რომანი და დეტექტივი

ტყუილის ფასი

№34

ავტორი: ნია დვალი 20:00 02.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
დაკოპირებულია

სოფო

– ხვალ თბილისში მივდივარ, – უთხრა დას სოფომ და ჩვეული სიდინჯით, უფრო საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებით ჩაუარა გვერდით სამზარეულოს და სააბაზანოში შევიდა. სამსახურიდან დაბრუნებული ჯერ შხაპს მიიღებდა, მერე ივახშმებდა და თავის ოთახში შედიოდა. ოჯახის წევრებს იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა, არა იმიტომ რომ, ისინი არ უყვარდა, უბრალოდ, შეიძლება, ითქვას, თავს არ უყადრებდა. ამას მე ვამბობ, თორემ სოფო არასდროს გამოსტყდომია თავს, რომ საკუთარი პერსონა საკუთარ და-ძმაზე მნიშვნელოვანი ვინმე ეგონა, თუმცა ძმა მაინც გამორჩეულად უყვარდა. შეიძლება, იმიტომ რომ ძმა იყო და მის ოჯახში კი მიღებული ტრადიცია, რომ მამაკაცი უპირატესია. ოღონდ აქვე უნდა გითხრათ, რომ, მაგალითად, სოფოს მამას შვილებს შორის სოფო უყვარდა გამორჩეულად, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟში გვარის გამგრძელებელს ხედავდა. სოფოს სახელიც ბებიამისის ერქვა – სოფიო. შეიძლება, იმიტომაც, რომ გამორჩეულად უყვარდა, შოთა სწორედ სოფომ იმსხვერპლა. პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ გადატანითით, ნამდვილად სოფოზე ნერვიულობამ მოუღო ბოლო.

შოთა რაიონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო და ფულსაც ბლომად შოულობდა: ისეც ხდებოდა, რომ სახლში ტომრით ედო. შესაბამისად, რაკი ფული ჰქონდა, პატივისცემაც – თავზე საყრელად. მოკლედ, შოთა ბედნიერად ცხოვრობდა ცოლთან და სამ შვილთან ერთად, არაფერი აკლდათ. ის საბედისწერო ამბავი რომ არა, შოთას ოჯახი სამაგალითო კლასიკურ ნიმუშად ჩაეწერებოდა რაიონის ისტორიაში, მაგრამ თავად ისტორიამ სხვაგვარად განსაჯა.

სოფო თბილისში სწავლობდა და ბიძასთან, დედამისის ძმასთან, ცხოვრობდა. შესახედავად კარგი გოგო იყო. მამისგან გათამამებული, თავნებაც იყო და საკუთარ თავში დარწმუნებულიც: რომ მხოლოდ მან იცოდა ყველაფერი და ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს არასდროს უჭირდა და პატივისცემაც არ აკლდათ, სოფო ცოტათი სნობი იყო და ესწრაფვოდა გავლენიან ხალხთან ნაცნობობას, ეგრეთ წოდებულ, კარგი ოჯახის შვილებთან ურთიერთობას. ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი თავყრილობისას, სადაც, სოფოს გემოვნებით, გავლენიანი ოჯახების შვილები იყვენ შეკრებილები, სოფომ ვაჟა გაიცნო. ვაჟა, მართლაც, კარგი ყმაწვილი იყო, ოღონდ გავლენიანი კი არა, ჩვეულებრივი ოჯახიდან: დედა ექთანი ჰყავდა, მამა – ტაქსის მძღოლი, ჰყავდა დაც, მაგრამ მას ჩვენს ამბავთან კავშირი არ აქვს.

მოკლედ, სოფოს ვაჟა მოეწონა და შეიძლება, ითქვას, შეუყვარდა კიდეც. მათი გრძნობები, ერთი შეხედვით, ორმხრივი იყო. საერთო სანაცნობო წრე ჰყავდათ და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. თან, სოფოს დამმწყემსავიც არავინ ჰყავდა: ბიძამისი მუშაობდა, ბიცოლას კი დიდად არ ანაღვლებდა სოფოს დევნა, მით უმეტეს, უნდა ვაღიაროთ, რომ არც იმის წინააღმდეგი იქნებოდა, სოფოს თუ ფეხი დაუცდებოდა და ამ შემთხვევაში არა სოფოს, არამედ სოფოს ბიძის გამო, რომელიც კარგი ქმრობით ვერ დაიკვეხნიდა. ასე იყო თუ ისე, სოფო თავის ნებაზე ცხოვრობდა, ერთი ისაა, რომ სახლში ყოველღამე ბრუნდებოდა, ანუ ღამით არსად ტოვებდნენ.

– როდის ჩამოხვალ? – მარინამ სააბაზანოს კარი შეაღო.

– რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ვერ ვიტან, ასე რომ მეჭრები?! – დაუკივლა სოფომ, – ან ეს საკეტი რით ვერ გააკეთეთ, მე უნდა გავაკეთო ყველაფერი?

მარინამაც ერთი-ორი ტკბილი სიტყვა უთხრა დას და კარი გამოუჯახუნა. სოფო სააბაზანოდან გაავებული გამოვიდა. ძირითადად, მიზეზს ეძებდა ხოლმე, რომ ეჩხუბა, იმიტომ რომ ეს სახლი კიდეც უყვარდა და კიდეც ვერ იტანდა მას, რაც თავი ახსოვს, აქედან წასვლა უნდოდა, ერთ ხანს იმდენიც კი მოახერხა, რომ ბინა იყიდა, მაგრამ მერე გაყიდვა მოუწია, ოჯახის პრობლემების მოსაგვარებლად. ამაზე ბრაზობდა და ამიტომ დაზე იყრიდა თავის ჯავრს.

– მოდი, ჭამე რამე, – მარინამ ისე მიიპატიჟა და, თითქოს რამდენიმე წუთის წინათ ის სოფოს არ გაელანძღოს.

სოფო მიპატიჟებას გამოეხმაურა და მაგიდას მიუჯდა: ფიქრობდა, რომ ეკუთვნოდა, მომსახურებოდნენ. რატომ? იმიტომ რომ სოფოს რაიონისთვის საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და ერთ–ერთი პატივსაცემი ქალიც იყო, განსხვავებით მარინასგან, რომელსაც უმაღლესი განათლებაც კი არ ჰქონდა, სახლში ტრიალებდა და და-ძმის შვილებიც მან გაზარდა.

სოფომ ხმის ამოუღებლად ივახშმა, მადლობაც არ გადაუხდია, ისე ავიდა თავის ოთახში. წამოწვა. თამრიკოს ზარმა ფიქრები მასაც აუშალა იმ ცხოვრებაზე, რომელიც უკვე გამოიტირა.

თავისი სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ორ ათეულ წელზე მეტია, არ ენახა, მასაც უნდოდა, რომ განუმეორებელი ზეგავლენა მოეხდინა მათზე. სოფო თავისი თავით ბავშვობიდანვე იყო კმაყოფილი და, როგორც უკვე გითხარით, ისეთ ადამიანებთან მეგობრობდა, რომლებიც მის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ. სოფოს თვითშეფასება გარემოცვაზე იყო დამოკიდებული, ახლაც კი, როდესაც რაიონში თავისი ადგილი დაიმკვიდრა, თუმცა აქამდე საკმაოდ დიდი და ტკივილიანი გზა გაიარა. ოღონდ ეს გზა სოფოსთვის იმდენად იყო ტკივილიანი, რამდენადაც სიყვარულში არ გაუმართლა.

ვაჟა აღარ უყვარდა, იქნებ უყვარდა კიდეც და უბრალოდ, შეეგუა, რომ ვაჟასთან ერთად ყოფნა არ ეწერა, არადა, ვაჟას შესწირა სოფომ თავისი ოჯახი და თავისი დაც იმიტომ აღიზიანებდა, რომ თვლიდა, სწორედ მისი დის ბრალი იყო, ვაჟათან ერთად რომ არ იყო. ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ სიყვარული მართლაც ბრმაა, თორემ ვაჟას მარინა კი არა და დივიზია ვერ დააკავებდა, სოფოსთან ყოფნა რომ სდომებოდა ან იქნებ უნდოდა კიდეც, მაგრამ დედის აზრი უფრო აინტერესებდა.

სოფოს თვალწინ გაუცოცხლდა 22 წლის წინანდელი სცენა: ბიცოლამისს გაუმხილა, რომ ფეხმძიმედ იყო, სულ რაღაც, 18 წლის ასაკში, მეორე კურსზე ახალი გადასული. ბიცოლას გულზე შემოეყარა. ან კი როგორ არ შემოეყრებოდა, როდესაც პასუხს მას მოსთხოვდნენ, მით უმეტეს, საკუთარი ქმარი, ანუ სოფოს ბიძა. სოფო ახლაც კი გაწითლდა, როდესაც ის დიალოგი გაახსენდა.

– სასწრაფოდ აბორტი უნდა გაიკეთო! – მკაცრად უთხრა ბიცოლამისმა.

სოფომ ტირილი დაიწყო, მაგრამ ბიცოლას ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია: ნაცნობი გინეკოლოგი მყავს, არავის ვეტყვით, ვერავინ გაიგებს, მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება.

სოფომ ტირილს უმატა.

– თავის დროზე უნდა გეტირა. ამხელა გოგო ხარ და ჭკუა არ გეყო. არა, საწრაფოდ, ხვალვე წავიდეთ და ეს საქმე მოვაგვაროთ.

– ვერ წამოვალ, ვაჟას ვეტყვი, – ამოილუღლუღა სოფომ.

– არც არაფერს ეტყვი და იმ ვაჟასთანაც გაწყვეტ ურთიერთობას, – მკაცრად უთხრა ბიცოლამ.

სოფომ ქვითინი დაიწყო, მაგრამ ბიცოლამისი უკვე ეძებდა ნაცნობი გინეკოლოგის ნომერს.

– სახლში დარეკვა არ ივარგებს. ხვალ მასთან პირდაპირ სამსახურში მივიდეთ და იქ ვუთხრათ. ახლა წადი და დაიძინე.

სოფომ ვერ დაიძინა და მთელი ღამე ტირილში გაატარა და არ იცოდა, ის უფრო აწუხებდა, აბორტი რომ უნდა გაეკეთებინა, თუ ის, რომ ვაჟას ნახვა აუკრძალეს.

დილით თვალებგაწითლებული გამოვიდა. ბიძამისი შეშფოთდა, მაგრამ საქმეში ბიცოლა ჩაერია და ვითარება განმუხტა: ვასო, რაღაც ანთება აქვს ბავშვს, ექიმთან უნდა წავიყვანო, მთელი ღამე თირკმელები სტკიოდა, შენ არაფერი გითხარით, არ განერვიულეთ.

ვასო შედარებით დამშვიდდა: მეც წამოგყვებით, – შესთავაზა.

– შენ რაში გვჭირდები? შენს საქმეებს მიხედე, მე წავყვები და წამლებსაც ვიყიდით, – ბიცოლა ლილემ ქმარი უცებ მოიშორა თავიდან და ვასო ოთახიდან გავიდა.

– დროზე ისაუზმე, ჩაიცვი და წავიდეთ, – ახლა ქმრის დისშვილს მიუტრიალდა ლილე.

– არ მშია, – ძლივს ამოღერღა სოფომ.

– თუ არ გშია, ჩაიცვი და წავიდეთ.

მაგრამ გინეკოლოგმა უარი თქვა აბორტის გაკეთებაზე და ლილეს თავზარი დაეცა. გზაში არც ერთს ხმა არ ამოუღია.

– უნდა უჩივლო, რომ შეგაცდინა, – დუმილი ისევ ლილემ დაარღვია.

სოფომ თავი ჩაღუნა და გაწითლდა.

– რას გაჩუმებულხარ? აბა, როგორ ვუთხრათ შენს მშობლებს? ბიძაშენს? – არ ცხრებოდა ბიცოლამისი.

სოფო ხმას არ იღებდა, იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ ვაჟასთვის უნდა ეჩივლა და სასამართლოზე მოეყოლა, რა როგორ მოხდა...

სასამართლო სხდომები სოფოს დაავიწყდა, იმდენად უსიამოვნო იყო მისთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედამისის სახე ახსენდებოდა და ის, რომ მამამისს გაჟონვა დაემართა და ლოგინში ჩაწვა... მოკლედ რომ ვთქვა, სასამართლო სოფოს ვერც ვერაფერში დაეხმარა, ვინაიდან სრულწლოვანი იყო და არც ძალადობა მომხდარა. დამცირება კი სოფომ უამრავი გადაიტანა... მაგრამ ბავშვი მაინც გააჩინა.

უხასიათო სოფო ამის გახსენებამ კიდევ უფრო საშინელ ხასიათზე დააყენა... ამიტომ მკვდარივით დაიძინა.

თამრიკო

თამრიკო და სოფო ერთი პროვინციული ქალაქიდან იყვნენ და ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. სამედიცინო ინსტიტუტშიც ერთად ჩააბარეს, ოღონდ თამრიკო საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, იმიტომ რომ თბილისში არავინ ჰყავდა. საერთოდაც, დედამისის გარდა არავინ ჰყავდა. ადრე დაობლდა. მაგრამ მიზანდასახული ადამიანი იყო და ბავშვობიდან იცოდა, რომ არნახულ მწვერვალებს დაიპყრობდა. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა თამრიკო მწვერვალებში ან არნახულში, მაგრამ თავისი ამჟამინდელი ცხოვრება ძალიან მოსწონდა. თავისი თავიც მოსწონდა და განვლილი გზაც. თუმცა უფულობას არ უჩიოდა, თბილისში ბინა მაინც არ უყიდია, თავის მშობლიურ პროვინციულ ქალაქში გაარემონტა, უფრო სწორად, თავიდან ააშენა თავისი და დედამისის ძველი სახლი, რომელშიც აღარავინ ცხოვრობდა – თამრიკოს დედა შვილის მიერ არნახული მწვერვალების დაპყრობას ვერ მოესწრო – საუცხოოდ მოაწყო და ახლა ის ორსართულიანი სახლი იდგა უპატრონოდ და პატრონს ელოდა.

რაც მართალი, მართალია, თამრიკო ძალიან ნიჭიერი იყო, ამიტომ საუცხოოდ სწავლობდა, ერთი ის იყო, რომ მატერიალურად ყოველთვის უჭირდა, ამიტომ, როდესაც თბილისში ექიმად დაიწყო მუშაობა, ამხანაგებთან ცხოვრობდა ხოლმე – მას საოცარი პროვინციული უტიფრობა და სიჯიუტე ახასიათებდა, არაფრის წინაშე რომ არ იხევდა უკან, ოღონდ კი თავისი გაეტანა.

მოკლედ, იმდენი მოახერხა, რომ ცოლად საკმაოდ ცნობილმა ქირურგმა მოიყვანა (რიგ მიზეზთა გამო მის ვინაობას არ დავასახელებთ). ის ცნობილი ქირურგი, ასევე, ცნობილი იყო თავისი არანაკლებ ცნობილი ოჯახით: მამა ისტორიკოსი ჰყავდა, პროფესორი, დედა კი – მუსიკოსი, ცხადია, ცნობილი. ჰოდა, შეიძლება, ითქვას, რომ თამრიკო ქერის ორმოში ჩავარდა, მაგრამ თავად თამრიკო ასე არ ფიქრობდა: მას უფრო დიდი ქერის ორმო ერჩივნა, ვინაიდან ის ორმო, რომელშიც ახლა იყო, მხოლოდ შორიდან ჩანდა ქერისად.

დასაწყისში თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო – დამავიწყდა, მეთქვა, რომ გარეგნობით თამრიკო საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი იყო, თხელი, გრძელი ფეხებითა და სანდომიანი სახით, მისი უზადოდ მოყვანილი სხეული სახეზე აღბეჭდილ პროვინციულ კვალს ანეიტრალებდა და შეუმჩნეველსაც კი ხდიდა, მაგრამ ეს მაინც შესამჩნევი იყო მუსიკოსი დედამთილისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების მიზნად თამრიკოსთვის კარგი მანერების შესწავლა დაისახა.

ოჯახი იმდენად ცნობილი იყო და იმდენად აახლოებდა თამრიკოს თავის მიზანთან, რომ დედამთილს არ იმჩნევდა, მაგრამ ვითარება შვილის გაჩენის შემდეგ დაუმძიმდა და იმდენად აუტანელი გახდა, რომ თამრიკო ცნობილი ქირურგის ცნობილი ოჯახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა თავის ჩვილ შვილთან ერთად. ბინა იქირავა, უფრო სწორად, ნახევრად სარდაფი იქირავა და მალევე მიხვდა, რომ ასე ვერ იცხოვრებდა და თუმცა დედამისი თანახმა იყო, შვილიშვილი წაეყვანა და გაეზარდა, თამრიკო უარზე იყო... ცოტა ხანში თამრიკოს სასამართლო უწყება მიუტანეს: ქმარი შვილს ედავებოდა. უფრო ცოტა ხანში კი მის კარზეც გაისმა კაკუნის ხმა.

თარიკომ კარი გააღო.

– სალაპარაკო მაქვს, – უკმეხად უთხრა აწ უკვე მისმა ყოფილმა დედამთილმა, თამრიკო ხელით გასწია და ნახევრად სარდაფში შევიდა.

– რა საშინელი სინესტეა, – ეს თქვა, ჩანთიდან სუნამონაპკურები ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირზე აიფარა, – ამ სადგომში გყავს ჩემი შვილიშვილი?!

– თქვენს სახლში ცხოვრებას აქ ყოფნა ჯობია.

– რა თქმა უნდა, ჯობია, ასე ცხოვრებას ხარ მიჩვეული, – არ დაინდო ნადედამთილარმა.

– მე არ დამიპატიჟიხართ, თუ არ მოგწონთ, მიბრძანდით და რაც შეიძლება, სწრაფად, – თამრიკომ კარიკენ მიუთითა.

– აუცილებლად მივბრძანდები, ოღონდ ჩემს შვილიშვილთან ერთად, – გადაჭრით უთხრა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი