აღმოჩნდა, რაზეც ყურადღება იურისტმა მიაქცევინა.
სოფიმ დოკუმენტებს გადახედა და გაიხსენა, რომ მათი საერთო ბინა, ფაქტობრივად, მისი საკუთრება იყო. თუმცა ბინა ქორწინების შემდეგ შეიძინეს, მაგრამ ის ნაყიდი იყო სოფის ბებიის მიერ დანატოვარი ბინის გაყიდვიდან ამოღებული ფულით. იღბლის წყალობით, დოკუმენტაცია შენახული ჰქონდა. უფრო ზუსტად, დედამისს შეენახა.
– ესე იგი, ბინა მხოლოდ ჩემია და გაყოფა არ მომიწევს? – ჰკითხა სოფიმ იურისტს.
– დიახ, უდიდესი ალბათობით, ბინა თქვენ დაგრჩებათ, იმიტომ რომ არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თანხის ნაწილი თქვენმა ქმარმა შეიტანა.
პირველ წარმატებას მეორეც მოჰყვა: დეტექტივმა გაარკვია, რომ ლალი საკმაოდ საეჭვო სქემებში იყო ჩართული –სამსახურის დოკუმენტაციას აყალბებდა, რითიც არც თუ მცირე თანხას შოულობდა.
სოფი თვალებსა და ყურებს არ უჯერებდა, ვინაიდან ლალი ყველაზე წესიერ პროფესიონალად მიაჩნდა თავის სფეროში. სოფი გულმოდგინედ აგროვებდა საბუთებს და გრძნობდა, როგორ ნელდებოდა ბრაზი, რასაც ხელს უწყობდა კომპრომატები და ის მოსალოდნელი უბედურება, რასაც მაქსოსა და ლალის დაატეხავდა თავს.
***
ერთ დღესაც მაქსომ განქორწინების შეტყობინება მიიღო, ასევე, მოთხოვნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ბინა დაეტოვებინა. ზუსტად იმავე დღეს მიიღო ლალის უფროსმა ანონიმური შეტყობინება ელფოსტაზე მის კომპანიაში მიმდინარე უკანონო ქმედებების შესახებ.
– ამას შენგან არ ველოდი, ეს როგორ იკადრე? – მაქსოს აღშფოთებული ხმა ჰქონდა, – შენ ხომ გიყვარდი?! ესე იგი, იტყუებოდი და მიყენებდი.
– მიყვარდი, – სოფის თავადაც უკვირდა თავისი სიმშვიდე, – ახლა გადამიყვარდი. ახლა ლალის უყვარხარ და თუ უყვარხარ, შენთან ერთად ნაჯახის ტარზეც იცხოვრებს, – სოფიმ ტელეფონი გათიშა და მაქსოს ნომერი დაბლოკა.
დეტექტივისგან შეიტყო, რომ ლალი სამსახურიდან გაათავისუფლეს და, რადგან მისმა ყოფილმა შეფმა იზრუნა, ფინანსურ წრეებში ყველამ შეიტყო, რომ ლალის ნდობა არ შეიძლებოდა.
მაქსო იძულებული გახდა, უმუშევარ ლალისთან გადასულიყო საცხოვრებლად. მათი სიყვარული დასაწყისში უძლებდა ფინანსურ სიძნელეებსა და ლალის რთულ ხასიათს, მაგრამ ცოტა ხანში, დანებდა ნაცრისფერი ყოველდღიურობის მომქანცველობას და მაქსომ უფრო მომგებიანი პარტია იპოვა.
***
– კმაყოფილი ხარ? – დედა სოფის მიაჩერდა, – შურისძიებამ გაგათავისუფლა ბრაზისგან?
სოფი ფანჯარაში იყურებოდა, ბოლოს კი მძიმედ ამოთქვა:
– არა. მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ შემიძლია, საკუთარი თავის დაცვა და აღარ დავუშვებ, რომ მსხვერპლი გავხდე.
– ეს არაა ცუდი, მთავარია, წესად არ გექცეს სამაგიეროს გადახდა, იმიტომ რომ, საბოლოოდ, ეს მაინც შენ დაგიბრუნდება, – ურჩია დედამ.
***
ნახევარი წელიც გავიდა. სოფი თავისი ახალი ოფისის პანორამულ ფანჯარასთან იდგა. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა: ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, ახალი ადამიანები გაიცნო. ახალი გეგმები დაისახა, რომელთა ცენტრი თავად იყო.
მაგიდაზე ტელეფონმა დაიწკრიალა. სოფი მივიდა და შეტყობინება გახსნა:
– შენ დამინგრიე ცხოვრება. აღარც სამსახური მაქვს და აღარც პერსპექტივა. მაქსომ მიმატოვა. მიაღწიე შენსას?!
ლალი სხვა ნომრიდან სწერდა. სოფიმ თავის გულს მიაყურადა: ვერაფერს გრძნობდა, ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა და ტექსტი აკრიფა:
– თუ კიდევ შემაწუხებ, პოლიციას მივმართავ. აღარასდროს მომწერო და დამირეკო. – როდესაც პასუხი გაგზავნა, გაეღიმა და ორივე შეტყობინება წაშალა.
კმაყოფილებას ვეღარ გრძნობდა იმის გამო, რომ შური იძია და ყოფილი ქმრისა და ყოფილი მეგობრის ურთიერთობა დაანგრია, მაგრამ ის კი დაისწავლა, რომ დისტანცია აუცილებელი პირობა იყო სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის. რაც უფრო ახლოს უშვებ ადამიანს შენს ცხოვრებასთან ან მის ნაწილად აქცევ, მით მეტ ზიანს მოგაყენებს და ეს, სულაც, არ არის მხოლოდ მისი ბრალი: შენ აცდუნებ. და სოფის გაახსენდა, როგორი აღფრთოვანებით უზიარებდა ხოლმე ლალის თავის ბედნიერებას და მაქსოზე ათასგვარ რამეს უყვებოდა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან