რომანი და დეტექტივი

წამობრძანდით, ქალბატონო

№18

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 12.05

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გარ დე ლიონის ბაქანზე ქურქში გამოწყობილი მაღალი ქალი დატვირთულ მებარგულს მიჰყვებოდა უკან. მუქი ყავისფერი ნაქსოვი ქუდი ცალ თვალსა და ყურზე ჩამოეწია. მეორე მხარეს მშვენიერი პაჭუა პროფილი უჩანდა და პატარა ყურზე ოქროსფერი კულულები ეყარა. ტიპური ამერიკელი იყო, ძალიან მომხიბვლელი. ბაქანზე მიმავალს კაცები თვალს აყოლებდნენ. ვაგონებს გვერდებზე დიდი აბრები ჰქონდათ მიკრული: პარიზი-ათენი, პარიზი-ბუქარესტი, პარიზი-სტამბოლი… მებარგული ბოლო აბრასთან შეჩერდა, თოკი, რომელიც ჩემოდნებს ჰქონდა შემოჭერილი, გახსნა და ჩემოდნები მიწაზე დაცვივდა.

– მოვედით, მადამ.

საძინებელი ვაგონის გამცილებელი, რომელიც ვაგონის კიბესთან იდგა, წინ წამოვიდა და ხაზგასმული თავაზიანობით მიესალმა ქალს. ქალმა საძინებელი ვაგონის ბილეთი გაუწოდა.

– მეექვსეა, აქეთ მობრძანდით, – უთხრა კაცმა და მკვირცხლად ავიდა ვაგონში. ქალიც მას აჰყვა. დერეფანში რომ მიდიოდა, კინაღამ ზორბა ჯენტლმენს შეეჯახა, მეზობელი კუპედან რომ გამოდიოდა. უცებ შეავლო თვალი მის ფართო, მშვიდ სახეს და კეთილ თვალებს.

გამცილებელმა კუპეში შეიყვანა, ფანჯარა გააღო და მებარგულს ხელით მოუხმო. მებარგულმა ბარგი შემოიტანა და თაროზე დააწყო. ქალი ჩამოჯდა და ალისფერი კოლოფი და ხელჩანთა გვერდით დაილაგა. კუპეში ცხელოდა, მაგრამ ქურქის გახდა არც უფიქრია, უაზრო თვალებით იყურებოდა ფანჯრიდან. ხალხი ზოგი საით მიიჩქაროდა და ზოგიც – საით. ბაქანზე გაზეთებს, შოკოლადს, ხილს, მინერალურ წყალს ყიდდნენ. ქალსაც აწვდიდნენ თავიანთ საქონელს, მაგრამ ის ისევ უაზროდ იყურებოდა ფანჯარაში.

გარ დე ლიონი მხედველობის არედან გაქრა. ქალს სახე კიდევ უფრო დაუნაღვლიანდა.

– პასპორტს ხომ ვერ მიჩვენებთ, ქალბატონო?

ამ სიტყვებზე ქალი არც განძრეულა. კარში მდგომმა გამცილებელმა თხოვნა გაუმეორა. ელსი ჯეფრისი მოულოდნელობისაგან შეხტა.

– თქვენი პასპორტი, ქალბატონო!

ქალმა ხელჩანთა გახსნა, პასპორტი ამოიღო და მიაწოდა.

– ყველაფერი რიგზეა, ქალბატონო, დანარჩენს მე მივხედავ, – შეჩერდა, – მეც ქალბატონივით სტამბოლამდე მივყვები მატარებელს.

ელსიმ ორმოცდაათფრანკიანი ამოიღო და მიაწოდა. გამცილებელმა საქმიანად გამოართვა და ჰკითხა, საწოლი როდის გაგიშალოთ და სადილს ხომ არ ინებებთო. ეს საქმეები რომ მოაგვარა, გამცილებელი გავიდა და თითქმის მაშინვე დერეფანში რესტორნის მოსამსახურე გამოჩნდა, პატარა ზარს რეკდა და თან ყვიროდა: პირველი კლასის მგზავრებს ვეპატიჟებით!

ელსი წამოდგა, ქურქი გაიხადა, თავი პატარა სარკეში შეათვალიერა, ხელჩანთა და ოქროულობის ყუთი აიღო და დერეფანში გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, რესტორნის მოსამსახურე შემოხვდა, ვაგონის ბოლოდან ბრუნდებოდა. მას რომ არ დაჯახებოდა, ელსიმ მეზობელ, ამჟამად ცარიელ კუპეში შეაბიჯა. კაცმა გაიარა და ქალმა ვაგონრესტორნისკენ გზის გაგრძელება დააპირა, რომ უცებ თვალი მოჰკრა წარწერას ჩემოდანზე, იქვე, სკამზე რომ იდო. დიდი ჩემოდანი იყო, ღორის ტყავის, ცოტა არ იყოს, გაცვეთილი. ზედ იარლიყი ეკრა, რომელზეც ეწერა: „ჯ. პარკერ პაინი, სტამბოლამდე“. ჩემოდანზეც ინიციალები ეწერა – „პ. პ.“ ელსი შეცბა, ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე თავის კუპეში შებრუნდა, მაგიდაზე დაწყობილი ჟურნალებისა და წიგნების გროვიდან „თაიმსის“ ნომერი აიღო. პირველ გვერდზე მოთავსებულ განცხადებებს გადაავლო თვალი, მაგრამ რასაც ეძებდა, იქ ვერ იპოვა. ოდნავ წარბშეკრულმა ისევ რესტორნისაკენ გასწია. გამცილებელმა ადგილი პატარა მაგიდასთან მიუჩინა, რომელთანაც უკვე ვიღაც იჯდა. ეს ის კაცი იყო, დერეფანში რომ შეეჯახა. სწორედ ის გახლდათ ღორის ტყავის ჩემოდნის პატრონიც. ელსიმ შეუმჩნევლად შეათვალიერა კაცი. მას კეთილმოსურნე სახე ჰქონდა და ელსის, თავადაც ვერ აეხსნა რატომ, მაგრამ ძალიან სანდო პირად მოეჩვენა. კაცს ნამდვილი ინგლისელივით ეჭირა თავი და სანამ სუფრაზე ხილი არ მოიტანეს, ხმა არ ამოუღია.

– ასეთ ადგილებში ძალიან ცხელა ხოლმე. ნეტავ, ფანჯრის გაღება შეიძლებოდეს, – თქვა კაცმა და ნაღვლიანად გაიღიმა.

– შეუძლებელია! ჩვენ გარდა ყველა წინააღმდეგი იქნება, – შეჰღიმა ქალმაც, მერე აღარცერთს ხმა აღარ ამოუღია. ყავა და ანგარიში მოიტანეს. ფული რომ გადაიხადა, ელსიმ გამბედაობა მოიკრიბა.

– უკაცრავად, – ამოილუღლუღა მან, – თქვენი სახელი – პარკერ პაინი... ჩემოდანს ეწერა. თქვენ, შემთხვევით... ელსი შეყოყმანდა და კაცი წაეშველა.

– დიახ, სწორედ ის გახლავართ. – და ელსის მიერ „თაიმსში“ არაერთხელ შემჩნეული განცხადება, წეღან რომ ამაოდ ეძებდა, ზეპირად უთხრა: „ბედნიერი ხართ? თუ არა, მაშინ რჩევისათვის მისტერ პარკერ პაინს მიაკითხეთ“. დიახ, მე ნამდვილად ისა ვარ. თქვენთვისაა საოცარი, ჩემთვის კი – არა. კაცმა დამამშვიდებლად გაიღიმა და წინ გადაიხარა. ვაგონ-რესტორანი თითქმის დაცარიელებულიყო.

– ესე იგი, თქვენ უბედური ხართ? – ჰკითხა მან.

– მე... – დაიწყო ელსიმ და შეჩერდა.

– ასე რომ არ იყოს, ჩემთან შეხვედრა საოცრად არ მოგეჩვენებოდათ, – დაასკვნა კაცმა. ელსი წუთით გაჩუმდა, მისტერ პარკერ პაინის იქ ყოფნაც კი საოცრად ამშვიდებდა.

– დი...ახ, – აღიარა ბოლოს. – უბედური ვარ. დიდი საწუხარი მაქვს. კაცმა თანაგრძნობით დაუქნია თავი. – იცით, – განაგრძო ქალმა, – ძალიან უცნაური ამბავი მოხდა და არ ვიცი, როგორ ავხსნა.

– იქნებ მიამბოთ, რა მოხდა, – შესთავაზა მისტერ პაინმა.

ელსიმ გადაწყვიტა ეამბნა, იქნებ როგორმე გადაჰყროდა ნაღველი გულიდან.

– გეტყვით. კონსტანტინოპოლში მივდივარ მეუღლესთან. ბიზნესმენია, იქ საქმეები აქვს და წელს აუცილებლად მიიჩნია წასვლა. თვითონ ორი კვირის წინ გაემგზავრა, ჩემს დასახვედრად უნდა მომზადებულიყო. ამ მგზავრობის გახსენებაზეც კი ძალიან ვღელავდი. იცით, საზღვარგარეთ არასოდეს ვყოფილვარ, ექვსი თვე დავყავი ინგლისში.

– თქვენც და თქვენი მეუღლეც ორივენი ამერიკელები ხართ?

– დიახ.

– და ალბათ, დიდი ხანი არ არის, რაც გათხოვდით…

– წელიწად-ნახევარია. ედვარდი ნამდვილი ანგელოზია. – ქალი შეყოყმანდა. – არა, ცოტა მკაცრია, პურიტანელი წინაპრები ჰყავდა და... თუმცა მაინც საყვარელი ადამიანია, – დაუმატა სასწრაფოდ.

მისტერ პარკერ პაინი ერთ-ორ წამს ჩაფიქრებული შეჰყურებდა, მერე სთხოვა, განაგრძეთო.

– ედვარდის გამგზავრებიდან ერთი კვირის მერე მის კაბინეტში წერილს ვწერდი და შევამჩნიე, რომ საშრობი ქაღალდი ახალთახალი და სუფთა იყო, მხოლოდ რამდენიმე ბწკარი ემჩნეოდა. იმ ხანებში რაღაც დეტექტივს ვკითხულობდი, რომელშიც კვანძის გასახსნელი სწორედ საშრობ ქაღალდზე მოძებნეს და ისე, გასართობად ავიღე ჩემი მეუღლის საშრობი ქაღალდი და სარკესთან მივიტანე. მხოლოდ და მხოლოდ გასართობად, მისტერ პაინ, ნამდვილად არ მიფიქრია, თვალყური მედევნებინა ედვარდისთვის. ის ისე ბატკანივით უწყინარი კაცია, აზრადაც არ მომივიდოდა მისთვის თვალყურის დევნება... ნაწერი კარგად ემჩნეოდა და იოლად ამოვიკითხე – პირველად ეწერა სიტყვა „ცოლი“, მერე – „სიმპლონ ექსპრესი“, უფრო ქვემოთ კი – „ვენეციამდე, სწორედ რომ, დროული იქნება!“

ქალი შეჩერდა.

– საინტერესოა, – თქვა მისტერ პაინმა, – ნამდვილად საინტერესოა. თქვენი მეუღლის ხელწერა იყო?

– ოჰ, დიახ. ტვინი ვიჭყლიტე და მაინც ვერ მივხვდი, რად უნდა დაეწერა წერილი, რომელშიც ასეთი სიტყვები იქნებოდა.

– ვენეციამდე, სწორედ რომ, დროულია, – გაიმეორა მისტერ პარკერ პაინმა. – მართლაც საინტერესოა.

მისის ჯეფრისი მისკენ გადაიხარა და იმედით შეჰყურებდა. ქალის ეს საქციელი მისტერ პაინის თავმოყვარეობას ელამუნებოდა.

– როგორ უნდა მოვიქცე? – ჰკითხა ქალმა.

– ვშიშობ, ვენეციამდე დაცდა მოგვიხდება, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა. მან მაგიდიდან ბროშურა აიღო, – ეს ჩვენი მატარებლის განრიგია. ვენეციაში ხვალ, შუადღისას, ორ საათსა და ოცდაშვიდ წუთზე ჩავდივართ. ეს საქმე მე მომანდეთ, – ანუგეშა პარკერ პაინმა ქალი.

სამის ხუთი წუთი იყო. „სიმპლონ ექსპრესი“ თერთმეტი წუთით იგვიანებდა, მესტრში თხუთმეტიოდე წუთის წინ გაიარა. მისტერ პარკერ პაინი მისის ჯეფრისის კუპეში იჯდა. ჯერჯერობით მოგზაურობა სასიამოვნო იყო და არც არაფერი მომხდარა. მაგრამ უკვე დგებოდა ის წუთი, როცა უნდა მომხდარიყო რაიმე, თუკი საერთოდ ეწერა მოხდენა. მისტერ პარკერ პაინი და ელსი ერთმანეთს მისჩერებოდნენ. ქალს გული გამალებით უცემდა და კაცისგან საწყალი თვალებით თხოულობდა გამხნევებას.

– დამშვიდდით, – უთხრა კაცმა, – თქვენ საფრთხე არ გელით, მე ხომ აქ ვარ. უცებ დერეფანში ყვირილი გაისმა.

– ოჰ, შეხედეთ, შეხედეთ! მატარებელს ცეცხლი უკიდია!

ელსი და მისტერ პარკერ პაინი წამსვე დერეფანში გაჩნდნენ. სლავური გარეგნობის აღელვებული ქალი დრამატული ჟესტით იშვერდა თითს წინა კუპისკენ, საიდანაც კვამლი ღრუბელივით გამოდიოდა. მისტერ პარკერ პაინი და ელსი იქითკენ გაიქცნენ. სხვებიც მათ მიჰყვნენ. კუპე კვამლით იყო სავსე, პირველად მისულნი ხველებით იხევდნენ უკან. მალე გამცილებელიც გამოჩნდა.

– კუპე ცარიელია! – დაიყვირა მან. – ნუ აღელდებით, ჩავაქრობთ…

მრავალი კითხვა დაისვა და მრავალი პასუხიც მოეძებნა. მატარებელი ხიდზე გადადიოდა, რომელიც ვენეციას კონტინენტთან აერთებს. უცებ მისტერ პარკერ პაინი მობრუნდა, მის უკან მდგომ ხალხში გზა გაიკვლია და ელსის კუპესკენ წავიდა. იქ სლავური გარეგნობის ქალი იჯდა და ღია ფანჯრიდან ღრმად ისუნთქავდა ჰაერს.

– მაპატიეთ, ქალბატონო, – უთხრა პარკერ პაინმა, – მაგრამ ეს თქვენი კუპე არ არის.

– ვიცი, ვიცი, Pardon, – უპასუხა სლავმა ქალბატონმა, – ისე შემეშინდა... აჰ, გული... – ქალი სკამზე გადაწვა და ღია ფანჯარაზე მიუთითა, სულს ძლივს ითქვამდა. მისტერ პარკერ პაინი კარში იდგა. მამობრივი, დამამშვიდებელი ხმა ჰქონდა.

– არ შეგეშინდეთ, – უთხარ მან, – არა მგონია, ხანძარი მაინცდამაინც საშიში იყოს.

– არა? მადლობა ღმერთს! პირდაპირ გამოვცოცხლდი, – ქალი ნახევრად წამოიწია, – ჩემს კუპეში უნდა დავბრუნდე.

– არა, ჯერ არა, – მისტერ პარკერ პაინმა ხელი მოკიდა და ფრთხილად დასვა სკამზე, – გთხოვთ, ცოტა ხნით შეყოვნდეთ, ქალბატონო.

– ბატონო, თქვენ შეურაცხყოფას მაყენებთ!

– ქალბატონო, თქვენ აქ დარჩებით! კაცს ცივი ხმა ჰქონდა. ქალი წყნარად იჯდა და მას შეჰყურებდა. ელსიც შემოვიდა.

– მხრჩოლავი ბომბი ყოფილა, – თქვა მან სულმოუთქმელად. – ვიღაცამ იხუმრა, გამცილებელი სულ ცოფებს ყრის, ყველას ეკითხება... – და, უცებ შეჩერდა და კუპეში მჯდომ ქალს მიაჩერდა.

– მისის ჯეფრის, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა, – თქვენი პატარა ალისფერი ყუთით რა მიგაქვთ? იქნებ ნახოთ, ყველაფერი ისევ შიგ დევს თუ გაკლიათ რამე.

ცოტა ხანში ელსიმ მოძებნა თავისი ძვირფასეულობის ყუთი.

– ოჰ! გაუღიათ! – შეჰყვირა მან, – შიგ აღარაფერი აღარ დევს! – ყვიროდა ელსი, – აღარაფერი! ჩემი ბრილიანტის სამაჯური, მამის ნაჩუქარი ყელსაბამი, ზურმუხტისა და ლალის ბეჭდები, მშვენიერი ბრილიანტის გულსაბნევები. კიდევ კარგი, ჩემი მარგალიტები მეკეთა. ოჰ, მისტერ პაინ, რა უნდა ვქნათ ახლა?

– იქნებ გამცილებელი მოიყვანოთ, მის მოსვლამდე ამ ქალს არსად გავუშვებ. – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.

– არამზადავ! ურჩხულო! – კიოდა სლავი ქალბატონი, მერე კიდევ სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც შეამკო.

მატარებელი ვენეციისკენ მიდიოდა. მისტერ პაინი რამდენიმე ოფიციალურ პირს ესაუბრა სხვადასხვა ენაზე, მაგრამ უშედეგოდ. ეჭვმიტანილი ქალბატონი გაჩხრიკეს, მაგრამ ძვირფასეულობა არ აღმოაჩნდა. ვენეციიდან ტრიესტამდე გზაში მისტერ პარკერ პაინმა და ელსიმ გაარჩიეს მომხდარი ამბავი.

– როდის ნახეთ უკანასკნელად თქვენი ძვირფასეულობა?

– ამ დილით, გუშინ რომ მეკეთა, ის საფირონის საყურეები მოვიხსენი და მარგალიტის გავიკეთე.

– ყველაფერი ადგილზე იყო?

– რა თქმა უნდა, სათითაოდ არ გადამითვალიერებია, მაგრამ ერთი თვალის გადავლებით არაფერი ეტყობოდა. მხოლოდ ერთი ბეჭედი თუ აკლდა, მეტი არაფერი.

მისტერ პარკერ პაინმა თავი დაუქნია.

– დილით, გამცილებელმა რომ კუპე დაალაგა?

– ყუთი თან მქონდა, ვაგონ-რესტორანში. ყოველთვის თან დამაქვს ხოლმე. მხოლოდ წეღან დავტოვე, როცა კუპედან უცებ გავვარდი.

– მაშინ, გამოდის, რომ ის ვითომ უდანაშაულოდ შეურაცხყოფილი მადამ სუბაისკაა თუ რაც ჰქვია, ქურდია, მაგრამ ნივთებს რა უყო? კუპეში სულ წუთ-ნახევარი იყო. ეს დრო მხოლოდ იმისთვის თუ ეყოფოდა, რომ ყუთი გაეღო და ამოეღო ძვირფასეულობა, მაგრამ მერე სად წაიღო?

– იქნებ ფანჯრიდან გადაუგდო ვინმეს?

– შეიძლებოდა, ასეც გვეფიქრა, მაგრამ სწორედ იმ დროს ზღვის ხიდზე გადავდიოდით. ვფიქრობ, კუპეში უნდა დაემალა.

– მოდი, მოვძებნოთ. ნამდვილად ოკეანისიქითური ენერგიით დაიწყო ელსიმ ძებნა. მისტერ პარკერ პაინი რაღაცნაირად დაბნეული ეძებდა. მერე მოუბოდიშა:

– ვეღარ დაგეხმარებით, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დეპეშა უნდა გავაგზავნო ტრიესტში, – თქვა მან.

ელსიმ მობოდიშება ცივად მიიღო. მისტერ პარკერ პაინმა მის თვალში ფასი დაკარგა.

– ვშიშობ, უკმაყოფილო ხართ ჩემით, მისის ჯეფრის, – მოკრძალებით უთხრა მისტერ პაინმა.

– მაინცდამაინც ბევრს ვერაფერს მიაღწიეთ, – მიახალა ყმაწვილმა ქალმა, – მატარებელში რომ ვჯდებოდი, ცოტათი უბედურად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ის უბედურება ახლანდელთან შედარებით არაფრად მიმაჩნია! ტირილის მეტი ვერაფერი მომიხერხებია. ჩემი მშვენიერი სამაჯური დავკარგე და ის ზურმუხტის ბეჭედიც, ედვარდმა რომ მაჩუქა ნიშნობაზე.

– თქვენ დაზღვეული ხართ ქურდობაზე? – შეაპარა მისტერ პარკერ პაინმა.

– მე? არ ვიცი, ალბათ, ვარ, მაგრამ ხომ გესმით, მე თვითონ ნივთებზე მწყდება გული, მისტერ პაინ.

მატარებელმა სვლა შეანელა, მისტერ პარკერ პაინმა ფანჯრიდან გაიხედა.

– ტრიესტია, – თქვა მან, – დეპეშა უნდა გავგზავნო….

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული