რომანი და დეტექტივი

ტყუილის სიტკბო

№35

ავტორი: ნინო მდივანი 20:00 08.09

ტყულის სიტკბო
დაკოპირებულია

მანქანა ჩვენს საყვარელ საყავესთან გავაჩერე. გოგონებს ვიცნობდი და გავუღიმე. ისე დაცქრიალებდნენ, ვერც იფიქრებდი, რომ მზე უმოწყალოდ აჭერდა.

მოკლეთმიანმა შემომცინა და მკითხა:

– როგორც ყოველთვის?

– ჩემთვის – კი, „კაპუჩინო“ სამი შაქრითა და შოკოლადით და კიდევ ერთი – ორი შაქრით, – მეც გავუღიმე და შუშაში საკუთარი თავი შევათვალიერე.

სარკეები ბავშვობიდან მიყვარს და სადაც თვალს მოვკრავ, ვიყურები. ადრე მეგონა, რომ ერთი ჩვეულებრივი ნარცისი ვიყავი, მაგრამ წლებთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ ამ თვისებამ ჩემი თავის მიღება მასწავლა, ამიტომ არც სარკეს და არც ნებისმიერ მინას, რომელიც გამოსახულებას ირეკლავდა, ისე არ ჩავუვლიდი, რომ არ ჩამეხედა და საკუთარი თავი არ შემეთვალიერებინა. ისე მივეჩვიე საკუთარ თავს, ესე იგი, მას, ვის გამოსახულებასაც ვუყურებდი, რომ ჩემიანად მივიღე.

შეიძლება, გაგიკვირდეთ, რასაც ვამბობ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ არ ვარ ის, ვინც სარკეში ან მინაში ჩანს, ესე იგი, ჩემი სხეული; მე კიდევ ვიღაც სხვა ვარ, გონებაც სხვაა. მე, როგორც მე, მესამე ვარ, იქნებ პირველი, მაგრამ რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ვიცი, რომ ნამდვილი მე სადღაც ვარსებობ და მას სჭირდება ჰარმონიული ურთიერთობა დანარჩენ ორთან. იქ, სადღაც, გულიც არის, მაგრამ ის ორიდან რომელიღაცისაა, შეიძლება, მეოთხეცაა, მაგრამ მე სამობაც მყოფნის.

სანამ პირმოცინარი გოგონა ყავას ამზადებდა, მე ხალხს ვათვალიერებდი. ზოგადად, რომ იტყვიან, კარგი ფეხი მაქვს, საკმარისია, სადმე მივიდე ან შევიდე, მაშინვე უამრავი ხალხი ჩნდება. ძირითადად, მამაკაცები ირეოდნენ. უმეტესობას მანქანაში ქალი ელოდებოდა და მომეჩვენა, რომ იმ ქალებს ერთიანად მოწყენილი გამომეტყველება ჰქონდათ

– ვითომ ცოლები არიან? – გავიფიქრე.

– გემრიელად მიირთვით, – გოგონამ ისევ შემომცინა და მუყაოს კონტეინერით ორი ყავა გადმომცა: ორშაქრიანს ორიანი დავაწერე.

– მადლობა, გენაცვალე, – დავემშვიდობე და ნელი ნაბიჯით მანქანისკენ გავეშურე.

არ მეჩქარებოდა, მაინც დროზე მივიდოდი. იქ ვერაფრით დავიგვიანებდი და არც საყვედურს მივიღებდი, დრო სულაც რომ გამქრალიყო. რა თქმა უნდა, მანქანის კარის მინაშიც ჩავიხედე. ოდნავ შევყოვნდი, ვითომ რაღაცას ვიხსენებდი, მსგავსი ხრიკები ზედმიწევნით მქონდა შემუშავებული, რომ გარშემო მყოფებს ან გვარიანად ტვინშერყეული არ ვგონებოდი, ან მართლაც, ნარცისი.

თმა საფუძვლიანად მქონდა დაყენებული; კულულები თანაბარი იყო და ლამაზად დახვეული, ტუჩსაცხი ზუსტად მიჰყვებოდა ტუჩების კონტურს, რომელიც ცენტრში ორ მახვილკუთხა სამკუთხედს ქმნიდა. თვალის ისრები იყო ცოტათი არაპროპორციული, მაგრამ თვალის შევლებით არ ჩანდა, თუ მაინცდამაინც ვინმე გამადიდებელი შუშით არ დამაკვირდებოდა. სამაგიეროდ, სახის საერთო იერს უფრო ამდიდრებდა და თვალის ისრების ბოლოები ხაზს უსვამდა ჩემი სახის ნაკვთების წამახულობას. კაბა მთლიანად არ ჩანდა – ბოლოს და ბოლოს, მანქანის კარის მინაში ვაფასებდი ჩემს გარეგნობას – მაგრამ წელამდე ზუსტად ეტმასნებოდა სხეულს, თავისი არც მთლად ზომიერი ღია გულისპირით.

გამეღიმა, იმიტომ რომ გამახსენდა თხოვნა: აი, ეს კაბები მხოლოდ ჩემთან ერთად ჩაიცვი.

რა თქმა უნდა, შემეძლო, გულისპირი შემეცვალა, ოდნავ დამეხურა, მაგრამ მომწონდა, აი, ეს – მხოლოდ ჩემთან ერთად ჩაიცვი და მაინც მეღიმებოდა. ვინაიდან, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდი, ხომ მარტო ვიყავი?!

ჩავჯექი და მანქანა დავქოქე. ცხელოდა. ვერ ვიტყოდი, რომ სუნთქვა ჭირდა, მაგრამ მშრალი, ცხელი ჰაერი ჯავშანივით ეკვროდა სხეულს და თითქოს გასაქანს არ აძლევდა, არ ასუნთქებდა. კანი შეხებისთვისაა, მაგრამ სუნთქავს კიდეც, გადაადგილებაშიც გეხმარება – თვალდახუჭულიც კი გრძნობ წინაღობას, ემოციასაც აღიქვამს – აიჯაგრება ხოლმე, თუ გიხარია და, თუ დარდობ, რაღაცნაირად იკუმშება.

ჩემი კანი მიყვარდა, სრიალა იყო და გლუვი, თუმცა პრეტენზიული, სათუთი მოვლა სჭირდებოდა და განსაკუთრებული პირობები. ხომ ვამბობ, ნამდვილი ნარცისი ვარ, საკუთარ არა მხოლოდ თავზე შეყვარებული ნარცისი.

ეს ფიქრები კარგ ხასიათზე მაყენებდა და მთელი გზა ვიღიმებოდი. ეს შეხვედრები იყო დროის ან იქნებ ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი, როდესაც არაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, სადაც მივდიოდი. ასე იყო ყოველთვის? რა თქმა უნდა, იქიდან მოყოლებული, როდესაც გავიცანი – ყოველთვის: ყველაზე ბედნიერი დრო, რომელიც ძალიან სწრაფად გადიოდა, იმდენად რომ, არც დავიჯერებდი, რომ არა საათის ისრები, რომლებიც უმოწყალოდ შთანთქავს ჩვენს ჩასუნთქვა–ამოსუნთქვებს, რაც შეზღუდული ყოფილა, როგორც ერთგან ამოვიკითხე.

დიახ, ამოვიკითხე, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრება არა წლებით, თვეებით, კვირებით, დღეებით, საათებით, წუთებითა და წამებით და არც მათი ერთობლიობით, არამედ ჩასუნთქვებით. ამიტომ გვირჩევდნენ, დაგვესწავლა იშვიათად სუნთქვა: უფრო დიდხანს იცოცხლებთო. მე არ ვიცი, მართლაც, ასეა თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ, იბადები და პირველად ჩაისუნთქავ, მიდიხარ და უკანასკნელად ამოისუნთქავ. მე ვსუნთქავდი ისე, როგორც შემეძლო და ჩემთვის მოსახერხებელი იყო.

ასე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასა და ღიმილ-ღიმილში გადავუხვიე გზიდან და ნაძვების ორრიგა ტევრში შევედი. ყველაზე ფართოვარჯიანი შევარჩიე და მანქანა მის ქვეშ გავაჩერე. ლუქი ბოლომდე გადავხსენი და ცას ავხედე.

– ისევ გინდა, რომ გირჩი დაგვეცეს თავში? – გავიგონე ხმა, ჩვეულებისამებრ, მოულოდნელად, მოულოდნელი კი არაფერი იყო და ისევ გავიღიმე.

– არაა მტკივნეული, პატარა გირჩებია. აი, შენი ყავა. ორი შაქრითაა, როგორც შენ გიყვარს. ნაყინიანი არ წამოგიღე, არ შეთბეს–მეთქი, – ცისთვის თვალი არ მომიშორებია.

– ისევ ეს კაბა გაცვია?!

– შენ ხომ მითხარი, რომ შენთან ერთად შემეძლო, ჩამეცვა, – თვალები დავხუჭე და ყავა მოვსვი.

პასუხი არ გამიგონია.

– იცი, დრო ამერია. დამეკარგა. უცებ გამოვფხიზლდები, არადა არ მძინავს, აი, რომ მღვიძავს, მაშინ. უცებ ვხვდები, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რომელი წელია, წელიწადის რა დროა, თვე, კვირის დღე, რომელი საათია, იმას ხომ საერთოდ ვერ ვხვდები. თუმცა დღეს და ღამეს ჯერჯერობით ვარჩევ, – ხმამაღლა ვიცინოდი და მისი სიცილის ხმაც შემომესმა, მის მხიარულ თვალებსაც ვხედავდი.

– ნუ დამცინი, ჯერ ხომ ვარჩევ დღესა და ღამეს?! ესე იგი, მთლად არ მაქვს წყალი გადაწურული, – ყავა ისევ მოვსვი და თვალებიც ისევ დავხუჭე გაღიმებულმა.

ლაპარაკი არ მინდოდა, ამ სავსე სიჩუმეს ვუსმენდი მთელი გულისყურით და მომწონდა სიმშვიდის ის განცდა, რომელიც მასთან ყოფნისას მეუფლებოდა. მაგრამ გამახსენდა, რისთვისაც მოვედი.

– რჩევა მინდა, გკითხო, – და მისკენ მივბრუნდი. ყოველთვის ღიმილიანი სახე ჰქონდა; თითქოს საათივით აეწყო ცხოვრება. არ წუწუნებდა, არც არავისზე ბრაზობდა, არადა, იქნებ ბრაზობდა კიდეც, მაგრამ ჩემთან არასდროს უწუწუნია რამის ან ვინმეს გამო, ამიტომაც, ძირითადად, იმიტომ ვუყვებოდი ყველაფერს. იმას გარდა, რომ გყავდეს ადამიანი, ვისაც ყველაფერი შეგიძლია, უთხრა, დიდი ბედნიერებაა, მისი სიმშვიდე ჩემზე გადმოდიოდა. სიმშვიდე კი ყველაფრის გასაღებია. სიმშვიდეში ნებისმიერი წინაღობა პატარავდება.

– მოდი, გადავიდეთ, – შევთავაზე: და ჩემს ყავას დავწვდი, სიგარეტის კოლოფი ავიღე, სანთელი და სანთებელა. კი გამკრა გულში, რომ სანთლის ანთება სანთებელით არ ივარგებდა, მაგრამ მევე გამეცინა ამ პირობითობაზე: ზოგადად, პირობითობებზე, რომ რაღაც შეიძლება და რაღაც არ შეიძლება.

მზე ჩადიოდა და ღრუბლები მის ჩამავალ სხივებს ნაირფრად აეჭრელებინა. მზის სხივი ერთია, ერთნაირია, ღრუბლებიც, ამ ორის შერწყმის ფერი კი – სხვადასხვა.

– გემოვნებიანი მხატვარი ჰყავს ზეცას, – გავიფიქრე კმაყოფილებით და სკამზე დავჯექი. ყავიანი მუყაოს ჭიქა გვერდით მოვიდგი და სიგარეტს მოვუკიდე.

შევამჩნიე, რომ ძალიან ბევრი ყვავი იყო. არ მაწუხებდნენ. თავიანთთვის ისხდნენ და ხანდახან წაიჩხავლებდნენ. აღარ ცხელოდა, მზეც ილულებოდა და ნაძვებიც უხვად ავსებდნენ სივრცეს ჟანგბადით. სიო ქროდა, მაგრამ, რადგან ფოთლოვანი არაფერი იდგა, ვერ მელაპარაკებოდა: ბავშვობიდან მეგონა, რომ სიო ფოთლების შრიალით რაღაცას მეუბნებოდა და ისე გავიზარდე, რომ სიოს ენა ვერა და ვერ ვისწავლე.

– შენ გესმის? – ვკითხე, – ესე იგი, არც შენც არ იცი, რას ამბობენ ფოთლები...

– შენი ყავა დამრჩა მანქანაში... არა უშავს, მაინც შეგრილდა უკვე და შენ არ გიყვარს ასეთი ყავა. იცი, ნინოზე ვბრაზდები ხოლმე. რაღაცნაირი უმადური და უხეში ბავშვია. ჰო, ვიცი, რასაც მეტყვი, გაუვლის. ალბათ, გაუვლის, მაგრამ შე უკვე შემაღონა,

– იცი, როგორ ჰგავს ჩემს ნინოს? – გამახსენდა, რომ მეუბნებოდა: გეგონება, ტყუპები არიანო, და ორივეს გაგვეცინა.

– ისეთ რამეს მეტყვის ხოლმე, გაოცებული ვუყურებ, თან, ძუნწი გახდა ამ ბოლო დროს.

მე ლაპარაკს არ ვაცდიდი: ესეც. ისე გაწუწკდა, ყვავს კაკალს უფრო გააგდებინებ, ვიდრე ამას – ლარიანს. – ხმამაღლა ვიცინოდით.

– ჰოდა, გაუვლის, აცადე...

– შენ კაცი ხარ და მამას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს ქალიშვილისადმი. მე ასე გულმშვიდად ვერ ვაცდი, – ვთქვი გაკაპასებულმა.

– დედოფლებს უხდებათ გაკაპასება, მაგრამ ხანდახან აჭარბებ ხოლმე, – ისევ გამიღიმა და მე მოყოლა დავიწყე.

არაფერს ვალამაზებდი, არც ჩემს შეგრძნებებს, არც ფიქრებს, რომელთა გამხელა მთლად კარგად ვერ წარმოგაჩენს სხვის თვალში. არაფერს ვმალავდი. არც კი მახსოვს, რამდენ ხანს ვილაპარაკე.

ჩუმად მისმენდა და მიღიმოდა.

– შენ ყველაფერზე იღიმები. დამცინი?

– როგორ შეიძლება, შენ მე დაგცინო? – და ახლა უკვე სიცილი დაიწყო.

„ალბათ, არ შეიძლება, მართალია“, გავიფიქრე.

– მაგრამ მაინც დამცინი.

– აცადე, გაიზრდება და მიხვდება.

და გამახსენდა, როგორი შეშფოთებული, თუმცა ღიმილით მიყვებოდა, როგორ გაუტეხა თავის შვილს პაროლი და წაიკითხა მიმოწერა ვიღაც ბიჭთან, მაშინ მე ვიცინოდი...

***

– გინდა, გასწავლო, როგორ გაიგო პაროლები და წაშლილი მიმოწერაც კი წაიკითხო? – მკითხა ეშმაკურად.

– და ვისი პაროლები უნდა გავიგო? შენი? – ავხარხარდი მე.

– რა ჩემი. შენი ნინოსი.

– რას ამბობ? და ეს კარგი საქციელი იქნება? – შევიცხადე მე.

ცოტა დაირცხვინა:

– კარგი საქციელი არ იქნება, მაგრამ სცადე. საინტერესოა, – და მივუხვდი, რისი თქმა უნდოდა და ვერ მეუბნებოდა.

– აბა, მოყევი, რა უმსგავსობა ჩაიდინე, – მოხერხებულად მოვკალათდი მის გვერდით და თავი მხარზე მივადე.

– მეგობარმა მასწავლა და უბრალოდ, გადავწყვიტე, შემემოწმებინა, თუ მართლაც ასე იყო...

– აბა, რა?! მხოლოდ ნასწავლის შემოწმება გინდოდა? – სიცილს ვერ ვიკავებდი: და რა აღმოაჩინე?

– ნუ მკითხავ. რა ვქნა, არ ვიცი. – ამას რომ ამბობდა, ვიგრძენი, გულმკერდის კუნთები როგორ დაეძაბა, – ვიღაც ბიჭს ხვდება.

– მერე? შეხვდეს, შენ რა განერვიულებს?

– შეხვდეს, მაგრამ წარმოგიდენია?! თანაბრად იხდიან ნაქირავები ბინის ფულს.

გაოცებისგან წამოვჯექი: როგორ?! ის ბიჭი რატომ არ იხდის? – არ შევიმჩნიე ბინის დაქირავების ფაქტი, თუმცა სწორედ ეს იყო მის ნათქვამში მთავარი.

– ვერც ვეუბნები. რომ ვუთხრა, პაროლი გაგიტეხე–მეთქი, აღარ დამელაპარაკება.

დავფიქრდი.

– არ უნდა უთხრა, მაგრამ ზოგადად აუხსენი, რომ ქალი არ უნდა იხდიდეს... მაგრამ მაინც დაიკიდე. მისი ცხოვრებაა. ასე მოსწონს, ეტყობა. და ფული საიდან აქვს?

არაფერი მიპასუხა და მივხვდი, რომ ფულს მას ართმევდა.

– რა საყვარელი მამაა, – გავიფიქრე და გულზე ვაკოცე.

***

ლამპიონები აინთო და სიომაც წამოუბერა. ავდექი. მოწეული სიგარეტის ბოლო ნამწვი ჩავაგდე მუყაოს ჭიქაში. მიწაში სანთელი ჩავარჭვე და ავანთე. ძლიერი ქარი არ ქროდა, მაგრამ სანთელს მაინც აქრობდა, ამიტომ დავიხარე და ორივე ხელის გული შემოვარტყი, რომ ებრიალა. სანთლის ალი წვალობდა, ხან მიინავლებოდა, ხან ძლიერდებოდა, ნაღვენთები ჩამოსდიოდა, მაგრამ იდგა და იწვოდა. ნახევრამდე რომ ჩაიწვა, გავიმართე. ავიღე ჭიქა, მანქანის გასაღები და უკანმოუხედავად წავედი სასაფლაოდან.

ვცდილობდი, არ მეტირა, იმიტომ რომ ამ დღეს ტირილი არ უხდებოდა და ზურგითაც კი ნათლად ვხედავდი, როგორ მიღიმოდა. არ მინდოდა, მისთვის ხასიათი გამეფუჭებინა. ვიცოდი, რომ ეს თამაში იყო, მაგრამ მე მამშვიდებდა. ყოველთვის შემეძლო, მოვსულიყავი. ყოველთვის იქ დამხვდებოდა. თუ ჩვენი ტვინი ვერ არჩევს ნამდვილსა და გამოგონილს, ესე იგი, ყველაფერი გამოგონილია, ეს მართლაც არის გამოსავალი.

სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემმა თვალი შემავლო.

– რაღაც საინტერესო ადგილას ნამყოფს ჰგავხარ. ვინმე გაიცანი? – იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა თვალებში.

მე იდუმალი გამომეტყველება მივიღე და არაორაზროვნად ვუთხარი:

– დიახ.

– და როგორაა საქმე?

– გადასარევად. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

– გაგვაცნობ?! ეს კაბა ძალიან გიხდება და ვერ ვხვდები, ასე იშვიათად რატომ იცვამ... და კარგა ხანია, გაკვირდები, ეს შეხვედრები უკვე პერიოდულია, რაღაც სერიოზულია, ხომ? – ცნობისმოყვარედ და ეშმაკურად მკითხა დედაჩემმა.

– მეც მგონია, რომ სერიოზულია, – ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. დედაჩემი კმაყოფილებით აქნევდა თავს.

ხანდახან ტყუილი საუკეთესო სალბუნია, მაგრამ მანამდე, სანამ საკუთარ თავთან მარტო დარჩები. შხაპის ქვეშ დავდექი. წყალს ჩემი სხეულიდან ჩამორეცხილი ყოფიერების მტვერი და ცრემლი მიწის გულისკენ მიჰქონდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...