რომანი და დეტექტივი

ტომარა

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.03

ტომარა
დაკოპირებულია

იმ ღამეს რა დამავიწყებს?.. საშინლად ციოდა. თოვდა. ისეთი ქარი ქროდა, რომ ყინვა ძვალ-რბილში ატანდა. ღამის 11 საათი იყო და შობის დღესასწაული დგებოდა. ჩვენი პატარა, ორსართულიანი ხის სახლი ლოტკინის გორაზე იდგა ფიჭვნარში ჩაფლული. მე იქ დედ-მამასთან და უფროს ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ კი ქვეყანა აირია. კანონიერი პრეზიდენტი დაამხეს და არნახული ქაოსი დაიწყო. ჩემი მშობლები პროკურორები იყვნენ. ძალიან პატიოსანი, პრინციპული და პატრიოტი ადამიანები. მერაბი, ჩემი უფროსი ძმაც, იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებდა. ორივეს ეროვნული სულისკვეთებით გვზრდიდნენ და თითოეული მათი სიტყვა დღემდე მახსოვს. ჩემს დედ-მამას - ანა და ზურაბ ჩადუნელებს, არაერთი ჩახლართული საქმე ჰქონდთ გახსნილი. თითოეული საქმის ჩაფარცხვისთვის უამრავ ფულს სთავაზობდნენ, მაგრამ, ცხოვრებაში კაპიკიც არ აუღიათ. იმ კორუმპირებულ სისტემაში მათ მოახერხეს ადამიანობის შენარჩუნება. ფულზე არ გაიყიდნენ და ამიტომ ისინი სძულდათ, თან ეშინოდათ მათი პატიოსანი, წესიერი ადამიანები კი აფასებდნენ მათ ამიტომ, ეროვნულმა მთავრობამ ორივე დააწინაურა. პირადად პრეზიდენტი შეხვდა ჩემს მშობლებს და უთხრა: იმედია, იმავე შემართებითა და პროფესიონალიზმით გააგრძელებთ მუშაობას. მე კი, ჩემი მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ თქვენს საქმიანობაში არანაირად არ ჩავერევი. არც დაგირეკავთ და არც შიკრიკს გამოგიგზავნით საქმის ჩასაწყობად, ხოლო, თუკი ვინმე გაკადნიერდება და მსგავსი თხოვნით მოგმართავთ ჩემი სახელით, მას შესაბამისი კანონიერი პასუხი გაეცით. ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრაა, სანამ თანამდებობები გვიკავია. შემდგომ კი ცხოვრება გვიჩვენებს. გფარავდეთ ღმერთი! გისურვებთ წარმატებებს, ნახვამდის... პრეზიდენტი დედაჩემს ელეგანტურად ეამბორა ხელზე. მამაჩემს მაგრად ჩამოართვა ხელი. კარამდე მიაცილა და კაბინეტიდან გამოისტუმრა... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები აღფრთოვანებული იყვნენ პრეზიდენტით, საქმიანობას იმავე ჩვეულ კალაპოტში აგრძელებდნენ და არა ერთი მიტმასნილი ბოროტმოქმედი ამხილეს და დასაჯეს. პრეზიდენტის დამხობის შემდეგ, ეს ხალხი ჩემი დედ-მამის მტრების რიგებს შეუერთდნენ. უამრავი მუქარისა და დაშინების მიუხედავად, ჩემი მშობლები ღირსებასაც ინარჩუნებდნენ, შვილების უსაფრთხოებასაც და საქართველოდან წასვლაზე არც კი უფიქრიათ. თუმცა ვამჩნევდი, რომ მამაჩემი დროდადრო ნერვიულობდა და რაღაცას ძალიან ძლიერად განიცდიდა. იმ საშინელ ღამემდე ერთი კვირით ადრე კი შემთხვევით დედ-მამის საუბარი მოვისმინე. ყველაფერი დავიმახსოვრე და წლების შემდეგ გავიაზრე და მივხვდი მის არსს... შუაღამე იყო და კედლის საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა. ტუალეტში გასვლა მომინდა და ამან გამაღვიძა. საპირფარეშო ჩემს საძინებელში იყო და ავდექი. კარი ნახევრად იყო შეღებული და ჩემი მშობლები სასტუმრო ოთახში საუბრობდნენ. ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ დამძლია. კართან ავიტუზე და მივაყურადე. მამამ დედას უთხრა:

– წყალი არ გაუვა, ანა, უტყუარი ინფორმაციაა, მაქსიმუმ ათ დღეში გამოუშვებენ და აუცილებლად მოგვაკითხავს. ამიტომ, რეზიკო მაინც უნდა გავხიზნოთ აქედან.

– მერაბიც, – დაამატა დედამ.

– არ წავა. ხომ იცი მისი ხასიათი?

– წავა. ერთი ფოკუსი უნდა ჩაუტაროთ და წავა.

– რა ფოკუსი?

– რეზიკოს ვამეხთან მერაბი წაიყვანს თამრიკოს მანქანით.

– ეს ხომ ისედაც ასე დავგეგმეთ. წაიყვანს ზუგდიდამდე და შემდეგ ვამეხს ჩააბარებს. თვითონ კი უკან გამობრუნდება.

– მოიცა, ზურაბ, მომისმინე ბოლომდე. ზუგდიდში რომ ჩაიყვანს, ვამეხი მას ეტყვის, რომ მე და შენ უკვე მესტიაში ვართ. ველოდებით შვილებს და მერაბიც დაიჯერებს და მესტიაში წაყვება. იქ კი ვამეხი ყველაფერს აუხსნის. ეტყვის, რომ ჩვენი დავალებით გააკეთა ეს და აღარ გამოუშვებს.

– ვამეხს, როგორ შევატყობინოთ ეს?

– ხვალ დილით თამრიკო გაემგზავრება ზუგდიდში, რომ მარშრუტი შეამოწმოს და ვამეხსაც ის ეტყვის ყველაფერს.

თამრიკო ჩადუნელი მამაჩემის და იყო. ვამეხ გერლიანი კი ჩემი მშობლების ძმადნაფიცი მესტიელი კაცი. ჩემმა მშობლებმა ეს ადამიანი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დახვრეტას გადაარჩინეს. ვამეხს ორი ადამიანის მკვლელობას „ტენიდნენ“ მილიციალები. ჩემმა მშობლებმა კი ნამდვილი მკვლელი იპოვეს. გერლიანი დახვრეტისგან იხსნეს და სიკვდილის მისჯილთა საკნიდან გამოიყვანეს, ამის მერე ვამეხმა რა არ შესთავაზა ჩემებს პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ზურაბმა და ანამ ახლოც კი არ გაიკარეს ის. ბოლოს, ვამეხი პროკურატურასთან დახვდა ხანჯლით ჩემებს და უთხრა – ან ამ ხანჯლით დავძმობილდებით, ან გულში ჩავირტყამ ბოლომდეო. აი, ასე მოხდა მათი დაძმობილება და რომ დავიბადე, სწორედ ვამეხ გერლიანს მოანათლინეს ჩემი თავი. ვამეხთან შეთანხმების ამბავი რომ გაარკვიეს, დედამ მამას უთხრა:

– ხომ არ აჯობებდა, რომ ტომარაც ვამეხთან გაგვეგზავნა?

– არა, ანა, არა. რა იცი, გზაში რა ხდება? მანქანა რომ გაუჩხრიკონ და აღმოაჩინონ? არა! ჯობია, თამრიკოს სარდაფში იყოს. მით უმეტეს, რომ არც თამრიკომ იცის მისი არსებობის შესახებ და ვინმემ რომ მოაკითხოს კიდეც, არაფერი იცის. მოვა დრო და ეს ტომარა თავის ადგილზე დაბრუნდება.

მართალია, 7 იანვარს სულ რაღაც 8 წლის ვხვდებოდი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ის ტომარა ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. თუმცა, რა, აბა, რა ვიცოდი? არც იმის შესახებ მქონდა წარმოდგენა, თუ ვის გამოშვებას შიშობდნენ ჩემი მშობლები. და, მხოლოდ წლების შემდეგ შევიტყვე, რომ ეს ადამიანი სიმონ ხიტირი იყო.

ხიტირი მსხვილი კალიბრის ნაძირალა იყო. მისთვის არ არსებობდა არაფერი წმინდა და მხოლოდ „ოქროს კერპს“ ეთაყვანებოდა. ფულისა და ოქრო-ვერცხლის გამო არავის დაინდობდა. ხიტირის ცხოვრებისეული გზა კი მომხვეჭელობა და ძარცვა-გლეჯა იყო. პროფესიით სიმონი ეკონომისტი იყო, სულით კი – პირწავარდნილი ბოროტომოქმედთ და ადრეეული ახალგაზრდობიდანვე იყო მჭიდროდ დაკავშირებული კრიმინალურ წრეებთან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა „ფულიან“ თანამდებობებზე მუშაობდა და ფინანსური მაქინაციებით შოულობდა ფულს. ეროვნული მთავრობის დროს კი იმდენი მოახერხა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში შეძვრა. იქ კი ისეთი სიტუაცია იყო, რომ მაქინაციებს არავინ გააკეთებინებდა და დროებით „ფსკერზე დაწვა“. ხოლო, როდესაც პრეზიდენტის დამხობამდე ორი თვე იყო დარჩენილი და ხიტირი მიხვდა, რომ ეს გარდაუვლად მოხდებოდა, ამოქმედდა. ბანკის საცავის ერთ-ერთ მესვეურს ვახტანგ ცაბაძეს შანტაჟის გზით საცავიდან ძვირფასი თვლებით სავსე ტომარა მოაპარინა. თავად კი რუსეთში გაემგზავრა ყალბი ავიზოების გასანაღდებლად. მოსკოვში ხიტირი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს თაღლითობისთვის. ძვირფასი ქვების დაკარგვის ამბავი კი მალევე გაირკვა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ჩემი მშობლები იძიებდნენ. ცაბაძე დააპატიმრეს. დაკითხვაზე მან ყველაფერი აღიარა და ხელი დაადო სიმონ ხიტირს. ამასობაში თბილისის ომი დაიწყო. ჩემმა მშობლებმა გატაცებული ძვირფასულობა ცაბაძისგან ამოიღეს და შესაბამისი ოქმიც შედგა. საბუთების მიხედვით – საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი განძი შესანახად გადაეცა ბანკს. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. მეორე დღეს ომი დაიწყო. ამიტომ მამაჩემმა ეს განძი მამიდაჩემის სარდაფში გადამალა და მოვლენების დასრულებას დაელოდა, რომ მომავალში ის კანონიერი მთავრობისთვის ჩაებარებინა. სწორედ ამ განძს გულისხმობდნენ ჩემი მშობლები, როდესაც ტომარას ახსენებდნენ. შემდეგ პრეზიდენტი გააქციეს. მთავრობაში პუტჩისტები მოვიდნენ და ჩემმა მშობლებმა ტომარის მათთვის დაბრუნება არ ისურვეს. ამის გამო მათთვის არც არავის მოუთხოვია პასუხი, რადგან საბუთების მიხედვით ტომარა საცავში იყო დაბრუნებული. პუტჩისტმა მთავრობამ კი ივარაუდა, რომ ეს ტომარა გაქცეულმა პრეზიდენტმა გაიტაცა. მოსკოვის ციხეში მჯდომი ხიტირი კი იქიდან იმუქრებოდა და ამბობდა – გაგანადგურებთ, რომ ჩემი კუთვნილი ძვირფასეულობა წამართვით და ბანკში დააბრუნეთო. ეს იყო უკიდურესი ცინიზმი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლების შეშინება შეუძლებელი იყო. ისინი შვილების გამო წუხდნენ, რადგან კარგად იცოდნენ ხიტირის ნაძირლობისა და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის შესახებ. თანაც განუკითხაობის დრო იყო და შვილების გახიზვნაც ამიტომ გადაწყვიტეს. მამაჩემს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში ერთი მეგობარი ჰყავდა, პოლკოვნიკი მიხეილ კრუტოვი. სწორედ მან შეატყობინა მას – ხიტირმა ფული გადაიხადა და მაქსიმუმ, ორ კვირაში გამოუშვებენო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ჩვენი გახიზვნა ვამეხ გერლიანთან და ის საშინელი ღამეც დადგა. დედა სასტუმრო ოთახში გამოვიდა და მამას უთხრა:

– ყველაფერი მზადაა. გამგზავრების დროა.

მამამ თავი დაუქნია დედას და ჩემს უფროს ძმას მიუბრუნდა:

– მერაბ, როგორც მოვილაპარაკეთ ახლა ჩვენ გავემგზავრებით და ერთი საათის შემდეგ წამოდით. უკანა მხრიდან გადით და ძალიან ფრთხილად ჩადით ქვემოთ. თამრიკოს მანქანა უკვე იქ იდგება და ძალიან ფრთხილად იმგზავრეთ. გზაში, ალბათ, არაერთხელ გაგაჩერებენ და ფრთხილად იყავი. გვარდიის ეს საბუთი ქვას გახეთქავს და მთავარია, მშვიდობიანად გადახვიდეთ უღელტეხილზე. რიკოთს იქით კი უფრო იოლად იმგზავრებთ. მაგრამ, არ დაგავიწყდეს გვარდიის საბუთის გადაგდება, თორემ თუ შეგამოწმეს და საბუთი გინახეს, პრობლემები შეგექმნება. გაიგე?

– მახსოვს, მამა, ყველაფერი მახსოვს, – მიუგო მერაბმა და პაუზის მერე დააყოლა, – უმჯობესი ხომ არ იქნება, რომ ყველა ერთად გავემგზავროთ. შობა თენდება და ჩვენთვის ვის სცალია?

– იმ ნაძირლებისთვის შობა და ღმერთი არ არსებობს. ისე ვიზამთ, როგორც შევთანხმდით. ახლა კი წასვლის დროა, – უთხრა მამამ მერაბს და მომიბრუნდა:

– რეზიკო, მერაბს დაუჯერე და როგორც დაგარიგე, ისე მოიქეცი. უკვე დიდი ბიჭი ხარ. ხვალ რვა წლის ხდები და აბა, შენ იცი!

– კარგი, მამა, – ვთქვი მე და მამას ჩავეხუტე. შემდეგ დედამ ჩამიხუტა გულში და ჩემი მშობლები ფრთხილად დაეშვნენ კიბეზე ჩაბნელებული სახლიდან.

მერაბმა პირველ სართულამდე ჩააცილა ჩვენები. მე კი ფანჯარასთან მივედი და ეზოში ფრთხილად გადავიხედე. ისე, როგორც ეს მამამ მასწავლა. დედ-მამა „ნივაში“ ჩასხდნენ და მანქანა ეზოდან გაიყვანეს. ამ დროს საშინელი აფეთქება მოხდა და მხოლოდ ის დავინახე, რომ „ნივას“ ცეცხლი წაეკიდა. აფეთქების ტალღამ კი ფანჯარა შემოანგრია. მხოლოდ ამ ყველაფრის აღქმა მოვასწარი და გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, ქალის ხმა შემომესმა:

– ამო, მოდი აქ, მე მგონი, გონს მოვიდა!

– ჰო, მე მგონი, გამოფხიზლდა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდება, სადაა, მიუგო მამაკაცის ხმამ.

როგორც შემდგომ გავიგე, და-ძმა კლარა და ამირან ჯორჯაძეების სახლში ვიმყოფებოდი, საბურთალოზე. წლების შემდეგ კი სრული სიმართლე შევიტყვე იმ ღამის ესახებ. ხიტირს სწორედ ამირან ჯორჯაძისთვის შეუკვეთავს ჩემი დედ-მამის მკვლელობა შურისძიების მიზნით და ეს საშინელება ამირანმა დისტანციური პულტით განახორციელა. მანამდე კი უმძლავრესი ნაღმები მიაკრა მამაჩემის „ნივას“. აფეთქების შედეგად ჩემი მშობლები „ნივაში“ დანახშირდნენ. ჩვენს ხის სახლს კი ცეცხლი წაეკიდა და აფეთქებისგან გულწასული ჩემი უფროსი ძმაც იქვე ჩაიწვა. მე კი აფეთქების ტალღამ გადამარჩინა და უკანა ეზოში თოვლის ნამქერში ჩამარჭო თავით. ამირანს სწორედ იქ აღმოვუჩენივარ და თავიდან მკვდარი ვეგონე. პულსი რომ გამისინჯა და დარწმუნდა, ცოცხალი ვიყავი, ჩემი მოკვლა განუზრახავს. მაყუჩიანი პისტოლეტი თვალზე მოუდია და ის-ის იყო სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა, რომ მე თურმე თვალი გავახილე და ამოვილუღლუღე: მამი, მამიკო... შემდეგ კი კვლავ დამიკარგავს გონება. ეს ამბავი უკვე თავად ამირანმა მომიყვა წლების შემდეგ და მითხრა:

– რეზიკო, შვილო, მამი, მამიკოო, რომ მითხარი, უცებ ჩემი ჯუბა გამახსენდა. ისიც შენი ტოლი იყო, როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა დედამისთან ერთად. მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. სამხედრო ვიყავი. ერთ დღეს აგარაკზე მივემგზავრებოდით ჩემი „ჟიგულით“. „ბენზინკალონკასთან“გავჩერდით, ბენზინი ჩავასხი და ფულის გადასახდელად გავემართე ოპერატორთან. ამ დროს საშინელი აფეთქების ხმა გავიგონე, შევტრიალდი და დავინახე, როგორ აფეთქდა ჩემი „ჟიგული1“. ვიღაცამ სიგარეტის „ბიჩოკი“ დააგდო ძირს და ბენზინი აალდა. ჩემი საყვრელი ცოლ-შვილი კი ცოცხლად დაიწვა მანქანაში და ჯუბას ხმა ახლაც ყურში ჩამესმის თუ როგორ ყვიროდა – გვიშველე, მამიკოო. სწორედ ამიტომ გადავიფიქრე შენი მოკვლა. გადაგარჩინე და შვილივით გაგზარდე.

ამ სიტყვებს ამირან ჯორჯაძე რკინის ძელზე მიბმული მიყვებოდა. იქ კი მე მივაბი, რომ ყველაფერში გამომეტეხა და შური მეძია მასზე ჩემი მშობლებისა და ძმის მკვლელობისთვის. აგრეთვე, იმ ჩემი გაუბედურებისთვის, რადგან მან მკვლელად მაქცია და ქილერობა შემასწავლა. ამირანს მშვიდად მოვუსმინე ბოლომდე და ვუთხარი:

– შვილივით გამზარდე, ხომ? შენს შვილსაც ქილერად აღზრდიდი?

– არ ვიცი. ალბათ, არა.

– აბა, მე რას მერჩოდი?

– დრო და გარემოება იყო ისეთი, რომ ასე ვამჯობინე. არ უარვყოფ, რომ შენ წინაშე დამნაშავე ვარ, მაგრამ, მე ხომ სიცოცხლე შეგინარჩუნე და დამინდე. ნუ მომკლავ. მე ხომ დაგინდე? – შემევედრა ჩემი აღმზრდელი.

– მე კი არ დაგინდობ. ვინ იცის, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო, რომ იმ საშინელ ღამეს მეც მოგეკალი. ახლა კი ილოცე, შენი აღსასრულის დრო დადგა, – ვუთხარი ამირანს. მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და სასხლეტს თითი გამოვკარი და ჩემი აღმზრდელი საიქიოს გზას გავუყენე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი