თავისუფლების საბელი
ავტორი: ნია დვალი 20:00 25.02, 2022 წელი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5-6(1102)
10 წუთში ნატალი და ნეკა ნეკას მანქანას ქოქავდნენ. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ნატალი სახლისკენ გაეშურა, ნეკა – კაცმა არ იცის, საით, იმიტომ რომ ეს არც თუ ცუდი პატარა ქალბატონი ძალიან მატყუარა გახლდათ.
– არ დააგვიანო! – მიაძახა ნატალიმ.
– 9–ზე ლოგინში ვიქნები აუცილებლად.
ნატალი გაღიზიანდა, მაგრამ არ შეიმჩნია: ოპერაცია „ბებო და პლანი“ გვაქვს ჩასატარებელი, დაგავიწყდა?!
– „ბაზარი“ არაა, მალე მოვალ, უმოწყალოდ დავაბოლოთ, – მხიარულად მიუგო ნეკამ.
ნატალი სახლში მივიდა, შხაპი მიიღო, გამოიცვალა, სახისთვის ნიღაბი მოიმზადა, წაისვა და ხვალინდელი დღის გეგმას ჩაუჯდა. ზურა სულ მცირე, ერთ კვირას ვერ მოიცლიდა მისთვის, ამიტომ ახლა საქმისთვის უნდა მიეხედა.
ნეკაც, დაპირებისამებრ, დროზე მოვიდა.
– ბები! – სახლში შემოსვლისთანავე დაიყვირა. ეს აუცილებელი შეძახილი იყო, იმიტომ რომ შვილიშვილი ამ მეთოდით ბებიამისს, საითაც და როგორც უნდოდა, ისე აჭენებდა, – რა გვაქვს საჭმელი?
ბებია ისე დაფაცურდა, ოკუპანტის ფეოდალების მონა-ყმებს შეშურდებოდათ. ქალბატონი მზექალას ეს თვისება ნატალის ძალიან აღიზიანებდა, იმიტომ რომ დედამისი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა: სტანდარტების ერთი დასტა ნატალისთვის ჰქონდა, მეორე – ნეკასთვის, ანუ, რაც ეპატიებოდა იუპიტერს, ის არ ეპატიებოდა ხარს. ბუნებრივია, „ხარი“ ნატალი იყო, „იუპიტერი“ – ნეკა. შესაძლოა, მზექალა ამით ნატალიზე ქვეცნობიერ ჯავრს იყრიდა ან იქნებ, უბრალოდ, ეს ბებიების თვისებაა (ნატალი ჯერ ბებია არ იყო და, ამდენად, ბებიების ბუნება მისთვის უღრან ტყეს წარმოადგენდა). მზექალამ შვილიშვილს სუფრა უცებ გაუწყო და ტკბილად მოიხმო.
– ხელები დაიბანე?! – გასძახა ნატალიმ შვილს.
ნეკა სააბაზანოში შევიდა და, ჩვეულებისამებრ, სწრაფადვე გამოვიდა. ნატალისთვის გამოცანად რჩებოდა რატომ უწოდებდა მისი შვილი წყლის გადავლებისა და საპნის ვითომ წასმის ამ პროცედურას „ხელების დაბანას“, მაგრამ კამათს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ამჯერად არაფერი უთქვამს, თუმცა ამის გამო ქოქოლას ხშირად აყრიდა ხოლმე.
ნეკამ ივახშმა და, რა თქმა უნდა, სიგარეტი გაირჭო (ნატალი სწორედ ასე აღიქვამდა ნეკას მიერ სიგარეტის მოწევას, იმიტომ რომ, მისი აზრით, ნეკა მდაბიოდ ეწეოდა და ხშირად უთქვამს, ერთი ღერი ყურის ზემოთ გაჩრილი მეტად დაგშვენდებოდაო) და გააბოლა. ბებია მზექალა არაფერს ამბობდა, ლამისაა, მოეკიდებინა შვილიშვილისთვის, მაშინ, როდესაც იმავე ქმედებისთვის ნეკაზე ლამის ორჯერ უფროს ნატალის შიგადაშიგ ლანძღავდა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ოჯახის დედა და ბებია იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ჯეელობაში ეწეოდნენ, შემდეგ, ასე, 45 წლის ასაკს ზემოთ თავი დაანებეს ამ საქმეს და შემდეგ ანტიმწეველ აქტივისტებად იქცნენ.
ნატალის აინტერესებდა, მოიტანა თუ არა ნეკამ ის, რაც სთხოვა, ამიტომ მესიჯი მისწერა. ნეკამ მაშინვე უპასუხა: „იეს“.
– „შენ შესთავაზებ“?
– „ჰო, შენ მანდ დარჩი, შენს ოთახში. ახლა ისე დავაბოლებ, პატრონს ვერ ცნობდეს.“
– „ფრთხილად, რამე არ მოუვიდეს“.
– „რა უნდა მოუვიდეს?! შენ გვაცალე პატარა ხანს, არ გამოხვიდე“, – ნეკამ ტექსტს სიცილაკებიც მოაყოლა.
სახის ნიღბის ჩამობანის დროც მოვიდა. ნატალიმ ნიღაბი თბილ წყალში ამოვლებული სპეციალური ხელსახოცებით ჩამოიწმინდა და სახეზე მკვებავი დაიტანა. ყურსასმენებში სამედიტაციო მუსიკა ჩართო და გაირინდა.
ათიოდ წუთში ნეკა შემოვარდა: წამო, წამო! ფოტოები უნდა გადავუღო!
– ეს არ იკადრო, – აღშფოთდა ნატალი.
– აი, შენ ხომ ... – ნეკამ ნატალის ყურებისთვის ფრიად უსიამოვნო სიტყვა თქვა, ამიტომ ჩვენ აქ არ დავწერთ.
ნატალიმ ისევ ყურსასმენები გაიკეთა და ამოუცნობში გადაეშვა.
ვერ მიხვდა, რამდენი დრო გავიდა. სახლშიც უჩვეულო სიჩუმე იყო. ოთახიდან გამოვიდა: მზექალა თავის ოთახში იჯდა და წიგნს კითხულობდა; ნეკა, როგორც სჩვეოდა, ტელეფონში რაღაცას გამალებით კრეფდა. მას შემდეგ, რაც მობილური ტელეფონი ჰქონდა (ნატალის აღარ ახსოვდა, რომელ კლასში იყო ნეკა, პირველად რომ მობილური ტელეფონი უყიდა), ნეკა შეპყრობილივით მესიჯობდა და ეს წლებია, გრძელდებოდა. თავდაპირველად ნატალი ფიქრობდა, რომ ნეკას ეს გაუვლიდა, მაგრამ ნურას უკაცრავად: ნეკამ ტექნოლოგია ისე დახვეწა, რომ ნატალიც კი ვერ ბეჭდავდა ლეპტობის კლავიატურაზე ისე სწრაფად, როგორც ნეკა კრეფდა თავისი მობილური ტელეფონის ეკრანზე.
ნატალიმ ყავა მოიდუღა და შვილს ისევ მისწერა: „სამზარეულოში გამოდი. მაინტერესებს“.
ნატალი ყავის დალევასაც ასრულებდა და სიგარეტსაც. ბოლო ნაფაზი დაარტყა, როდესაც ნეკამ ინება და შებრძანდა.
– სუსტი იყო, კარგი ხარისხის და ძალიან „ბარხატნად“ შეირგო. აწი ყოველდღე მოვაწევინებ.
– კი, მაგრამ ყოველდღე სად იშოვი? – გულწრფელად გაიკვირვა ნატალიმ.
– შენ მაგაზე არ იდარდო, მთელ ბუჩქს მოვიტან სახლში!
– არა, არა! – გაასავსავა ხელები ნატალიმ.
– და რა პრობლემაა?! კანონითაა დაშვებული პირადი მოხმარებისთვის, ვერ ნახე „გირჩმა“ რა ჩაუტარა ამ ჩვენს უტრაკო პოლიციას?! – გადაიხარხარა ნეკამ.
– ხომ იცი, ვერ ვიტან ამ უხამს სიტყვებს?! – შეუბღვირა ნატალიმ.
– უცხოპლანეტელი ხარ, შე ჩემა? შენ ტრაკიც არ გექნება ნანახი, – არ ჩერდებოდა ნეკა.
– ღმერთო, რა ბოგანო ხარ?! – უარესად აღშფოთდა ნატალი და სამზარეულო ისე ამაყად დატოვა, თითქოს თეთრი ხელთათმანი ესროლა ვინმეს სახეში და დუელში გამოიწვია, მაგრამ კართან მისული მკვეთრად შემოტრიალდა.
– ყოველდღე უნდა მოიტანო?
– აუ, რა ქაჯი ხარ, დედა! შევინახე. აი, აქ დევს, – და ნეკამ ნატალის აჩვენა მათი ოჯახური სიმშვიდის გარანტის ადგილსამყოფელი.
ნატალი გამოვიდა სამზარეულოდან, მაგრამ თავისთვის მაინც ფიქრობდა: იქნებ არასწორად ვიქცევი? დედას შეეფერება, რასაც მე ახლა ვაკეთებ?
– რატომ არ შეეფერება? ნეკა პატარა ბავშვი არაა, თავისუფლება კი პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია, – ნატალი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, ეს ლამის დაბადებიდან ჰქონდა ჩვევად.
– თავისუფლებას დატევა სჭირდება, არის ნეკა იმდენად განვითარებული, რომ ეს თავისუფლება ბოროტად, ანუ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოიყენოს?
– რატომ არ არის განვითარებული?! მშვენიერი ტვინი აქვს, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილია.
მოკლედ, ნატალიმ თავი დაიმშვიდა, რომ სანაქებო დედა იყო და შვილთან მეგობრობდა, რაც, მისი აზრით, მათი გულწრფელი ურთიერთობის საფუძველი იყო. თავის ოთახში შევიდა და პროექტს ჩაუჯდა. ღამით უყვარდა მუშაობა, თან, დღევანდელიც უნდა გამოესწორებინა, ზურას გამო რომ საქმე მიაფუჩეჩა.
– ჰო, მართლა, ზურა რატომ არ მწერს?!
ბევრი არ უფიქრია და თვითონ მისწერა: „დაგავიწყდი?!“ ზურამ მალევე უპასუხა: „არა, ჩამძინებია, მიყვარხარ.“ „მეც“ – დაუბრუნა პასუხად ნატალიმ: „დამირეკავ?“ „დღეს არ გნახე?!“ ამ მესიჯების შინაარსი ნატალიმ უკვე ზეპირად იცოდა.
– ნუ, დღეს თუ მნახე, მაშინ რატომღა უნდა დამირეკო, – ჩურჩულით თქვა. გრძნობდა, რომ გაბრაზება უტევდა, ამიტომ საქმეზე გადაერთო.
მუშაობაში დროს ვერ გრძნობდა ხოლმე. უცებ ნატალის ოთახში მზექალა შემოიჭრა: შენ ახლა დედა ხარ?!
– რა მოხდა, ადამიანო, – შეხტა ნატალი.
– რა მოხდა და, შენი შვილი სადღაც წავიდა. ახლავე დაურეკე!
– შენ დაურეკე, ტელეფონი ხომ გაქვს? – შეუბრუნა მოთხოვნა ნატალიმ.
– რა თქმა უნდა, შენ რაში გაინტერესებს, სადაა ბავშვი და რას აკეთებს?! საერთოდ, იმ კაცის გარდა ვინმე გაინტერესებს?!
– აუ დაიწყო, – თავისთვის გაიფიქრა ნატალიმ, მაგრამ ხმამაღლა სხვა რამ თქვა, – რომელი კაცის?
– ჰო, არ იცის ვითომ! – წაუსისინა მზექალამ.
– აშკარად დოზა არ ეყო, – ისევ გაიფიქრა ნატალიმ. ხმამაღლა კი დედას დაუყვავა, – ნუ იგონებ რაღაცებს.
– შვილი ხელიდან მიგდის და შენ დასდევ კაცს (აქ მზექალას აშკარად ეშლებოდა, ნატალი არავის დასდევდა), რომელსაც ფეხებზე ჰკიდიხარ, – არ ცხრებოდა მზექალა.
– მაზოხისტი ვარ, – გაუღიმა ნატალიმ.
– ბებიაშენივითა და მამიდაშენივით გველი ხარ! – უთხრა მზექალამ და კარი გამოუჯახუნა. ნატალის გაეცინა და გაიმეორა: ბებიაშენი და მამიდაშენი. – მზექალა თავის დედამთილსა და მულს მუდამ ერთ პაკეტში მოიხსენიებდა.
ნატალი ტელეფონს დასწვდა და ნეკას დურეკა. შვილმა არ უპასუხა. ამას მიჩვეული იყო, ამიტომ ურეკავდა განუწყვეტლივ. ნეკა ისევ არ პასუხობდა. ბოლოს მისწერა: „როდის მოხვალ? შემჭამა ბებიაშენმა“.
თან ყურსასმენები გაიკეთა და მუშაობა განაგრძო. ცოტა ხანში ტელეფონის ეკრანი განათდა: „გზაში ვარ“. ეს ნიშნავდა, რომ ნეკა, საუკეთესო შემთხვევაში, ორ საათში მოვიდოდა. მართლაც ასე მოხდა.
ნეკა მოვიდა თუ არა, მაშინვე სააბაზანოში შევარდა და თითქმის მყისიერად მზექალაც გამოვარდა თავისი ოთახიდან: არ მომწონს, მაშინვე რომ სააბაზანოში შედის!
– დედა, მეც მაშინვე სააბაზანოში შევდივარ, როდესაც სახლში ვბრუნდები, – მშვიდად უპასუხა ნატალიმ.
– არ მომწონს, გეუბნები, რაღაც არ მომწონს. შენ თავი ყოვლისმცოდნედ მოგაქვს, მაგრამ სუფთა შტერი ხარ, ყველას შეუძლია, გაგაბითუროს და გაბითურებს კიდეც, – ნატალიმ პასუხად ისევ ყურსასმენები გაიკეთა, მუსიკას აუწია და სამზარეულოში შევიდა სიგარეტის მოსაწევად.
როდესაც გამოვიდა, ნეკა უკვე იწვა და, რა თქმა უნდა, მესიჯობდა: არასდროს გამოხვალ მაგ ასაკიდან? – ჰკითხა ნატალიმ.
– არა, – უპასუხა ნეკამ და ისეთი სისწრაფით განაგრძო ხელების კაკუნი ტელეფონის ეკრანზე, ნატალის თვალები ეტკინა.
დილით 12 –საკენ გაიღვიძა. უფრო ზუსტად, მზექალა შემოქოთქოთდა: ადექი, დროზე, პოლიციაა!
ნატალიმ ჯერ ვერაფერი გაიაზრა, როდესაც დაუგეგმავად აღვიძებდნენ, რეალობის აღქმა უჭირდა. მაგრამ უცებ მიხვდა, რა უთხრა დედამისმა: რა პოლიცია? პოლიციას რა უნდა?!
სასწრაფოდ წამოხტა და ხალათი მოისხა. გაახსენდა, რომ წუხელ ნეკამ სახლში მოსაწევი მოიტანა და პანიკამ შეუტია, მზექალაც ბნედიანივით დარბოდა წრეზე.
ნატალი კართან მივიდა: ვინ ბრძანდებით? – როგორც შეეძლო, ისე მშვიდად იკითხა.
– პოლიციიდან ვართ, თუ შეიძლება, გააღეთ.
– ახლავე, ჩავიცვამ, მეძინა, – ისევ მშვიდი ტონით უპასუხა ნატალიმ და სამზარეულოში შევარდა. მოძებნა კოლოფი, რომელშიც მოსაწევი იდო და დაიწყო ფიქრი, სად დაემალა. მზექალას ისეთი შეშინებული თვალები ჰქონდა, სხვა დროს ნატალი ჩაბჟირდებოდა, მაგრამ ახლა ამისთვის არ სცხელოდა, იმიტომ რომ თავადაც არანაკლებ შეშინებული ბრძანდებოდა. ნატალი ოთახებში დარბოდა, მზექალა უკან დასდევდა და ჩურჩულით ეუბნებოდა: მე ავიღებ ჩემს თავზე. ნუ გეშინიათ.
ნატალიმ, როგორც იქნა, მოიფიქრა, სად დაემალა კოლოფი. ხალათი მიაგდო, კაბა გადიცვა და პირზე ღიმილგადაფენილმა კარი გაპღო: კართან საპატრულო პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.
– უკაცრავად, რომ დავაგვიანე კარის გაღება, აბაზანიდან გამოვედი და ცოტა შილიფად მეცვა, – ნატალიმ ძალიან მომხიბვლელად გაუღიმა პოლიციელს, თუმცა გული ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა. მზექალა შვილის უკან აჩრდილივით იდგა და ნატალის ზურგს უკან მისი ერთი ცალი თვალი ჩანდა, რომლითაც პოლიციელს ათვალიერებდა. ნატალიმ ეს უფრო იგრძნო, ვიდრე დაინახა ან კი როგორ დაინახავდა, როდესაც ზურგზე თვალები არ ჰქონდა?!
– უფროსი ლეიტენანტი გელა დაუშვილი, – წარუდგა პოლიციელი. გამოძახებაზე მოვედით.
– ვინ გამოგიძახათ? – გაუკვირდა ნატალის
– თქვენ ხომ გამოგვიძახეთ? – უთხრა უფროსმა ლეიტენანტმა დაუშვილმა და მარჯვნივ გაიხედა, – კახა, რა მისამართია?
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან