ტყუილის ელდა
ავტორი: ნია დვალი 20:00 18.04

ეკა გიჟივით შევარდა სახლში და გააღო თუ არა კარი, დაიყვირა:
– ახლავე ჩაალაგე შენი ნივთები და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს. მძულხარ! – ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა, ჩანთაც იქვე მიაგდო და ვაკოს ძებნა დაიწყო:
– დაყრუვდი? არ გესმის, რას გეუბნები?! – ეკა ოთახიდან ოთახში დარბოდა და ქმარს ეძებდა, მაგრამ არავინ ეპასუხებოდა.
შემდეგ მოიფიქრა და სამზარეულოსკენ გაუხვია. ვაკო ქურასთან იდგა და ხორცს ამზადებდა, ყურსასმენები ეკეთა და რაღაცას უსმენდა. ეკა უცერემონიოდ მიუახლოვდა და ყური ლამის მოაგლიჯა:
– ქურდები რომ შემოვიდნენ, ვერც კი გაიგებ. რამდენი ხანია, გეძახი!
– ვერ გავიგონე. ცოტა ადრე მოსულხარ, მზად მექნება 5 წუთში, უნდა მოიცადო, ხელები დაიბანე მანამდე, – კეთილად გაუღიმა ქმარმა, რამაც ეკა კიდევ უფრო გააცეცხლა.
– მაშაყირებ?! ახლავე შეაგროვე შენი ნივთები და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს!
ეკას იოლი ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ ასეთი ქცევა მისთვისაც კი ზედმეტი იყო.
– დაანებე თავი სამზარეულოში ფუსფუსს და წაეთრიე აქედან! – ეკა არ ცხრებოდა.
– არც ისე ცხელა გარეთ, რომ მზის დარტყმა მიგეღო, ნასვამი ხომ არ ხარ? – ვაკოს ეღიმებოდა. ზოგადად, ახალისებდა, როდესაც მისი ცოლი თავს მოიგიჟიანებდა ხოლმე და, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოგიჟიანება ზომაზე მეტად გამოუვიდა, მაინც ცდილობდა, გარკვეულიყო, რა მოხდა:
– მშვიდად ამიხსენი, რა მოხდა. წყალი გინდა? – შესთავაზა ცოლს, რამაც ეკა კიდევ უფრო გააბრაზა.
– თან, რომ მაშაყირებს კიდეც და დამცინის, – ეკა ისე გამწარდა, რომ საცაა, ისტერიკა დაემართებოდა. ამიტომ უცებ მკვეთრად მიტრიალდა და საძინებელში შევიდა.
საოფისე კოსტუმი თითქოს ხუთავდა, ასე ეგონა, სკაფანდრი ეცვა. ლამის ჩამოიგლიჯა ტანიდან და ხალათი მოიცვა. თმაც აიწია, იმიტომ რომ სახეზე ედებოდა და ესეც აღიზიანებდა. ქამარი შემოირტყა და მტკიცე ნაბიჯებით ისევ სამზარეულოსკენ გაემართა.
– გადმოგიღო? – მშვიდად ჰკითხა ვაკომ ცოლს და ეკა ისევ გაცეცხლდა, – თუ ისევ ბორგავ?! – ვაკო ცდილობდა, არ შეემჩნია, რომ ეცინებოდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. არადა, ეკა მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა – პირგამეხებული და არაადეკვატური.
– არა, არ მშია! – უპასუხა ქმარს, თუმცა ნერწყვი მოადგა, იმდენად მადისაღმვძრელი სურნელი ტრიალებდა სამზარეულოში.
– ჭამე სადმე? – გულწრფელად ჰკითხა ვაკომ, – ხომ შევთანხმდით, რომ ჩემი მომზადებული ვახშამი უნდა დაგეგემოვნებინა?!
– შენი საქმე აღარ არის, მშიერი ვარ თუ მაძღარი. პრობლემები გვაქვს. თან, სერიოზული და შენი იაფფასიანი ოხუნჯობებით ვერ გამოძვრები. ახლახან ველაპარაკე ჩვენს მეზობელ მარის, – გამოცრა ეკამ კბილებს შუა.
– და მერე? რა გითხრა ასეთი, რომ გადაირიე?! – ძალიან მშვიდად ჰკითხა ვაკომ და თავის თეფშზე კერძი გადაიღო, – მოდი, ჩამოჯექი მაინც, თუ არ გშია. ხომ იცი, მარტო ჭამა არ მიყვარს.
– არ უყვარს, თურმე, – აფეთქდა ეკა, – ისე მეკითხები, თითქოს არ იცოდე, ვისზე ვლაპარაკობ.
– ვიცი, ჩვენი მეზობელი მარინა, პატარა გოგო. მერე? – ვაკო ცოლს გაოცებული უყურებდა და, თან, მოხერხებულად ჯდებოდა მაგიდასთან, გურმანი გახლდათ და თავისივე მომზადებული ხაშლამის დასაგემოვნებლად ემზადებოდა, – რომ იცოდე, როგორია, უარს არ მეტყოდი, – კიდევ ერთხელ მიიპატიჟა ცოლი.
– დიახ და იმ, როგორც შენ ამბობ, პატარა გოგომ, გამომიცხადა, რომ შენს წართმევას აპირებს!
– ვინ?! მარინა?! – ვაკოს სიცილი აუტყდა, – ის ლაწირაკი?! კაი ახლა. – ვაკო ახარხარდა, – უნდა მომიტაცოს თუ როგორ?!
– ნუ გადაგაქვს თემა, – განრისხდა ეკა და ხმას აუწია.
– ბავშვი აფრენს აშკარად, თუ შენ რამე არ მოგეჩვენა, – მშვიდად ჩაიდო მოზრდილი ხორცის ნაჭერი ვაკომ პირში და სახეზე ნეტარება გამოესახა, – ცხონებაა. გასინჯე, რა! – სთხოვა ცოლს.
ეკა ცოტა შეეჭვდა – მის ქმარს არც აღელვება ეტყობოდა და არც დაბნეულობა. ამას ეკა აუცილებლად მიხვდებოდა, იმიტომ რომ საკუთარ ქმარს თავისი ხუთი თითივით იცნობდა, მეტიც – უფრო უკეთ, ვიდრე საკუთარ ხუთ თითს, მაგრამ თავს არ მისცა ნება, მოდუნებულიყო.
„ცდილობს, თავი დაიძვრინოს“, – დაასკვნა თავისთვის.
– ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. თქვენი კავშირი გამოაშკარავდა და ამიტომ კეთილი ინებე და მიბრძანდი აქედან! მე ამას არ შევეგუები! – მიმართა ქმარს მბრძანებლური ტონით.
ვაკოს ხარხარი აუტყდა: რას არ შეეგუები?! სრულ ჭკუაზე ხარ?! რაღაც მობოდა სულელმა ბავშვმა და მე უნდა წავიდე?! ნურას უკაცრავად და უკვე ზედმეტები მოგდის. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
– მერე ნუ მოითმენ! ვინმე გეხვეწება? – ეკა არ ცხრებოდა და იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობდა თავს, რომ გრძნობდა, თვალებზე ცრემლები აწვებოდა.
***
ეკამ იცოდა, რომ ვაკო სახლში ელოდებოდა და მათ ტრადიციულ ვახშამს ამზადებდა. პარასკევობით თავს განტვირთვის უფლებას აძლევდნენ. თან, ღვინოს აყოლებდნენ და ტკბილად მასლაათობდნენ ხოლმე, რითიც თავიდან იშორებდნენ კვირის ხუთი სამუშაო დღის სიმძიმესა და აუტანლობას. ეკა პარასკევის საღამოს უკვე ორშაბათიდან ელოდებოდა, რადგან მისი სამოთხე იწყებოდა.
ამჯერადაც სამსახურში გადაქანცულმა, როგორც იქნა, მიაღწია სახლამდე და სადარბაზოსთან მეზობლის გოგონას შეეჩეხა.
– მოიცადე, საქმე მაქვს, – რატომღაც, ძალიან ფამილარულად და შენობით მიმართა მარინამ. ეკა ცოტა დაიძაბა.
– რა ხდება? – რაც შეიძლება, მკაცრი ხმით ჰკითხა, – მარინა გქვია, ხომ?
– ვაკო ჩემია! გასაგებია?! – თავხედური ღიმილით ამპარტავნულად უთხრა მარინამ.
– უცნაურია, ამ წამამდე მეგონა, რომ ჩემი ქმარი იყო, – არ დაიბნა ეკა, – რა გინდა?! ლამის მამაშენის ასაკის კაცთან რა გესაქმება?!
– ძალიანაც მესაქმება, – თავხედურად უთხრა მარინამ და განაგრძო, – ის უკვე ჩემია, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. შენ ეცოდები და არ გეუბნება.
ეკა გაბრაზდა და უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. მარინას თვალები შავად ჰქონდა შეღებილი, უფრო კი – დადღაბნილი. თავზე კი უამრავი ფერის თმა ჰქონდა აფრიკულ ნაწნავებად ჩაწნული.
– უფროსებთან ლაპარაკი ისწავლე, უზრდელო! – გაწიწმატდა ეკა.
– გელაპარაკები და არ გესმის: მე და შენს ქმარს ერთმანეთ გვიყვარს და ვხვდებით ერთმანეთს, უფრო გასაგებად გითხრა? ყრუ ხარ? – მარინა თავხედურად უყურებდა ეკას და თვალსაც არ ახამხამებდა, – გეუბნები, ჩემია!
– დავუშვათ, შენია, მერე? – ჰკითხა ეკამ. ხვდებოდა, რომ ეს პატარა, მაგრამ ავსულს მიმსგავსებული გოგონა სრულ სისულელეს ამბობდა, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდა, თუ ატყუებდა, რა მიზანი ჰქონდა ამ ტყუილს.
„და თუკი სიმართლეს ამბობს? კაცებს რას გაუგებ?! ეს ახალგაზრდაა, ძალიან ახალგაზრდა“, – ფიქრობდა ეკა და თვალი უნებურად გაექცა ახალგაზრდებისკენ, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე მოედანზე იყვნენ შეკრებილი და რაღაცაზე იცინოდნენ...
– მარი, რით ვერ დაამთავრე?! – დაუძახა ერთ-ერთმა გოგონამ. მარინამ გახედა მეგობრებს, მაგრამ არც ეკა დაივიწყა:
– გადაეცი ვაკოს, რომ ჩაალაგოს თავისი ნივთები, ველოდები.
– აქ დაელოდები თუ სახლში? და თუ მატყუებ, ხომ იცი, რომ ენას ამოგგლეჯ?!
– არაფერსაც არ ვიტყუები. წინა შაბათს ხომ წახვედი მეგობრებთან ერთად აგარაკზე? ჰოდა, აი, იმ საღამოს დამპატიჟა ვაკომ სახლში და... – მარინამ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და მეგობრებისკენ ტაატით წავიდა.
ეკას ენა ჩაუვარდა, იმიტომ რომ წინა შაბათს ნამდვილად აგარაკზე წავიდა, ვაკო კი სახლში დარჩა. თვალწინ დაუდგა მათი საუბარი.
– მოდი, მე არ წამოვალ, პროექტი მაქვს დასამთავრებელი. იქ გავცდები და დროს დავკარგავ. კარგად მიხდიან ამ პროექტში, ხომ იცი.
ეკა ლიფტში იჯდა და ამ დიალოგს იხსენებდა.
– ესე იგი, იმ გომბიო გოგოს არ მოვუტყუებივარ. მე აგარაკზე გამიშვა და თვითონ ეს მოათრია სახლში, – ეკამ საღად აზროვნების უნარი სრულად დაკარგა.
***
ეკა ქმრის ასეთ მშვიდ რეაქციას არ ელოდა და ეს უფრო აბრაზებდა. ყველაფერს ელოდა: თავის მართლებას, ახსნას, სხვადასხვა ვერსიას, მაგრამ არა ასეთ გულგრილობას, მაშინ, როდესაც ეკამ ყველა ფაქტი გადმოულაგა. ამიტომ საკონტროლო გასროლა ბოლოსთვის შემოინახა:
– მითხრა, რომ აქ იყო წინა შაბათს, როდესაც მე აგარაკზე წავედი და შენ, რატომღაც, სახლში დარჩი.
– რა სისულელეა, ეკუშ, კარგი, რა! უკვე უხერხულია. ბოდავ.
– მე ვბოდავ?! საიდან იცის, სად ვიყავი წინა შაბათს და კიდევ მე ვბოდავ?!
– ჰო, ბოდავ, ვერ ვიტან მე უცხო ხალხს სახლში და შენ ეს იცი ყველაზე კარგად. იმ საშინელი გარეგნობის გოგოს რატომ მოვიყვანდი?! უკეთესს ვერ ვიპოვიდი?! – ვაკო იცინოდა, რაც ეკას წონასწორობას აკარგვინებდა.
ეკა შეეცადა, თავი ხელში აეყვანა: გეკითხები, საიდან იცის, რომ წინა შაბათს აგარაკზე ვიყავი?!
– რა ჯიუტი ხარ! – უკმაყოფილო სახე მიიღო ვაკომ, – რა უნდა ამის მიხვედრას?! შენი დაქალი ისეთ ხმაზე გეძახდა ქვემოდან, მგონი, მთელმა დასახლებამ გაიგო, რომ აგარაკზე მიდიოდით. მე იმას ვერ ვხვდები, ის შტერმა გოგომ რა ჩაიფიქრა და რატომ გადაწყვიტა, რომ ეს სისულელე ეთქვა?!
– კარგი კითხვაა. მეც ეს მაინტერესებს. თუ არაფერი მომხდარა თქვენ შორის, რატომ მითხრა?!
– კარგი, რა, რომ ვუყურებ, მეშინია, რა უნდა მომხდარიყო?! გული არ ამირიო?! – იუკადრისა ვაკომ.
– აჰა, გულის ასარევი რომ არ იყოს, მაშინ?
– შენთან შეუძლებელია ლაპარაკი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ. ადექი, მივდივართ, – უთხრა ვაკომ ცოლს და წამოდგა.
– სად მივდივართ?
– სად და იმ მარინას მშობლებთან. – ვაკომ შეამჩნია, რომ ეკას თვალი ხაშლამისკენ გაურბოდა.
– თუ გინდა, ჯერ გასინჯე და მერე წავიდეთ. – შესთავაზა ცოლს. ეკამ ყოყმანი დაიწყო. გაბრაზებამ არაქათი გამოაცალა, მით უმეტეს, რომ ძალიან შიოდა.
ეკამ თავი დააქნია და ვაკომ გადაუღო. კერძის სურნელებამ ეკას ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა და დაათროსავით. თვალები დახუჭა და ისე დააგემოვნა კერძი. ხორცი პირში დნებოდა და გემოს რეცეპტორებს გვარიანად აღიზიანებდა და იმავდროულად, ამშვიდებდა.
ეკა დაწყნარდა, სხვანაირად წარმოუდგენელი იყო: ვაკო ხორცს გასაოცრად ამზადებდა და, საერთოდაც, იმ აზრს ემხრობოდა, რომ ხორცთან ურთიერთობა კაცის საქმეა. როდესაც დანაყრდნენ, ეკა მოეშვა, მაგრამ ვაკომ შეუძახა:
– ადექი, წავიდეთ. მეც მაინტერესებს, რა მოჩმახა იმ ბავშვმა და რა უნდა.
ეკა უხალისოდ წამოდგა, იმიტომ რომ ხასიათი გამოუკეთდა და ისევ გაღიზიანება არ უნდოდა. მაგრამ სხვა გზა არ იყო. ცოლ-ქმარი პირველ სართულზე ჩავიდა, სადაც მარინა ცხოვრობდა. კარი დედამისმა გააღო, რომელსაც ეკა არ იცნობდა, თუმცა ხედავდა ხოლმე, მაგრამ ერთმანეთს არასდროს მისალმებიან.
– გამარჯობა, – ზრდილობიანად მიესალმა ვაკო დიასახლისს, – თქვენი მეუღლე სახლშია?
– არა, ჯერ არ დაბრუნებულა. რამე მოხდა? – ქალს სახეზე შეშფოთება შეეტყო.
– და თქვენი ქალიშვილი სახლშია? – ახლა უკვე ეკამ ჰკითხა მასპინძელს.
– დიახ, – მარინას დედა დაიბნა, – რა შუაშია ჩემი ქალიშვილი?!
– რაღაც გვინდა, ვკითხოთ, – საუბარში ვაკო ჩაერია, – და თქვენც აქ იყავით, თუ შეიძლება.
– შემობრძანდით, – მარინას დედამ ეკა და ვაკო მიიპატიჟა.
– არა, აქ დაველოდებით, პატარა საქმე გვაქვს, – იუარა ეკამ.
– მარინა, შენთან არიან! – გასძახა ქალმა ქალიშვილს.
რამდენიმე წამში ოთახიდან მარინა გამოვიდა.
– რა გინდა? – საკმაოდ უხეშად მიმართა დედამისს, რომელმაც ეკასა და ვაკოზე ანიშნა.
– გამარჯობა, მარინა. – მიესალმა ვაკო, – აბა, გვითხარი, რა მოუყევი ჩემს ცოლს?!
მარინამ თავი ჩაქინდრა.
– რაღაც ძალიან დაიმორცხვე, არადა ერთი საათის წინ ძალიან ენერგიულად მელაპარაკებოდი, – სითამამე შეემატა ეკას.
– ვიხუმრე, – ამოღერღა გოგონამ ისე, რომ თავი არ აუწევია.
– საინტერესო იუმორი გაქვს, – ჩაიქირქილა ეკამ, – სხვა თემა ვერ იპოვე?!
– ვთამაშობდით და მე წავაგე და ვიღაცისთვის უნდა მეთქვა, რომ ქმარი ღალატობდა. და მე ვთქვი, სულ ეს იყო...
დედამისს ფერი დაეკარგა.
– ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან გთხოვთ, მამამისს არ უთხრათ, გთხოვთ, მე გაძლევთ პირობას, რომ მსგავსი მეორედ არ განმეორდება.
ეკამ თავი უხერხულად იგრძნო და ვაკოს ანიშნა, წავიდეთო. სანამ ლიფტს ელოდებოდნენ, მარინას სახლიდან ყვირილის ხმა ისმოდა:
– რა სამარცხვინო ხარ, თავისმომჭრელი...
ეკაც დარცხვენილი იდგა.
– არა, რა, როგორ დაიჯერე, ვიღაც ნახევრად შეშლილი გოგოს ბოდვა?! – საყვედურნარევი ხმით უთხრა ვაკომ ცოლს, – ისე, შენც კაი შეშლილი ხარ, – მაინც გაეღიმა ვაკოს, – მაგრამ რას ვიზამ, ასეთი შეშლილი ქალი შემიყვარდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან