რომანი და დეტექტივი

წარსულის აჩრდილი

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.01, 2024 წელი

წარსულის აჩრდილი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #52 (1200)

მეორე დღეს ეფექტურად გამოვეწყვე. ტაქსი გამოვიძახე და ქალაქის ცენტრში გავემგზავრე, სადაც „ძოწი და კომპანიის“ ოფისი მდებარეობდა. დანიშნულ შეხვედრამდე 5 წუთით ადრე აღმასრულებელი დირექტორის მისაღებში ვიჯექი. ზუსტად 11 საათზე კი მდივანმა გოგონამ დირექტორის კაბინეტის კარი გამიღო და კომპაქტურად და გემოვნებით მოწყობილ პატარა კაბინეტში შევედი. ვახტანგ ძოწენიძე ოცდაათიოდე წლის, საშუალოზე მაღალი, ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. რომ დამინახა, შუა კაბინეტში შემომეგება. ხელზე მეამბორა, მთხოვა, სავარძელში დაბრძანდიო, თავადაც ჩემ წინ მოკალათდა და მკითხა:

– ყავას მიირთმევთ თუ ჩაის?

– ყავას, თუ შეიძლება, – გავუღიმე კაბინეტის მასპინძელს, რომელსაც ეტყობოდა, რომ თვალში მოვუვედი.

– ნალექიანს თუ უნალექოს?

– თუ შეიძლება, ნალექიანს.

ძოძენიძემ მდივანს დაურეკა. ორი ყავა და კონიაკი შეუკვეთა და მითხრა:

– თუ ეწევით, შეგიძლიათ გააბოლოთ.

– არა, გმადლობთ. არ ვეწევი, – ვთქვი მე და გავუღიმე. ძოწენიძემ კი მითხრა:

– გისმენთ, ქალბატონო ეკატერინე.

– ბატონო ვახტანგ, თქვენი ფირმა გადაზიდვებს აწარმოებს, ხომ ასეა? – ვთქვი მე.

– დიახ. ჩვენ ვახორციელებთ შიდა და გარე გადაზიდვებს ყველა სახის ტრანსპორტით, როგორც საქართველოში და კავკასიის რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც, – დამიკონკრეტა აღმასრულებელმა დირექტორმა.

– ბატონო ვახტანგ, ჩემი ფირმის წარმომადგენლობა დაინტერესებულია ციტრუსებისა და ხილის შესყიდვით ამიერკავკასიაში და მათი ტრანსპორტირებით რუსეთში. ჩვენ გვჭირდება საიმედო პარტნიორი ამ საქმეში და ვფიქრობთ, რომ სწორედ „ძოწი და კომპანია“ შეძლებს ამას, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნებათ.

– უფრო კონკრეტულად მითხარით, ქალბატონო ეკატერინე, – მითხრა ძოწენიძემ.

– მარტივი სქემაა, ჩვენ შევისყიდით ჩვენთვის საჭირო პროდუქციას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, თქვენ კი მათ რუსეთში ჩამოიტანთ მითითებულ ადგილზე, – ვუთხარი ძოწენიძეს.

– რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო ჩვენს ტრანსპორტს რუსეთში არ შეუშვებენ. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან დაბრკოლება არ გვექნება. იქიდან, რა თქმა უნდა, წამოვიღებთ თქვენთვის საჭირო პროდუქციას, მაგრამ მხოლოდ ლარსის საბაჟომდე. იქიდან კი თქვენ მოგიწევთ ტრანსპორტირება, – განმარტა დირექტორმა. მე კი მას გავუღიმე და ვუთხარი:

– ეს პრობლემა მოგვარდება. საზღვარზე თქვენს მანქანებს უპრობლემოდ გაატარებენ. მათ ნომრებს შეუცვლიან. თანაც, გამყოლიც ეყოლებათ, რომ არავინ შეაწუხოს. ხოლო უკან რომ დაბრუნდებიან, გამყოლი მათ საზღვარამდე გამოაცილებს და კვლავ ქართულ ნომრებს დაუყენებენ.

– ძალიან კარგი. ასეთ შემთხვევაში პრობლემა არაა. ჩათვალეთ, რომ თქვენს განკარგულებაში ვართ, – მითხრა ვახტანგ ძოწენიძემ და გამიღიმა. მოწევის ნებართვა მთხოვა. გააბოლა და ყავა მოსვა. მე კი ვუთხარი:

– ბატონო ვახტანგ, თქვენი მომსახურება სამი თვის შემდეგ, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაგვჭირდება და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ შესაბამისი ტიპისა და რაოდენობის ტრანსპორტი ამ დროისთვის მზად გეყოლებათ. მე თქვენ შესაბამის სიას გადმოგცემთ. გაეცანით და მითხარით, შეძლებთ თუ არა იმ დროისთვის საჭირო მზადყოფნაში იყოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნოემბერში რუსეთში თოვლია და თქვენი ტრანსპორტი მკაცრი მეტეოროლოგიური პირობებისთვის მზად უნდა იყოს.

– დიახ. გასაგებია. ჩვენ სათანადო რესურსები გვაქვს და ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგში იქნება.

– ბატონო ვახტანგ, ძალიან კარგი, – ვუთხარი ძოწენიძეს და დავამატე, – მოამზადეთ შესაბამისი ანოტაცია და ხელშეკრულების პროექტი. მე ჩემს ხელმძღვანელობას გადავუგზავნი და თუკი ტექნიკურ მხარეებსა და ტარიფებზე შევთანხმდებით, მაშინ მესამედ თანხას წინასწარ ჩაგირიცხავთ. დანარჩენს კი – საქმეების შესრულების შესაბამისად.

– დიახ. რა თქმა უნდა, ქალბატონო ეკატერინე. ახლავე გავცემ განკარგულებას, რომ ყველაფერი მოამზადონ. თქვენთან კი ერთი თხოვნა მექნება და ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით, – მითხრა ძოწენიძემ.

– დიახ. ბრძანეთ, ბატონო ვახტანგ, – ვუთხარი ძოწენიძეს, თუმცა უკვე ვიცოდი მისი თხოვნის შინაარსი.

– მაშინ, ათიოდე წუთი დამელოდეთ აქ. მე განკარგულებებს გავცემ, დავბრუნდები და ჩემი თხოვნის შინაარსს გაგაცნობთ, – მითხრა ძოწენიძემ. წავიდა და მოთმინებით ველოდი, თუ როდის შემომთავაზებდა სასადილოდ წასვლას.

ათიოდე წუთის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორი კაბინეტში დაბრუნდა და ფამილიარულად, ქალბატონის გარეშე, მხოლოდ სახეით მომმართა:

– ეკატერინე, უმორჩილესად გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით და ჩვენი გაცნობისა და ერთობლივი ბიზნესის დაწყების აღსანიშნავად ჩემთან ერთად ისადილოთ რესტორანში.

ძოწენიძეს გავუღიმე და ვუპასუხე:

– დიდი სიამოვნებით.

ათი წუთის შემდეგ ფირმა „ძოწი და კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ ძოწენიძის ძვირფასი მანქანით თბილისის ფუნიკულიორისკენ ავიღეთ გეზი და ზემო სადგურის შენობაში, მესამე სართულზე მდებარე ვიპ-რესტორანში დავსხედით. იქიდან თბილისის ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი და ამ მშვენიერებით ვტკბებოდი. ძოწენიძე უაღრესად ჯენტლმენურად იქცეოდა და ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც ეს. თავდაპირველად მხოლოდ საქმეზე ვლაპარაკობდით. შემდგომ ვახტანგ ძოწენიძემ ნელ-ნელა შეიტყო, რომ დედის მხრიდან წინაპრები ქართველები მყავდა და რომ გაუთხოვარი ვიყავი, არც შეყვარებული მყავდა და რომ მთელი არსებით ვიყავი ჩართული ბიზნესში და რომ ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევას ვგეგმავდი.

უკვე შებინდებული იყო, როდესაც რესტორნიდან წამოვედით. ძოწენიძემ მანქანით სახლში მიმიყვანა და გამომშვიდობებისას მითხრა:

– ეკატერინე, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გატარებული დღე და თუ თქვენც კმაყოფილი ხართ, ორმაგად მოხარული ვიქნები. ხვალ, შუადღისთვის მზად იქნება ყველა საბუთი, შეგეძლებათ, გაეცნოთ და თქვენს ხელმძღვანელობას გადაუგზავნოთ. ხვალ გამოგივლით და საბუთებს მოგიტანთ.

– ხვალ დილით მივემგზავრები, სამი-ოთხი დღე არ ვიქნები და ყველაფერი ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნეთ. გავეცნობი, ჩემს ხელმძღვანელობასაც გადავუგზავნი და რომ დავბრუნდები, პასუხსაც მაშინ გეტყვით, – ვუთხარი ძოწენიძეს.

ჩემი პასუხი აღმასრულებელ დირექტორს არ ესიამოვნა. სევდიანად გამიღიმა და მითხრა:

– თუ საიდუმლო არაა, სად მიემგზავრებით?

– არა, რატომაა საიდუმლო, ბათუმის „შერატონში“ ნომერი ჯერ კიდევ მოსკოვიდან დავჯავშნე და მინდა, ამ პაპანაქებაში რამდენიმე დღე ზღვაზე გავატარო, – სრული ინფორმაცია მივაწოდე ძოწენიძეს.

დირექტორს სახე გაებადრა, ხელზე მეამბორა და მითხრა:

– შეხვედრამდე, ეკატერინე!

– შეხვედრამდე, ბატონო ვახტანგ, – მივუგე ძოწენიძეს და მანქანიდან გადავედი.

ბათუმში სწრაფი მატარებლით ჩავედი და წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში დავსახლდი. კონდიციონერი ჩავრთე და დასასვენებლად წამოვწექი. საღამოს კი ბულვარზე გავისეირნე და აჭარის დედაქალაქის სილამაზით ვტკბებოდი. მაგნოლიების ხეივანს რომ მივუახლოვდი, ნაცნობი ხმა მომესმა:

– ეკატერინე, საღამო მშვიდობისა!

შევტრიალდი და ვახტანგ ძოწენიძე შემრჩა ხელში, რომელიც მიღიმოდა.

– ბატონო ვახტანგ, თქვენ? საღამო მშვიდობისა! აქ როგორ მოხვდით? – ვთქვი მე. მან კი მიპასუხა:

– გადავწყვიტე, ცოტა მეც დავისვენო. თბილისში პაპანაქებაა და რამდენიმე დღით აქეთ გამოვემართე. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ კამპანია გაგიწიოთ საღამოს ვოიაჟში?

– არ ვარ წინააღმდეგი, – გავუღიმე ვახტანგ ძოწენიძეს და ერთად გავუყევით ბულვარს.

მე და ვახტანგმა ერთად გავატარეთ ოთხი დღე და თბილისშიც ერთად დავბრუნდით. აშკარა იყო, რომ მას ძალიან მოვწონდი და არც მალავდა ამას. თუმცა, ზედმეტი არაფერი უკადრებია. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს და ხან რესტორანში ვისხედით, ხან ბულვარზე ან ქალაქგარეთ გავდიოდით სასეირნოდ.

ორი თვის შემდეგ კი ვახტანგი სიყვარულში გამომიტყდა და ხელი მთხოვა.

მე გავუღიმე და ვუთხარი:

– ვახტანგ, ჩვენ თითქმის არც კი ვიცნობთ ერთმანეთს. თქვენი მშობლებიც არ მიცნობენ და ვფიქრობ, ნაჩქარევად მთავაზობთ დაოჯახებას.

– ეკატერინე, ჯერ ერთი, რომ კარგად გიცნობ და ჩემი თხოვნაა, თქვენობით აღარ მომმართო... ან რა ცნობაა საჭირო, როცა ძალიან შემიყვარდი და გული კარნახობს, რომ თუკი მაგრად არ ჩაგკიდე ხელი, შენს თავს სხვა მომტაცებს და ხელიდან გამიფრინდები. ხოლო რაც შეეხება ჩემს მშობლებს, ხვალ საღამოს ვახშამზე გელოდები. უფრო სწორად, სახლში გამოგივლი და ჩემთან წაგიყვან და ჩემს მშობლებს გაგაცნობ.

– კარგი. ხვალამდე. ახლა კი სახლში მიმიყვანე – ვუთხარი ვახტანგს.

ვახტანგის მშობლები გულთბილად შემხვდნენ და მივხვდი, რომ მათ ჩემ შესახებ წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია და თანახმა იყვნენ ჩვენს ქორწინებაზე. ვახშამმა გულთბილ, ოჯახურ ატმოსფეროში ჩაიარა. ვახტანგმა ოქროს ბეჭედი გამიკეთა თითზე, დამნიშნა და ქორწილის დღეზე დავიწყეთ ბჭობა. ვახტანგს, რაც შეიძლება, მალე უნდოდა ქორწილი და ამის თარიღად 30 სექტემბერი დაასახელა. თუმცა ვახტანგის მამამ, ნიაზმა თქვა:

– გამორიცხულია. 28 სექტემბერს ბიზნესსაქმეებზე ბუდაპეშტში უნდა ჩავფრინდე და იქიდან მხოლოდ 2 ნოემბერს დავბრუნდები, ამიტომ, ჯობს ქორწილი 7 ნოემბერს დავნიშნოთ.

– კი. მასე ჯობია, – ვთქვი მე და დავამატე, – 27 სექტემბერს 4-5 დღით მოსკოვში უნდა ჩავიდე. სამსახურში ინტენსიური თათბირებია და ვერ გამოვაკლდები. მეც ნოემბრის დასაწყისში დავბრუნდები.

– მეც შენთან ერთად წამოვალ, – თქვა ვახტანგმა. მაგრამ მამამისმა თავი გააქნია:

– არა, ეგრე არ გამოვა. ფირმას ვერ დავტოვებთ. არც მე ვიქნები, არც შენ და შეიძლება, საქმე გაფუჭდეს.

– ერთი კვირა რა არის, მამა. რა საქმე უნდა გაფუჭდეს? – მხრები აიჩემა ვახტანგმა.

ამ დროს მეც ჩავერთე და ვუთხარი:

– არა, ვახო, ბატონი ნიაზი მართალია. თანაც, რა აზრი აქვს შენს მოსკოვში წამოყოლას, თუ ის დღეები სამსახურიდან თითქმის ვერ გამოვალ.

ერთობლივი ძალებით ვახტანგი დავარწმუნეთ, რომ თბილისში დარჩენილიყო და ქორწილი 7 ნოემბრისთვის დავნიშნეთ.

ჩემს გამგზავრებამდე ოთხი დღე იყო დარჩენილი და ვახო გვერდიდან არ მომშორებია. აეროპორტშიც თვითონ წამიყვანა და გამაცილა. როგორც კი მოსკოვში ჩავფრინდი, არეოპორტშივე ავიღე ბუდაპეშტის თვითმფრინავზე ბილეთი და უნგრეთის დედაქალაქში გავფრინდი. სასტუმროში მოვიწყვე და სევას დაურეკე, რომელიც წინასწარ მყავდა დაქირავებული და 10 ათასი დოლარიც წინასწარ გადავუხადე. 15 ათასიც საქმის მოგვარების შემდეგ უნდა გადამერიცხა მისთვის. სევამ მითხრა, რომ „ობიექტი“ მზადააო და შემეძლო მისთვის მიმეკითხა.

სასტუმრო „ამბასადორში“ თმაშეღებილი, მუქი სათვალითა და გრძელ კაბაში გამოწყობილი მივედი. სევას მიერ დასახელებულ ნომერში შევედი, კარი გადავრაზე და სუფრასთან მჯდარ ნიაზ ძოწენიძეს წინ დავუდექი. მან ვერ მიცნო და გაოცებული მომაჩერდა, ხოლო, როდესაც სათვალე მოვიხსენი და თვალი თვალში გავუყარე.

– ეკატერინე, თქვენ? – მკითხა ნიაზმა რუსულად.

– მიცანით? – ქართულად ვთქვი მე, რამაც ნიაზ ძოწენიძე გააოცა და მითხრა:

– შენ, რა, ქართული იცი?

– ქართველი ვარ და რატომ არ უნდა ვიცოდე?

– ქართველი?

– ჰო, ქართველი. აბა, კარგად დამაკვირდი, არავის გაგონებ? ამბობენ, რომ მამაჩემს ძალიან ვგავარ.

– მამაშენს? – თქვა ნიაზმა. შემდეგ ტუჩი მოიკვნიტა და დაამატა, – სოსო მესხის შვილი ხარ?

– გაგახსენდა. ძალიან კარგი. სოსოს შვილი ვარ. იმ სოსოსი, ვისაც შენ ბიზნესი წაართვი, ცოლი მოუკალი და 22 წლით ციხეში გაამწესე. თავად კი მილიონერი გახდი და ალბათ, ფიქრობდი, რომ შეგრჩა, ხომ?

– საიდან იცი ეს ყველაფერი?

– მამაჩემისგან.

– სოსო ცოცხალია?

– შარშან გარდაიცვალა. თუმცა, ციხიდან ცოცხალი გამოვიდა და ყველაფერი მომიყვა. ახლა კი შურისძიების დრო მოვიდა და ყველაფერზე პასუხი უნდა აგო.

– ესე იგი, ვახოს იმიტომ დაუახლოვდი, რომ მე მომწვდომოდი?

ნიაზმა თავი ჩაქინდრა, გაშავდა და სული განუტევა.

სასტუმროს ნომრიდან შენიღბული გამოვედი და აეროპორტისკენ გავემართე. სევას გზიდან დავურეკე და ვუთხარი:

– იმედია, ექსპერტიზა მოწამვლას არ დაადასტურებს.

მოსკოვში რომ ჩავფრინდი, მობილური ტელეფონი ჩავრთე და ვახოს დავურეკე.

– გისმენთ, – მიპასუხა ვახომ.

- ვახო, ძვირფასო, რაღაც საქმეები გამომიჩნდა, როგორც კი გავთავისუფლდები დაგირეკავ.

თბილისში შუაღამეზე ვახოს ბუდაპეშტიდან დაურეკეს და მამამისის სიკვდილი აცნობეს.

მხოლოდ მე ვიცოდი ნიაზ ძოწენიძის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა