რომანი და დეტექტივი

ტყუილის ფასი

№37

ავტორი: ნია დვალი 20:00 23.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-36(1132)

***

– ასე მალე რატომ წამოხვედი? – ანიმ შეშფოთებულმა ჰკითხა დედამისს, – გაწყენინეს?

– არა, უბრალოდ აღარ მინდოდა, აგირიე გეგმები? – კითხვა შეუბრუნა შვილს.

– არანაირი გეგმები არ მქონია, დროს ვკლავდი. სადმე ხომ არ წავიდეთ მე და შენ?

– სად წავიდეთ?

– რა ვიცი, სადმე გავერთოთ.

– სახლში მირჩევნია. რაღაც მაქვს გასარკვევი.

– მე ვერ დაგეხმარები?

– შენ ვერა. მე უნდა დავეხმარო საკუთარ თავს და შენც.

– ქარაგმებით ლაპარაკი არ იცოდი, – ანიმ დედამისს გახედა.

– გზას უყურე, – თბილად უთხრა დედამ.

– მგონია, რომ რაღაცას მალავ, მეტყვი ოდესმე?

– აუცილებლად.

– მპირდები?

– გპირდები.

და ორივე გაჩუმდა. ირინკა ვიღაცას წერდა. ანის აინტერესებდა, ვის, მაგრამ იცოდა, რომ დედამისი მაინც არაფერს ეტყოდა, ამიტომ ჩუმად იყო. სახლთან რომ მივიდნენ, ირინკამ უთხრა, – თუ გინდა, წადი სადმე, გაერთე. მე კარგად ვარ. მართლა. უბრალოდ, რაღაცები გამახსენდა, წარსულის აჩრდილები ამოტივტივდნენ და უნდა ვიფიქრო.

– არა, ამოვალ მეც, ხელს არ შეგიშლი, საქმე მაქვს, პროექტი უნდა დავამთავრო, – ანიმ დედას გაუღიმა.

ირინკას ხმა არ ამოუღია, თავის ოთახში შევიდა და შეიკეტა.

***

თამრიკო და სოფო ხმას არ იღებდნენ. ორივე მარის მისჩერებოდა. მარიც ჩუმად იჯდა, ბოლოს ამოთქვა: ახლა ყველაფერი იცით და... ცუდი ადამიანი გგონივართ?!

თამრიკომ და სოფომ ერთდროულდ გადააქნიეს თავი. ორივეს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა და ორივემ იცოდა, რომ ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რაც უნდა, თუმცა ისიც იცოდნენ, რომ, რაც არ გერგება, ის არც შეგერგება. ორივეს საკმარისი ჩონჩხები ჰყავდათ თავ-თავიანთ კარადებში.

თამრიკო ტყავიდან ძვრებოდა, რომ მყარად დამდგრიყო ფეხზე და ეჩვენებინა თავისი შვილისთვის, რომ ამაოდ არ მიატოვა, სოფომ კი იცოდა, რომ მამამისის ცოდვაც ედო და თავისი დისაც, ვისაც ცუდად ექცეოდა, მაგრამ ვის გარეშე ვერც შვილს გააჩენდა, ვერც გაზრდიდა და ვერც ფეხზე დადგებოდა. სოფოს დღევანდელი სოციალური სტატუსი მისი დის დამსახურება იყო, დის, რომელმაც უარი თქვა თავის ცხოვრებაზე, მომავალზე და სოფოს დაუდგა გვერდზე. ლოგინად ჩავარდნილ მამამისსაც მარინა უვლიდა 10 წლის განმავლობაში. მარინას ცხოვრებაც სოფომ შეისრუტა, ამიტომ არც ერთი არ კიცხავდა მარის.

– მაგრამ მე თამაზისთვის არაფერი დამიძალებია, უბრალოდ მის გვერდით ვიყავი, როდესაც ირინკამ უღალატა, – თქვა მარიმ.

– ახლა ძალიანაც ნუ გაუტიე, – უთხრა სოფომ მარის, – რა უღალატა?!

– აბა, ვისგან ჰყავს შვილი? – ისეთი დამაჯერებლობით იკითხა მარიმ, რომ სოფო გაბრაზდა.

– არ იცი, ხომ ვისგან ჰყავს?!

– ვისგან ჰყავს? – იკითხა თამრიკომაც.

სოფოს არაფერი უპასუხია.

სამივე დუმდა.

– ასე გვშურდა ირინკასი? – დუმილი თამრიკომ დაარღვია.

– რა შუაშია შური? – გაკაპასებით თქვა მარიმ.

– ოჰ, რა შუაშია, თურმე?! ირინკა ყოველთვის რაღაცნაირი მართალი იყო, უანგარო, მის გვერდით ისე გრძნობდი თავს, თითქოს ყრუ კედელი გიცავსო. მე ასე არ შემეძლო და ეს მაღიზიანებდა ხოლმე, – დანანებით თქვა თამრიკომ: თქვენ არ გაღიზინებდათ?

სოფომ სახე მიიბრუნა, მარის კი ნერვიც არ შეტოკებია, ისე წარმოთქვა:

– მე ჩემთვის ვცდილობდი. მასაც ეცადა.

– უნდა ეცადა და არც ახლაა გვიან, – თქვა სოფომ.

– თქვენ მე დამპირდით, – კატეგორიულად თქვა მარიმ.

არც სოფოს და არც თამრიკოს ხმა არ ამოუღია.

– ჩემთან დარჩი ამაღამ, შენს ნათლულს გაუხარდება, – შესთავაზა მარიმ სოფოს და სოფო მიხვდა, რომ მარის, უბრალოდ, იმაში დარწმუნება უნდოდა, რომ სოფო არაფერს იტყოდა.

– მამიდაჩემს დავპირდი, რომ მასთან დავრჩები, თან – ხვალვე უნდა დავბრუნდე, საქმეები მაქვს.

– დავიშალოთ უკვე? – ჰკითხა თამრიკომ ორივეს, – თაზო მოგაკითხავს? – დააზუსტა მარისთან.

– არა, ტაქსს გამოვიძახებ.

– მე გამოგიძახებთ ორივეს ტაქსს, – გადაჭრით თქვა თამრიკომ.

***

– თამაზი არ მოსულა? – შეშფოთებული ხმით ჰკითხა დედამთილს მარიმ, როგორც კი სახლში შევიდა, იმიტომ რომ ეზოში ქმრის მანქანა ვერ დაინახა.

– აბა, შვილს კი არ მოიკითხავს?! – ჩაიბურდღუნა ნათელამ, – არ მოსულა, შენთან ერთად წამოვიდა და მე მეკითხები, მოვიდა თუ არა?!

– იქ არ დარჩენილა, მალევე წამოვიდა, – მარი ტელეფონს ეცა, მაგრამ ავტომოპასუხე დახვდა, – კი მაგრამ, სად უნდა წასულიყო?!

– ახლა მის მეგობრებთან რეკვა არ დაიწყო, – მკაცრად გააფრთხილა დედამთილმა.

მარი გაუჩერებლად რეკავდა და შეტყობინებას–შეტყობინებაზე უტოვებდა ავტომოპასუხეს...

***

– დედა, შენთან არიან? – ანიმ ირინკას ოთახის კარი შეაღო. ირინკა სვარძელში იჯდა, არც კი გამოეცვალა.

– ვინ ვარო?

– არ ვიცი, კარი არ გავაღე, მაინც, რა ვიცი, ვინაა...

– ახლავე ვნახავ, – ირინკა შემოსასვლელ კართად მივიდა და გაიხედა. მაშინვე შვილს მიუბრუნდა, – მე ცოტა ხნით გავალ და მალე დავბრუნდები. მე რომ გავალ, კარი დაკეტე, – ირინკამ ფეხები ფეხსაცმელებში ჩაყო და კარს უკან დათვლილ წამებში გაუჩინარდა. ანი ვერაფერს მიხვდა, მაგრამ კარი გადაკეტა და ფანჯარს მივარდა. რამდენიმე წუთში სადარბაზოდან დედამისი და უცნობი მამაკაცი გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ანი დაიძაბა და დედამისს დაურეკა:

– რა ხდება? სადმე მიდიხარ? ვინა ეს კაცი?

– არავინ. გადაუდებელი საქმეა დასამთავრებელი. არ ინერვიულო, მალე ამოვალ. გკოცნი.

დედამისს იმდენად მშვიდი ხმა ჰქონდა, რომ ანიც დამშვიდდა და თავისი სამუშაო გააგრძელა.

***

– ნასვამი ხარ, საჭესთან ნუ დაჯდები, მანქანა აქ დატოვე და ტაქსი გამოიძახე, მალე უნდა ავბრუნდე, აქ რატომ მოხვედი. მისამართი ვინ მოგცა? – ირინკამ კითხვები დააყარა.

– დაგელოდე და რომ წამოხვედით, გამოგყევი, – ღიმილით უთხრა თაზომ.

– რა გინდა? – აგდებით ჰკითხა ირინკამ.

– მე მაქვს უფლება, ვიცოდე, ვისგან გააჩინე შვილი, – ისეთი საწყალი ხმით უთხრა თაზომ, რომ ირინკას უცებ შეეცოდა კიდეც.

– არა, შენ არაფრის უფლება არ გაქვს. ცოტა ადრე გეკითხა, ასე თუ გაინტერესებდა?! თუ დაბერდი და გულჩვილი გახდი? წადი სახლში, მარი, ალბათ, ნერვიულობს, თან, დღეს საკმაოდ დაამცირე.

– ისე რა, როგორც შენ მე.

– მე შენ არადროს დამიმცირებიხარ. არასდროს და არ მსიამოვნებს სხვის ქმართან ღამით მანქანაში ჯდომა.

– კარგი, ბავშვი გააჩინე, გააჩინე, ცოლად არ მოგიყვანა? მე შევამოწმე, შენს შვილს ბებიაშენის გვარი აქვს.

– რას ჰქვია, შეამოწმე?! ვინ მოგცა ამის უფლება?! – ირინკა გაბრაზდა, შენ რა გესაქმება ჩემს შვილთან?! შენს ოჯახს მიხედე. წავედი, – ირინკა კარის სახელურს დასწვდა.

– ხომ შეიძლება, გულახდილად ვილაპარაკოთ. ჩვენ ხომ ვმეგობრობდით კიდეც, – თაზომ ისევ საწყლად გაიღიმა.

– ფხიზელი რომ იქნები, მერე ვილაპრაკოთ.

– შენ გარდა ახლა ვერც ვერავინ შემამჩნევს, რომ ფხიზელი არ ვარ და შენც იცი, რომ ტვინი მიმუშავებს, უბრალოდ, ფხიზელი ვერ მოვიდოდი შენთან.

– ჰოდა, იმდენად რომ გაიზრდები, რომ ფხიზელი მოხვალ, მაშინ ვილაპარაკოთ. – ირინკამ კარი გამოაღო, რომ გადმოსულიყო, მაგრამ თაზო უცებ გადაიხრა მიკენ და კარი მიკეტა. სულ ერთი წამით ირინკამ თაზოს სურნელი იგრძნო, აი, ის, კისერში რომ ასდიოდა ხოლმე და მანქანის სახელურს ხელი გაუშვა.

– კარგი, მკითხე, რაც გინდა. ყველაფერზე გიპასუხებ.

– ვისი შვილია შენი შვილი?

– ჩემი შვილი ჩემი შვილია, – ირინკას გულიანად გაეცინა.

თაზოსაც გაეცინა.

– მამა ვინაა?

– შენ, – ირინკამ თაზოს თვალი თვალში გაუყარა.

– ეგ გამორიცხულია, ვინ არის შენი შვილის მამა?

– გამორიცხული რატომაა? – გულწრფელად გაიკვირვა ირინკამ.

– იმიტომ რომ მე უნაყოფო ვარ, – დანანებით უთხრა თაზომ.

– ვინ გითხრა? შენმა ცოლმა? – ირინკამ გადაიხარხარა: ხუმრობ?

– არა, სერიოზულად ვამბობ.

– რას ამბობ სერიოზულად? რომ უნყოფო ხარ და მე გატყუებ?! იცი, შენ ზუსტად იმ ქალის ქმარი ხარ, ვისაც იმსახურებ. აღარ მოხვიდე ჩემთან აღარადროს, იცოდე, პატრულს გამოვიძახებ ან შენს ცოლს, – ირინკამ მანქანის კარი გააღო და სირბილით გაიქცა სახლისკენ.

თაზომ 5 წუთი დაიცადა და მანქანიდან გადავიდა.

– დედა, ისევ ის კაცია, – ანი ისევ შევიდა ირინკას ოთახში.

– შემოუშვი?

– ჰო, ხომ გაყევი და, ვიფიქრე... – ანის ენა დაება.

ირინკა დამდუღრულივით გავარდა:

– რატომ ამოხვედი? ხომ გითხარი, აღარ მოხვიდე–მეთქი?!

– დედა, დამშვიდდი, უხერხულია. – ანიმ ირინკას დაშოშმინება სცადა, მაგრამ ეს ახლა შეუძლებელი იყო.

ირინკა ბორგავდა: მოდი, შენთან წავიდეთ. გავაღვიძოთ შენი ცოლი, დედაშენი და ვთხოვოთ, გვიამბონ სიმართლე, ჩემს შვილს კი სამუშაო აქვს და სიწყნარე სჭირდება.

– ჯერ მე და შენ რომ დავილაპარაკოთ? – თაზო დაუპატიჟებლად დაჯდა.

– რაზე? – ირინკას ბრაზი ერეოდა.

– რატომ მიმატოვე?

– მე? თუ ეს შენ მიღალატე მარისთან!

– რა სისულელეს ამბობ?!

– მე ვამბობ სისულელეს?! მარიმ მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო შენგან!

– ჩემგან როგორ იქნებოდა ფეხმძიმედ, რომც მეღალატა?! მე შვილები ვერ მეყოლება და არც არასდროს მყოლია?!

– აბა, მე ვისგან ვიყავი ფეხმძიმედ?

– მეც ეგ მაინტერესებს და გეკითხები, – თაზომ ბოლო სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა თქვა და ოთახში ანი შემოვიდა.

– ძალიან ყვირით და თან, ჩემზე ლაპარაკობთ და, მგონი, ცოტა უხერხულია.

თაზო ანის დააშტერდა, თუმცა გოგონა დედას ჰგავდა.

– რა უფლება გქონდა, ეს დაგემალა? ამას არ გაპატიებ.

– რას არ მაპატიებ? მარიმ მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო შენგან.

– ეს შენ გაყევი ცოლად გიორგის, როგორც კი მე ერთი თვით წავედი.

– რა სისულელეა?!

– ჩემი თვალით ვნახე.

– რა ნახე?!

– როგორ მოგიტანა ბეჭედი.

– ბოდავ!

– მარიმ მითხრა, რომ გიორგის მიჰყვებოდი ცოლად.

– და შენც დაუჯერე?! როგორი გულუბრყვილო ხარ!

– არა, მე მოვედი იქ, სადაც უნდა შეხვედროდით ერთმანეთს და დავინახე, ბეჭედი რომ მოგცა და შენ ისეთი ბედნიერი სახე გქონდა.

– ინგასთვის იყიდა და მაჩვენა, ხომ მოეწონებაო?! უბრალოდ, ინგამ უარი უთხრა, უარი! გიორგი ჩემი მეგობარი იყო, მეგობარი! რაც ვერასდროს გაგაგებინე! რომ არ მოდიოდი ტელეფონთან, შენთან მოვედი სახლში და დედაშენმა მითხრა, რომ წახვედი ქვეყნიდან და დამიბარე, ირინკას ჩემი კოორდინატები არ მისცეო, მერე მარიმ მითხრა, რომ აი, ასე მოხდა, უცებ, მეც არ ვიცი, როგორო და ფეხმძიმედ ვარო და ნუ გამაუბედურებო და მეც ვიფიქრე, რომ სწორი იქნებოდა, ყველა ბედნიერი ყოფილიყო და არ გაუბედურებულიყო ჩემ გამო და რა მეთქვა, არა, მე ვარ ფეხმძიმედ-მეთქი?!

თაზო ხმას არ იღებდა, ანის უყურებდა. ამასობაში ანის ყავა შემოეტანა და ტკბილეული, თავად კი სავარძელში იყო მოკალათებული.

– ერთხელ მაინც მეტყვი, დარჩიო, ერთხელ მაინც გააკეთებ რამეს, რომ არ წავიდე? – თაზომ უცებ ჰკითხა ირინკას.

– არა, თაზო, არ გეტყვი, გასაკეთებელი მე გავაკეთე, ყველამ ზურგი შემაქცია. ბუღალტერი გავხდი, სხვათა შორის, შენ ხომ მაინც იცი, რომ ქირურგობა მინდოდა. სოფოს თავისი ოჯახი გვერდით დაუდგა. მე ოჯახმა მომიძულა. მათზე ნაწყენი არ ვარ, ასე ესმით. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და შენ უნდა გააკეთო შენი არჩევანი.

დუმილი ჩამოწვა, რომელიც ანიმ დაარღვია:

– შოკოლადი ჭამეთ, გონებასაც ხსნის და კარგ ხასიათზეც აყენებს.

– შენ გგავს, – თაზომ ანის გაუღიმა და ირინკას გახედა: მე ყოველთვის მინდოდა, რომ შენნაირი ლაღი და ლამაზი გოგო გვყოლოდა.

დასასრული


მსგავსი სიახლეები

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 02.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 09.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 16.09, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი